პროლეტარიატის დიქტატურა – 1917 წ.

gerbebi_Page_6

დავით კასრაძე

“საქართველო”, #60, 16 მარტი,  1917 წ.

რუსეთის დღევანდელს რევოლიუციას, ძველი მთავრობის დამხობას, ქართველი ერი აღტაცებით შეეგება.

ტანჯვა გულისა შეუმსუბუქა წოდებრიობის გაუქმებამ. ტაში დაუკრა სამართლიანობის აღდგენას. ყველას ერთგვარი ნათელი მოგვფინა მით უფრო, რომ ეს რევოლიუცია არ იყო მხოლოდ პროლეტარული, იგი არ წარმოადგენდა რომელსამე კლასის, წოდებისა, ჯგუფის ანუ კასტის რევოლიუციას.

სხვა რევოლიუციებთან შედარებით, დღევანდელი რევოლიუცია უაღრესად ეროვნულია, ამ სიტყვის ღრმა, ფართე მნიშვნელობით, ეროვნულია იმიტომ, რომ მასში იღებენ მონაწილეობას საზოგადოების ყველა წევრნი, პროლეტარიატიც, ბურჟუაც, ჯარიც, თავად–აზნაურობაც, თვით სასახლის დაწინაურებულნი წევრნიც კი.

თუ ეს ასეა, მაშასადამე, არავისა აქვს უფლება მოითხოვოს განსაკუთრებულის პრივილეგიებით აღჭურვა, რაიმე უპირატესობა მეორეზე.

მემამულეებმა, მუშებმა, გლეხობამ, დიდმა და პატარამ, „შავმაც“ და „წითელმაც“, უკიდურესმა თუ ზომიერმა თანაბრად მოითხოვეს ძველის მთავრობის დამხობა, შეერთებულის ძალით შავბნელ დესპოტისზმის განადგურება. დღესაც რუსეთის ყველა ძალები, განურჩევლად წოდებისა და კლასისა, თანაბრად განაგრძობენ სვლას, რომ მოსალოდნელს კონტრრევოლუციას სასტიკი პასუხი გასცენ, არასგზით აღარ დაუთმონ ერთხელვე დაბყრობილი პოზიციები. ჯარის კაცი და მუშა, მდიდარი და ღარიბი, ერი და ბერი ხელიხელს ჩაკიდებით მიდიან, თავს ევლებიან ამ ერთობას, ვიდრე ჯვარედინს გზაზე არ შესდგებიან  ეს იმ  ჯვარედინს გზაზე, რასაც დამფუძნებელს კრებას უწოდებენ.

აი ამ კრების მოწვევამდე მტკიცედ გარდაწყვეტილი აქვთ მოსპონ ერთმანეთში შური და მტრობა, რათა მთელი ერის ყრილობამ თავის დროზე გადასჭრას კლასთა სადავო საკითხები.

მერე რას ვხედავთ აქ, საქართველოში?

ერთის შეხედვით, აქაც იყო რაღაცა ამის მზგავსი სურვილები, საზოგადო აღტაცების უმალ აქაც საჭიროდ სცნეს შეერთება, ზეპარტიულ მიმართულების შექმნა, რომ ყველა ქართველს თამამად შეგვძლებოდა ერთურთთან მისვლა, აზრების გაცვლა–გამოცვლა და უმჯობეს პლატფორმის სახელი კი იყო და არის საქართველოს ავტონომია.

თუ რა სახისა იქნებოდა იგი, ტერიტორიული თუ კულტურული, ეს მომავლის საკითხი იყო, მანამდე კი ამ ერთს ცნებას უნდა მოეხდინა შეერთება, უკიდურეს პარტიათა შეთანხმება.

„საქართველოს ავტონომიური მმართველობა“, – აი ის თილისმა, რაიც პარტიათ სნეულებისგან განჰკურნავდა და ერთმანეთთან დააახლოვებდა.

ბატონ–პატრონობა და ინიციატივა ამ „ერთობის“ მოსახდენად იკისრა ყველაზე ძლიერმა პარტიამ ს[ოციალ]–დ[ემოკრა]ტიამ, გარეგნულად ამ პარტიის ხელმძღვანელებმა თავიანთ გაზეთს სახელიც კი შეუცვალეს, „თან[ამედროვე] აზრი“ „ერთობად“ გადანათლეს.

ეს ერთგვარი თამასუქი იყო იმისა, რომ მკაცრი დამოკიდებულება კეთილგონიერების ნორმებს დაუბრუნდებოდა, მაგრამ … ფაქტიურად სულ სხვა გამოდგა.

ამ პარტიას დღევანდელი რევოლიუცია როგორღაც სოციალურ რევოლიუციად წარმოუდგენია, რომლის მაწარმოებელი ვითომც პროლეტარიატი იყო და სხვა არავინ. გამოდგა, რომ ჰეგემონიის ხელთ აღება მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესების დასაცველად სდომნიათ. მათი საქციელი, აშკარა მოქმედება პროლეტარიატის დიქტატურისკენ იხრება.

სხვა რომ არა ვსთქვათ, რა საკმარისია გავიხსენოთ მათის ბელადის ნ[ოე] ჟორდანიას უცნაური საქციელი, როდესაც სარქის ხანოიანცებთან ერთად ჰგზავნის რეზოლიუციებს. … არა, რეზოლიუციებს კი არა, არამედ ნამდვილ დეკლარაციებს „ამხანაგ კარლო ჩხეიძესა და კერენსკის“, რო არა ცხონება გარეშე პროლეტარიატის დამცველებისაო.

იგივე ბელადი არ სთაკილობს იმუშაოს . ხატისოვთან, იმ ხატისოვთან, რომლის საარაკო ოინბაზობა და ჯამბაზობა სახელგანთქმულია 1905 წლებიდან დღემდე, მაშინ როდესაც შეუწყნარებლად მიაჩნია ისეთს ელემენტებთან მუშაობა, რომელნიც ასე თუ ისე მზად იქმნებიან ჩვენის ერისთვის სამსახური გასწიონ მეტის თავგამოდებით, ვიდრე ეს მოსალოდნელია ინტერნაციონალ იდეებით გაბრუებულ პარტიის ლიდერისაგან…

არა, მეტად საშინელს ხანაში ვცხოვრობთ. როგორც მათი მოქმედების პრელუდიიდან სჩანს, ჩვენი დასელები ჰღალატობენ „ერთობის“ პრინციპს და ამ ჰეგემონიით ჰსურთ მხოლოდ პროლეტარიატი აღჭურვონ უზენაეს უფლებით და თავისუფალი მოქალაქენი კი გასთიშონ ან და თავიანთ იდეის ჩექმის ქუსლად გამოიყენონ.

ისე გამოდის, თითქოს ჩვენი ერი მხოლოდ რუსთა და არა რუსთა ბედნიერებისთვის უნდა გაიწიროს, თითქოს პირადი ტკივილები არ აწუხებდეს.

ადვილად შეიძლება ასეთმა განწყობილებამ მეტად ცუდი შედეგი გამოიღოს.

ქართველი ერი დარწმუნებულია, რომ დასელები თვითვე გულს დაუხმობენ კეთილ გონიერებას და ასეთს დიქტატორულს ნაბიჯებით არ გამოიწვევს ურთიერთის გათიშვას. სასურველია, ამ საკითხის გარშემო ხმა აიღმაღლონ  თვით დასელებშივე მყოფმა ისეთმა პირებმა, რომელნიც ჩვენი ერის კეთილდღეობას მეტს ყურადღებით და კრძალვით ეპყრობიან, რათა მოსალოდნელი კონფლიქტი თავიდან ავიცილოთ.

ქართველ ერს სრულიადაც არა ჰსურს ერთის ბატონის გაგდების შემდეგ მეორე გაიხადოს ბატონად …

 

სტილი დაცულია

სპეციალურად ”ლიბერალისთვის“ მასალა მოამზადა პარლამენტის არქივის გამგემ -ირაკლი იაკობაშვილმა

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress