თამარ ნინიძე “ახალი თაობა” 17.09.14
ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან
_ ბიძინა ივანიშვილმა თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ თურმე მასაც უსმენენ, პორტატული აპარატურა ვერ აღმოაჩინეს, ვერ პოულობენ, აბრალებს ნაციონალებს, რომ ისინი უსმენენ. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
_ მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უსაფრთხოებაზე მათი პირადი ცხოვრების დაცულობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. ამიტომ ნაციონალები ფლობენ ამ აპარატურას, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, თუ ვინმე სხვა კონკრეტული პირი, ამაზე აუცილებლად პასუხისმგებელი ხელისუფლება. კეთილი ინებოს, მიაკვლიოს დასაჯოს თუ ეს უკანონობაა, მიიღოს ზომები, საზოგადოების წინაშე პასუხი მან უნდა აგოს. ასეთი კრიმინალური ბანდა თუ არსებობს ქვეყანაში, ჩვენ რიგითმა მოქალაქეებმა რა გავაკეთოთ, თავი იმით ვიმშვიდოთ, რომ მსოფლიოში ასეთი აპარატურა არსებობს? კეთილი ინებე კონტრაპარატურა შეიძინე, ზომები შესაბამისი გაატარე. ჩვენთვის დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ არის ის, რომ ივანიშვილსაც უსმენენ. ეს მისი მხრიდან უფრო არის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირადი სახის ინფორმაციის გავრცელებაზე ეს ხელისუფლება იხსნის პასუხისმგებლობას. ყველა უბედურება ვაბრალოთ ახლა ნაციონალებს, როგორც სსრკ-ს დროს იმპერიალისტებს აბრალებდნენ ყველა უკეთურებას, თუ უხარისხო იყო წარმოება და უვარგისი ავტომანქანები გამოდიოდა, ბრალდებოდა დასავლეთის ქვეყნებს. ჩრდილოეთ კორეაშია ასე. უსაფრთხოება რომ არ არის დაცული ქვეყანაში ამას გამართლება არ აქვს.
_ ივანიშვილი ჩვეულ ამპლუაშია, არ იშლის თავისას და, თუ რაიმე ცუდი ხდება ამაში მედიას და ექსპერტებს ადანაშაულებს. მედია კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება იმიტომ არის გაღიზიანებული, რომ მას ვერ აკონტროლებს. მედიის მიმართ ივანიშვილის შეფასებებზე რას იტყვით?
_ ესეც არ გახლავთ მართებული მიდგომა, როგორც უნდა იყოს მიუღებელი რომელიმე სფერო ჩვენთვის, არ გვაქვს უფლება რომ მთლინად მედიას დავაბრალოთ. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს მედია კონტროლის ქვეშ? ჩრდილო კორეაში ხდება მსგავსი პროცესები. დღესაც არ იციან ჩრდილო კორეელებმა რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიასთან წააგეს საფეხბურთო მატჩი. ასეთი სახელმწიფო თუ გვინდა მოდით ამაზე ღიად განვაცხადოთ. მედია არაფერ შუაშია, ცუდია, კარგია, არაობიექტურია თუ ობიექტურია მედია, თავად ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ამაზე, შექმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, საჯარო სივრცე ისეთი შექმნას, რომ კონკურენტუნარიანი გარემო იყოს, რუსთავი ორს თუ მონოპოლიზებული აქვს სივრცე, ეს თავად ამ არხის დანაშაული არ არის, კეთილი ინებე მიეცი საშუალება თავისუფალ ჟურნალისტებს ჯანსაღი კონკურენციისა და ყველას გაუწევენ კონკურენციას. პრობლემა ისაა, რომ თავად ხელისუფლებას აქვს შექმნილი მონოპოლიზირებული გარემო და მერე უნდა, რომ ეს გარემო მას დისკომფორტს არ უქმნიდეს. ასეთი რამ შეუძლებელია. აქაც ხელისუფლებას აქვს ბერკეტები, ისევე, როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ნუ ამყოფებენ ნაციონალებს ოაზისურ ვითარებაში, ნუ უწყობენ ხელს და და მერე ნუღარ აბრალებენ ყველაფერს მათ. ნაციონალების არსებობა პოლიტიკურ სივრცეში ხელისუფლებას აწყობს იმიტომ, რომ იოლად დააბრალოს მას შეცდომები და არასწორი ქმედებები. ასეა მედიასთან მიმართებაში. მედია ხელისუფლებამ იმიტომ ამოიჩემა რომ არანაირი არგუმენტი არ გააჩნია სწორი პოლიტიკის გასატარებლად. ის რომ თბილისში და რეგიონებში მკვლელობები ხდება, ეს მედიის ბრალი არ არის. ქარიშხალი ატეხეს ჭიქაში და არ საუბრობენ არსობრივ თემებზე.
_ ხელისუფლება რომელიც დაუპირისპირდა მედიას მან კარგად ვერ დაამთავრა მოღვაწეობა, ეს კარგად უნდა ესმოდეს ივანიშვილს და მთელ საპარლამენტო უმრავლესობას. შევარდნაძეს კარგად ესმოდა მედიის მნიშვნელობა და ყველა შეხვედრაზე საგანგებოდ აცხადებდა მედია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის მნიშვნელოვანი მონაპოვარიაო. ივანიშვილი მუდამ ცდილობს ჯოხი გადატეხოს მედიაზე და ექსპერტებზე, ამ დროს კი საკუთარ მინისტრებს არ აკრიტიკებს მაშინ როცა მინისტრები მართლა იმსახურებენ კრიტიკას.
_ პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლების შიგნით მონაწილე ძალები არაკონკურენტუნარიანები არიან. საჯარო სივრცის გახსნა მათთვის მიუღებელია. არ გამოვა სსრკ-სა და ჩრდილო კორეას მსგავსად ამ სივრცის მთლიანად დაკეტვა. კონფლიქტები სწორედ აქედან იწყება. კულუარულად ვფლობთ ინფორმაციას რომელი მედია საშუალება ვის მიერ იმართება. ხელისუფლება ამ თემაზე საუბრით თავად გრძნობს რომ უხერხულ ვითარებაში იგდებს თავს, არ რჩება სხვა გზა. ეს ხალხი არ მოსულა საზოგადოების ფართო ფენების მხარდაჭერით. ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოვიდნენ, იმიტომ კი არ მისცეს ხმა რომ მოსწონდათ, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილი წასულიყო. ილუზორულ ოცნებას კარგ ცხოვრებაზე მხარი დაუჭირეს, დამთავრდა ქორწილი, გადავიდა პირველი ემოცია, დავდექით ფაქტის წინაშე, პარლამენტში გვყავს ხალხი, რომლებისთვისაც მხარი არ დაგვიჭერია, პრეზიდენტად გვყავს ადამიანი, რომელიც არჩეულია სხვისი ხათრით, მთავრობა არ ასახავს საქართველოში პოლიტიკურ ძალთა ბალანსს. ეს არამდგრადობა განაპირობებს ქაოტურ ვითარებას, რაც დღეს არის შექმნილი, საკუთარი სიმახინჯის დაბრალება სარკისთვის ხეირს არავის მოუტანს. აკეთე შენი საქმე, ნუ კამათობ, ხალხი გვერდით რომ დაგიდგება, და დარწმუნდება, რომ საქმის კეთება შეგიძლია, ეს მერე ცხოვრებაზე აისახება. პრობლემები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. მედიაშიც არ არის იდეალურად საქმე, მაგრამ პრობლემების სათავე ხელისუფლებაა.
¬
_ მურმან დუმბაძესა და ხელისუფლებას შორის მოხდა დაპირისპირება, ასევე მარგველაშვილსა და მთავრობას შორის დაპირისპირებაა, როგორ ფიქრობთ მარგველაშვილი გადავა ოპოზიციაში?
_ ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ არავინ არსად გადავა, სანამ არ ამოიწურება კეთიდღეობის მოპოვებისა და გავლენის გაფართეობის შესაძლებლობები. მერე კი როცა ეს ყველაფერი ეკარგებათ ოპოზიციაში გადასვლას ზოგადსაკაცობრიო ან ეროვნულ-რელიგიური მიზეზებით ამართლებენ. თუ მარგველაშვილს უნდა გულწრფელად შეცვალოს რამე, ამისთვის არსებობს ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების დამკვიდრებისთვის გზა. უახლოეს მომავალში ეს გამოჩნდება. ყველა იმ ადამიანისთვის რომელიც ჩამოცილდება ივანიშვილის კოალიციას, ყველას წინაშე ეს პრობლემა დადგება. ქართველმა ხალხმა ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. კანონის ძალით გაყინა 1998 წელს სააკაშვილმა პენსიები, ის მერე სოციალური თემატიკით მოევლინა ლიდერად ქვეყანას. გაერთიანებული ოპოზიცია ვითომ დაუპირისპირდა ხელისუფლებას, სინამდვილეში ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ოპოზიციური აზრის მონოპოლიზება მოეხდინა და მხოლოდ ვიწრო წრეში გადაწყვეტილიყო სახელმწიფოებრივი საკითხები. დღეს აღარ უნდა მოვტყუვდეთ. ახლა დაიწყება ტრანსფერების პერიოდი, სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული ადამიანები დაიწყებენ მოძრაობებს. არ უნდა ავყვეთ აჟიოტაჟს, ისევ არ აღმოვჩნდეთ იმ მდგომარეობაში რომელშიც ვიყავით წლების წინ.
_ ვაზაგაშვილის, რობაქიძის, გამცემლიძის, ჟვანიას საქმეები, უამრავი საქმეა რომელიც გამოუძიებელია. დიდია შესაბამისად უკმაყოფუილება, ამ ადამიანებს გადაუწურეს იმედი, რომ რაიმე იქნება გამოძიებული. მაქვს ინფორმაცია, რომ ოჯახები არ გაჩერდებიან და აქციებს გამართავენ. თქვენ რას ფიქრობთ ამ მიმართულებით რას უნდა ველოდოთ?
_ საზოგადოება ამ მიმართულებითაც არასწორად მიდის, ზომიერი პოლიტიკური ცხოვრების განვითარებას ხელს არ ვუწყობთ. ხან ვამბობთ ვაცადოთ ხელისუფლებას, ხან უპირობოდ გადადგომისკენ მოვუწოდებთ. უნდა შეიქმნას ის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებას გაუწევს როგორც ოპონირებას, ასევე აიძულებს მას გადადგას ყველა მიმართულებით ნაბიჯი. სამწუხაროდ, ეს არ ხდება, პირადი ურთიერთობების გარკვევის დონეზე მიდის საქმეები. ვერ მოხდება ამ საქმეების გამოძიება, ის კურსი გრძელდება რომელიც სააკაშვილის დროს იყო, ძველი სისტემაა დარჩენილი, ამ თემებს თუ ამოსწევენ, მაშინ იმ ძაფის გამოძრობა უნდა დაიწყონ, რომელიც ამ სისტემას დაარღვევს. ეს კი ამათ არ სჭირდებათ. ეს სისტემა ვერ გაკეთილშობილდება. ძირეულად უნდა შეიცვალოს ეს სისტემა. ნუ ვიქნებით ცრუ ილუზიებში, თქვენ ჩამოთვალეთ გახმაურებული საქმეები, რამდენია ისეთი, რომელიც ფართო საზოგადოებამ არ იცის, თუ იმ საქმეებს მოკიდებენ ხელს ამ სისტემის დაშლის წინაშე აღმოჩნდებიან. ენერგეტიკა, სპორტი, ბიზნესი, პოლიტიკური ცხოვრება, პარტიები, მედია, მოერგო სააკაშვილის სისტემას, წარმმართველი პიროვნებების ჩანაცვლება მოხდა და არა ძირეული ცვლილება ამ სისტემისა. ამ დიდი დანაშაულებების ჩამდენი ადამიანები დღესაც თანამდებობებზე არიან, მათ ხელს არ მოკიდებენ. ამათ ძალიან მიეწონათ სააკაშვილის მიერ დატოვებული სისტემა, მისი კანონებით ცხოვრობენ. ეს ყველა სფეროში იგრძნობა.
_ გარეთ კრიმინალები არ ინდობენ არც მოხუცებს არც მცირეწლოვან ბავშვებს სასტიკად უსწორდებიან, ბევრი შემთხვევაა ყაჩაღობის, ციხეებში კრიტიკული ვითარებაა, ავტორიტეტები მართავენ ციხეებს, ხშირად მესმის შეფასებები, ხომ არ ებრძოდა ახალაია კრიმინალებს სწორი მეთოდებით. თქვენ ამაზე რას იტყვით?
_ მსოფლიო ცივილიზაციამ, კაცობრიობამ გამოიგონა და დაამკვიდრა ცხოვრების ისეთი მექანიზმები რომელიც სახელმწიფოსთვის არის წარმატების საფუძველი, იცავს თვითოეული ადამიანის პირად უფლებებს. ისევ ვადარებთ, ახალაიას თუ დღევანდელი სისტემა. საერთაშორისო სტანდარტებია და დავამკვიდროთ ეს სტანდარტები. ამის დამკვიდრებას სჭირდება დემოკრატიული განვითარება, ღია საჯარო სივრცე, ამას სჭირდება ის ხელისუფლება რომელიც ფორსმაჟორულ ვითარებაში კი არ მოვა, სააკაშვილის ჯინაზე კი არ მოვა, არამედ პროგრამით რომელიც მხარდაჭერილია საზოგადოების მიერ, მოვა გეგმით, კონკრეტულ სფეროებში განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმით, ჩვენ ისევ ბოლშევიზმში ვცხოვრობთ. რა არის ჩვენთვის კარგი ამას გვიწყვიტავს ერთი ადამიანი და გვეუბნება ეს არის კარგი და ეს _ ცუდიო. ეზოში რომ იჯდე და ლუდს სვამდე, ამაზე ჯარიმებია, ეს, თურმე კარგია, ხომ შეიძლება, ისე მოგვარდეს საკითხი, რომ ახალგაზარდებმა ლუდიც დალიონ, მაგრამ არავინ შეაწუხონ. ახალგაზრდები საკუთარ ეზოებში რომ სხედან და ერთმანეთს ესიყვარულებიან და ლუდს სვამენ, ამაში ცუდი რა არის. ჩემს ახალგაზრდობაში თბილისის ყველა ეზოში იყო მაგიდა, ფაცხა, იყო სუფრები, მეზობლების შეკრება, მჩქეფარე ცხოვრება იყო, ბავ|შვები სითბოში იზრდებოდნენ. სააკაშვილის მიერ მიღებული კანონით უნდა შეუვარდეთ ადამიანებს სახლებში, ჯარიმები გამოვუწეროთ. არის სწორი გზა, ზოგიერთ გერმანულ ქალაქში შუადღეზე პირველი საათიდან სამამდე ხმაური აკრძალულია როცა ბავშვებს სძინავთ. მაგრამ საღამოობით შეიძლება შეხვედრები და და გართობა. ეს ისე უნდა დარეგულირდეს, როგორც მიღებულია ცივილიზებულ სამყაროში. ან უნდა იყოს ციხეებში უმკაცრესი კონტროლი ან უნდა იყვნენ ე.წ. მაყურებლები. ისევ საბჭოთა კავშირია, აღარ გვინდა ეს საბჭოთა კავშირი.
_ პროცესები მძიმეა პოლიტიკურ კრიზისთან ერთად მივიღებთ ეკონომიკურ კრიზისს, სოციალური აფეთქება შეიძლება იყოს გამოწვეული ამით, იქნებ არასაპარლამენტო ოპოზიცია შეიკრას და საპროტესტო აქციებით მოითხოვოს ხელისუფლებისგან ქმედებები, ორი წელია არაფერი გაკეთებულა.
_ გეთანეხმებით, დემოკრატიის ქვაკუთხედი არის ბალანსი და წონასწორობა. დღეს ბალანსი დარღვეულია, პარლამენტი ვერ ასახავს ფართო საზოგადოების ინტერესებს. კონკურენტული გარემოც არ არის. ეს აისახება ეკონომიკაზე. ხელისუფლებას სჭირდება ბევრი სოციალური ვალდებულების გასტუმრება, ისევ მოსახლეობისგან უნდა გაისტუმროს, რაკი ეკონომიკა ვერ ვითარდება. ჯარიმები გაზარდოს, გადასახადები გაზარდოს, მძიმე სოციალური ფონი იქმნება, ეს სადმე გასკდება და მძიმე სურათს მივიღებთ. ისეთი ერთობა უნდა შექმნან პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ძალებმა, პრინციპებზე ჩამოყალიბებული ერთობა, არა იმიტომ, რომ ვებრძოლოთ ხელისუფლებას, არა იმიტომ, რომ გვძულდეს ხელისუფლება, არამედ იმიტომ, რომ გვიყვარდეს |ჩვენი ქვეყანა და ალტერნატიული გზა შევთავაზოთ საზოგადოებას. ჩვენთან ოპოზიციონერობა ნიშნავს ლანძღვას და არა თანამშრომლობას თუ ამის საშუალებას ხელისუფლება გაძლევს. ისეთი ერთობა უნდა შეიქმნას რომელიც პრინციპულად დაუპირისპირდება ხელისუფლებას, რეფორმები რომ გატარდეს ქვეყანაში.