მსგავსი მხოლოდ ევრაზიულ კავშირში შეიძლება მოხდეს

gerbebi_Page_6

„სახალხო პარტია” „ქართული ოცნების“ მიერ მარნეულში მიღებულ გადაწყვეტილებაზე

  • 13 ივნისი NEWS.GE

„სახალხო პარტიაში“ მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება,  სადაც ის ურჩევს საკუთარ კანდიდატს, მოხსნას არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა ეთნიკურად აზერბაიჯანელი 2 ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ, არის ანტისახელმწიფოებრივი და პოლიტიკურად საშიში ნაბიჯი.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული მხოლოდ ანტიდემოკრატიული ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი. ამ აზრის გასამყარებლად პარტიაში სააკაშვილის მიერ, 2010 წლის შუალედურ არჩევნებში სამი საპარლამენტო მანდატის ოპოზიციისთვის დათმობას იხსენებენ, ამასთან პარტიაში მიიჩნევენ, რომ სააკაშილმა მაშინ ეს მანდატები თავის ფსევდოოპოზიციას დაუთმო.

ამასთან, როგორც პარტიაში აცხადებენ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირების პირდაპირი სტიმულირებაა

“ეს არის იმის აღიარება, რომ საქართველოში არსებობს ეთნიკური ანკლავები, სადაც ხელისუფალი საკუთარი შეხედულების მიხედვით არეგულირებს პოლიტიკურ პროცესებს. გაუგებარი და შემაშფოთებელია მოტივაცია _“თავიდან იქნეს აცილებული დამატებით სიტუაციის ესკალაცია” – რის ესკალაციაზე საუბრობს ოცნება, რა იმალება ამ ფრაზის მიღმა?!  ასევე, გაუგებარი და კომიკურია რატომ მხოლოდ 2 აზერბაიჯანელის ან რომელი 2 აზერბაიჯანელის სასარგებლოდ, როცა სხვა არაქართველი და ქართველი კანდიდატებიც არიან.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ დაშანტაჟებული ან მეტიც, მასთან გარიგებაში მოქმედი სახელისუფლებო გუნდი ამ ქმედებით საფრთხეს უქმნის  ქართული სახელმწიფოებრიობის შემადგენელ ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა ქვეყნის ერთიანობა და  მოქალაქის  უფლება, იყოს არჩეული და აირჩიოს. ასევე ამ ქმედებით ხელისუფლება აღიარებს, რომ ის მართლაც ძალადობდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის კანდიდატებზე, რათა მათ მოეხსნათ საკუთარი კანდიდატურები არჩევნებიდან.

აღსანიშნავია „ქართული ოცნების“  თვითაღიარება _” ჩვენ ვარღვევთ წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც, როგორც წესი, მარნეულში ხელისუფლება ამომრჩეველს თავს ახვევდა საკუთარ კანდიდატს და ყოველთვის იმარჯვებდა სახელისუფლებო კანდიდატი”. სხვა რაიონებში არსებული იგივე, როგორც თვითონ ამბობენ,  “მანკიერი პრაქტიკა” სანამდე უნდა გაგრძელდეს?!

ყოველგვარ ზღვარს სცილდება ამ ქმედების ახსნა “ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ამაღლების” მოტივით.  თუ იცი, რომ ასეთი ქმედებით პოლიტიკური კულტურის ამაღლება შეიძლება, სხვა რაიონების მიმართაც გამოიყენეთ და ქვეყანა პოლიტიკურ ოაზისად გახადეთ!

სირცხვილია!  ეს ევროკავშირისკენ გზა არ არის, მსგავსი მხოლოდ ევრაზიულ კავშირში შეიძლება მოხდეს და იქაც უფრო “სერიოზული არგუმენტებით”,-აღნიშნულია „სახალხო პარტიის“ განცხადებაში.

ცნობისათვის “ქართულმა ოცნებამ” განცხადება კანდიდატურის მოხსნის შესახებ  გუშინ გააკეთა.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress