პუტინი “ასუქებს” (არეკლამებს) სააკაშვილს. რა მიზნით?

favicon

” რეზონანსი” მოსაზრება    (23.06.2014)   ნოდარ ნათაძე

2008-2009 წლებში რუსეთის ერთპიროვნულმა მმართველმა პუტინმა არაერთხელ გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტის სააკაშვილის “ორი ადგილით ჩამოკიდების” სურვილი და გეგმა. ამით მან გააჟღერა რუსული იმპერიის ბოდვითი იდეა, რომლის ექსპერიმენტული გამტყუვნება მსოფლიოს საშუალო და საშუალოზე ნაკლები ჰორიზონტის მქონე მაყურებლის თვალში ახლაღა ხდება: რომ რუსეთი, თავისი ძალითა და მნიშვნელობით, ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი პრივილეგირებული ერი და ქვეყანაა, რომელსაც ღვთისაგან დავალებული და ნებადართული აქვს, “სამართალი განაჩინოს” ახლო და შორეულ მეზობელ “რიგით” ერებს შორის. მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ თავისი ამ ამბიციური ზრახვის გაჟღერება პუტინმა დაიწყო რადენიმე დღის თავზე მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა, როგორც საქართველოს “მეთაურმა” და “მთავარსარდალმა”, კეთილსინდისიერად შეასრულა პუტინისვე დავალება საქართველოს მიწაწყლის მისთვის ჩუქების თაობაზე, სახელდობრ

- არ გაუუქმა შევარდნაძის მიერ მიცემული მანდატი რუს “მემშვიდობეებს”, რომელნიც ახორციელებდნენ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სამხედრო-შეიარაღებულ მართვას საქართველოს ინტერესთა წინააღმდეგ.

- არ მოახდინა ოფიციალური განცხადებით გაეროს მისამართზე იმის დაფიქსირება, რომ რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები, “მემშვიდობეთა” დამატებით, შემოდიან ჩრდილოეთიდან საქართველოში, იკავებენ სტრატეგიულ პოზიციებს და ახდენენ მათზე კონცენტრაციას, ანუ იწყებენ და მანევრით იგებენ ომს (ამ სიტყვას ხაზს ვუსვამ) საქართველოს წინააღმდეგ, და არ ითხოვა გაეროს დროშით შეიარაღებული დახმარება რუსეთის ამ ღია აგრესიისაგან დასაცავად.

- ანალოგიურად, არ განაცხადა ამავე ინსტანციაში ორი კვირით ადრე, რომ რუსები ახდენდნენ ქ. ცხინვალის მოსახლეობის ტოტალურ ევაკუაციას, რაც სხვაგვარად ვერ აიხსნებოდა, თუ არ შეიარაღებული აგრესიისათვის მზადებით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

2008 წლის 7 აგვისტოს, როცა რუსეთს უკვე დაწყებული და მანევრით მოგებული ჰქონდა ომი საქართველოს წინააღმდეგ, მოახდინა დემონსტრაციული საარტილერიო გასროლა ევაკუირებულ ქ. ცხინვალისაკენ და დოკუმენტურად გააფორმა ომის (მაგრამ არა, დაკონკრეტებით, რუსეთთან თავდაცვითი ომის) მდგომარეობა 23 საათსა და 35 წუთზე, რითაც ხელსაყრელი პირობები შეუქმნა რუსულ პროპაგანდას, რათა მრავალი საათის ჩავლის შემდეგღა დაეფიქსირებინა თავისი ჩართულობა საქართველოს წინააღმდეგ ომში.

სახელმწიფოს ღალატის ამ ცნობილ უტყუარ ფაქტთა გარდა, სააკაშვილის რუსულ-აგენტურული სამსახურში ყოფნის ფაქტს პირდაპირი სამხედრო ღალატის ფორმით მეტყველებს არაოფიციალური ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ:

- ომის ოფიციალური “ცხელი” ფაზის დაწყების წინაღამეს რუსული სარდლობის წარმომადგენლები ჩამქრალი ფარებით ესტუმრნენ სააკაშვილს და მის ჯგუფს “მოდულის” შენობაში (თბილისი, საბურთალო), რათა დაეზუსტებინათ საქართველოს წინააღმდეგ თავისი შეთქმულების სამხედრო დეტალები და

- მრავალსაათიანი დაზავება სააკაშვილსა და მოწინააღმდეგეს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოხდა იმ მიზეზით, რომ როკის გვირაბში გამომავალი რუსული ტექნიკის პერსონალს წინააღმდეგ შემთხვევაში გაგუდვა ელოდა წყობილებიდან გამოსული ვენტილაციის გამო (ამგვარ არაპირდაპირ ინფორმაციას მე პირადად არასოდეს არ გამოვიყენებ რაიმეს კატეგორიული მტკიცებისათვის).

ამ რამდენიმე დღის წინ პუტინმა გაითამაშა დიპლომატიური ნაბიჯი სააკაშვილის წინააღმდეგ “სისხლის სამართლის საქმის აღძვრის” და მისი პიროვნების გადაცემის მოთხოვნით, რაზედაც რამდენიმე საათში ხელი აიღო. სააკაშვილის ამგვარი დაუფარავი “რეკლამირება”, როგორც, თითქოს, რუსეთის მოწინააღმდეგისა, ვერ აიხსნება სხვაგვარად თუ არ იმით, რომ რუსეთი გეგმავს საქართველოს პარლამენტში თავისი ჩუმად მორჩილი “ნაცმოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის გამოყენებას, თავისივე ერთგული “ოცნების” ფრაქციასთან ერთად, იმისთვის, რომ საქართველომ თანხმობა განაცხადოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნაზე რუსეთიდან სომხეთისაკენ სტრატეგიული ტვირთბრუნვის აღდგენისათვის (რასაც მიზნად ისახავს სომხეთის პრეზიდენტის აწინდელი ვიზიტიც თბილისში).

სავარაუდოა, განზრახული იყოს სხვა არაერთი ერთობლივი ღალატის განხორციელებაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მიმართ პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმებული მოქმედებით, რასაც უკვე არაერთი პრეცედენტი აქვს.

საქართველოს აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა იცოდნენ: ოკუპაცია, ანუ მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს ქართულ-რუსულ სახელმწიფოებრივ ურთიერთმიმართებაში, ერთ-ერთი სახეობაა საომარი მდგომარეობისა. ამ ვითარებაში მტრის სატრანსპორტო ინტერესების ხელშეწყობა სხვაგვარად ვერ დაკვალიფიცირდება თუ არ როგორც შეგნებული სახელმწიფო ღალატი.

ბატონებო, ბრძანდებოდეთ ფრთხილად!

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress