1-05-2014, 12:47 iverioni.com.ge
აქტუალური ინტერვიუ “სახალხო პარტიის” თავმჯდომარესთან ბატონ მამუკა გიორგაძესთან
- ბატონო მამუკა, თქვენის აზრით რა გახდა აკნტიდისკრიმინაციული კანონის დაჩქარებული წესით პარლამენტში “შემოგდების” მიზეზი. რამდენად სავალდებულოა ნაუცბათევად მისი მიღება ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტის ხელმოწერისთვის?
- ის, რომ ეს კანონი ევროპისკენ ორიენტირებული ხალხისთვის მიუღებელია, ევროკავშირის ბრალი არ არის. ჩვენი ხელისუფლება ამ კანონის მიუღებელ ,,რაღაცებს” აბრალებს ევროპას. ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ არის დაინტერესებული ევროპისკენ სწრაფვაში. მას საკუთარი ზრახვები აქვს, რაც აშკარაა. ჩვენს ხელისუფლებას იმის საპირისპირო შედეგი რომ მიეღო, რაც დღეს საზოგადოებაშია, თავის თავზე უნდა აეღო პასუხისმგებლობა. მან კი თქვა, რომ მე ვარ კარგი, ევროპა კი ჩემგან ითხოვს მიუღებელსო. თუ ხელისუფლება ვერ იცავს საკუთარ ხალხს, მაშინ წაბრძანდეს სახლში და დაუთმოს ადგილი მას, ვინც ევროკავშირისკენ სავალ გზაზე დაიცავს საქართველოს სპეციფიკურ ინტერესებს. ეს უნდა გააცნობიეროს ჩვენმა საზოგადოებამ. ჩვენ ცუდი მთავრობა გვყავს, რომელსაც პასუხი უნდა მოვთხოვოთ!
რაც შეეხება ამ კანონის დღის წესრიგში ნაუცბათევ დაყენებას, ამით ხელისუფლება ხალხს შიდადაპირისპირებისკენ უბიძგებს, რაც იქითკენაა მიმიმართული, რომ ევროპამ აქეთ თქვას ჩვენზე უარი. ეს შიფრავს კანნონპროექტის ავ ზრახვებს. როცა მისი ერთ-ერთი ავტორი თეა წულუკიანი ერთ დროს მინარეთების მშენებლობას კრძალავდა ,მაშინ არ ითხოვდა ევროპა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას?! პირდაპირ გეტყვით: ადრინდელი და დღევანდელი ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრებიან პროფესიონალურ პროვოკატორობაში!
- თუ ამ კანონის მიღებით ევროპას ვასიამოვნებთ, რას მიიღებს სანაცვლოდ საქართველო?
- ევროპასთან უნდა იმუშაო, როგორც პარტნიორთან და არ უნდა წარმოიდგინო ის ზემდგომად. საუკეთესო, რასაც ევროპა მოგვცემს, ეს იქნება: ჯანსაღი კინკურენტული გარემო, რეალური თვითმმართველობა, კანონის უზენაესობა, ბიზნესის განვითარება, ადამიანის უფლებათა დაცვა და ა. შ. ხოლო ჩვენთვის სპეციფიკურად მიუღებელზე უარი უნდა ვთქვათ. ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოსული საფრანგეთის საზოგადოების ქმედება დიკრიმინაციაა? საფრანგეთის მუნიციპალურ არჩევნებში ულტრანაციონალისტების გამარჯვება დისკრიმინაციაა? ჩვენს ხელისუფლებას პირადი მიზნებისთვის არ გამოვაყენებინოთ თავი! რატომ ემთხვევა ყოველთვის პრინციპულ საკითხებში დღევანდელი ხელისუფლებისა და “ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია ერთმანეთს? თუ პარლამენტი ხალხის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, უნდა მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები!
- არადა, კატეგორიულად გვეუბნებიან, თუ სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს არ დავიცავთ, ევროპის ნაწილი ვერ გავხდებითო. რა ხდება, ქართულ საზოგადოებას შეგნებულად ვაზიზღებთ ევროპას?
- ხელისუფლებამ იცის, თუ ამ კანონს მიიღებს, მის წინააღმდეგ გამოვა ეკლესია. მას სურს ქართული ეკლესია დასავლეთის თვალში შუა საუკუნოვან ბნელ ძალად წარმოაჩინოს და , შესაბამისად, მიიღონ დახმარება ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ყველამ დაინახა ქართული საზოგადოების პატივისცემა ეკლესიისა და მის მიერ წმინდანად შერაცხული ადამიანების მიმართ (იგულისხმება მამა იოანე და მამა გაბრიელი), რამაც გააღიზიანა ისინი და სამაგიეროს ამ კანონის მიღებით უხდის მას. ეს არის იმ ჯაჭვის რგოლი, რომელიც ებრძვის ილია მეორესაც.
- სინამდვილეში რას ითხოვს ევროკავშირი ჩვენგან?
- ის ჩვენგან ითხოვს ანტიდისკრიმინაციული კანონების პაკეტს, თუმცა, რა ეწერება მასში, ხელისუფლება არ ახმაურებს. რას ითხოვს ევროპა, იმას, რაც მხოლოდ თეა წულუკიანს ჩასჩურჩულა ყურში?! ფულე და სხვები ირწმუნებიან, რომ ჩვენი ტრადიციები ევროკავშირში დაცული იქნება. ხელიუფლება შეგნებულად აპირისპირებს საზოგადოებას საქართველოში.
- დაპირისპირება უკვე სახეზეა – ვინ იღებს ამ კანონის ამოქმედებით დივიდენდს?
- ხელისუფლება, რომელიც შეგნებულად ხლეჩს საზოგადოებას, რათა კომფორტულად იგრძნოს თავი. ის ცდილობს მთელი ევროპა ისე წარმოაჩინოს ჩვენს თვალში, თითქოს ის მხოლოდ ლგბტ საზოგადოებით იყოს დასახლებული. თუ ხელისუფლებამ თავისი გაიტანა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მართავს ქვეყანას საბჭოთა მექანიზმებით, პირად ცხოვრებას კი ევროპულით.
- ამ კანონის ასეთი ფორმით მიღება თუ დავალება არ არის, გამოდის, რომ ხელისუფლება ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე?
- ევროპა იმას სჯერდება, რასაც ვთავაზობთ. დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის მხრივ ხომ არ არის საქართველოში? არ არის! ხელისუფლების შიგნით მყოფ გარკვეულ ჯგუფებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ პრივილეგიების გამტკიცება. თუ აქ ვინმეს უფლება დაირღვა,საჭირო გახდება მეტი გრანტი, რომელიც მათ ჯიბეებში აღმოჩნდება. რუსი დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი წერს, რომ რაც მეტად ირღვევა ადამიანთა უფლებები, მით უკეთ ცხოვრობენ ამ უფლებების დამცველებიო. ამათი ინიციატივაც ხომ ეს არის? ჩვენს მიერვე დარღვეული ადამიანის უფლებების დაცვისთვის მოგვდის და მოგვდის გრანტები. ბოკერია იეღოველთა დაცვის მომენტში მოვიდა ხელისუფლებაში. მან დაუმტკიცა ევროპას, რომ გარეშე ძალებს სჭირდებოდა მკაცრი ხელი. მიხეილ სააკაშვილი დღემდე ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან გაჰყვირის, რომ ქართველი ერი კრიმინალია. არასამთავრობო ორგანიზაციები ასობით მოხსენებას წერენ საქართველოს მუქ ფერებში წარმოსაჩენად. როგორი თვალით შემოგვხედავს ჩვენ მსოფლიო?
- თქვენის აზრით, რა მოხდება ამ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ?
- თუ შეგვწევს ძალა, გვაქვს ეროვნული თვითშეგნება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, უნდა დავაყენოთ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი. არადა, იგი თავის პარტნიორ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად საქართველოს საფუძველს შეურყევს. მათ სურთ დაძაბულობა. ის, რომ წულუკიანი მუდმივად აანონსებს არეულობის გარდაუვალობას, იმის მაუწყებელია, რომ ამას თავად ისინი უწყობენ ხელს!
ესაუბრა ია ჯღარკავა