“ევროპის „სახალხო პარტიას“ ჩვენ მივხედავთ” თუ ეს მთავრობის სურვილი იქნება

mamuka

ნათია ხურცილავა  ” ახალი თაობა” 17.11.2014

„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ხელისუფლებას ჰპირდება, რომ ევროპის „სახალხო პარტიასთან“ ურთიერთობას დაარეგულირებს ქვეყნის სასარგებლოდ, თუ ეს მთავრობის სურვილი იქნება.
-ბატონო მამუკა, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს როგორ შეაფასებთ, ფიქრობთ, რომ ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება ?
- სამწუხაროდ, დაპირისპირებული მხარეებიდან ვერ მოვისმინეთ, რა არის ეს ღირებულებები. ვერ მოვისმინეთ, როგორ ხდება ან თუ ხდება ამ ღირებულებების დანერგვა ქვეყანაში. წლების შემდეგ ვერ ვნახეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ გზაზე. დასავლელი პოლიტიკოსები თავზე ხელს რომ გვისვამენ და როგორც პატარა ბავშვებს ისე გვეუბნებიან, პროგრესი სახეზეაო, ეს უფრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ნებისმიერ მოქმედებაზე დაყვავებას ჰგავს, ვიდრე რეალობის შეფასებას. ვერც თავისუფალმა დემოკრატებმა ვერ გვითხრეს, კონკრეტულად ვინ არის ამაში დამნაშავე. ორი წლის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა ევროპის ყველაზე მსხვილ პარტიასთან, ევროპის „სახალხო პარტიასთან“ ვითარების დარეგულირება? რატომ ვერ მოხერხდა, რომ ევროსაბჭოში არ ღებულობენ ისეთ რეზოლუციებს, რასაც ღებულობენ ? რატომ ვერ მოხერხდა ყოფილი ხელისუფლების დანაშაულობების შესახებ რეალური ინფორმაციის ჩატანა ევროპის სასამართლოებში? რატომ ვერ მოხერხდა, რომ თავდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთოს არა თავისი პარტიის ოფისიდან, არამედ სამინისტროდან ? რატომ არის ერთმანეთში არეული პარტიული და სახელმწიფოებრივი სტრუქტურები ?
საზოგადოება მთლიანად გამოთიშულია პოლიტიკური ცხოვრებიდან და მხოლოდ ოთხ-ხუთ წინასწარ შერჩეულ არასამთავრობო ორგანიზაციას ეძლევა შესაძლებლობა, მთელი საზოგადოების სახელით პროცესებში აქტიურად იყოს ჩართული. ევროპული ღირებულებების ნაწილია ღია, გამჭირვალე საზოგადოება. ჩვენ ვერ ვნახეთ, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს სურვილი, ასეთი რამ დაინერგოს საქართველოში. პროდასავლურობაზე აპელირება არის უბრალოდ საბაბი, ერთი მხრივ შიდა პოლიტიკური ურთიერთობების გარკვევის, შიდა კლანური დაპირისპირებისთვის ცივილიზებული სახის მიცემის და მეორე მხრივ გეგმაზომიერი ქმედებები, რომ საზოგადოებას შესძულდეს ეს ღირებულებები. ეს არა მხოლოდ ევროპული ღირებულებებია, არამედ ქართული ღირებულებები. საბოლოო ჯამში, ეს ქმედებები ხდება იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდეს.
- რატომ, არ უშლის ამას ხელს? – პოლიტიკური ნებისა და პროფესიონალიზმის დეფიციტია. რა ნაბიჯი გადაიდგა თუნდაც ევროპული მიმართულებით, გვითხრან.
- ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა…
- ასოცირების ხელშეკრულების მომზადება წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. ასევე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირის კეთილი ნება უფროა, რომელმაც წლი-ნახევრით ადრე გადმოწია ხელმოწერის თარიღი უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე. ევროკავშირს შეეშინდა, რომ უკრაინის მსგავსი სცენარი არ განვითარებულიყო საქართველოსა და მოლდოვაში. ეს ღიად განაცხადა ბაროზომ. ბაროზოს განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირი უფრო არის დაინტერესებული, რომ აქ სახელმწიფო აშენდეს, ვიდრე საქართველოს მთავრობა. დეფიციტია პროფესიონალიზმის და პოლიტიკური ნების. ამ ხელისუფლებას სურვილი რომ ჰქონოდა, მთელ რიგ საკითხებში თავისუფლად შეეძლო მარტივად გადაედგა წინ ნაბიჯები. მაგალითად საქართველოს „სახალხო პარტიას’’ აქვს შესაძლებლობები, რომ ურთიერთობები დაარეგულიროს ევროპის „სახალხო პარტიასთან’’, მაგრამ ამ საქმეში ხელს ნუ შეგვიშლიან.
- თქვენ ევროპის „სახალხო პარტიასთან’’ კონტაქტები გაქვთ?
- ევროპის „სახალხო პარტიის’’ წევრები ჩვენ ვიყავით. სანამ ჩვენ ვიყავით წევრები, მანამდე სააკაშვილი ვერც კი ბედავდა ევროპის „სახალხო პარტიასთან’’ გაკარებას. მისი ლიდერები მაშინდელი „მოქალაქეთა კავშირის’’ ლიდერების სააკაშვილსა და სხვების ქმედებების მიმართ საკმაოდ მკაცრ განცხადებებს აკეთებდნენ. ეს ქართველ საზოგადოებას კარგად ახსოვს და თუ არ ახსოვს, შეგვიძლია დოკუმენტაცია დავდოთ. სააკაშვილმა ჩვან წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მოტივად ისიც გაიხადა, რომ ევროპის „სახალხო პარტიასთან’’ მისასვლელი მოედანი გაეთავისუფლებინა.
- ბატონო მამუკა, ხელისუფლებას „სახალხო პარტიასთან’’ ურთიერთობების მოგვარებას სთავაზობთ?
- დიახ. ჩვენ ეს მექანიზმი გვაქვს.
- ეს ოფიციალური შეთავაზებაა?
- რასაკვირველია. ჩვენ ამ გზაზე ხელი არ შეგვიშალონ. არ დაგვბლოკონ, არ გაგვრიყონ საჯარო სივრცეში მონაწილეობისგან. განხილვის საგანი გახდეს ის თემატიკა, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ ევროპის „სახალხო პარტიას’’. მაშინ ვნახავთ, რა გავლენა ექნება ნაციონალურ მოძრაობას მათზე. სამწუხაროდ, ხელისუფლება, როგორც ჩანს, ამაში დაინტერესებული არ არის. ჩვენ ხელს გვიშლიან და თვითონაც არ აკეთებენ, ხომ შეიძლება ქართველმა დეპუტატმა შიგნიდან მიაწოდოს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ევროსაბჭოს. ასევე იმ დანაშაულობების შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების პირობებში. არგუმენტად იმის მოტანა, რომ ნაციონალური მოძრაობა ფულს უხდის ევროპის „სახალხო პარტიას’’, სისულელეა და უფრო ამწვავებს საკითხს. . როდესაც ჯერ ფანჯიკიძეს და შემდეგ ბერუჩაშვილს დანიშნავ საგარეო საქმეთა მინისტრად, ამით აკეთებ განცხადებას, რომ არაფრის კეთებას არ აპირებ.
- რატომ? რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- ეს ადამიანი ყველა მთავრობაში იყო, იგი ნახევარ საათში ერთხელ იცვლის იმის მიხედვით შეხედულებას, დანიშნავენ თუ არა თანამდებობაზე. წარმოიდგინეთ ბერუჩაშვილის შეხვედრა ლავროვთან. როგორ უნდა დაიცვას მან საქართველოს ინტერესები? შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს რუსეთი და ლავროვი, მაგრამ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება აპრიორი გვეუბნება, რომ ბერუჩაშვილი მასთან საქართველოს ინტერერსებს ვერ დაიცავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress