ნაციონალების აქციის უკან რუსეთი დგას (სრული ვერსია)

SONY DSC

ღარიბაშვილს ჯერ ჯვარი სწერია სააკაშვილამდე

თამარ ნინიძე “ახალი თაობა” 30.10.2014

ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან

_ თქვენი აზრი მაინტერესებს ღარიბაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით, თქვენი აზრით სწორი შეფასებები და აქცენტები იყო დასმული ორწლიანი საქმიანობის შესახებ?
_ პირველ რიგში ფორმასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, ჩვენ ვიხილეთ, `ძველი კეთილი დრო~ რომ იყო პარტიულ-სამეურნეო აქტივის კრება. ახალგაზრდა თაობას არ უნდა სჭირდებოდეს ამ ფორმის გამოყენება, თანამედროვე სამყაროში ვინმემ მაჩვენოს ამ ფორმით ჩატარებული ხელისუფლების ანგარიში, თუ ვინმეს უნახავს კემერონი ან ანგელა მერკელი ამ ფორმით გამოდიოდნენ და აბარებდნენ ანგარიშს. ლიტვა, ესტონეთი, აშშ, ასე არ აკეთებენ. შინაგანად ისევ ბოლშევიკურ სამყაროში ვართ, არ ვზრუნავთ განახლებაზე. ასევე შინაარსია საყურადღებო, ჩვენი პრემიერი ახალგაზრდაა, მაგრამ ალბათ კარგად სხვებს მაინც გვახსოვს ათი-თორმეტი წლის წინ სააკაშვილის მსგავსი შინაარსის გამოსვლები. ისევ იმის ხაზაგასმა ხდება, რა კარგი და ერთადერთი ვარ, აბა, სხვა ვინ არის ჩემნაირი მსოფლიოში, რეფორმების კურსი გრძელდება მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობით. მსოფლიოში დღეს სულ სხვა პროცესები მიდის დიალოგის, ასევე არის კონკურენტული გარემო, თანამშრომლობაა დაპირისპირებულ მხარეებს შორის. შორს ვართ ცივილიზებული სახელმწიფოებრიობისგან. არასერიოზულია იმის განცხადება, თუ რამდენი ქარხანა გახსნეს და რა გააკეთეს. პოლიტიკური ლიდერი ვერ ვნახეთ, რომელსაც გაცნობიერებული აქვს სახელმწიფოს განვითარებისკენ მიმავალი ძირითადი მიმართულებები.
_ პანკისში ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა და სააკაშვილივით დაათრევს ყველგან ტრიბუნას, სააკაშვილი ნომერი ორი ხომ არ მივიღეთ?
_ ჯერ ჯვარი სწერია ღარიბაშვილს, სააკაშვილი ოდიოზური ფიგურაა, არ მემეტება შედარებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, თვითონ იქცევიან ასე, სააკაშვილი ხომ ამბობდა, დიდი დელეგაციით უცხოეთში არ ვივლიო და ვნახეთ, როგორ დადიოდა; სააკაშვილი ამბობდა, არ დავიწყებ რეკლამას და ჩემი საქმეები თვითონ ილაპარაკებენო, მერე ვხედავდით, რომ გადიოდა ტელევიზიით ამა თუ იმ სამინისტროს თვითრეკლამა. ის ასევე ამბობდა, რომ შევარდნაძე არ არის და მისგან განსხვავდება, მერე უარესი გამოვიდა. ახლაც ასეა, თითქოს სააკაშვილი არ არის, მაგრამ სააკაშვილის გაკვალულ გზებზე დგება, ვიზიტებში თითქოს ნაკლები იხარჯება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, სააკაშვილს თუ ოთხმოცი კაცი მიჰყავდა და ღარიბაშვილს კი მხოლოდ ორმოცი კაცი მიჰყავს. ან თუ სააკაშვილი კერძო თვითმფრინავით მიდიოდა, ღარიბაშვილი ოცი ათას ლარიანი ბილეთით მგზავრობს. `ქართული ოცნება~ ამბობდა, სოციალურ რეკლამებს არ გამოვიყენებთო, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ტელვიზიიით ბევრია ასეთი რეკლამები. ჩემს ტყავზე უნდა ვიგრძნო, კარგი და ცუდი რა არის, ტელევიზიიდან რას მასწავლიან. სოფლის მეურნეობის მინისტრის და მისი ტელეფონის თემა ასევე უნდა ითქვას, რომ თითქოს რომელიღაც ბნელ ძალებს უნდათ მისი განადგურება, თორემ რა სუფთა კაცი ვარო ამბობს. ვიღაცის დემონიზაცია ისევე ხდება ახლა, როგორც სააკაშვილის დროს იყო. სააკაშვილის გუნდივით აქაც გუნდის შიგნით რადიკალურად გასხვავებული ქმდებები ახასიათებთ. რა დაგვებედა ასეთი, რომ ყველა თავდაცვის მინისტრმა გაუაზრებელი რადიკალური განცხადებები უნდა აკეთოს. ოქრუაშვილი ამბობდა ცხინვალში შევდივარო, ალასანია ბაზებზე და ე.წ. ბოევიკების მომზადებაზე საუბრობს. მაგრამ როცა ალასანიამ იცის, რომ მთავრობა ამის საჯაროდ განხილვის წინააღმდეგია, მაინც ასეთ განცხადებას აკეთებს. ეჭვს იწვევს ეს იმიტომ, რომ რაღაც ინტრიგების ხლართვასთან გვაქვს საქმე. გაურკვეველი ინტერესები აქვს მარგველაშვილს. რაც უფრო მეტად დაკარგავს რეიტინგს ეს ხელისუფლება, მით უფრო მალე დასჭირდება ძალისმიერი მექანიზმების გამოყენება ხალხის დასამორჩილებლად. ამის საფრთხეს ვხედავ.
_ თუმცა მათ შორის განსხვავებაა, თუ ნაციონალები მალავდნენ კრიმინალური შემთხვევების სტატისტიკას, ესენი ამას ვერ მალავენ, ნეპოტიზმს მალავდნენ ახლა კი ნეპოტიზმი მძვინვარებს. ნაციაონალებს მეტი ნიჭი აღმოაჩნდათ, რომ დაემალათ ეს ფაქტები.
_ არ გეთანხმებით, რომ მათ ამის ნიჭი აღმოაჩნდათ, უბრალოდ, მაშინ რეალობა სხვა იყო. სააკაშვილი როცა მოიყვანეს ხელისუფლებაში, მას დაახვედრეს მონოპოლიზებული გარემო, მისთვის ადვილი იყო სალტე შემოეკრა თავისი ქმედებებისთვის და არ გასულიყო ინფორმაცია გარეთ. ტელეკომპანია იმედის საშუალებით სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი ქმედებები მაინც ხდებოდა ცნობილი. 2007 წლის შემდეგ კი მთლიანად ხელში ჩაიგდო სააკაშვილმა ტელესივრცე და დაიმალა ყველა ფაქტი. ტელევიზიები ღარიბაშვილის მკაცრი კონტროლის ქვეშ არ არის. ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ დამალავს ფაქტებს. სააკაშვილს პარლამენტში ოპონენტი არ ჰყავდა, შევარდნაძემ გამზადებული ტახტი დაახვედრა და ვინც იყო, ყველა თავის ბლოკში შეყარა და მერე ყველა გადაყარა ისტორიის სანაგვეზე. მართვადი ოპოზიცია ჰყავდა სააკაშვილს. `ახლებმა~ უფლებები გაუზარდეს კონსტიტუციის ცვლილებებით სააკაშვილს. მაშინ პატარკაციშვილის ინტერესების გათვალისწინებით `ახლებმა~ მხარი დაუჭირეს სააკაშვილის კონსტიტუციური უფლებების გაზრდას. ღარიბაშვილს უფრო `ორგანიზებული~ ოპოზიცია დახვდა. გარედან ჩარევა იკვეთება თორმეტი წლის წინანდელ მოვლენებშიც და ახლაც ამაზე უნდა დაფიქრდეს საზოგადოება.
_ ვის გულისხმობთ, გარედან ვინ მართავს ამ ვითარებას?
_ არა ერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ვითარებას აკონტროლებენ რუსული სპეცსამსახურები. დიდი მონაწილეობა მიიღეს მათ სააკაშვილის მოყვანაში. ეს ფაქტობრივი მასალით არის დადასტურებული. მთელი რიგი პროცესები შეთანხმებულია საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 1999 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ჟვანია-სააკაშვილის მიერ ჩამოყვანილი იყო რუსეთიდან ფსბ-ს პიარკამპანიის ჯგუფი, ვინმე სიტნიკოვის ხელმძღვანელობით, ეს სიტნიკოვი დღეს უკრაინის რადას არჩევნებში იყო ტიმოშენკოს მთავარი პიარორგანიზატორი. ეს ფაქტები დამალული არ არის. ყველას დაავიწყდა რუსეთის ვიცეპრემიერის აქსიონენკოს მიერ გადარიცხული ერთი მილიონი დოლარი ნაცმოძრაობის საარჩევნო საჭიროებებისთვის. მერე უკვე რუსეთს სჭირდებოდა საქართველოს გალახვა, ამიტომ პროდასავლური დროშით გამოიყვანა სააკაშვილი, რომ უკეთ მომსახურებოდა ის ამ ვითარებაში რუსეთის ინტერესებს. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები პროდასავლური დროშით გამოდიოდდნენ, მაგრამ როგორც კი ჩამოსცილდებოდნენ ხელისუფლებაას, მაშინვე გადადიოდნენ რუსულ ვექტორზე. დავსვათ კითხვა რატომ, იმიტომ, რომ როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ დასავლეთის ღირებულებები უნდა გაეუფასურებინათ. ლგბტ პირების დაცვით უნდა მომხდარიყო იმ ღირებულებების დისკრედიტირება, რითიც საქართველო მიისწრაფის ევროკავშირისკენ. ისევ ამ დამინულ გზაზე მიდის `ქართული ოცნება~ და ეს გზა ცუდად მთავრდება.
_ 15 ნოემბერს ნაციონალების მიერ დაანონსებული აქცია აფხაზეთის საკითხებზე ესეც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არის დაგეგმილი და ორგანიზებული?
_ ბუნებრივია, იმიტომ რომ აფხაზეთის თემის შესახებ ყველაზე ხშირად საუბრობს ყველაზე დისკრედიტირებული პოლიტიკური ძალა. ბევრი ღირსეული ადამინი დგას აფხაზეთის თემის გარშემო მყარ და სწორ პოზიციაზე, ეს ხალხი უდნათ ჩაძირონ და გასვრილმა ხალხმა უნდა ილაპარაკონ აფხაზეთზე. სწორედ ამ მოღალატეებმა და დამნაშავეებმა უნდა ააფრიალონ ეს დროშა. კოდორის ჩამბარებელი ხალხი აფხაზეთზე საუბრობს? ხალხი, რომელიც მზად იყო კონფედერაციულ სახელმწიფოში აფხაზეთი ცალკე სუვერენულ სახელმწიფოდ ეღიარებინა, ეს ხალხი აფხაზეთზე საუბრობს? სააკაშვილის მიერ რუსეთისთვის მირთმეულია ის, რომ პროდასავლური განწყობები შემცირდა საქართველოში. შეადარეთ, როგორი იყო ეს განწყობები სააკაშვილის მოსვლამდე და მისი წასვლის შემდეგ. სანამ სააკაშვილი იქნება აფხაზეთის თემის მთავარი მედროშე, ქართულ საზოგადოებაში აფხაზეთის თემა ყოველთვის იქნება იგნორირებული.
_ სააკაშვილის აგრესიულმა რიტორიკამ რუსეთთან ურთიერთობაში განიცადა კრახი, მაგრამ ასევე ახალი ხელისუფლების შერბილებულმა პოლიტიკამაც არ გაამართლა. ეს არ აღმოჩნდა გასაღები აფხაზეთის საკითხის მოგვარებაში. ივანიშვილი ამბობდა ნატოში შევალთ და რუსეთთანაც დავალაგებთ ურთიერთობასო. როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში?
_ ძალიან კარგი შეკითხვაა, დიდი მადლობა, ოთხასწლიანი ისტორია გვაქვს ურთიერთობისა რუსეთთან. რუსეთს არა აქვს სურვილი საქართველოს ტერიტორიაზე იხილოს სახელმწიფო. ყველაფერს ეცდება, რომ ეს ტერიტორია ან დაპყრობილი ჰქონდეს, ან დაშლილი და გაუბედურებული იყოს საქართველო. უამრავი არგუმენტი მაქვს, რომელსაც თქვენი გაზეთის ფურცლები არ ეყოფა. რუსეთსა და საქართველოს ამ ეტაპზე საერთო ინტერესები არ გააჩნიათ. ვინც ამ დალაგებაზე საუბრობს ან ინიღბება ამ ფონით და ეხმარება რუსეთს, ან ვერ ხვდება ამ მარტივ ჭეშმარიტებას. რუსეთთან დეოკუპაციამდე ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელია. რუსეთთან დაამყარო კარგი ურთიერთობა და თან ევროინტეგრაცია გააგრძელო, საღ პოლიტიკას სცილდება. სააკაშვილის რიტორიკა იყო მკაცრი, მაგრამ ქმედებები? აქ არის არსი მისი რუსული პოლიტიკის დაცვისა. ახალი ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” ადმინისტრაციის შექმნა რას ემსახურებოდა. ახალგორი ვინ შეიყვანა ამ ზონაში ან რა აუცილებელი იყო ზემო აფხაზეთის დარქმევა კოდორის ხეობისთვის? ტყვია რატომ ისროლეო, ამაზე კი არ უნდა დასდო სააკაშვილს ბრალი, არამედ, იმ დროს რატომ გააკეთე ეს, როცა რუსეთის ე.წ. სამშვიდობოებს ჰქონდათ უფლება საპასუხო ტყვია ესროლათ, ამაში ვდებთ ბრალს. სააკაშვილის ბევრი ქმედებაა ისეთი, რომელიც თითქოს დასავლურია, არადა, ამ დროს შენიღბული აშკარა რუსულის ინტერესების გამტარებელი ქმედებებია. აქცია აფხაზეთის თემაზე იმ პატრიოტულმა ძალებმა უნდა გამართონ, რომლებიც არ არიან ანგარიშვალდებული კრემლის წინაშე, რომლებიც არასოდეს ატარებდნენ რუსეთის ინტერესებს. გაწონასწორებული რიტორიკაა საჭირო და მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, და მყარად გადადგმული ნაბიჯები.
_ ღარიბაშვილმა აფხაზებს ისევ ავტონომია შესთავაზა, ისევ წრეზე დავტრიალდით, ახალს არაფერს ვთავაზობთ, აფხაზებს არაფრით ვაინტერესებთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რითი უნდა ვიყოთ საინტერესო აფხაზებისთვის?
ამის გარდა რუსეთთან სამხედრო ხელშეკრულებით ისინი უკმაყოფილო არიან?
_ ღარიბაშვილის ეს განცხადება მაგონებს 90-იანი წლების ნაცმოძრაობის ლიდერების განცხადებებს. ასე იყო განწყობა ბარამიძის ჟვანიასა და სააკაშვილის, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დამთბარიყო და აფხაზების გულებიკენ გზა უნდა გასულიყო ავტონომიაზე. ეს გზა გავიარეთ. ღარიბაშვილი იმდენად ახალგაზრდაა, რომ არ იცის. ღარიბაშვილის მიმართ რუსეთის მხრიდან მრავალი პროვოკაცია განხორცელდება იმ მიზნით, რომ ფსიქოლოგიური ზემოქმედება განახორციელონ მასზე. გაარკვიოს ღარიბაშვილმა, მის გარშემო ვინ არის რუსეთის ოდეერი. ნათელი გახდება ამ გზის უპერსპექტივობა როგორც მისთვის, ასევე ქვეყნისთვისაც. აფხაზებს უნდა შევთავაზოთ ერთობლივი ბრძოლა დეოკუპაციისთვის, თავისუფლებისთვის, ერთიან სახელმწიფოში გარანტირებული კეთილდღეობისთვის. უნდა დავუმტკიცოთ, რომ ამ ეთნოსის ერთადერთი პატრონი და პარტნიორი, მხოლოდ ქართული სახელმწიფოა. ხოლო შემდეგ შეგვიძლია მშვიდობიან გარემოში ვისაუბროთ აფხაზეთის ტერიტორიულ მოწყობაზე. რომელ ავტონომიაზე საუბრობენ, როცა მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშ არის აფხაზეთი. ეს არის უსუსური შეთავაზება რუსებისთვის, რომ მზად ვართ კონფედერაციულ ან ფედერაციულ სახელმწიფოში ვიყოთ აფხაზებთან ერთად. მიუღებელია ეს გზა საქართველოსთვის. კონფედერაცია უარყვეს დავით ბაქრაძემ და კუბლაშვილმა, ხოლო ბოლომდე ამ პოზიციას ინარჩუნებენ რესპუბლიკელები. მათი რეიტინგი და მათდამი ქართველი ხალხის დამოკიდებულება ყველამ იცის. ქართველი ხალხი ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საჭირო იქნება, ასე იყო მუდამ. ენის საკითხი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რწმენის და ეკლესიის დაცვის საკითხი ის თემებია, რომელზეც ქართველი ხალხი ყოველთვის იყო ერთსულოვანი და სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. ხომ ახსოვს ყველას 1978 წლის აპრილი, როცა ენის დასაცავად მთელი ერი გამოვიდა. ასიათასობით ადამიანი გარეთ იყო მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა წყობილება იყო.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress