“სახალხო პარტია” საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

gerbebi_Page_6

13:36 07-06-2014              interpressnews.ge

“სახალხო პარტია” საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე და ხელისუფლების ქმედებებზე განცხადებას ავრცელებს. “როგორც მოგეხსენებათ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ, ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყნის ხელმძღვანელობამ და მრავალმა ავტორიტეტულმა პოლიტიკოსმა, განსაკუთრებით აშშ-დან განაცხადა ნატო-ს მორიგ სამიტზე საქართველოსთვის MAP -ის მინიჭების შესახებ. 
ამ განცხადებების პარალელურად, ძალიან საეჭვოდ პასიურობდა და ორჭოფობდა საქართველოს ხელისუფლება. საილუსტრაციოდ კმარა, პრემიერის ვიზიტი გერმანიაში. ქვეყანაში, რომლის კანცლერთანაც, ხელისუფლების აზრით, შესაძლებელი იყო ამ თემაზე ლაპარაკი. შეხვედრისას ძირითადი აქცენტები გაკეთდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე და არა საქართველოს შემდგომ ინტეგრაციაზე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში.
ვითარებას ამძაფრებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ღიად და ცალსახად რუსული ინტერესების გამტარებელია. იგი დადებითად აფასებს რუსეთის როლს აფხაზეთში განვითარებული მოვლენების დარეგულირების საქმეში. პრემიერიც აღნიშნავს, რომ აფხაზეთში მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა მოხდაო.
მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ მუდმივად, ყოველდღიურად უნდა იაქტიუროს აფხაზეთთან მიმართებაში, იგი აცხადებს, რომ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ამ ეტაპზე მხოლოდ აკვირდება. ბუნებრივია, ასეთი პოზიციის მქონე ქვეყანას MAP-ს არავინ მიანიჭებს. “სახალხო პარტია” გამოთქვამს ეჭვს, რომ ეს ქმედებები შეგნებულად თუ შეუგნებლად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ხდება. ამ ეჭვის დადასტურების შემთხვევაში, ეს ხელისუფლება მტკიცედ დაიჭერს სერგო ორჯონიკიძის გვერდზე ,,საპატიო” ადგილს!” – ნათქვამია “სახალხო პარტიის” განცხადებაში.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress