საქართველოს თავად–აზნაურობის დეპეშა
სტატიები
სახელმწიფო სათათბიროს და მის აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ ვლადიმერის ძეს როძიანკოს
კოპიოები: მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს თავადს გიორგი ევგენის ძე ლვოვს; სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს ნიკოლოზ ჩხეიძეს; სახელმწიფო საბჭოს წევრს (არჩევით) თბ. თავ.–აზნ. საგუბერნიო მარშალს კონსტანტინე ნიკოლოზისძე აფხაზს.
ამ დიდებულ დღეს, ოდეს რუსეთის სახელმწიფოს თავისუფლების ცაზე განთიადი გამობრწყინდა, ქართველი თავად–აზნაურობა, მთელის ქართველ ერის სურვილ–მისწრაფებათა გამომხატველი, უსაზღვროდ ბედნიერია მხურვალედ მიესალმოს ახალ მთავრობას და მებრძოლთ, რომელთა თავგამოდებული მეცადინეობით განხორციელებულია განახლება რუსეთის სახელმწიფო ცხოვრებისა. გადაწყვეტილება ახალის მთავრობისა – მანამ იბრძოლონ, სანამ არ გაიმარჯვებენ – აღაფრთოვანებს ქართველ ხალხს, რომელიც წინაპართა ანდერძის თანახმად, მზათ არის ზვარაკად მიიტანოს თავისი თავი საერთო სამშობლოს სამსხვერპლოზე.
ქართველი თავად–აზნაურობა, რომლის საკულტურო მოღვაწეობა და ქონებრივი საშუალებანი მუდამ ჟამს ქართველ ერის კეთილდღეობისადმი იყო მიმართული, საჭიროდა სთვლის განაცხადოს, რომ რუსეთის იმპერიაში შეიძლება, ისე არავის ეტანჯოს დამხობილ სახელმწიფო წესწყობილებისაგან, როგორც ქართველებს მთელის ასის წლის განმავლობაში, რაც რუსეთი ბატონობს კავკასიაში. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ერმა მწვავედ განიცადა მთელი სიმძიმე იმპერიალისტურ ხელისა, რომელიც იწვებოდა და ულმობლად ახრჩობდა ყველაფერს, რასაც ერის თვით–არსებობის ნიშან–წყალი ეტყობოდა.
ყველა კულტურული საუნჯენი ერის სულისა აღგვილ და გაცამტვერებულ იქმნენ: ეკლესია, სკოლა, მთავრობის დაწესებულებანი – ყველა იმისთვისღა არსებობდა აქ, რომ ძალით დაეკარგვინებინა საკუთარი სახე და გაერუსებინა ქართველი. არც ის ვალდებულებანი, რომელიც დაიკისრა მთავრობამ 1783 წლის ტრაქტატით, და რომელიც საქართველოის სამეფო ბედს რუსეთის იმპერიის ბედს უერთებდა, არც მუდმივი ერთგულებაა ქართველ ერისა, აღარც ნაკადულნი სისხლისა, დაუსრულებელ ომებში რომ ღვრიდა და დღესაც ღვრის ქართველობა რუსეთის ხმლის გამარჯვებისათვის, – საკმაო არაფერი შეიქმნა იმისთვის, რომ რუსეთის ცხოვრების მეთაურნი სამართლიანად მოჰკიდებოდნენ ამ ერს.
და ყოველსავე ამის შემდეგ, ვისღა შეეძლო უმეტესის სავსებით და უმეტესის სიხარულით განეცადა სიდიადე უკანასკნელ დღეებში მომხდარ ამბებისა, თუ არ ქართველ ერს, რომელსაც შეუგინეს ყოველი წმიდათა წმიდა!
ამიერიდან ქართველებისათვის დგება წამი ეროვნულის აღორძინების, რადგან ამ ერს მტკიცეთა სწამს, რომ ის დიდებული რუსები, რომელთაც თვისის სიცოცხლითა და სისხლით მოუპოვეს თავის სამშობლოს თავისუფლება, სამართლიანობის ვალს მოიხდიან საქართველოს წინაშე, და როდესაც რუსეთში ახალ მართვა–გამგეობის წესწყობილებას საბოლოოთ დაამყარებენ, ქართველ ერს უფლებას მისცემენ განახორციელოს თვისნი ეროვნული უფლებანი პოლიტიკურ ავტონომიის საფუძველზე.
თბილისის გუბერნიის თავად აზნაურობის წინამძღოლის თანამდებობის აღმასრულებელი
თ–დი ჩოლოყაშვილი.
ქუთაისის გუბერნიის თავად აზნაურობის წინამძღოლი
თ–დი ნიჟარაძე.
“საქართველო“, #52, სამშაბათი, 7 მარტი, 1917 წ.
სტილი დაცულია
სპეციალურად “ლიბერალისთვის” მასალა მოამზადა პარლამენტის არქივისგამგემ – ირაკლი იაკობაშვილმა