ნუ გადავაქცევთ გლეხკაცს სხვისი ხელის შემყურედ!

მოსაზრება  (20.04.2013)

პაატა კოღუაშვილი პროფესორი

 სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს ინდივიდუალურ მეწარმეებზე და შპს-ებზე ე.წ. 60 გადამმუშავებელი საწარმოს გადაცემის საკითხი, კომერციული ბანკებისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით.

 ბოლო წლებში განვითარებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გადამმუშავებელ საწარმოებს, რომლებიც ქართულ ეკონომიკურ სივრცეში, ძირითადად, შპს-ების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით არიან წარმოდგენილნი, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე დააკისრა “წამყვანის” როლი აგროსასურსათო სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საწარმოების მუშაობასთან დაკავშირებულია ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ძირითადი სამეურნეო საქმიანობა და შემოსავლები, გადამმუშავებელ საწარმოთა მესაკუთრენი ამ საწარმოთა მუშაობის გაჩერებისა და, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის ამა თუ იმ დარგის პარალიზების შემთხვევაში პასუხს აგებენ არა ამ დარგებში დასაქმებული ათი ათასობით ადამიანის, არამედ მხოლოდ თავიანთი ბიზნესის წინაშე. სწორედ ესაა სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელ საწარმოთა სფეროების გათიშულობისა და ინტერესთა კონფლიქტის ძირითადი მიზეზი.

 ინტერესთა შეუთავსებლობა ყველაზე მკვეთრად ვლინდება შპს-ების მიერ აგრარული პროდუქციის (ნედლეულის) შესყიდვის დროს. გადამმუშავებელი საწარმოები საკუთარი დანახარჯების შემცირების მიზნით ფერმერებისაგან პროდუქციას შეისყიდიან რაც შეიძლება დაბალი ფასებით, რომელიც ვერ ანაზღაურებს ამ პროდუქციის წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებსაც კი. ფერმერი, თავის მხრივ, დაინტერესებულია, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციით დაფაროს დანახარჯები და მიიღოს გარკვეული მოგება კვლავწარმოებისა და პირადი მოხმარების მიზნით, მაგრამ იმის გამო, რომ მისი პროდუქციის ძირითადი მიმღები შესაბამისი შპს-ა, იგი იძულებულია, დათანხმდეს პროდუქციის შესყიდვის დისკრიმინაციულ ფასებს. ეს იწვევს ფერმერების სამეწარმეო მოტივაციის დაკარგვას, მათ გაუცხოებას აგროპროდუქციის წარმოების მიმართ, რაც თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესი დარგების განადგურების მიზეზია: პრაქტიკულად, აღარ არსებობს საკონსერვო წარმოება, განახევრდა ხეხილისა და ვენახების ფართობები, ჩაის პლანტაციების უდიდესი ნაწილი გაველურდა და ა.შ.

 მიუხედავად იმისა, რომ ამ შპს-ებს შორის არსებობენ ერთეული გამონაკლისები, რომლებმაც ნაწილობრივ შეძლეს წარმატებების მიღწევა, უნდა აღინიშნოს, რომ მათი წილი უმნიშვნელოა და ქვეყნის ეკონომიკის ეს ძირითადი დარგები პარალიზებულია, რაც ავტომატურად იწვევს აგრარულ სექტორში დასაქმებული ათი ათასობით ადამიანის სამეურნეო საქმიანობის პარალიზებას. ისინი იძულებული არიან, ეძიონ შემოსავლის მიღების ალტერნატიული გზები, წყდებიან მიწას, სოფელს, ოჯახს და უკეთეს შემთხვევაში ეძალებიან დიდ ქალაქებში არსებულ წვრილ ვაჭრობას, რისი გამოცდილებაც მათ არ გააჩნიათ. ამიტომ, მათი პერსპექტივა სრულიად არაპროგნოზირებადი და ბუნდოვანია და ასეთი “ახალი საქმიანობა” უმრავლეს შემთხვევაში კრახით მთავრდება.

 გარდა ამისა, დღეისათვის აგრარულ სექტორში არსებულ პირობებში იპოთეკურ დაკრედიტებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკებისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა შეიძლება რეალურად გადაიქცეს მოსახლეობის ცივილიზებული ძარცვის კიდევ ერთ “ეფექტურ მექანიზმად”, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის ყველაზე მძიმე შედეგებით, რადგან სხვადასხვა ხასიათის მრავალ შიდა თუ გარე პრობლემასთან დაპირისპირებული გლეხები უმეტეს შემთხვევაში ვერ ახორციელებენ წარმატებით თავიანთ სამეურნეო საქმიანობას, ამიტომ ისინი იძულებულნი ხდებიან, უკიდურესი გაჭირვების გამო გაყიდონ ან კომერციულ ბანკებში ან სხვა საფინანსო ორგანიზაციებში დააგირაონ მათ საკუთრებაში არსებული მიწები, რასაც თან ახლავს გამოუსწორებელი შედეგები. 

 ძალიან ხშირია სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა გაკოტრების შემთხვევები, რასაც თან სდევს მათი მიწებისა და ქონების გადასვლა საფინანსო ორგანიზაციების საკუთრებაში. შესაბამისად, დაკრედიტების პროცესი არც თუ იშვიათად ხდება საწარმოთა მოშლის, სამეწარმეო ბრუნვიდან მათი ქონების იზოლირებისა და წამოწყებული საქმიანობის დაკონსერვების ფაქტორი. მოსახლეობა, ისე როგორც სახელმწიფო, ზარალდება არა მხოლოდ იმით, რომ არ იქნა წარმოებული გარკვეული რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, არამედ უფრო იმით, რომ სოფლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი კარგავს თავის ისტორიულ ფუნქციას, რასაც თან ახლავს ქვეყნისათვის გამოუსწორებელი შედეგები.

 აღნიშნული პრობლემების მოგვარების ყველაზე ეფექტურ გზას, სასოფლო-სამეურნეო წარმოების აღორძინების მიზნით, სოფლის მეურნეთა კოოპერირება და გადამმუშავებელ საწარმოებთან მათი ინტეგრაცია წარმოადგენს.

 კოოპერაციულ პრინციპებზე დამყარებული ორგანიზაციული მოწყობის ახლებურად გააზრებული მოდელი გახდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნის საფუძველი, სადაც თითოეული სამეწარმეო რგოლი წარმოადგენს დანარჩენებთან ორგანულად ინტეგრირებულ ნაწილს. კოოპერატივის წევრი შემოსავლების გაზრდის მიზნით დაინტერესებული იქნება, აწარმოოს უფრო მეტი რაოდენობისა და მაღალი ხარისხის პროდუქცია, ამავე დროს მისი წარმომადგენლების საშუალებით აქტიურად ჩაერთოს გადამმუშავებელი საწარმოო პროცესის ტექნიკურ-ტექნოლოგიურ სრულყოფაში, საბოლოო პროდუქციის რეალიზაციაში და განახორციელოს ერთიანი ციკლის მონიტორინგი სამეწარმეო საქმიანობის ყველა დონეზე.

 უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამეწარმეო საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და კონტროლის ასეთი მოდელი წარმოადგენს სამეურნეო რისკების მინიმიზების ყველაზე ეფექტურ საშუალებას შემდეგი მოტივების გამო:

 1. საფინანსო ლიზინგის პრინციპებიდან გამომდინარე, კრედიტის საგარანტიო უზრუნველყოფის ობიექტი თვით ამ კრედიტით შეძენილი ძირითადი საშუალებებია;

 2. კოოპერაციული სისტემის მართვისა და თვითკონტროლის ფორმა პრინციპით – “ქვევიდან ზევით” თავისთავად მოიცავს სამეურნეო რისკების მინიმიზირების მექანიზმს;

 3. მონიტორინგი და/ან აუდიტი ერთი მხრივ – დაფინანსების გამცემი ორგანიზაციისა და მეორე მხრივ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს მხრიდან;

 სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციისა და ვერტიკალური ინტეგრაციის მექანიზმების ამოქმედებით გვეძლევა საშუალება, ტიპური საბანკო კომერციული კრედიტის სოფლის მეურნეობისათვის არაეფექტური და მოუქნელი ფორმა ჩავანაცვლოთ კოოპერატივებზე სარისკო კაპიტალის შეთავაზების გზით. სარისკო კაპიტალის მოპოვების შესაძლებლობა დღემდე, პრაქტიკულად, არ არსებობდა საქართველოში. ეს დაფინანსების ისეთი ფორმაა, რომელიც ითვალისწინებს მცირე და მზარდი ბიზნესების სპეციფიკას. სარისკო კაპიტალის ინვესტირების ძირითადი მახასიათებელია რისკისა და სარგებლის განაწილება დაფინანსების გამცემსა და მიმღებს შორის.

 ასეთი სესხის ასაღებად შეიძლება საჭირო იყოს უფრო ნაკლები უზრუნველყოფა (გირაო) და/ან სესხი იყოს უფრო გრძელვადიანი კომერციული ბანკების მიერ შემოთავაზებულ სესხებთან შედარებით, გადახდა კი უშუალოდ შეიძლება იყოს დაკავშირებული დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობასთან. ასეთი სესხის დაფარვის ინდივიდუალური გრაფიკი შედგენილი იქნება სესხისა და კაპიტალში ინვესტირების კომბინირებით, ზრდადი საპროცენტო განაკვეთებით ან/და ე.წ. როიალტით (შემოსავლისა ან მოგების პროცენტთან მიბმული გადახდა). ვინაიდან ფონდის წარმატება მეტწილად ინვესტიციის მიმღების წარმატებაზეა დამოკიდებული, ამბიციური, კვალიფიციური და მჭიდრო თანამშრომლობაზე ორიენტირებული მენეჯმენტის მოძიება ნებისმიერი საინვესტიცო პროექტის განხორციელების წინაპირობაა.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress