- 2014 18 ივნისი NEWS.GE
„სახალხო პარტია“ თბილისის მერობის “ქართული ოცნების“ კანდიდატს დავით ნარმანიას მიმართავს და კონსტრუქციულ თანამშრომლობას სთავაზობს.
„გვინდა დავარღვიოთ გამეფებული ტრადიცია და ყოველგვარი პოსტსაარჩევნო ობიექტური შენიშვნების და პრეტენზიების გარეშე, რომლებიც არც თუ ისე ცოტა რაოდენობით დაგვიგროვდა, მივმართოთ თბილისის მერობის პრეტენდენტს დავით ნარმანიას, რომ „სახალხო პარტია“ მზად არის, როგორც კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, ისე ობიექტური ოპონირებისათვის.
გვინდა გავუზიაროთ ბატონ დავითს რამდენიმე მოსაზრება, ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამიდან, რომლებიც არ გაჟღერებულა არცერთი პრეტენდენტის საარჩევნო პროგრამაში და რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი დედაქალაქის განვითარებისათვის:
ა) თბილისის მერიამ უნდა შეიმუშაოს ე.წ. საინვესტიციო უბნების კონცეფცია: – ქალაქი გამოყოფს სამშენებლო უბნებს (ყოფილი სამრეწველო ზონები, სამხედრო ტერიტორიები, ბარაკული ტიპის დასახლებები), წარმოადგენს არქიტექტორულ პროექტს ამ უბნისთვის, უზრუნველყოფს უბანს კომუნიკაციებით, აცხადებს ტენდერს მშენებლობის უფლების მოპოვებისთვის და მშენებლისაგან ითხოვს საბინაო ფონდის 10%–ის სოციალური საცხოვრისისთვის გამოყოფას.
ბ) ქ.თბილისის თითოეულ მუნიციპალიტეტს ბიუჯეტიდან უნდა გამოეყოს გარკვეული თანხა, რომელის გამოყენების მიზანშეწონილობას მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები თვითონ გადაწყვეტენ.
გ) ქ. თბილისის მერიამ უზრუნველყოს ე.წ. “ტაქსაობის” საკითხის დარეგულირება და მსოფლიოში გავრცელებული ანალოგების მსგავსად, შემოღებული უნდა იქნეს ტაქსისტის უფასო ჟეტონი.
დ) განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ძველი, ამორტიზირებული ლიფტების უსაფრთხოებას. შეიქმნეს ამ პრობლემების გადასაჭრელად სპეციალური სამსახური ან დაევალოს უკვე არსებულ მსგავსი პროფილის სტრუქტურას ამ საკითხის მოგვარება.
ე) ქ. თბილისის მერის ინიციატივით საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, გადაწყვიტოს თბილისში არსებული ეკლესია-მონასტრების მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხი.
ბ-ნო დავით, ვიმედოვნებთ, რომ თქვენი სტრატეგია არ იქნება აგებული მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის უარყოფით დამოკიდებულებაზე და მთავარ აქცენტებს გააკეთებთ საკუთარი პოზიტივის წარმოჩენაზე.
ჩვენ გვჯერა, რომ ზემოთ მოყვანილი მოსაზრებები მისაღები იქნება თქვენთვის და შესაბამისად გაზიარებულიც იქნება თქვენს მიერ პრაქტიკაშიც. ამ შემთხვევაში სახალხო პარტია მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ არ დაიზარონ, მივიდნენ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურზე და ხმა მისცენ ქალაქის განვითარების უკეთესი პროგრამის წარმომდგენელს“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.