სპირიდონ კედია – სიტყვა დამფუძნებელ კრებაში 1919 21 03

kedia

(სახალხო პარტია – გაკვეთილი ასწლიანი ისტორიით, ვიცით შედეგები, შევადაროთ თანამედროვე რეალობას და ახლა მაინც გავაკეთოთ სწორი დასკვნა)

`დამფუძნებელი კრების წევრნო! არასოდეს ასეთის სიმკაცრით არ გამოთქმულა წინააღმდეგობა სინამდვილესა და იდეოლოგიას შორის. ის გარემოება, რომ ჩვენ დამფუძნებელ კრებაში 127 მეტი სოციალისტი ზის, ხოლო სინამდვილე ძალას გვატანს სახელმწიფოს აღსაგებად საღი ბურჟუაზიული საფუძვლები და მეთოდი ვიხმაროთ, _ ეს გარემოება გვიჩვენებს, რომ სურვილი და დიდი რწმენაც უძლურია სოციალიზმის დასამყარებლად და სინამდვილის გარდასაქმნელად. ეს გარემოება თანაც გვეუბნება, რომ საჭიროა გადავხედოთ წარსულ გზასა და მოქმედებას. ამ წარსულის გადახედვა და გადასინჯვა ქართველმა ხალხმა თქვენ დაგავალათ ბ.ბ. დამფუძნებელი კრების წევრნო.
პირველათ საქართველომ თავის თავი ჩაიბარა და დაიყუდნა, პირველათ მთელი ქართველი ხალხი დაეუფლა თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობას; ეს პირველათ აირჩია და შეადგინა დამფუძნებელი კრება, რომელმაც საქართველოს ძირითადი კანონები უნდა დასწეროს. ამით ისტორიამ დიდი მოვალეობა დაგვაკისრა. ჩვენს ნამოქმედებს და ნააზრებს ისტორია წაიკითხავს და განსჯის. ჩვენი დღევანდელი ნამოქმედარი განსაზღვრავს მომავლის მიმართულებას და ბედს. და სწორედ ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით თავისუფალნი და ჩვენი ქეიფის ამყოლნი ჩვენი უფლების მოხმარებაში, ჩვენს მოქმედებაში, საქართველოს მარადიულ მიმდინარეობაში ჩვენი აქ ყოფნა ერთი წუთია და ამ წუთმა არ უნდა შეიწიროს ჩვენი ქვეყნის უკვდავება, იმის ნიშნები კი ბევრად ბევრია ჩვენს ყოველდღიურ მოქმედებაში. პირველი საქმე, რომელიც უნდა დამფუძნებელ კრებას გაეკეთებინა, მთავრობის შედგენა იყო; ეს უკვე მოხდა და ახალი მთავრობა წარსდგა კიდევაც დამფუძნებელი კრების წინაშე. ეს მთავრობა ჩვენთვის უცნობი არ არის. მისი შემადგენლობა იგივეა, რაც საქართველოს პარლამენტის დროს იყო. არავითარი ახალი ელემენტები ამ მთავრობაში არ შემოსულა, არც პიროვნების სახით და არც როგორც ფსიქოლოგიური მოტივი. ამიტომაც ამ მთავრობის მომავალი საქმიანობის წარმოდგენა შეიძლება მისი წარსული მოქმედების ანალიზის საშუალებით.
14 მარტს მთავრობა წარსდგა ჩვენს წინაშე თავის მოქმედების ანგარიშით. 21 მარტს მან დაგვიხატა მომავალი მოქმედების პროგრამა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 21 მარტის შემდეგ ჩვენი მთავრობის ძირითადი შეხედულებები და პროგრამა ვერ გამოიცვლებოდა და დარჩებოდა, რაც 21 მატრამდე იყო. ამიტომაც მისი მომავალი მოქმედება რომ გამოვიცნოთ, საკმარისია გადავხედოთ მის წარსულს, იმას თუ რას წარმოადგენდა იგი დამფუძნებელი კრების მოწვევამდე.
ერთი უმთავრესი აქტი საქართველოს ცხოვრებაში _ საქართველოს დამოუკიდებლობა _ მოხდა ჩვენი მთავრობის პოლიტიკისა და მთელი იმ მიმართულების წინააღმდეგ საიდანაც მთავრობა არის გამოსული. მეორედ, რაც ძირითადია და ცენტრი და რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი ქართველი ხალხის ენერგიაც და პოლიტიკაც, ჩვენი მთავრობის მისწრაფებას არ წარმოადგენდა და მის განხორციელებაში მას არც ფსიხოლოგიური მონაწილეობა მიუღია და არც მოქმედებითი. ეს მოვლენა აღნიშნული იყო თვით მთავრობის თავმჯდომარის სიტყვაში. ცხადია, რომ ის მთავრობა, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის ძიება თავის დღეში არ ჰქონია და რომელმაც მხოლოდ გარემოების ძალდატანებით ჩაიბარა უკვე დამოუკიდებელ საქართველოს მართვა-გამგეობა, ცხადია, რომ ასეთი მთავრობა ვერ გამოიჩენდა იმ შემოქმედებით სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომლითაც მხოლოდ შეიძლებოდა ამ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო შენობის აგება და გამაგრება. აქედან წარმოსდგა მთელი რიგი შეცდომებისა საშინაო და საგარეო მოქმედებაში. ეს ხალხი ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი იყო ეროვნული სახელმწიფოს შექმნისათვის. მისთვის გაუგებარი იყო სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელიც ყველგან უაღრეს კომპრომისს თხოულობს; ამის ნაცვლად ეს ხალხი აწარმოებს ცალმხრივ და დამქსაქსველ პოლიტიკას, იდგა კლასობრივ ბრძოლის ნიადაგზე და საზოგადოებაში სთესდა `კამაგის~ და შეურიგებლობის იდეოლოგიას. ის გარემოება ნაკლებად იყო სახიფათო საქართველოს იმ ნაწილებში, სადაც ქართული ეთნოგრაფია, სადაც ტერიტორია მთლიანად ქართველებით იყო დასახლებული, სადაც შეგნება და ფსიქოლოგია წმინდა ეროვნულია. ხოლო ასეთი პოლიტიკა დამღუპავი და საბედისწერო შეიქმნა საქართველოს იმ ნაწილებში, სადაც სხვა და სხვა ისტორიის დროს ან ეთნოგრაფია აჭრელებულა ან თუ ეთნოგრაფიული ერთფერობა შენახულა, სამაგიეროდ ფსიქიკით და შეგნებით გადაგვარებულია.
და მართლაც მთავრობას საქართველოს განაპირა კუთხეებში შეცდომა შეცდომაზე მოდის. სოხუმის ოლქი, ბათუმის და ზაქათალას ოლქები, იგივე ბორჩალო, ახალქალაქის და ახალციხის მაზრები, ყველა ეს კუთხეები ერთი ცოცხალი სურათია ჩვენი მთავრობის შემცდარი პოლიტიკისა.
ამავე პოლიტიკის შედეგი იყო საქართველოს სრული იზოლაცია მეზობელ სახელმწიფოთაგან, როგორიცაა ადერბეიჯანი, მთიელთა რესპუბლიკა და სომხეთი. ეს იმიტომ მოხდა, რომ მთავრობის პოლიტიკა, რომელიც რევოლიუციონურ-სოციალიზმის პროგრამას ადგა, ვერ შეურიგდა და არ დაინდო მეზობელი სახელმწიფონი, რომელნიც ძალიან შორს იყვნენ სარევოლიუციო სოციალიზმის პროგრამასთან. საქ-ს მთავრობა ამ სახელმწიფოებთან დაახლოებას ეროვნული სახელმწიფოებრივი საზომითა და საჭიროებით კი არ არკვევდა, არამედ პარტიულ იდეოლოგიის თვალსაზრისით და ამიტომაც განმარტოებული რჩებოდა. მისი მოქმედების ხაზია მუდმივი მერყეობა ქანაობა ერთის მხრივ ამ მებრძოლ ინტერნაციონალურ პოლიტიკასა, და ნამდვილ ეროვნულ სახელმწიფოებრივ პოლიტიკას შორის, მეორე მხრივ, და იგი დღესაც ამ ყოფაშია. მთავრობას დღესაც არა აქვს გამორკვეული სახელმწიფოებრივი შემოქმედების ორიენტაცია, ის თუ რომელ პრინციპს მისცეს უპირატესობა და სახელმძღვანელოდ გაიხადოს, მოსკოვის პრინციპი თუ პარიზისა. დღეს ეს ორი ცენტრია მთელს ევროპასა და ამერიკაში. ორი ცენტრი გარს იკრებს განსხვავებული იდეალისა და მეთოდის ხალხებს. ერთიმეორის უარმყოფელ ღირებულებებს შეიცავს ჩვენი მთავრობის პოლიტიკა და არ ჩანს თუ საითკენ იხრება ის. და ეს გაურკვევლობა უაღრესად მავნებელია და სახიფათო. თუ ერთის მხრით, ჩვენ მთავრობას მოსკოვის ცენტრისადმი ფრაქციული სიძულვილი აქვს, მეორე მხრივ მასთან პრინციპული სიყვარული აკავშირებს, მაშინ, როცა პარიზის ცენტრი ჩვენი მთავრობისათვის მხოლოთ და მხოლოთ პრინციპიალური მძულვარების საგანს წარმოადგენს. ეს გარემოება ხელს უშლის იმას, რომ საქართველოს იდეა ანტანტის იდეამ დაინათესავოს.
ამნაირად, მთავრობის პოლიტიკა შინ გვასუსტებს, გვაკარგვინებს ტერიტორიას, გამოგვთიშა მეზობელ სახელმწიფოებისაგან და განმარტოებით დაგვსვა. მან აქაც ვერ შეგვარიგა იმ ერთადერთ ორიენტაციას და ცენტრს, რომელიც დღეს წესიერებისა და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის იდეას წარმოადგენს.
მეორე მხრივ, ახალგაზრდა სახელმწიფოს გამაგრებისათვის, იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენ აღმოვჩნდით, აუცილებელი იყო წესიერი ჯარის შექმნა, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა კი ამ საქმეს იმ თავითვე მტრულად შეხვდა, ვინაიდან იგი წლობით აღიზარდა ამ რეგულიარი ჯარის სიძულვილში, რადგანაც მისი მისწრაფება საერთაშორისო გაიარაღება იყო. ეს იდეალური შეხედულება, პრინციპიალური პოზიცია ამ საკითხისადმი მან პირდაპირ ჩვენს სინამდვილეში გადმოიტანა და ჯარის შექმნა შეაფერხა, თითქმის შეუძლებელი გახადა.
ამგვარათ, ორი გარემოება, _ ერთი მხრით, შეუძლებლობა იმისა, რომ ჩვენი მდგომარეობის შესაფერი ჯარი შექმნილიყო, ხოლო, მეორე მხრით, ფართო ლოზუნგები და ინტერნაციონალური პოლიტიკა, _ აი, ეს ორი ფაქტორი საქართველოს გამაგრებას ხელს უშლიდა. ჯარის შექმნის მაგიერ მთავრობა ინტერნაციონალისტურ სოლიდარობის ფრაზებს რაზმავდა. შედეგათ ბორჩალოს საქმე მივიღეთ. ბორჩლოს შემთხვევა აშკარად მოწმობს, რომ ჩვენი მთავრობა ძმობა-ერთობის ფრაზეოლოგიას არ შერჩენოდა და საქ-ლო დროზე გაეფრთხილებია, მაშინ საქართველოს თავზე არ დაატყდებოდა ის სირცხვილი და უბედურობა, რომელიც ბორჩალოში მოუვიდა. ეს მაზრა, საქართველოს უდავო ნაწილი თვით ძველი მთავრობის აზრითაც, ნაწილათ ჩამოგვეჭრა და ნაწილათ კიდევ სადავოთ გახდა. და ამის საბუთზე ჩვენ მთავრობას თავისი ხელიც უწერია! აქედან ვამბობთ ჩვენ კატეგორიულ აზრს: საქართველოს რომ დროზედ მიეღო საჭირო ზომები, მტერი ბორჩალოში ვერ შემოვიდოდა და ბორჩალოს მაზრა დღესაც მთლიანათ საქართველოს ხელში იქნებოდა. მაგრამ, სწორედ იმიტომ, რომ მთავრობას არ ჰქონდა ალღო და ინსტიქტი მტრის ცნობისა, სწორეთ იმიტომ, რომ მთავრობა კიდევ სოლიდარობაზე ლაპარაკობდა, როდესაც მტრის ჯარები გამალებით უკვე თბილისისკენ მოდიოდნენ, აი სწორეთ იმიტომ მოგვივიდა ბორჩალოს კატასტროფა.
რომ ამ საგანს თავი დავანებოთ და შევხედოთ მთავრობის მოქმედებას წმინდა შინაურ პოლიტიკის ფარგალში, ჩვენ აქ მწუხარებით უნდა აღვნიშნოთ მისი სრული უსუსურობა და ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა სახელმწიფოს შექმნის საქმისთვის.
ძველი წყობილების შენობა დანგრეულია და ახალის სიმტკიცე აქამდის ვერ ავაგეთ; სასამართლოს დამოუკიდებლობა, რომელიც ყოველგან და ყოველ რეჟიმის პატიოსანი მამულიშვილის უმთავრეს საზრუნავს შეადგენდა, საქართველოში არ არსებობს. სასამართლო ადმინისტრაციის გავლენის ქვეშ იმყოფება. ახალი დემოკრატიული წესი სასამართლოს ინსტიტუტის შესაქმნელად ვერ გამოვიყენეთ ისე, როგორც საჭირო იყო; არჩეულ მოსამართლეთა შორის ბევრი ისეთია, რომელიც ამ თანამდებობისთვის სრულიად გამოუსადეგია. ამ ორ მომენტით იწყება სასამართლოს გახრწნა და თუ საქმეს დროზე არ მივეშველეთ, სასამართლოს გახრწნას თან მოყვება საზოგადოების დაშლა-გათახსირებაც.
ადმინისტრაცია ვერ დგას თავის დანიშნულების სიმაღლეზე, იგი პარტიული ანგარიშის გამასწორებელი აგენტი უფროა, ვიდრე სახელმწიფოს ცხოვრების წესიერების აგენტი.
უმთავრესი ძარღვი ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებისა რაზედაც ჩვენი მომავალი ჰკიდია, გახლავთ ჩვენი ეკონომიური ვითარება. გარედან რომ არავითარი ხიფათი არ მოგველოდეს და საერთაშორისო ურთიერთობაში ჩვენი დამოუკიდებლობა სრულიად უზრუნველყოფილი იყოს, ვიმეორებ, რომ ამ მხრივ საქართველოს არავითარი შიში და ხიფათიც რომ არ მოელოდეს, მაშინაც გვეეჭვება ჩვენი ნორჩი ქვეყნის ბედი, რადგან ჩვენი ეკონომიური ცხოვრება ისეთი წესით მიდის, რომ შეუძლებელია კატასტროფამდის არ ჩავახწიოთ. ვის მიუძღვის ამაში ბრალი? რა თქმა უნდა, ერთ წუთსაც არ უნდა დავკარგოთ მხედველობიდან ის საერთაშორისო მდგომარეობა, რომელიც დღეს არსებობს, რომელიც ართულებს და აძნელებს ეკონომიურ ცხოვრებას, ნორმალურ ეკონომიურ საქმიანობას. ეს ერთი მიზეზი უნდა სახეში ვიქონიოთ, როდესაც დღევანდელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიურ-ფინანსიურ მდგომარეობას ვიხილავთ. მაგრამ ამის გვერდით არის ადგილობრივი წმინდა სუბიექტიური მეორე მიზეზი, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ეკონომიურ დაშლა-განადგურებას. აი, სწორედ აქ არის ჩვენი მთავრობის სოციალისტური ცოდო და დანაშაული. 1918 წლის შვიდი თვის თავისუფლება ჩვენმა ძველმა მთავრობამ 26 მილიონი ვალით დაამთავრა. მომავალ წლისთვის იგივე მთავრობა ერთი ორად მეტ ვალს ვარაუდობს. მთელი ქონება, რომელიც საქართველოს თავის წილად დარჩა ძველი რეჟიმისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტით, ერთ განძს წარმოადგენდა, დიდ განძს, რამაც ფინანსიურ-ეკონომიურად დიდი დახმარება გაგვიწია ამა თუ იმ საჭიროების დაკმაყოფილების საქმეში. სახელმწიფოს ამ ქონებიდან ბევრი რამ, რა თქმა უნდა, უთავბოლოდ დაეკარგა. დღეს ეს მზამზარეული ქონება გამოგველია, აღარ გვაქვს; ასე რომ, მომდინარე წლის ვალი სწორედ ამის გამო, გაცილებით იმაზე მეტი იქნება, რაც ნავარაუდევია ჩვენის ბიუჯეტით. ვალით ცხოვრობს მთელი სახელმწიფო, ვალით ცხოვრობენ ჩვენი თვითმმართველობები. ამავე დროს ფულის ფასი თანდათან ეცემა და ცხოვრება უფრო და უფრო ძვირდება. მოსალოდნელია ჩვენშიაც ის მოხდეს, რაც საფრანგეთში რევოლუციის დროს, როდესაც ზოგი პირველი საჭიროების საქონელი მისი წონა ქაღალდის ფული ღირდა. თქვენ წარმოიდგინეთ პროგრესიულად სანოვაგის გაძვირებისა და ფულის გაიაფების სვლა და მაშინ დაინახავთ თქვენ დამოუკიდებლობის საფრთხესა და კატასტროფას. და აქამდისინ არავითარი ღონისძიება არ იყო მიღებული მთავრობის მიერ, რომ ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობა გამოებრუნებინა. მთავრობას არ სურს ისარგებლოს იმ ნაცადის და ერთადერთი გზით, რომლითაც ყოველგან და ყოველთვის შექმნილია და დაგროვილია ხალხის სიმდიდრე. არ არის არავითარი გარანტია, რომ მესაკუთრეს შეუძლია თავისი მოძრავი და უძრავი ქონება თავისუფლად მოიხმაროს, დაიმუშაოს გადაატრიალოს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ბანკები და სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებები თავიანთ ოპერაციებს არ აწარმოებდნენ, მათ დაჰკარგეს ნდობა. ხალხს ბანკებში ფული აღარ მიაქვს, როგორც ის იყო უმალ. სოფლის ხალხი, ვის ხელშიც დღეს მთელი ფულია თავმოყრილი, უნდობლად უცქერის ბანკებს, იმიტომ, რომ დარწმუნებული არ არის, რომ თუ იქ ფული შეიტანა, მას უკან მიიღებს საჭიროების დროს. დღეს მწარმოებელი კი მარტოკა სოფელია, ქალაქში მას შემოაქვს თავისი ნაწარმოები და ქალაქიდან მასვე სისტემატიურად ფული გააქვს. ამ ფულს იგი შინ უძრავად აბინავებს. ეს ფული, ამნაირად, ტრიალიდან გამოდის და ჰკარგავს საზოგადო ღირებულებას, მისი ფასი თვით მის პატრონისთვისაც ეცემა. იმავე დროს სოფლის მეურნეობა თანდათან კრიზისში შედის. რევოლუციური წესით მიწის საკითხის გადაჭრამ ყველა დააზარალა, საერთო მეურნეობა დასცა და სარგებლობა ვერავის მოუტანა. თუ წმინდა პოლიტიკურ სფეროში რევოლუცია ადვილად ასატანია, ეკონომიურ ცხოვრებაში ასე არ გახლავთ; რევოლუციონერულ ღონისძიებას აქ პირდაპირ დანგრევა და განადგურება შემოაქვს. ამ წესმა მთელი ერთი ნაწილი საზოგადოებისა ქუჩაში უსახსრო დაჰყარა, ხოლო საზოგადოების მეორე ნაწილში მტაცებლობა და წართმევის ინსტიკტი აუშვა, საერთოდ სოფლის მეურნეობაში არევ-დარევა და ანარქია შეიტანა. ამის ავტორია ჩვენი მთავრობა. მაგრამ როგორც სხვა დარგშიაც, მან აქაც კისერი მოიტეხა და ლოღიკურ წინააღმდეგობაში გაიხლართა. თუ მემამულის მიმართ იგი დაადგა საკუთრების უარყოფის გზას და მიწები სრულიად უსასყიდლოდ ჩამოართვა, უმიწიწყლო და მცირე მამულიან გლეხების მიმართ კი საკუთრების პრინციპს დაადგა _ ამ კატეგორიის მიწის მუშებს მთავრობა მხოლოდ სასყიდლით აძლევს ჩამორთმეულ მიწებს.
ასეთი უსისტემო და ულოღიკო ეკონომიური პოლიტიკა, რომელიც სარევოლუციო დემაგოგიას ვერ გასცილებია და შემთხვევითი პარტიული ზრახვებისთვის არის მოგონილი, ქვეყნის ეკონომიურ მდგომარეობას ვერ მოაგვარებს და სოფლის მეურნეობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის ვაჭრობა-მრეწველობასაც გაანადგურებს.
საქონლის გატანა-შემოტანა გაძნელდა. მთელი 7 _ 8 თვის განმავლობაში მთავრობამ თავისი ბეცი პოლიტიკით საქონლის გატანა-შემოტანა შეაფერხა, და მხოლოდ ეხლა, როგორც ეს მთავრობის ოფიციოზულ პრესაში ირკვევა, იგი ადგება იმ გზას, რომელსაც მისგან ყოველთვის უშედეგოთ მოვითხოვდით, ეს არის თავისუფალი და კერძო ინიციატივის გზა.
მრეწველობის საკითხი ჩვენში კიდევ უფრო უნუგეშოა. არავის არ აქვს გარანტია, რომ თუ საქმე დაიწყო, რაიმე დადებით შედეგებს მიაღწევს. მუშების პროფესიონალურ კავშირების საკითხი, მათი დღევანდელის ფორმით პირდაპირ შეუძლებელს ჰყოფს ეკონომიურ საქმიანობას. ამ მიზეზების გამო ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ცხოვრება მიექანება უფსკრულისაკენ. ეხლა უკვე თვით სოციალისტებისთვისაც ცხადია, რომ მისი გამობრუნება სოციალისტურის წესით და ექსპერიმენტებით ყოვლად შეუძლებელია, და რაც უფრო მალე დაადგება მთავრობა ნაცად და საიმედო ბურჟუაზიულ სახელმწიფოებრივ შემოქმედების გზას, მით უფრო მალე და ადვილად შეიძლება ჩვენი ეკონომიურ-ფინანსიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჩვენი სახელმწიფოს კონსოლიდაცია. მან უნდა დაგმოს სარევოლიუციო სოციალიზმის გზა და მოიპოვოს ხალხის თვალში ნდობა, მოიპოვოს ნდობა ყოველი მესაკუთრე-მეურნის და ვაჭარ-მრეწველის თვალში. ამის გარანტიებს კი მთავრობა არ იძლევა, და მაშინ, როდესაც თავის დეკლარაციაში ისეთ წვრილმანსაც კი აღნიშნავს, როგორიცაა სანიტარული ზომების მიღება, იგი საჭიროდ არ სთვლის უთხრას სოფლის ხალხს და ქალაქის ვაჭარ-მრეწველებს, რომ მათი ნამუშევარი, პირადი ინიციატივით ან თაოსნობით შექმნილი საქმე და ქონება ხელშეუხებელი იქნება. მთავრობას ვერ გაუბედნია, ან თუ არ სურს საქვეყნოთ და ხმამაღლა იცნოს მესაკუთრის უფლება თავის საკუთრებაზედ! ხოლო თუ ეს არ მოხდა, ყოვლად შეუძლებელი იქნება ჩვენი მდგომარეობის გამობრუნება.
თუ რაიმე დადებითი იყო მთავრობის მოქმედებაში აქამდის, ეს იმდენად ხდებოდა, რამდენადაც იგი ხანდახან უახლოვდებოდა თავის პრაქტიკასა და მოქმედებაში იმ ბურჟუაზიულ ზომებს, რომლის დიდი შემოქმედებითი როლი ცხოვრებით და გამოცდილებით არის დადასტურებული, ხოლო რამდენადაც იგი შორდებოდა ამ ნაცად იარაღს და წაისოციალისტ-რევოლიუციონერებდა იმდენად მეტ ზიანს აძლევდა ჩვენს შინაგან და საგარეო მდგომარეობას.
როგორი უნდა იყოს მომავალში ჩვენი დამოკიდებულება ამგვარი წარსულის მქონე მთავრობისადმი. მთავრობის მომავალი პოლიტიკა იქნება გაგრძელება მისი წარსული პოლიტიკისა. ხოლო მისი წარსული პოლიტიკა, როგორც ეს დავინახეთ, აღსავსეა მრავალი და საბედისწერო შეცდომებით. იგი პრინციპიალურად მიუღებელია, რადგან სახელმწიფოსი და საზოგადო ცხოვრების ამშლელია და არა დამლაგებელი. ამიტომ თავისთავად ცხადია და აშკარა, მთავრობას ენ ბლოც ნდობას ვერ მივცემთ მის მომავალ მოქმედებაში. მაგრამ არის ერთი საკითხი, გარდუვალად ყველასთვის სავალდებულო საკითხი, უზენაესი სავალდებულო კატეგორია _ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საკითხი. ამ საკითხში ყველა მთავრობასთან ვიქნებით, ყოველ გასაჭირის დროსა. დანარჩენ საკითხებში, სადაც მთავრობის რევოლიუციური სოციალიზმის მისწრაფება და მეთოდია, პრინციპულ და საქმიან ოპოზიციას დავადგებით, რადგან დღევანდელი მთავრობა მხოლოდ შეიძლება დადგეს გამოსადეგი, როდესაც იგი თავის თავს რადიკალურად გარდაქმნის. მთავრობის მუშაობა იმდენად იქნება პოზიტიური და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, რამდენად იგი თავის მომავალ მოქმედებაში თავის წარსულს დაუპირისპირდება; რამდენადაც იგი შესძლებს თავის უარყოფას და დაადგება ნამდვილ ბურჟუაზიულ დემოკრატიულ გზას, იმდენად უფრო სასარგებლო და უფრო სწორი იქნება მისი ნაბიჯი და უფრო მტკიცე ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა. მისი წარსული პოლიტიკის გაგრძელება კი ჩვენს ქვეყანას დაღუპავს და გაანადგურებს.
ამით ვამთავრებ მთავრობის დეკლარაციისა და ანგარიშის მოკლე განხილვას და დასასრულს უნდა მხოლოდ სურვილი გამოვთქვა, რომ დამფუძნებელ კრებამ, რომელსაც დაევალა ჩვენი ქვეყნის დაფუძნება, გამოიჩინოს საჭირო გონების სიფხიზლე და უტოპიურს ანთებაში არ ჩასწვას ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი.~
სპირიდონ კედია.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress