- 29 მაისი 13:41 NEWS.GE
”სახალხო პარტია” 26 მაისს საქართველოს დამოუკდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებებს ეხმაურება.
როგორც “სახალხო პარტიის” განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში მთავრობის მხრიდან სახელმწიფო დონის ღონისძიებების აღნიშვნა საკმაოდ ზერელე და ზედაპირულია.
“სამწუხაროდ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება სახელმწიფო დონის ღონისძიებების აღნიშვნაში აგრძელებს წინა ხელისუფლების სავალალო პრაქტიკას – საერთოდ არ იგრძნობა, რომ ტერიტორიებ-ოკუპირებული ქვეყანა ვართ;
სახელმწიფო სიმბოლოებისა და ეროვნული ღირებულებებისადმი პოზიციის გამოხატვა საკმაოდ ზერელე და ზედაპირულია; ხოლო სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი თარიღებისა და ამ თარიღების დადგომისთვის მებრძოლი, ქვეყნის წინაშე ღვაწმოსილი ადამიანების მიმართ ხელისუფლების ცალკეული უმაღლესი თანამდებობების პირთა ქმედება არა სახელმწიფოებრივად არამედ მხოლოდ, პირადი და პარტიული ინტერესებით არის ნაკარნახები.
ყოველივე ამის ნათელი დადასტურებაა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძებებზე პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ მიღებებზე მიწვეული ადამიანების შემადგენლობა, სადაც ჩვენთვის ფრიად საპატივცემულო ადამიანებთან ერთად მიწვეულნი იყვნენ ის პირები, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ არათუ შეხება არა აქვთ 26 მაისთან, არამედ გაშმაგებით ებრძოდნენ და ახლაც ებრძვიან 26 მაისის ღირებულებებს და შემჩნეულნი არიან საქართველოს ეკლესიისადმი უარყოფით დამოკიდებულებაში.
ყოველივე ამის ფონზე კი მივიწყებულნი არიან ის ღირსეული ქართველები ვისი ბრძოლით, შრომით, რწმენით და უდიდესი თავდადების წყალობით დღეს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, მათ შორის ჩამოვთვლიდით ისეთ ღირსეულ ადამიანებს, როგორებიც არიან : ნოდარ ნათაძე, თამარ ჩხეიძე, მარიამ ბაღდავაძე, ტარიელ ღვინიაშვილი, ავთანდილ იმნაძე, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლეიშვილი, მამუკა გიორგაძე და სხვები, რომლებიც ამ დღის დადგომისთვის თავს სწირავდნენ და საპატიმროებში იტანჯებოდნენ. არაფერს ვამბობთ ამ ბრძოლაში დაღუპულთა უკვდავყოფაზე.
ეს ქმედება ნათლად გამოხატავს გამოხატავს ხელისუფლების შინაგან დამოკიდებულებას საქართველოს დამოუკიდებლობისადმი და დამოუკიდებლობის დამცველთა მიმართ” – ნათქვამია “სახალხო პარტიის” განცხადებაში.