„სახალხო პარტია“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული წესის შესახებ განცხადებას ავრცელებს

gerbebi_Page_6
  • 23 აპრილი 2014

„რუსეთის მიერ მოქალაქეობის მიღების გამარტივებული წესის  შემოღებამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის აგრესიული მისწრაფება საქართველოს სახელმწიფოს მიმართებით.  რუსეთის პოზიცია და ქმედებები გასაგებია, ის არ მალავს თავის ზრახვებს და ღია აგრესიას ეწევა უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთის მიერ მოქალაქეობის მიღების გამარტივებული წესის  შემოღებას, როგორც ისტორია და პრაქტიკა ამტკიცებს, აუცილებლად მოჰყვება სხვა ნაბიჯებიც.

ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, თუ რას აკეთებს ამ დროს ჩვენი ხელისუფალი და როგორ ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა. არის კი ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების წესი ისეთი, როგორიც შეეფერება ოკუპირებულ ქვეყანას? გაანალიზებული და შეთანხმებულია ჩვენი შემდგომი ერთობლივი ქმედებები?

როდესაც საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ არსებობს რუსეთისგან მყისიერი საფრთხე და როცა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ცდილობს, პირი მოჰბანოს წინა, დანაშაულებრივ რეჟიმს, რომლის უგუნური ქმედების გამო გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს,  საფუძვლიანი ეჭვი გვიჩნდება, რომ ქვეყნის ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურად აღიქვამს მიმდინარე პროცესებს და თავისი უმოქმედობითა და პასიურობით კიდევ უფრო ასუსტებს ქვეყნის წინააღმდეგობის უნარს მოსალოდნელი საფრთხეების წინაშე.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ახდენს დანაშაულებრივ უმოქმედობას და საზოგადოების დეზორგანიზაციას, როდესაც ის არ ცდილობს, გამართოს ფართო დისკუსია ამ საკითხების  ირგვლივ. ეს კი აჩენს პასუხგაუცემელ კითხვებს,  ახდენს საზოგადოების პოლარიზების პროვოცირებას  და არგუმენტირებულ ეჭვებს იწვევს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ერთგულების შესახებ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. და თუ რუსეთის მოქალაქეობის მიღების საკითხი გახდება ქვეყნისთვის დესტაბილიზაციის საფრთხის შემცველი,  პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას დაეკისრება, როცა ხელისუფალს წარმოდგენა არ აქვს, რა შეთავაზოს თავის მოქალაქეს რუსეთის მოქალაქეობის სანაცვლოდ და თვითონაც თავისი გაუაზრებელი (თუ გააზრებული) ქმედებით მეორეხარისხოვან პრობლემად მიიჩნევს მომხდარს, რა პასუხი უნდა მოვთხოვოთ უბრალო მოქალაქეს?

ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას,  რომ დააფიქსიროს თავისი მკაფიო პოზიცია ჩვენ ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ, რათა მტერმაც და მოყვარემაც იცოდეს, სად მოვიაზრებთ ჩვენს თავს და რა ღირებულებები უდევს საფუძვლად ჩვენს გადაწყვეტილებებს. აქ არ კმარა მხოლოდ ზოგადი განცხადებები, აქ მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიცია და ქმედებაა საჭირო. პოზიცია, თითქოსდა საქართველოსთვის  უკეთესია, ზედმეტი აქტიურობით ვინმე არ გავაღიზიანოთ, არასერიოზულია და, შეიძლება, ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress