2014-10-13 ნინო ხაჩიძე “თბილისელები” 13.10.14
თუმცა დიდი მითქმა-მოთქმაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის იმ ნაწილის გამო, უნდა აგონ თუ არა პასუხი ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ჩადენილი დანაშაულებების გამო (თუკი დაუმტკიცდებათ), სამაგიეროდ, თითქმის არავის გაუმახვილებია ყურადღება იმ საკითხზე, რომ ევროპარლამენტმა შეგვახსენა, რეგიონული ენების ქარტიის რატიფიცირების დროაო, რის ვალდებულებაც, რატომღაც, ავიღეთ. მეორე მხრივ, არაკეთილმოსურნენი სათავისოდ ცდილობენ ამ ქარტიის განმარტებას და იმედოვნებენ, რომ რეგიონული ენების სტატუსი აქეთ – სომხურსა და აზერბაიჯანულს ეკუთვნის, იქით – მეგრულსა და სვანურს. არადა, ევროსაბჭო არ ზღუდავს სახელმწიფოს თავად დაადგინოს, რომელ ენას სჭირდება გადარჩენა და ამაში არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება ის ენები, რომლებსაც სხვადასხვა სახელმწიფოში სახელმწიფო ენების სტატუსი აქვთ და აბსოლუტურად დაცულიც არიან. როგორ უნდა გავიგოთ ევროსაბჭოს მოწოდება და რომელ ენებს ეკუთვნით საქართველოში ქართული სახელმწიფოს მხრიდან დაცვა, თემაზე „სახალხო პარტიის“ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– ზოგადად, რას გვავალდებულებს რეგიონული ენების შესახებ რეზოლუციაში ჩანაწერი. აქვს თუ არა ევროპას რეგიონული ენის კონკრეტული დეფინიცია და სახელდობრ ჩვენ, ამ ქარტიით, რომელი ენების დაცვის ვალდებულება ავიღეთ?
– ცივილიზებული სამყარო და ევროპა ადგენს ორი ტიპის რეგულაციას: ერთი არის საკაცობრიო მნიშვნელობის და სავალდებულოა იმისთვის, რომ იწოდებოდე ცივილიზებულ ერად და სახელმწიფოდ, მეორე რეგულაცია, როდესაც ეროვნული სახელმწიფოები თავად უდგენენ თავიანთ თავს, როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება, თანამშრომლობა როგორც საკუთარ მოქალაქესთან, ისე ცივილიზებულ სამყაროსთან. რეგიონულ ენათა ქარტია მიკუთვნებულია მეორე კატეგორიას თუ სახელმწიფოს აქვს ამოცანა და, თუ მის ტერიტორიაზე, თუნდაც, მცირე რაოდენობით არის გარკვეული ეთნიკური ჯგუფი ან სხვა ენაზე მოლაპარაკე ჯგუფი, რომელიც საჭიროებს დაცვას და მას სხვა დამცველი არ ჰყავს გარდა ამ სახელმწიფოსი, ან თუ სახელმწიფოს მიაჩნია, რომ მისი მრავალეროვნება მისი სიძლიერეა, აქვს უფლება, შემოიღოს ეს რეგულაცია თავის ტერიტორიაზე. ასე ვთქვათ, ვალდებულებითი ნაწილი არის იმ შემთხვევაში, თუკი ისეთი ეთნიკური ჯგუფია, რომლის ენაც საჭიროებს დაცვას. მაგალითად, საქართველოს მთავრობამ თავის თავზე უნდა აიღოს აფხაზი, აფსუა ხალხის როგორც ეთნიკური ჯგუფის, ისე ენის დაცვა.
– თუმცა ეს ვალდებულება უკვე აიღო, რადგან ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ მეორე სახელმწიფო ენა არის აფხაზური.
– რა თქმა უნდა. აფსუა ხალხი საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთი უმცირესობაა და ჩვენ გარდა, მას სხვა პატრონი არ ჰყავს, იმისდა მიუხედავად, რას ფიქრობენ თავად აფხაზები ამ თემაზე და, ამდენად, საქართველომ მათი დაცვა თავის თავზე უნდა აიღოს. ეს არის როგორც ცივილიზებული სამყაროს, ისე ქართული სახელმწიფოს ნება. დანარჩენი ეთნოსებისთვის, რომელთაც აქვთ სახელმწიფოები და რომლებიც წარმოადგენენ დიასპორებს, შიდა დემოკრატიის განვითარებისთვის, გინდა დაუშვებ რეგიონულ ენებს, გინდა – არა. მაგრამ, თუკი შენ ქმნი იურიდიულ-სამართლებრივი სტატუსით რეგიონს რომელიღაც ეთნიკური ნიშნით, მაშინ, ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ უნდა მისცე კიდეც ამ ენაზე სამართალწარმოებისა და სახელმწიფო წარმოების საშუალება.
– შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ისეთი მარგინალები, საქართველოს ტერიტორიაზე პერსონა ნონ-გრატად არიან გამოცხადებულები, როგორიცაა ვინმე აგასი არაბიანი, რუსეთში „ჯავახკის” დიასპორის ხელმძღვანელი, სწორედ იმიტომ ლაპარაკობენ თითქოს მხოლოდ კულტურულ ავტონომიაზე, რომ ამას მოჰყვეს მეორე მოთხოვნა – ჯავახეთში სომხური ენის რეგიონულ ენად გამოცხადება. თუმცა სომხური ენა შესანიშნავადაა დაცული იმავე სომხეთში…
– ბუნებრივია, გარკვეულწილად იმას, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მექანიზმად იყენებენ. მტერი, არაკეთილმოსურნე სარგებლობს სწორედ ისეთი მექანიზმებით, რომლებიც ასუსტებს ერთიან ქართულ სახელმწიფოებრივ მექანიზმს და ქართული სახელმწიფოს ვალია, დაიცვას თავისი ინტერესები. შესაბამისად, რადგანაც მას არანაირი ვალდებულება არ აქვს და არც არავინ აკისრებს ამ ვალდებულებას, მოიქცეს ისე, როგორც მის ეროვნულ ერთიანობას სჭირდება და, აქედან გამომდინარე, განახორციელოს თავისი პოლიტიკა. ასე რომ, ამას არავინ გვავალდებულებს, ეს ჩვენი გადასაწყვეტია.
– საზოგადოებრივი ჯგუფების ან მოქალაქეების მიმართვა, რომ ესა თუ ის ენა გამოცხადდეს რეგიონულად, შეიძლება გახდეს ამ ენის რეგიონულად გამოცხადების საფუძველი?
– ძალიან კარგი შეკითხვაა და აქ არის ორი მექანიზმი: პირველი, საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლაში ხელი შეუწყოს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ დაიცავენ საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს ან პირიქით, ხელი შეუშალოს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს და მეორე მიმართულებაა, გაააქტიურონ რაღაც საზოგადოებრივი ჯგუფები, რომ საზოგადოებრივ სივრცეში შექმნან ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ქართული სახელმწიფო ვიღაცას ჩაგრავს, თითქოს სცილდება ცივილიზებულ ნორმებს და შექმნან განცდა საქართველოს კეთილმოსურნე სახელმწიფოებში, რომ საქმე გვაქვს არა საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, არამედ ადამიანის უფლებების დარღვევასთან, ეთნიკური ჯგუფების უფლებების დარღვევასთან და ეს ორივე ელემენტი იკვეთება. თავის დროზე, საქართველომ მაშინ ჟვანია-სააკაშვილის სახით ევროსაბჭოში გაწევრიანების დროს აიღო ისეთი ვალდებულებები, რომლებსაც ევროსაბჭო ჩვენგან არ ითხოვდა.
– თურქი-მესხების დაბრუნების ვალდებულებას გულისხმობთ?
– დიახ, განურჩევლად ქართული სახელმწიფოსადმი ერთგულებისა, თავის დროზე დეპორტირებული მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. არ ითხოვდნენ ამას ჩვენგან, მაგრამ ქართულმა სახელმწიფომ მაინც აიღო თავის თავზე, ეს მოხდა ჩვენი არაკეთილმოსურნე სახელმწიფოების მომსახურე საქართველოს პოლიტიკოსების მიერ და სააკაშვილმა აქ გამოაჩინა საკუთარი თავი. არადა იმავე პერიოდში საბჭოთა კავშირის სამხრეთ საზღვრიდან, სომხეთიდანაც, გაასახლეს ძალიან ბევრი მუსლიმანი, მაგრამ სომხეთს არ აუღია ევროსაბჭოში გაწევრიანების დროს თავის თავზე ეს ვალდებულება. საქართველომ კი ისე სწრაფ-სწრაფად გაიარა მუხლები, რომ 8 თუ 9 თვით ადრე შევიდა ევროსაბჭოში, ვიდრე სომხეთი და აზერბაიჯანი, მაგრამ შევიდა ამ ვალდებულებით. იგივე ეხება რეგიონულ ენათა ქარტიას.
– მაგრამ ხომ ქართული სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რას ვაღიარებთ რეგიონულ ენად თუ ენებად?
– რა თქმა უნდა, მაგრამ, როდესაც იღებ ამ ვალდებულებას, ამას გავაკეთებო, სიტყვის შესრულებას მოგთხოვენ, თუმცა ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა ჩაიწერა ევროპის საბჭოს ბოლო რეზოლუციაში სააკაშვილ-ახალაიაზე, როგორ იმუშავეს „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ეს ორი უმნიშვნელოვანესი მუხლი რეზოლუციისა საერთოდ არ განგვიხილავს. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ხელოვნურადაა ატეხილი ეს დაპირისპირება, თორემ ეკა ბესელია რა ენაზე და რა აქცენტით ილაპარაკებს ევროპის საბჭოში ეს მეათასეხარისხოვანია.
– და მხოლოდ ჩვენს სიგოიმეს გამოხატავს, საბოლოოდ.
– დიახ. არ შეიძლებოდა, ან „ნაციონალებს“, ან „ოცნებას“ ეთქვათ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი ვითარება, რომ ასე განუსაზღვრელად მივიღოთ დეპორტირებული ხალხი, როდესაც ასიათასობით დევნილი გვყავს, საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ტერიტორიები ოკუპირებულია, მოგვეხმარეთ ამ საფრხეების განეიტრალებაში და როდესაც ეს საფრთხე აღარ მექნება, შევასრულებთ ამ ვალდებულებას. მაგალითად, შვეიცარიას, იმიტომ რომ კეთილმოსურნე სახელმწიფოებია მის გარშემო და არ უშლის ხელს, თუკი მის კანტონებში ზოგი გერმანულად ლაპარაკობს და ზოგი – რა ენაზე. ჩვენ ბრძოლის პირობებში ვართ, ჩვენ გარშემო ისეთი მოწინააღმდეგეები არიან, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის დაშლიან და დააქუცმაცებენ საქართველოს. ეს უნდა ავუხსნათ ჩვენს კეთილმოსურნე იმავე ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს. იგივე ეხება რეგიონული ენების ქარტიასთან მიერთებას. ამას მეორე მხარეც აქვს: უნდა შეიქმნას რეგიონები, ანუ მოხდეს საქართველოს ფედერალიზაცია. არადა საქართველოსთვის, საომარ პირობებში მყოფი ქვეყნისთვის, ქვეყნის დეცენტრალიზაცია დამღუპველია. ჩვენ კი ამ საკითხებზე მსჯელობის ნაცვლად, ვდაობთ, ვინ წავა გაეროში, დავოსში…
– თუმცა ცალსახაა, პრემიერ-მინისტრმა უნდა იაროს, თუ კონსტიტუციას დავუჯერებთ.
– მაგრამ ეს მეასეხარისხოვანია იმ ფონზე, რა საკითხებიც დგას საქართველოს წინაშე და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელოვნური წინააღმდეგობები იმიტომაა შექმნილი, რომ გადაიფაროს სხვა საკითხები. მთავარია, რას ვამბობთ გაეროში, რას ვიტყვით დავოსში?! აი, ამაზე კონსენსუსის მიღწევა არის ყველა ხელისუფლების მიღწევა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებების გადამკიდე, ჩვენი უმთავრესი საფრთხე სწორედ ის არის, რომ რაღაც ვალდებულებებს აჰკიდებს საქართველოს, რაღაც ურა-პატრიოტობის დამცველად უნდა თავი წარმოაჩინოს და მთელ მსოფლიოში თავს გვჭრის თავისი განცხადებებით. ამიტომ საჭიროა, ხელისუფლებამ ამ საკითხებზე იმუშაოს, ხოლო ხალხი გამოვიდეს ჭიქაში ატეხილი ქარიშხლის ემოციური ფონიდან და რეალურად მოსთხოვოს პასუხი ხელისუფლებას, რას ნიშნავს ეს ჩანაწერები ამ დოკუმენტებში. არადა, რა თქვა ისეთი ევროპის საბჭომ? დადეთ რეალური არგუმენტი და ისე დაიჭირეთო.
