პრეზიდენტს თუ გააბლატავებენ, პლასტელინია და გაბლატავებული ივლის, თუ დააჩმორებენ – დაჩმორებული

SONY DSC

15 კითხვა

13:18 19.05.2014 NEWSPRESS.GE

რუბრიკა ”15 კითხვის” სტუმარია ”სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე: 

- ბატონო მამუკა, რა გეგმები აქვს ”სახალხო პარტიას” თვითმმართველობის არჩევნებზე?
- სამწუხაროდ, საქართველოში დღეს თვითმმართველობის ჩამოყალიბება არ მიმდინარეობს. პრაქტიკულად ამოვარდნილია ერთ-ერთი უმთავრესი რგოლი – სოფელი. რატომღაც მიაჩნიათ, რომ სოფელი არის ადგილი, სადაც შეიძლება მხოლოდ მეურნეობა განვითარდეს და მას როგორც ინსტიტუტს, საზოგადოებრივ წარმონაქმნს თავისი ტრადიციებით, წარსულით, მომავლით, არ აღიქვამენ. სოფელი იგნორირებულია. მეორე საკითხია ის, რომ ფაქტობრივად, ბოლომდე არც კი ვიცით რას ვირჩევთ: კანონში საკრებულოების, ხოლო ბიულეტინში – თვითმმართველი თემის არჩევნები წერია. ეს ერთი შეხედვით ვიღაცას შეიძლება უმნიშვნელო საკითხად ან დეფინიციის აღრევად მოეჩვენოს, თუმცა სინამდვილეში ასე არაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია იმიტომ, რომ უნდათ დღევანდელი საკრებულოები, მუნიციპალიტეტები თვითმმართველ თემებად დაშალონ და შემდეგ რეგიონალური გაერთიანება შექმნან, რაც საქართველოსთვის ძალიან საშიში პრეცენდენტია. ამან შესაძლოა საქართველოს ტერიტორიული ქსოვილის კიდევ უფრო მეტად რღვევა გამოიწვიოს. კიდევ ერთი მომენტი, მიმდინარეობს პოლიტიკა, რასაც შუას გაკრეფა ჰქვია. მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ ის სამსახიობო დასები დარჩებიან, რომლებიც სპექტაკლში მონაწილეობენ, რეჟისორი ამ ყველაფერს შესანიშნავად არეგულირებს. ამის ნათელი მაგალითი თვითმმართველობის კანონში რეგიონალიზმის შემოცურებაა, ანდა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ მიმართული კანონი, რომელიც `ქართულმა ოცნებამ~ და `ნაციონალებმა~ ერთსულოვნად მიიღეს.
რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ რთული საარჩევნო გარემოა, არჩევნებში მაინც ვმონაწილეობთ იმიტომ, რომ აუცილებელია ბრძოლაში ჩავებათ, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ქართველ საზოგადოებას, რომ საჭიროა მონოპოლიზირებული სისტემის დარღვევა და ჯანსაღი პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება. ბუნებრივია არჩევნები ფესტივალია და შენი იდეებით, ხედვებით უნდა წარსდგე. მთავარი შედეგია, რამდენიმე რაიონში საკმაოდ წარმატებული ადგილობრივი ორგანიზაცია გვყავს და წარმატებებსაც ველოდებით.
- რომელ პოლიტიკურ ძალასთან მიგაჩნიათ შესაძლებლად თვითმმართველობის არჩევნებში თანამშრომლობა?
- ამ არჩევნებში რეგისტრირებულ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა ვერ მოხერხდა, რადგან დიდი ნაწილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებს, თუ რა განწყობაზეა ხელისუფალი და არა პოლიტიკური იდეოლოგიის მიხედვით. ამიტომ, საქართველოში დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალების სისუსტეა, ჩამოყალიბებული მდგრადი პოლიტიკური ძალების დეფიციტია და აქედან გამომდინარე, ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნა ჭირს.

- როგორ შეაფასებთ პოლიტიკურ ვითარებას ხელისუფლების ცვლის შემდეგ?
- პრაქტიკულად ბევრი არაფერი შეცვლილა არც ფორმით და არც შინაარსით. ფაქტობრივად პოლიტიკურ ცხოვრებას ისევ ერთი ადამიანი წარმართავს, რომელიც ხელისუფლებას გარკვეულ ჯგუფებად, კლანებად ჰყოფს. შესაბამისად, თითოეულ კლანს ასუსტებს, პოლიტიკურ ინფრასტრუქტურას არ ანვითარებს და ეს კლანები, ამ ერთ პიროვნებაზე, უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება. ამ ჯგუფებს პარტიები ნომინალურად ჰქვია, უფრო მეტად, ესაა საფინანსო კლანები, რომელთაც თავისი ინტერესები აქვთ. შეიძლება დღეს ციხეში ადამიანებს არ აუპატიურებენ და ქუჩაში არ ხვრეტენ. კი ბატონო, ეს დადებითი მხარეა. სხვა მხრივ, პოლიტიკურად, პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იგივე საარჩევნო სიები გვაქვს. საარჩევნო კანონი ისევ ხელისუფლებაზეა მორგებული. ბოლო ცვლილება კანონში, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შევიდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კვლავ ერთვება ადმინისტრაციული რესურსი, ისევ ხდება მედიის, პრესის მონოპოლიზება. ასე, რომ რა თქმა უნდა, უკეთესობა არის, მაგრამ არა სისტემური.
- როგორ ფიქრობთ, კოალიციაქართული ოცნებაგახლეჩვის პირას ხომ არ არის, ამაზე ალასანიას განცხადებებიც ხომ არ მიუთითებს?
- კოალიცია თავიდანვე გახლეჩილი იყო, ისე როგორც ”მოქალაქეთა კავშირი” და ”ნაცმოძრაობა”. სხვადასხვა ჯგუფებს, სხვადასხვა ინტერესები და მოტივაცია აქვთ, უბრალოდ, მათ ხელისუფლებისადმი ლტოლვა და ერთგულება აერთიანებთ მანამ, სანამ ეს უკანასკნელი მათი კეთილდღეობის გარანტია. როგორც კი ეს დაირღვევა და ვიღაცას მოუნდება, რომ უფრო მეტი მიიღოს ვიდრე აქვს, რღვევის გაფორმებაც სწორედ მაშინ მოხდება. ნათელია, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ. ”ნაცმოძრაობის” და ”ოცნების” ზოგიერთი წარმომადგენელი უფრო მეგობრობს, ვიდრე ”ოცნების” ხალხი ერთმანეთთან. თუნდაც, პრეზიდენტის მისვლა ღონისძიებაზე, რომელიც ღარიბაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული, სადაც შემდეგ, ”ნაციონალებიც” მივიდნენ, ცხადად მეტყველებს იმაზე, რაც ხდება. იგივე ივანიშვილის განცხადება პრეზიდენტთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის დამოკიდებულება მთავრობასთან მიმართებაში, იუსტიციის მინისტრის ყოველდღიური ფეხის დადებები პრემიერ-მინისტრზე, ასევე ცხადად მეტყველებს, რომ კოალიციაში სერიოზული დაპირისპირებაა. პრაქტიკულად, ამ ადამიანებისთვის პოლიტიკა ბიზნესია და სანამ ეს მომგებიანი იქნება, მანამდე იქნებიან ასე. თუ ვინმე უფრო მეტს შესთავაზებს ისევე დაიშლებიან, როგორც ”მოქალაქეთა კავშირი” და ”ნაცმოძრაობა”.
- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეას თუ უჭერთ მხარს?
- ნებისმიერი არჩევნები ბუნებრივი და პოლიტიკური ძალთა ბალანსის გამომხატველი უნდა იყოს. რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ არსებული პოლიტიკური ბალანსი დაირღვა. ჯერჯერობით, ამ ბალანსის დარღვევა არ ჩანს. რაც პარლამენტში ხდება, დღევანდელ ვითარებას ვერ ასახავს. ამიტომ, საჭიროა საზოგადოებამ, პოლიტიკურმა ძალებმა იაქტიურონ და რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების აუცილებლობა ნათლად დაგვანახონ.
