შენიშვნა: გაზეთი „საქართველო“ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, ხოლო „ერთობა“ - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კავკასიის ბიუროს ქართულენოვანი ბეჭდვითი ორგანო იყო.
„საქართველო“, #73, კვირა, 2 აპრილი, 1917 წ.
გონიერებასა და სინდისში ჩავარდით !
ჩვენებური სოციალ–დემოკრატია თავის კანში ვერ ეტევა. ამგვარსავე მდგომარეობაში იმყოფებიან მუშათა დეპუტატებიც, რომელნიც ნამდვილ სოციალ–დემოკრატიულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, ვერ ინელებენ სხვების არსებობას, სხვა პარტიათა მოქმედებას; ყველა საშუალებით იბრძვიან მათ წინააღმდეგ; არ ერიდებიან ძალმომრეობას, არ ერიდებიან ცილის წამებას. ორივე იარაღი ნაცადი აქვსთ ჯერ კიდევ ცხრაას ხუთსა და ექვსში. ფედერალისტების გაზეთი ერთი შეჩერება ხომ მათ შეაჩერეს. ეს იყო პირველი ცენზურა ამ თავისუფლების და რევოლიუციის პარტიისა! ჩვეულებრივი მოვლენა იყო ტრიბუნიდან მოწინააღმდეგე ორატორების ჩამოგდება. ხშირი იყო მათ წინააღმდეგ ხანჯლისა და რევოლვერის ძრობა. გაიხსენეთ სოხუმი, წალენჯიხა და სხვა.
ცილისწამება, – რომ ავტონომია ბატონყმობის აღდგენას მოასწავებდა და საქართველოში მოსახლე არა ქართველ ერების დევნა–შევიწროება, – რჩეულ იარაღად იყო მიჩნეული მოპირდაპირის დასამარცხებლად. ამ გზით და ასეთის იარაღებით ებრძოდა სოციალ–დემოკრატია საქართველოს ავტონომიას, მაშასადამე, საქართველოს თავისუფლების იდეას.
ვიცოდით, რომ ჩვენებური სოციალ–დემოკრატია, რომელიც ჯერ იდევ რუსეთის სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის სახელს ატარებს და რომელსაც აქამდის ერთჯელაც არ უხსენებია თავის გაზეთებში სიტყვა „საქართველო“ და „საქართველოს თავისუფლება“, დღესაც იმ პარტიების შეურიგებელი მტერი იქნებოდა, რომელნიც სამშობლოს იდეას ემსახურებიან და პირველ ყოვლისა საქართველოს ავტონომიისათვის იბრძვიან.
ვიცოდით, რომ სოციალ–დემოკრატია, რომელიც „ქართველებო, შეერთდით“–ის მაგიერ „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდისო“ გაიძახის, დღესაც მძაფრი მტერი იქნებოდა იმ პარტიებისა, რომლნიც ქართველობის გაერთიანებას მოითხოვენ სამშობლო იდეის გარშემო.
ვიცოდით, რომ პარტია, როდესაც არ სწამს ეროვნულ ძალების მობილიზაცია და ეროვნული ორგანიზაცია სამშობლოს უფლების აღსადგენათ, საქართველოს ავტონომიის მოსაპოებლად, დღესაც მტრულად შეეგებებოდა ყოველ ამგვარ ცდას.
ვიცოდით ეს, მაგრამ მაინც არ გვეგონა, თუ სოციალ–დემოკრატია ძველს ხერხსა და იარაღებს მიმართავდა.
ვფიქრობდით, რომ ბრძოლას კულტურული ხასიათი მიეცემოდა, რომ პროგრამის დებულებანი, რომ საკამათო ცნებანი ლოკალურად განმარტებული იქნებოდნენ, რომ ცილისწამებას დაერიდებოდნენ და ძალმომრეობაზე ხელს აიღებდენ, რომ პარტიის გამარჯვება თუ დამარცხება, სხვა თანაბარ პირობებში, მარტოდ–მარტო მის პროგრამის ორგანიულ ბუნებაზე იქნებოდა დამოკიდებული.
ასე ვფიქრობდით, მაგრამ მოვსტყუვდით!
სოციალ–დემოკრატიამ ძალა იგრძნო და იგი დღეს თავის კანში ვერ ეტევა.
დიქტატორულმა გულთა ზრახვამ შეიბყრო მისი არსება. ყოველს მის საქმესა და სიტყვას ბატონობის სურვილი განაგებს, ბატონობის ბეჭედი აზის.
სხვისი არ ცნობა, სხვისი გაბათილება, – აი დღევანდელი მისი ავადმყოფობა. და რომ სხვის გაბათილებას მიაღწიოს, ნაცად საშუალებას მიატანა. „ავტონომია რუსეთიდან ჩამოშორებაა“, „ავტონომია – საქართველოდან რუსებისა და სომხების გაძევებაა და მათი ქონების გატაცება“, „ავტონომია ბატონ–ყმობაა“ და სხვა და სხვა! ქუთაისში უშიშრად ვერ გაივლი, თუ „ავტონომია“ ახსენე. ჯარის კაცები ან გაგლახავენ, ან ციხეში ჩაგამწყვდევენ. ამ ნიადაგზე ერთი რეალური სასწავლებლის შეგირდი სასიკვდილოდ გალახეს.
ქუთაისში ქართველმა ჯარის კაცებმა გაიტაცეს და გასთელეს ფედერალისტების დროშა, რომელზედაც ეწერა „გაუმარჯოს საქართველოს ავტონომიას“ –ო!
პირველი მაგალითია, რომ ქართველი ჯარის კაცი ჰთელავდეს და შეურაცხებდეს დროშას, რომელიც საბშობლოს თავისუფლების სიმბოლოდ არის ამართული!
იქნებ გვითხრან: რა შუაშია აქ სოციალ–დემოკრატიაო?
მაშ ვისი ბრალია?
ავტონომიის სახელის გატეხვასა და მის დროშის უპატივცემულობაში საზოგადოებას ხომ იმათი სიტყვა და ლიტერატურა ვერ აზრდიდა, ვინც საქართველოს ავტონომიისათვის იბრძვის და საქართველოს თავისუფლების დამყარებისადმი სასოებით ივსება. მთელი ქართველობა რომელიც თქვენი პარტიის გარეშე სდგას, ამ საქმეში ბრალსა თქვენ გდებსთ და თუ ეს თქვენი ფურცელზე გაზეთის საჯაროთ აღიარეთ, რომ ავტონომია რუსეთისგან ჩამოშორებას არნიშნავს, რომ ავტონომია სომხებისა და სხვების გაძევებას არ ნიშნავს და არცმათ ქონების გატაცებას, რომ ავტონომია ბატონყმობა არ არის, რომავტონომიის მომხრენი დემოკრატიულ რესპუბლიკას მოითხოვენავტონომიურს საქართველოში. დასწერეთ ეს თქვენს გაზეთებისფურცლებზე, დაგმეთ გავრცელებული ცილისწამებანი. აუხსენით თქვენსმკითხველებს, რომ თქვენ ავტონომიას იმიტომ კი არ ებრვით, რომ იგი ანბატონყმობას ნიშნავდეს ან ჩამოშორებას და სხვა რასმე, არამედ მხოლოდიმიტომ, რომ თქვენ ამგვარ პრინციპს არ იზიარებთ ქართველი ერისცხოვრების მოსაწყობათ. ამით თქვენ თქვენს ვალს მოიხდით და დღემდის სამთლიან ბრალდებასაც. ამგვარ წერილების შემდეგ, თავიდან აიშორებთ.
დღემდის ძველი მთავრობა ნებას არ გვაძლევდა მისი მოქმედება თავისუფლად გაგვერჩია და პირუთვნელი მსჯავრი დაგვედო. პირი აკრული გვქონდა და პრესა ალაგმული იყო.
დღეს ამ როლში აქაური სოციალ–დემოკრატია და მუშათა დეპუტატების საბჭო გამოდის. ბედავენ აღგვიკგრძალონ ჩვენი აზრის გამოთქმა მათზე!
ქუთაისში გაზეთი „სამშობლო“ შეაჩერეს და მერე ბოდიში მოახდევინეს და ხელ–ახლავ (!) გამოაცემინეს. გუშინ წინ ჩვენ მოგვივიდა ოფიციალი (!) ქაღალდი (194 ნომრით), მუშათა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტისაგან. გვემუქრებიან გაზეთის დაკეტვას, თუ ისეთი წერილი დაიბეჭდება, რომელიც მუშათა დეპუტატების საბჭოს არ მოეწონება.
ჯერ გვინდა გავიგოთ, მთავრობის დანიშნულებას ვინ ასრულებს? ახალი მთავრობისგან, პეტროგრადიდან გამოგზავნილი კომისარიატი თუ თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭო?
არის რაიმე წესიერება, თუ საქმე ძალადობაზეა და ანარქიულ მოქმედებაზეა?
ჩვენ ამ უკანასკნელის წინააღმდეგი ვართ, – მაგრამ თუ ამ წესით შეგვებრძოლებიან, ჩვენგანაც ღირსეულ პასუხს მიიღებენ. ხოლო, თუ მთავრობა არის და თუ მთავრობას მუშათა დეპუტატების საბჭო წარმოადგენს და არა პეტროგრადიდან დანიშნული კომისარიატი, მუშათა დეპუტატების საბჭომ ჯერ ეს შეგვატყობინოს ოფიციალის (!) და დანომრილის ქაღალდით და შემდეგ ამისა მოვითხოვთ მისგან, როგორც მთავრობისგან, რომელსაც პრესის კრიტიკის ეშინიან, წინასწარი ცენზურადააწესოს ჩვენს გაზეთსა და ყველა იმ გამოცემაზე, რომელიც მას ჭკუაში არდაუჯდება. დაე, ჩვენი გაზეთი დაფანჯრული გამოვიდეს, თეთრის ადგილებით, როგორც ეს ძველი მთავრობის დრო იყო!
ხსენებული გაფრთხილების ქაღალდი იმით იწყება, რომ „საქართველოს“ რედაქციას არა ერთხელ გაულაშქრნია მუშათა დეპუტატების საბჭოს მოქმედებისა და დადგენილებათა წინააღმდეგ და ამის გამო საბჭო გულისწყრომას გამსთქვამს.
როგორ?
მუშათა დეპუტატების საბჭო ვინ ბრძანდება, რომ მის მოქმედების და დადგენილების გარჩევა არ შეიძლებოდეს, ან და გალაშქრება, უკეთუ მისი დადგენილება შეუსაბამო გამოდგება?
ვინაა დაზღვეული შეცდომისგან ?
ვინ არის შეუმცდარი ქვეყნის მართვა–გამგეობის საქმეში ?
ყველაზე ნაკლებ ეს მუშათა დეპუტატების საბჭოა, სადაც უმეტესად მხოლოდ ცალმხრივათ მოაზროვნე და პარტიული ფანტაზიით გამსჭვალული მუშები და გასულ სექტემბერში კურს დამთავრებული ახალგაზრდა სტუდენტები სხედან!
როგორ? ეს მართვა–გამგეობის საქმეში გაურჩევი ხალხი, რომელიც მარტო ქალაქის შერეულ ეროვნების მუშებისგან არის რჩეული და რომელიც ცდილობს თავის გავლენა და დადგენილება ორ მილიონ ქართველ გლეხზეც გაავრცელოს, პრესის კრიტიკის გარეშე უნდა იდგეს?
ნურას უკაცრავად.
გაზეთის დაკეტვას კი არა, ენის ამოგლეჯაც რომ გველოდეს, ამ კრიტიკაზე ხელს ვერ ავიღებთ. ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა ჩვენ ასე გვესმის.
ჩვენი ხელმძღვანელი იდეა არის რევოლიუციის გამაგრება და ეროვნული თავისუფლებისათვის ჩვენი სამშობლოს დარაზმვა და ყოველ ჩვენს წერილს ან სხვებთან თანამშრომლობის იდეას ხელმძღვანელობს, ან კიდევ გაფრთხილება, რომ სოფლად არ განმეორდეს ცხრაას ხუთის ამბები: რბევა–ტაციობა.
თავის საქციელის გასამარტავად მუშათა დეპუტატების საბჭო და სოციალ–დემოკრატია აქაც ნაცად საშუალებას მიმართავს: ცილისწამებას. ვინ ჭკუათმყოფელი, ვინ თვალხილული დაგიჯერებთ, რომ ჩვენ კონტრ რევოლიუციონერები ვიყვნეთ, რევოლიუციას და ახალ მთავრობას ვებრძოდეთ!
