ნუ გადააქცევთ “ქართული ოცნების” შიდა პრობლემას – სახელმწიფოს პრობლემად!

gerbebi_Page_6

2013-04-23 

“სახალხო პარტია” მიესალმება ბატონი ბიძინა ივანიშვილის, სახელმწიფოს წინსვლისთვის მეტად სასარგებლო განცხადებას – “ჩვენი გუნდი იჩქარის ევროპისკენ, საკუთარ სახლში”. მაგრამ  ხელისუფლების ქმედებები, სამწუხაროდ, ამ დეკლარირებული პოზიციის   საპირისპიროა. როცა კეთდება საჯარო განცხადებები    როგორ უკარნახა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს ევროპარლამენტის დეპუტატებისადმი საპროტესტო წერილი,  როგორ მიუთითა პარლამენტს კენჭისყრის ამა თუ იმ ფორმით ჩატარება და ა.შ. და, განსაკუთრებით, სტრასბურგიდან ვიგებთ, თუ როგორ  “საკმაოდ  ეჩხუბა” აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური პარლამენტის წევრს “ზედმეტი აქტიურობისთვის”, ამას საქართველოში სამწუხარო რეალობად აღვიქვამთ და როგორც თავად პრემიერ-მინისტრი იტყოდა – “გაგებით ვეკიდებით”,  მაგრამ ურთიერთობის ასეთი ფორმა დასავლელი პოლიტიკოსებისთვის სცილდება ცივილიზებულ საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ნორმებს და მათგან საპასუხო, ადეკვატური რეაქციებიც არ ყოვნდება, რითაც ქვეყნის ინტერესები ზარალდება! ეს ყოველივე  “ნაცმოძრაობის მიერ “შეკერილი” ევროპელი პოლიტიკოსების პირად დაინტერესებად”, თავის გამართლების უსუსურ მცდელობად რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ “სახალხო პარტია” იზიარებს ჯანდაცვის მინისტრის, დ.სერგეენკოს პიროვნების პრემიერ-მინისტრისეულ დადებით დახასიათებას და ასევე ძალიან კარგად იცნობს დეპუტატის, კ. დავითაშვილის “პოლიტიკურ ბიოგრაფიას” (საკითხავია რა დამსახურებისთვის შეიყვანეს “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში), ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა დავის შინაარსზე, არამედ უფრო მნიშვნელოვანზე – აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებების ურთიერთმიმართებაზე, რომელიც ნამდვილად არ არის არც “ევროპული სტანდარტი” და რაც მთავარია, არ ემსახურება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას და ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების დამკვიდრების საქმეს.

ბატონებო! თუ არ ცნობთ დემოკრატიის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს – “სახელისუფლო შტოების ერთმანეთისგან დამოუკიდებლობას” ფორმალურად მაინც დაიცავით, განსაკუთრებით ევროპის საპარლამენტო დედაქალაქ სტრასბურგში!

‘’სახალხოპარტია’’ მოუწოდებს ხელისუფლებას,ნუ გადააქცევთ ქართული სახელმწიფოს პრობლემად ”ქართული ოცნების” შიდა პრობლებმას!

სახალხო პარტია

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress