მარგველაშვილი ტ.
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოველთვიური ორგანო.
რედაკტორი სპ. კედია წელიწადი მეორე # 2 1933 წ პარიზი იანვარი
თანამეროვე ქრისტიანული კულტურის დასაბამიდან, კაცობრიობას თან სდევს უდიდესი პრობლემა სოციალურ-სახელმწიფოებრივი ორგანიზაციისა, რომლის ფესვები შორს, ისტორიის წინადროებათა ვითარებაშია ჩაქსოვილი. ამ პრობლემის მთავარი გამოხატულება მოქალაქეთა უფლებრივი გათანაბრება და საზოგადოებრივ მდგომარეობათა გათანასწორება უნდა ყოფილიყო _ დამოუკიდებლივ ინდივიდუალურ ერთეულთა, კერძო პირთა თუ კავშირთა ნივთიერი მდგომარეობისა.
ეს ერთობა ქართულ სინამდვილეში არა ერთხელ განხორციელებულა იმ სოციალური გადამიჯვნის საშუალებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ისტორიული წყაროების მიხედვით, დავით აღმაშენებლისა, თამარისა და შემდეგ მის მომდევნო ხანებში: ჩვენ ვგულისხმობთ მხედართა წრის უფლებათა დადგენილებას, რომლის გარეგნული სახე “კარავის” დადგმა იყო (ყურთუასლანის მეთაურობით) და სოციალური ქვედა ფენის სრული გათანაბრება მაშინდელ ზედა ფენასთან _ უმაღლეს არისტოკრატიასთან; ეს პროცესი არც მაშინ დაწყებულა და არც იმ “კარვით” დამთავრებულა, არამედ ეს სოციალური ზრდა ე.ი. ძირეული განახლება ჩვენი საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი სხეულისა გრძელდებოდა, მეორდებოდა, სიმძაფრის მეტ ნაკლებობით, საუკუნეთა მანძილზე, მთელი ჩვენი ისტორიის გასწვრივ.
მაგრამ ამ ერთობის პრობლემამ მეტის სიმწვავით თავი იჩინა ამ მეოცე საუკუნეში. ის სოციალური გადამიჯვნა, რომელიც ევროპაში მოხდა ჯერ საშუალო საუკუნეებსა და მერე მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში მხოლოდ წინა საფეხურებია იმ დიდი გარდატეხისა, რომელსაც კაცობრიობა შიშით მოელის უახლოეს მომავლისათვის.
და სწორედ ამ ისტორიულად დიდ, მნიშვნელოვან ეპოქაში ნათლად ყალიბდება ის ორი, ერთიმეორისგან დიამეტრალურად განსხვავებული გზა, რომელსაც ირჩევს კაცობრიობის ესა თუ ის ნაწილი თავის მოზნის მისაღწევად: სოციალური ბედნიერების დასამყარებლად, თავის გავლენისა და ხელმწიფების ფარგლებში.
პირველად შევეხებით იმ გზას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა თავის ორბიტაში მოაქცია; ეს არის გზა აღმოსავლური, გზა მოსკოვური, ვინაიდან მას დღეს თვით მოსკოვი მეთაურობს და მიუძღვის.
ცნობილი და სახელოვანი მეცნიერ-ფილოსოფოსი ოვს. შპენგლერი თავის ნაწერებში* რუსეთს ბევრ ადგილას ეხება. იგი ამბობს, რომ რუსული აზროვნება ყველაზე ნორჩი, რელიგიურ საფეხურზე მდგომი აზროვნებაა _ ეს იმ ხალხის აზროვნებაა, რომელიც შემეცნებას მხოლოდ და უმთავრესად რელიგიური, სარწმუნოებრივი გრძნობით ითვისებსო; ნამდვილი ქრისტიანობა რუსობამ შორეულ მომავალში უნდა განიცადოს და წარმოშვასო _ ისე, როგორც გერმანელობამ თავის დროზე ლიუთერის მოძღვრება წარმოშვა და სხვებმა კიდევ სხვა და სხვა რელიგიური გატაცებანიო.
იკვლევს რა რუსულ სულსა და აზროვნებას, ავტორი დაასკვნის, რომ რუსული სული და ნებისყოფა რუსთა სამყოფელოს ვაკეთა ქვაფენილობას ჰორიზონტალურის მიმართულებით მიჰყვება. რუსთა სამკვიდრებლის გარესკნელი ბუნება და გეოგრაფიული გარემო რუსის ფსიხიკის ბატონია და ამ ფსიხიკის ფორმის მიმცემიო. ამირომ, რუსის შეცნობა-შეგრძნობაში მუდამ სიბრტყე, განფენილობა და განიერება სჭარბობს; რუსის ნებისყოფაც ქვედაშვებულია; მისი ნებისყოფის ისარი გადატეხილი წვერით მიწისკენ არის მიმართულიო და სხვა.
აქედან, ცხადია, რომ რუსისათვის სხვა ფსიხიკა მიუღებელია: ის უარყოფს ევროპას. აქსაკოვის წერილი დოსტოევსკისადმი: რუსობა ნიშნავს მძულვარება-ზიზღს პეტერბურღისადმი, როგორც ანტირუსული ქმნილებისადმიო; ლეონ ტოლსტოის მთელი მოძღვრების მთავარი პრინციპი; თვით ბუნება პეტრე დიდისა, მისი ნამოღვაწრის შედეგები და რეაქცია, რომელიც მან გამოიწვია; მისი პიროვნების ანტიქრისტედ დასახვა რუსის ხალხის მიერ _ ესა და სხვა მრავალი საბუთი და მოსაზრება მოჰყავს ო.შპენგლერს თავისი შეხედულების დასასაბუთებლად. ეს ფსიხიკა მარტო რუსული არაა, მაგრამ რუსობამ ის უფრო ნათლად გამოხატა დედამიწის სხ. კულტურათა ფენებთან შედარებითო.
• მაგ. დასავლეთის დაღუპვა 2-რ.
გვ.231, 277, 340, 360-363, 397, 623, 631.
ნათქვამი ცხადყოფს თუ რატომ მოხდა რუსეთში სოციალური გადამიჯვნის დროს დაქანება ზემოდან ქვევით ე.ი. ზედაფენათა გადასროლა ქვედა ფენებში ისე, რომ ამ უკანასკნელთა მდებარეობა სახელმწიფოში შეუცვლელი დარჩა: ეს გადამიჯვნა რასიულ ნებისყოფას მიჰყვა. ლენინი ყველაზე უკეთ მიუხვდა რუსობის სულისკვეთებას: მან მოსკოვი აღადგინა, პეტერბურღი დასცა; ეს სიმპტომატიური იყო და სიმბოლოდ გახდა რუსობის “მეობის” გაღვიძებისა უცხო დასავლურ ელემენტთა წინააღმდეგ.
რუსული ერთობაც, ერთობაა; ოღონდ მისი მიმართულება მიწისკენ არის დაშვებული. არის მეორე ერთობაც, დასავლური, წარმოცენებული და აღზრდილი ლიბერალიზმსა და დემოკრატიზმის აკვანში-ბრიტანეთში: აქაც მოხდა ქვედაფენებისა და ზედა ფენების გადამიჯვნა. ეს იყო პოლიტკურ სფეროში; შეუძლებელი არაა, რომ ამას ნივთიერი სფეროს გადამიჯვნაც მიჰყვება. შპენგლერის არ იყოს, აქ, “ფაუსტური” კულტურაა; ევროპიელის სული ზეარტყოცნილია; მისი ნებისყოფა ცისკენ, ცის მაღლობისკენ მიისწრაფვის სოციალური გადამიჯვნაც ევროპაში, მეტადრე ინგლისში, ქვეიდან ზემოდ სწარმოებს პირველი აკტი მაგდონალდის გაპრემიერების დროს ინგლისის მეფის ხელზე მთხვევა და ყოფილ მუშათა დეპუტატების გალორდება იყო: ქვედა სოციალური ფენიდან ზედაში გადამიჯვნა. ესეც ერთობაა მაგრამ სხვაგვარი, ვიდრე ის, რომელიც აღმოსავლეთში მოხდა; ეს ერთობა ინახავს არსებულს, ის კი ჰსპობს მას; ეს ერთობა განასრულებს და განაგრძობს ისტორიულ წარსულს; ის კი უარყოფს, ნაცარ-მყვრად აქცევს მას და თავიდან იწყებს თავისავე ახალ საქმეს საკუთარი თაოსნობით, საკუთარი ძალით, საკუთარი ფორმით.
ეს ერთობა ესოლიდარება, მოყვრობს და ურიგდება არსებულს, უნათესავდება მას და ცდილობს აღამაღლოს ქვედა ფენები ზნეობრივად, უფლებრივად და ნივთიერად, მაგრამ ისე, რომ თვით ამ სოციალურ გადამიჯვნას სახელი არ გაუტყდეს, კრედიტი არ დაეკარგოს მთელი სახელმწიფოს სვე-ბედის გამეტებითა და მისი საფრთხეში ჩაყენებით. როდესაც საკითხი მწვავედ დაისვა არსებულის ე.ი. სახელმწიფოებრივ ფუძეთა ყოფნა-არყოფნისა, მაკდონალდი მზად გახდა უდიდესი მსხვერპლისათვის: მან თავის საკუთარ პარტიას კულტურის გადარჩენა, არსებული სახელმწიფო და მისი ინტერესი ამჯობინა; არჩევნებში პარტიიდან დამოუკიდებლივ რჩება, დიდი რისკი გასწია, შეიძლებოდა ბრძოლა წაეგო და რომ ის “ბედზე” გადარჩა და არჩეულ იქნა ეს საუკეთესო მეტყველია ინგლისელობის სულიერი სიმაღლისა: ისტორიაში უცნობი წარმატებით გამარჯვებული ტორები მაკდონალდს თავიანთ პრემიერად ირჩევენ! აქ, ამ ფაქტში დადასტურდა ინგლისის არისტოკრატიის სურვილი სოციალური გადამიჯვნისა, ქვედა ფენების სასარგებლოდ!
ამ გარემოებას ქართველობა უნებლიეთ ყურადღებას მიაქცევდა, რადგან ამის მსგავსი მოვლენები ჩვენშიაც ხდებოდა და არა მარტო მეცხრამეტე საუკუნემდე, არამედ სრულიად შეგნებულად და მიზან შეწონილად მთელი მეცხრამეტე საუკუნის მანძილზედაც საქართველოს თავადაზნაურობა უხვად ურიგებდა ერის დოვლათს ყველა ფენისა და მიმართულების წევრთ; იგი ყველას შველოდა და ეხმარებოდა როგორც უფლებრივი დაწინაურებისა, ისე ნივთიერი წარმატებისათვის, ყველას თვით მოპირდაპირეებსა და მოწინააღმდეგეებს, რათა ქვედა ფენების გადამიჯვნა სწავლა-განათლებისა, გამდიდრებისა, საქმიანობისა და დაწინაურების საშუალებით გაადვილებულიყო და დაჩქარებულიყო. ხოლო საქართველოს თავადაზნაურობის უკანასკნელი აკტი, მთელი თავისი პირადი ქონების ეროვნული სახელმწიფოს განკარგულებაში გადაცემა_უბადლო და შეუდარებელი უანგრობის მაგალითია, უგულწრფელობის მამულიშვილობის აქტია მსოფლიო ისტორიაში.
ორსავე ერთობას თავისი მიმდევარი და მოწინააღმდეგე ჰყავს. ცხოვრების მაგალითზე მტკიცედ შემომქმედი ძლიერება დასავლური ერთობისა და გამანადგურებელი ველური და ანტისაზოგადოებრივი ბუნება მოსკოვური ერთობისა.
ვისაც ჰსურს ევროპიული გზა აირჩიოს, ის მაკდონალდის კვალს უნდა მიჰყვეს და თუ საჭირო გახდა, მილერანისა და ბრიანის მსგავსად უარი სთქვას თავის პირვანდელ რადიკალიზმზე.
ვისაც მეორე გზა ურჩევნია შორეული მომავლის იმედით, მან თავის ხსნა და მოღვაწეობის გაშლა მოსკოვურ სინამდვილეში უნდა სცადოს და ეძიოს.
საქართველოს წარსული კი ცხადად მეტყველებს, რომ უწინარეს მეოცე საუკუნისა ქართველობა პირველი დაადგა ეროვნული სხეულის ძირეული განახლების მეთოდს: ერთობას პირველი გზით!
მომავალი, და არა ნაკლებ სამშობლოში მოღვაწე ქართველობის ენერგიის დაზოგვა და სიფრთხილე, მათი სულიერი სიძლიერე გვაჩვენებს, თუ რა რიგად მინელა ქართველობამ რასიულად ერთობის უჩვეულო გზა, რომელიც ნიშნავს ქვედა ფენათა გამრავლებას ზედა ფენათა დაქვეითებით. აქ მოქმედება, აქტი_დაქვეითებაა: განახლება ქვედა ფენებისა ზედათა ხარჯზე.
ერთობა დასავლური ნიშნავს განახლებას ზედაფენათა ქვედა_ფენების დაწინაურებით. აქ აკტი პროგრესიულია, ამამაღლებელი, რომელიც უპირატესობას და მის შესაძლებლობათ აძლევს ხალხს დღესვე ნაცვლად იმედებისა “საუკეთესო მომავლისათვის” (მსოფლიო რევოლუცია).
აქ ორი სხვა და სხვა ფილოსოფიაა. . . ან ლებოინისა არ იყოს; ორი სხვა და სხვა სარწმუნოება!
ტ. მარგველაშვილი.
საქართველოს გუშაგი
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოველთვიური ორგანო.
რედაკტორი სპ. კედია წელიწადი მეორე # 2 1933 წ პარიზი
იანვარი