იქნებ ძველი მთავრობისა და რეჟიმის აღდგენა გვენატრებოდეს, იმ რეჟიმისა, როდესაც ჩვენი სამშობლოს უფლება უდიერად ითელებოდა?! სირცხვილი, რომ ენა თქვენი იძვრის ამის სათქმელად! ნუთუ არ გესმით რა ცეცხლის წაკიდება და ჯოჯოხეთის დატრიალება შეუძლიან ამ ცილის–წამებას, რომ მან გასჭრას და აქ მყოფი რუსის ჯარი შეუდგეს ამის თანახმად მოქმედებას. თუ ბნელი ინსტიქტი ამ ცილისწამების წყალობით შურის საძიებლად დაიძრა, ვინ ან რა შეაყენებს მას? ვინც ხელში მოხვდება, ყველა მისი მსხვერპლი გახდება, სულ ერთია, ნაციონალ–დემოკრატი იქნება იგი, ფედერალისტი თუ სოციალ–დემოკრატი.
ამ ცილის წამებით, ღმერთმა ნუ ჰქნას, თორემ დაისჯება არა ერთი პარტია, არამედ მთელი სამშობლო.
ნუ თუ სამშობლოს წინაშე პასუხისგების გრძნობამ არ უნდა აგაღებინოთ ხელი ამ ყოვლად აღმაშფოთარ იარაღზე, რომელიც პარტიული ბატონობის განსამტკიცებლად არის გამოგონილი?!
ჯერ კიდევ დროა. გონიერებასა და სინდისში ჩავარდით !
***
„ერთობა“, #16, 6 აპრილი, 1917 წ.
დროა გონს მოხვიდეთ !
ქართველი ნაციონალისტები განაგრძობენ თავის დამღუპველ მოქმედებას. ისინი აშკარათ აფერხებენ რევოლიუციის განვითარებას და ნიადაგს უმზადებენ კონტრევოლიუციონურ მოძრაობას.
არც ერთი ერის პარტია რუსეთში არ აწარმოებს ისეთ აგრესიულ პოლიტიკას რევოლიუციონურ ორგანოების წინააღმდეგ, როგორც ამას ჩვენში ნაციონალისტები სჩადიან. ყველგან და ყოველთვის მათი ცდა იქითკენ არის მიმართული, რომ გათიშონ რევოლიუციური ხალხის ძალა.
ეს ცალიერი (!) სიტყვები არ არის. მათ შექმნეს ქართველ ჯარისკაცთა ცალკე ორგანიზაცია. მართალია, ქართველმა ჯარისკაცებმა ეს ტაქტიკა დაგმეს, მარა ისინი მაინც განაგრძობენ თავისას და იწვევენ გაბოროტებას ჯარში და ხელს უწყობენ ქართველი ხალხისადმი სიძულვილის გაღვივებას. ამის მაგალითები მრავალია. ისინი ნათლად ხედავენ მთელი ეს მათი პოლიტიკა პროვოკაციულია, მარა თავისას მაინც არ იშლიან.
ეს ვაჟბატონები არც ამით კმაყოფილდებიან. ისინი ზევიდან მართველებათ და ბატონ-პატრონათ მოევლინენ ზოგიერთი მაზრის გლეხობას და მღვდლებისა და ძველი სტრაჟნიკების დახმარებით სოფელს თავზე ახვევენ თავის ნება სურვილებს. ჩვენ ხელთა გვაქვს უტყუარი საბუთები, რომ ნაციონალისტები სოფლათ ისევ ძველი, დახავსებული წესების შემოღებით ცდილობენ დაიფარონ გლეხკაცობა რევოლიუციონური ქალაქის გავლენისაგან. ისინი იქამდისაც კი მივიდნენ, რომ მუშათა დეპუტატების საბჭოს პროპაგანდისტებს ატუსაღებენ და მაზრებიდან აძევებენ.
პრესაში მათ გააცაღეს შავრაზმული აგიტაცია. მუშათა დეპუტატების საბჭოს მიაწერეს სურვილი სოფელში ანარქიისა, ძარცვა-გლეჯისა და მკვლელობის გამეფების. [მათ] მოიმოქმედეს ეს შეგნებულათ, განსაზღვრული მიზნით, ვინაიდან კარგათ იცოდენ, რომ მუშათა დეპუტატების საბჭოს არაფერი ამის მსგავსი არ დაუდგენია და არ განუზრახავს. ის ცდილობს მხოლოდ სოფელშიაც განმტკიცდეს ახალი წყობილება.
და აი, როცა მუშათა დეპუტატების საბჭომ მოსთხოვა [გაზეთ] „საქართველოს“ უარეყო ბოროტი ცილისწამება და თავისივე ფურცლებზე აღედგინა სიმართლე, მან ამას ლანძღვა-გინებით და ახალ-ახალი ინისნუაციებით უპასუხა. გადაიკითხეთ [გაზეთი] „საქართველოს“ მოწინავე წერილი სააღდგომო ნომერში და თქვენ დარწმუნდებით, თუ როგორის დაჟინებით უტეხენ სახელს რევოლიუციონერულ ორგანიზაციებს ქართველი ნაციონალისტები.
ჩვენ მოვთხოვეთ მათ ცილისწამების უარყოფა და შავრაზმული აგიტაციის შეჩერება: ისინი კი სწერენ, თითქოს ჩვენ ვისმეს კრიტიკის თავისუფლებას ვართმევთ.
აი, როგორი ენით სწერენ [ისინი, გაზეთი „საქართველო“] თფ[ილისის] მუშ[ათა] დეპ[უტატების] საბჭოზე.
„როგორ? ეს მართვა–გამგეობის საქმეში გაურჩევი ხალხი, რომელიც მარტო ქალაქისშერეულ ეროვნების მუშებისგან არის რჩეული და რომელიც ცდილობს თავისგავლენა და დადგენილება ორ მილიონ ქართველ გლეხზეც გაავრცელოს, პრესისკრიტიკის გარეშე უნდა იდგეს?“
დასტკბით ნაციონალისტების კრიტიკით !
ისინი თქვენ, რევოლიუციის მთავარ ძალებს, მძარცველებს, ცეცხლის წამკიდებლებს გიწოდებებ და თქვენ კი დაბლა ქედი უნდა მოიხაროთ ამ „მშვენიერი“ კრიტიკის წინაშე?
არა ბატონებო! თქვენ ტყუილა ცდილობთ სიტყვა ბანზე ააგდოთ. კრიტიკას არავინ გიშლით. სიტყვისა და წერის თავისუფლებას არავინ ზღუდავს. ებრძვიან მხოლოდ შავრაზმულ აგიტაციას, კონტრრევოლიუციონურ გამოსვლებს.
რაც მართალია-მართალია! შავრაზმელების თავისუფლებას რევოლიუცია კი ზღუდავს. მარა გეკითხებით: რა აქვს საერთო ბოროტ ცილისწამებას კეთილსინდისიერ კრიტიკასთან?
როგორ შეიძლება ცნების ასე ბოროტათ ხმარება?
ჩვენმა ნაციონალისტებმა ვერ დაივიწყეს ნეტარხსენებული დუბროვინისა და კომპანიის ბრძოლოს მეთოდი. ისინი რუსეთის რევოლიუციონერებს ყველას „ჯიდებათ აცხადებდენ. ამასვე ჩადის დღეს [გაზეთი] „საქართველო“.
აი, როგორ მიმართავს ის სოციალდემოკრატიას:
“მთელი ქართველობა, რომელიც თქვენი პარტიის გარეშე სდგას, ამ საქმეშიბრალსა თქვენ გდებთ“ და სხვ.
მთელი ქართველობა ჩვენი პარტიის გარეშე მდგარა! მაშ ვისგან შესდგება სოციალდემოკრატია?
ალბათ სომხებისა და რუსებისაგან! ასეა არა?
დროა გონს მოხვიდეთ! დროა თავი დაანებოთ იმაზე ფიქრს, თითქოს დემოკრატიის სურვილების წინააღმდეგ თქვენ რაიმეს გაკეთება შეგეძლოთ. სხვა თუ არა რუსეთის ლიბერალების მაგალითი მაინც აიღეთ! თითონ შეჩერდით, თორემ სხვები შეგაჩერებენ.
ნუ თუ იუპიტერმა მარტო თქვენი გონების დასაბნელებლად მოიცალა?
სტილი დაცულია
სპეციალურად ”ლიბერალისთვის“ მასალა მოამზადა პარლამენტის არქივისგამგემ - ირაკლი იაკობაშვილმა