- 07 ივნისი 13:07 news.ge
„მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ მუდმივად, ყოველდღიურად უნდა იაქტიუროს აფხაზეთთან მიმართებაში, იგი აცხადებს, რომ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ამ ეტაპზე მხოლოდ აკვირდება. ბუნებრივია ასეთი პოზიციის მქონე ქვეყანს “მაპს” არავინ მიანიჭებს. სახალხო პარტია გამოთქვამს ეჭვს, რომ ეს ქმედებები შეგნებულად თუ შეუგნებლად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ხდება“,-ამის შესახებ „სახალხო პარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„როგორც მოგეხსენებათ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ, ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყნის ხელმძღვანელობამ და მრავალმა ავტორიტეტულმა პოლიტიკოსმა, განსაკუთრებით აშშ-დან განაცხადა ნატო-ს მორიგ სამიტზე საქართველოსთვის ,,მაპის” მინიჭების შესახებ.
ამ განცხადებების პარალელურად ძალიან საეჭვოდ პასიურობდა და ორჭოფობდა საქართველოს ხელისუფლება. საილუსტრაციოდ კმარა, პრემიერის ვიზიტი გერმანიაში. ქვეყანაში, რომლის კანცლერთანაც, ხელისუფლების აზრით, შესაძლებელი იყო ამ თემაზე ლაპარაკი. შეხვედრისას ძირითადი აქცენტები გაკეთდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე და არა საქართველოს შემდგომ ინტეგრაციაზე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში.
ვითარებას ამძაფრებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრი პ.ზაქარეიშვილი, რომელიც ღიად და ცალსახად რუსული ინტერესების გამტარებელია. იგი დადებითად აფასებს რუსეთის როლს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენების დარეგულირების საქმეში. პრემიერიც აღნიშნავს, რომ აფხაზეთში მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა მოხდაო.
მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ მუდმივად, ყოველდღიურად უნდა იაქტიუროს აფხაზეთთან მიმართებაში, იგი აცხადებს, რომ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ამ ეტაპზე მხოლოდ აკვირდება. ბუნებრივია ასეთი პოზიციის მქონე ქვეყანს “მაპს” არავინ მიანიჭებს. სახალხო პარტია გამოთქვამს ეჭვს, რომ ეს ქმედებები შეგნებულად თუ შეუგნებლად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ხდება. ამ ეჭვის დადასტურების შემთხვევაში ეს ხელისუფლება მტკიცედ დაიჭერს სერგო ორჯონიკიძის გვერდზე ,,საპატიო” ადგილს“,-ნათქვამია პარტიის განცხადებაში.