– ისევ რეგიონული ენების ქარტიას რომ დავუბრუნდეთ. იმას გარდა, რომ ამ მიმართულებით მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები, რომ თითქოს მეგრელები არ არიან ქართველები და მათ ენასა და თვითიდენტიფიკაციას დაცვა უნდა, ჩვენივე მოქალაქეები, პირწავარდნილი სეპარატისტის, ვინმე იური ღვინჯილიას თაოსნობით, ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მეგრელები ქაორთუების მიერ დაპყრობილ და ჩაგრულ ეთნოსად წარმოაჩინონ და ამ დროს „იმედი“ ამზადებს, დაახლოებით, ამავე აქცენტის სიუჟეტს.
– როდესაც ვიცით ცოტნე დადიანის პოზიცია, წმიდა ანტონ ჭყონდიდელის პოზიცია, მიტროპოლიტ გრიგოლ დადიანი-ჭყონდიდელის პოზიცია, ამბროსი ხელაიას პოზიცია; როდესაც ვიცით ჯერ კიდევ მრავალი ათასი წლის წინანდელი ფარნაოზისა და ქუჯის შეთანხმება და ამის საპირწონე არის ვინმე იური ღვინჯილია და ამას ვერაფერს უპირისპირებ, ან ძალიან დეგენერატი ხარ, რაც რთული დასაჯერებელია, ან ვიღაცის დავალებას ასრულებ. ქართველი საზოგადოება თავის დროზე შეთანხმდა, ყველამ იცის ილია ჭავჭავაძის სტუმრობა სამეგრელოში, მეგრელ ინტელიგენციასთან შეთანხმება, სწორედ მაშინ წამოიწია მეგრულმა თემამ. დღესაც ამაზე მუშაობს რუსეთი, მაგრამ ქართული სახელმწიფო შეთანხმდა, წმიდა მამები შეთანხმდნენ, რომ ქართული სახელმწიფოს ერთიანობისთვის აუცილებელია, მაქსიმალურად განვითარდეს მეგრული ენა, როგორც ქართული სალიტერატუროს ტოლფასი, მაგრამ სახელმწიფოებრიობისთვის მხოლოდ და მხოლოდ სალიტერატურო ქართულით უნდა ელაპარკებოდეს ხელისუფლება მოსახელობას და მოსახლეობა – სახელმწიფოს. რომ აუცილებელია, ლექსი წერო და სიმღერა თქვა მეგრულად, რომ ჩვენი კუთხური საგანძური წარმოჩინდეს და განვითარდეს, მაგრამ სახელმწიფოებრიობის შემცველი ქმედებები უნდა განხორციელდეს მხოლოდ სალიტერატურო ქართულზე და ეს არ არის დამცრობა, არამედ მრავალათასწლიანი შეთანხმება.
საქმე ის არის, რომ საქართველოს დაშლაში ფულს იხდიან, საქართველოს დაცვაში კი ფულს არავინ იხდის, ეს ჩვენ ენთუზიაზმით უნდა გავაკეთოთ. უშიშროება იმიტომ გვინდა, გავიგოთ, საიდან მოდის ეს ფული?! თუ გარე არხებია, უნდა ჩაიჭრას, თუ შიდაა, უნდა ველაპარაკოთ ამ ხალხს, უნდა ავუხსნათ, უნდა დავუმტკიცოთ. თან, ასე მარტივადაც არ არის საქმე, ჩვენ გვაქვს იუგოსლავიის მაგალითი, როდესაც ორ საუკუნეში ერთი ერი, ერთი ფესვებიდან წამოსული, დაიშალა რამდენიმე სახელმწიფოდ, ენაც ერთი ჰქონდათ და სარწმუნოებაც ზოგიერთს. ამიტომ ამის იმედად არ უნდა ვიყოთ: ეს არის საგანგაშო თემა და უნდა ვიცოდეთ, თუ მადას არ დავაკარგვინებთ ამ ხალხს, რომ ფული აკეთონ საქართველოს ინტერესების ხარჯზე ან აგენტურის პარპაშს არ დავასრულებთ, მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დავდგებით.