- წეღან ახსენეთ, რომ ივანიშვილმა პრეზიდენტი გააკრიტიკა და ადგილი აქვს დაპირისპირებასო. თქვენთვის როგორი პრეზიდენტია მარგველაშვილი?
- მან საკუთარ თავს ყველაზე ზუსტი განმარტება მისცა – სადაც მიმაგდებ, პლასტელინი ვარ და იმ ფორმას მივიღებო. მიაგდეს პრეზიდენტად და მიიღო პრეზიდენტის ფორმა. ვიღაცა გადმოაგდებს იქედან და მიიღებს იმ ფორმას სადაც გადააგდებენ. ასე რომ მარგველაშვილი ამ სიტუაციაში არაა საინტერესო ფიგურა. ქვეყნის უბედურება სწორედ ისაა, რომ ასეთი მთავარსარდალი გვყავს, ეს ტრაგედიაა. აქედან გამომდინარე, რა ფორმასაც მისცემენ, იმ ფორმას მიიღებს. თუ გააბლატავებენ, პლასტელინია და გაბლატავებული ივლის. თუ დააჩმორებენ, დაჩმორებული ივლის. ჟარგონისთვის მკითხველს ბოიდიშს ვუხდი. მან თავად შემოგვთავაზა ეს ფორმა და შესაბამისად ივანიშვილმა ამ ფორმის მიმღებლობის გამო ის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენა. როგორც ჩანს, მარგველაშვილს ეს აწყობს იმიტომ, რომ ის პრივილეგია და კეთილდღეობა, რაც პრეზიდენტობას მოაქვს, კარგად შეითვისა, რაც ქვეყნისთვის მიუღებელია.
- თქვენ ადრე იგორ გიორგაძის მისამართით თქვით, რომ ამდენი გიორგაძის ადგილი საქართველოში არააო, დღესაც ასე ფიქრობთ?
- ქართულ პოლიტიკაში ერთი მამუკა გიორგაძე სრულიად საკმარისია. მითუმეტეს, რომ ჩვენი ხედვები ქვეყნის ინტერესებს ზუსტად ასახავს. საინტერესოა თვითონ პროცესი, რამოდენიმე კაცის გარდა, თითქმის ყველა ჩამოვიდა საქართველოში და ჩამოუსვლელთა რიგებში გიორგაძეც აღმოჩნდა, რაც თავისთავად ეჭვებს აღძრავს. იგორ გიორგაძესთან მიმართებაში დაინტერესებული ადამიანი ვარ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ იგი უმნიშვნელოვანესი მოწმე გახლავთ, რომელიც იმ დრამატულ მოვლენებს ასახავს, რასაც გია ჭანტურია შეეწირა. დაინტერესებული ვარ, ქართული საზოგადოების წინაშე წარსდგეს და გამოძიებას ჩვენება მისცეს.
- თავის დროზეედპ”-ში იყავით, რატომ გამოეყავით ამ პარტიას?
- დღეს ეს ყველაფერი უკვე ნათელია. სამწუხაროდ, წლები დასჭირდა იმის გარკვევას, თუ რა მოხდა მაშინ და რა ვითარებაში აღმოჩნდა პარტია, რომელიც ყოველთვის დამოუკიდებელი იყო და ღირებულებებს ერთგულებდა. დღეს ეს შეკითხვა აღარ დგას. იმ პერიოდის მონაწილე ყველა პიროვნებამ აჩვენა თავისი თავი, თავისი უპრინციპობა, მერკანტილურობა და უნარი იმისა, რომ სხვისი სატელიტი ყოფილიყო. როგორ შეიძლება ორი კაპიკის სანაცვლოდ ღირებულებები გასწირო და რაც მნიშვნელოვანი და ამაზრზენია, როგორ შეიძლება იმ წმინდა ადგილის გაყიდვით პოლიტიკურ ველზე დარჩე, რომელიც თითოეული ჩვენგანისათვის ქაშვეთის ეკლესიის წმინდა მიწაა, სადაც გია ჭანტურია განისვენებს. თუნდაც ის ფაქტი, რომ მაშინდელმა მოვლენებმა ქართული პოლიტიკური სპექტრი სწორი  გზიდან ააცილა, ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რატომ მოიქცნენ ასე. ეს   გამარჯვებისკენ  მიმავალი გზა   იყო და  დღეს საქართველო ამ დღეში არ იქნებოდა. ეს არ იყო უბრალოდ პოლიტიკურ პიროვნებებს შორის დაპირისპირება   არამედ თავისი არსით, ანტისახელმწიფოებრივი დივერსია იყო, რაც მაშინ ედპ-ში განხორციელდა. ერთგულება მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი ”სახალხო პარტიის” იმ ჯგუფმა შეინარჩუნა, რომელიც დღეს საარჩევნო ბიულეტინში კვლავ 26 ნომრითაა წარმოდგენილი. ამ ნომრით, თავის დროზე  გავიმარჯვეთ. ახლაც ეს ნომერი შეგვხვდა, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას დაყოფამდე, დაშლამდე, დივერსიამდე ჰქონდა.
- ბატონო მამუკა, თქვენ გია ჭანტურიას მკვლელობის ხელახალი გამოძიება მოითხოვეთ. რა ვითარებაა ამ კუთხით?
- სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედის ძალიან ცუდ ტრადიციებს აგრძელებს, არამარტო სახელმწიფოებრივი მართვის პოლიტიკის თვალსაზრისით, არამედ თვით ისეთ საკითხებშიც კი, როგორიცაა ტერორისტული აქტების გამოძიება, რამაც ქვეყნის ბედი შეცვალა. სააკაშვილის რეჟიმი ხელს აფარებდა შევარდნაძეს, რომელიც მაშინ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე უშუალო პასუხიმგებელია. დღევანდელი ხელისუფლებაც ხელს აფარებს წინა ხელისუფლების ქმედებებს. ბუნებრივია, გია ჭანტურიას საქმის გამოძიება იმ უბრალო მიზეზის გამო არ აწყობთ, რომ ამით პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას – რა იყო მკვლელობის მოტივი და მიზანი. ეს ხომ არ ყოფილა ჯიხურის წილის გამო მკვლელობა?! ყველამ იცის, რომ პოლიტიკური მკვლელობა იყო იმიტომ, რომ ეროვნული მოძრაობის გზის მიმართულება შეცვლილიყო. გამოძიება ნათელს მოჰფენს პარტიის გაყოფის მოტივებს, ასევე, ვინ ვის უკან იდგა და რა პროცესები ვითარდებოდა. საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარების სწორ გზას დავინახავთ. სწორედ ამის გამო, ამ მკვლელობის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა არ უნდათ. ამ ხელისუფლებას არ უნდა დამნაშავე გამოაშკარავდეს. პრაქტიკულად ისიც დამნაშავის გზაზე დგას ან მინიმუმ, მას ხელს აფარებს. ეს ხომ ცალსახაა. არადა, სამართლებრივი თვალსაზრისით, იკვეთება ახალი გარემოებები. კერძოდ, ამ საქმეზე მაშინ შევარდნაძე არ დაკითხულა. როგორც პარტიის ხელმძღვანელი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, არც მე დავკითხულვარ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენებაში ვიტყოდი, რაზე მქონდა ეჭვი, ვერსია კი გამოძიებას ფორმალურად მაინც ხომ უნდა განეხილა?  აქედან გამომდინარე, არ დამკითხეს. ამ საკითხზე დაპატიმრებულები, გასამართლებულები და ძალიან მალე შეწყალებულნი – ხაჩიშვილი და სხვები აცხადებენ, რომ მათ ჩვენება ზეწოლის პირობებში მისცეს. იგორ გიორგაძე აცხადებს, რომ მას აქვს მასალები, რომელიც ამ მკვლელობის მოტივს ნათელს მოჰფენს. სრული სამართლებრივი პოლიტიკური შესაძლებლობაა, რომ საქმე ხელახლა განიხილონ. სამწუხაროდ, გამოძიება არ უნდათ. რა შეიძლება დავასკვნათ? – არ იძიებენ საქმეს იმიტომ, რომ დღევანდელ ხელისუფლებასაც ჭანტურიას მკვლელების გზით სიარული უნდა.
- ადრე თქვით, როცა რუსთაველზე იარაღი გავარდა, იმ წამს ყველამ ფუნქცია დავკარგეთო. რას მიიჩნევთ იმ პერიოდის მთავარ შეცდომად, რას ნანობთ?
- ნამდვილად ვნანობ და შეცდომად მივიჩნევ იმას, რომ ჩვენ, ყველამ, ტყვიის გავარდნა დავუშვით. ბუნებრივია ჩვენ საომარ მოქმედებებში და უშუალოდ დამხობაში მონაწილეობა არ მიგვიღია, მაგრამ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ბუნებრივია ზომები უნდა მიგვეღო, რათა მტერს საქმე აქამდე არ მიეყვანა. თუნდაც ის ზომები უნდა მიგვეღო, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების შტაბში, მოწინააღმდეგე მხარეები, იარაღის სათხოვნელად ერთად არ უნდა მჯდარიყვნენ. ამაზე რეაგირება უნდა ყოფილიყო, საზოგადოებაზეც და საკუთარ თავზეც მეტი უნდა გვეფიქრა. თუნდაც, არ უნდა მიგვეცა უფლება ასე მარტივად დავეჭირეთ მე და გიორგი ჭანტურია, რომელთაც ქუჩის გაკონტროლება შეგვეძლო. სანამ დამიჭერდნენ, ღიად ვამბობ, რომ საქართველოში შევარდნაძის ხსენება არ ყოფილა. შეიძლება ვინმეს ფარულად ჰქონდა მოსკოვთან ურთიერთობა, მაგრამ სანამ ქუჩაში ვიყავით, ღიად მოსკოვის რომელიმე წარმომადგენელთან ოპოზიციას შეხვედრები არ ჰქონია, ამას ვერავინ გაბედავდა. სამწუხაროდ, როცა ჩვენ დაგვიჭირეს, კონტაქტები რუსეთთან ღია გახდა. როგორც ჩანს, ხელს ჩვენ ვუშლიდით. გამსახურდიამაც დაუშვა შეცდომა – კი, დაპირისპირებული მხარე ვიყავით, მაგრამ სჯობდა გარეთ ვყოფილიყავით და ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი ძალები გვეკონტროლებინა. ყველა უნდა დავფიქრდეთ, რა მრავალგანზომილებიანია პოლიტიკური ცხოვრება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს გასაკეთებელი დღეს უნდა გაკეთდეს.
- ბატონო მამუკა, საკნების პერიოდში გუბაზ სანიკიძე ხელისუფლების მიერ მართვად რევოლუციაზე საუბრობდა და ხალხს მოუწოდა გარეთ არ გამოხვიდეთო, რამაც თქვენ გაგანაწყენათ. ახლა რისი ჟამია?
- რა თქმა უნდა, როდის უნდა გავიდეთ გარეთ და შევიდეთ უკან, სწორადაა განსასაზღვრი. ამ გამოცდილებას არ ითვალისწინებენ. როდესაც პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ხალხს არ დაძრავ, ეს უდიდესი შეცდომა და დანაშაულია. იმიტომ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია სხვა პოლიტიკური აქტია. როცა საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და ხმას არ იღებ, სანიკიძეს ვპასუხობ, – და ამბობ, ახლა ყველაფერს თავი დავანებოთ და 4 ნოემბერს მილიონ კაცს გამოვიყვან გარეთო, მერე კი ყველაფერს ხალხს აბრალებ, ეს არამართებულია. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ არის ჟამი ქვების სროლისა და ჟამი ქვების შეკრებისა. ახლა არის ჯამი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური ინფრასტრუქტურის გაკეთება დავიწყოთ. თუმცა ეს შეიძლება დაგვიანებულიც კია. ხმას იმის მიხედვით კი არ უნდა ვაძლევდეთ ამ წუთში რა გვტკივა, არამედ უნდა დავფიქრდეთ სახელმწიფოს აღმშენებლობას რა სჭირდება, ანუ ფუნდამენტის, კარკასის ამოყვანა უნდა დავიწყოთ და არა კედლების კოსმეტიკური რემონტი. მერე ჩვენს შვილებს შეეძლებათ კედლები როგორც უნდათ ისე ააშენონ, აბაზანა სადაც უნდათ იქ დადგან. ჩვენი ამოცანაა ფუნდამენტი შევქმნათ და არა ლამაზი დეკორაციები. ჩვენი ადგილი მსოფლიოში არგუმენტირებულად უნდა მოვიაზროთ და არა ისე, რომ ვიძახოთ ოკუპანტი რუსეთი მირჩევნია მამათმავალ ევროპასო. ამ საკითხის ასე დაყვანა ინტელექტის დეფიციტის გამომხატველია. ემოციით არ უნდა მივცეთ ხმა, ოღონდ სააკაშვილი წავიდეს და რაც გინდა ის იყოსო. გეგონება, ეს ”რაც გინდა” ჩვენს ქვეყანას არ ეხება, თითქოს ჩვენ იმ მომავალში არ ვაპირებდეთ ცხოვრებას.
- თუ არჩვენებზე ”ქართული ოცნება” და ”ნაცები” ისევ გარიგდნენ, როგორც ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გარიგდნენ, როგორ აპირებთ ხმების დაცვას?
- საზოგადოება რის მანდატსაც მოგვცემს, ხმებს ისე დავიცავთ. რისი მანდატიც გვექნება, მუხტს იმ დოზით ავწევთ. სამწუხაროდ, ფინანსურ-ტექნიკური რესურსი მწირი გვაქვს, თორემ ინტელექტუალურ-ადამიანური საკმაოდ მაღალი.
- რამდენად კმაყოფილი ხართ სამართლიანობის აღდგენის პროცესით?
- თავისთავად, იბადება კითხვა – როდის იყო საქართველოში სამართლიანობა, რომ მის აღდგენაზე ვისაუბროთ. სამართლიანობის დამკვიდრება კი იმ უბრალო მიზეზის გამო არ ხდება, რომ ეს ხელისუფლებას არ აწყობს. იმავე სისტემის დატოვებას გეგმავენ, რაც იყო. რადგანაც ხელს არ კიდებ, ეს ნიშნავს რომ მზად ხარ იგივე პოლიციელს იმავე სახის ბრძანება და გარანტია მისცე, რომ ხელს არ ახლებ. ამიტომაც, ძველი ჩინოსნები კვლავ თანამდებობებზე არიან, ბევრიც დაწინაურდა. ეს უდიდეს საფრთხეს შეიცავს. საზოგადოება ეიფორიაშია, ცოტა ხანში როდესაც სისტემა კვლავ დაიწყებს ფუნქციონირებას, უკვე გვიან იქნება. ამიტომ სჯობს გამოვფხიზლდეთ.
-ბატონო მამუკა, ადრე ”სეზონურ ოპოზიციას” აკრიტიკებდით და ამბობდით, რომ ორი თვე ნოღაიდელმა ”ხელებს დაგამტვრევთ”-ის ძახილით გადაარჩინა სააკაშვილი, ორი თვეც ”ფორუმმა” მილიონი კაცის გამოყვანის მუქარით და ა.შ. დღეს ვინ გადაარჩინა სააკაშვილი?
- სააკაშვილი გადაარჩინა ივანიშვილმა, პრაქტიკულად, მას ძველი ცოდვები ჩამოაწერა. საზოგადოება ვერ აცნობიერებს მარტივ ჭეშმარიტებას, ერთია ინტერვიუში ნათქვამი ფრაზა და მეორეა ოფიციალური დოკუმენტი. არანაირი ოფიციალური დოკუმენტი კეზერაშვილთან და არც ადეიშვილთან დაკავშირებით არ შედგენილა. ვანო მერაბიშვილი სასაცილო ბრალდებითაა დაკავებული, უგულავასა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი კი უკვე ყელში ამოგვივიდა. გაუგებარია, სასამართლო პროცესის მსვლელობისას რატომ აძლევენ მათ პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლებას? რატომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ასე პროპაგანდისტულ ჭრილში? გარეთ ვართ ხალხი და ვერ ვახერხებთ ცენტრალურ არხებზე მოხვედრას და ისინი რით იმსახურებენ? ცხადია ხელისუფლების ჩუმი ნებართვით და კეთილგანწყობით. მათ ხელისუფლება აცოცხლებს. ”ნაცმოძრაობამ” ჩამოხსნა ოფისიდან ვანო მერაბიშვილის სურათი, არ ახსენებენ მას და აქ კიდევ გამალებული პროპაგანდა მიდის. ივანიშვილმა გადაარჩინა სააკაშვილი და მეტიც, დღეს რეჟიმის გადარჩენაზე მიდის საუბარი. თუ რეჟიმი გადარჩა და კვლავ ამოქმედდა, მერე, ძალიან გვიან იქნება. დროზე გამოვფხიზლდეთ.
- შედარებით მსუბუქ თემებზე გადავიდეთ. ვინ არიან მამუკა გიორგაძის მეგობრები?
- პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელთანაც ვმეგობრობ, არიან ისეთებიც, რომელთანაც პირადი ურთიერთობა არ შემიწყვეტია მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკის სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით. ერთმა მეგობარმა, რომელიც დღესაც მიყვარს, პოლიტიკურ სიტუაციაში ის ნაბიჯი გადადგა, რაც არ ეკადრებოდა. მასთან ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ მის სურათს ჩემი ალბომიდან არ ამოვშლი, ის ჩემი ცხოვრების ნაწილია. ეს ცხოვრების ის ნაწილია, როცა ბედნიერი ვიყავი, ამიტომ მისი ადგილი ჩემს გულშია, მაგრამ არა ჩემს პარტნიორად. ჩემი მეგობარია ეროვნული მოძრაობის ლეგენდა, ყოფილი პოლიტპატიმარი მარიამ ბაღდავაძე. იგი ლოგინსაა მიჯაჭვული და ავადმყოფობის გამო ქუჩაში გამოსვლა არ შეუძლია, ამ დროს ორმაგად უნდა დაიხარჯო იმისთვის, რომ ამ ადამიანის მეგობრობა გაამართლო. ყველა ვინც დისიდენტი იყო და ამ პროცესში მონაწილეობდა, ბედნიერია იმით, რომ მარიამ ბაღდავაძის მეგობრად იწოდება. ეს პასუხისმგებლობაა. ზოგი მეგობარი გარდაცვლილია. ამაყი ვარ, როდესაც წასული ადამიანების სადღეგრძელოს ვამბობ და მეამაყება, როცა ვამბობ, თუ სად დაიღუპნენ ეს ადამიანები. ეს ტკივილიცაა და გარკვეულწილად, სიამაყეც, რომ ამ საქმეში დაღუპული მეგობრებიც გყავს. ასე, რომ ამ მხრივ, ბედნიერიც ვარ, ტრაგიკულიც და ტკივილიანი გულიც მაქვს.
- ბოლოს, როგორ შეაფასებთ რუბრიკას, რას ეტყვით მკითხველს?
- უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, საქართველოში ძალიან ცოტაა რუბრიკა, რომელიც სენსაციაზე, სკანდალზე, ინტრიგაზე არაა აგებული, არამედ ანალიზზე, შეფასებაზე, პროცესებზე. ალბათ დროა საქართველოში, ქართული საზოგადოების მოთხოვნილებაში ასეთი მაღალი ინტელექტის პასუხები და შეკითხვები სჭარბობდეს. ვინ ვის ცოლთან წევს და ვინ რამდენი კილოგრამი დაიკლო, ამით ჩვენი ცხოვრება უკეთესი ვერ გახდება. ამიტომ, მივესალმები ამ ტიპის რუბრიკას. მადლობა პირადად თქვენ, თქვენს გამოცემას, რომ ამ ტიპის სტატიებს აძლევთ გასაქანს.

ესაუბრა თათული ლორთქიფანიძე

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress