ლორთქიფანიძე: ქვეყანა მოუმზადებელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

gogi
  • 01 აპრილი 14:29 NEWS.GE

„სახალხო პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოვებასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ქვეყანა ამისთვის მოუმზადებელია.

„რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ხელოვნურად, ან, რაც უფრო ცუდია – მისი არაქმედითუნარიანობის გამო, ყოველმხრივ აჭიანურებს თვითმმართველობის არჩევნების პროცესს, და ქმნის დაბრკოლებებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის, რაც მეტად საგანგაშოა ქვეყნის მდგრადი განვითრებისათვის.

21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წინაშე პირველი მოხსენებით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოიყენა კონსტიტუციური უფლება და გამოაცხადა მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც _ 2014 წლის 15 ივნისი.

წესით და რიგით, ცესკომ არჩევნების დანიშვნის დღიდან ორი დღის ვადაში, პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით უნდა გამოქვეყნოს ცნობა საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით; ასევე, შექმნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები, დააზუსტოს საზღვრები შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული და ადმინისტრაციული თავისებურებების გათვალისწინებით და გამოაქვეყნოს ყოველივე ეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, არჩევნების დანიშვნის დღიდან სამი დღის ვადაში.

როგორც ვხედავთ, ეს ვადები აბსოლუტურად იგნოირებულია. საკითხის გარკვევის მცდელობისას ცესკო მთავრობისკენ იშვერს ხელს და აბსოლუტურად სამართლიანადაც. საქმე ისაა, რომ თვითმმართველობის მოუმზადებელმა კოდექსმა და შესაბამისი სტრუქტურის არაკვალიფიციურობამ განაპირობა ის, რომ დღემდე არ არის ცნობილი, თუ რა ტერიტორიულ საზღვრებში ჩატარდება არჩევნები; რამდენი და როგორი კონფიგურაციით შეიქმნება თვითმმართველი თემები; როგორ გაემიჯნება ერთმანეთს თვითმმართველ ქალაქად გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებული დასახლებები და ა.შ.

ყოველივე ეს კი ხელს უშლის ადგილებზე ჯანსაღი, მდგარდი პროცესების განვითარებას, აბრკოლებს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, სრულფასოვნად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში. შესაბამისად, ხელი ეშლებათ ოპოზიციურ პარტიებს, რათა მათ მოახდინონ ადგილებზე ორიენტირება, გამოკვეთონ მაჟორიტარი კანდიდატები სარჩევნო ოლქების მიხედვით, სწორად გაანაწილონ ისედაც მიზერული სახსრები და, რაც მთავრია, ირღვევა კანონი და ეს არავის ადარდებს.

დღეს, როცა არჩევნებამდე დარჩენილია 74 დღე, ხოლო ცესკო ვალდებულია, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა, დაიწყოს არჩევნებში მონაწილე პარტიიების/საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია, ქვეყანა აბსოლიტურად მოუმზადებელია ამ პროცესისათვის.

სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს თვითთმმართველობისა და საარჩევნო კოდექსის მიღების გაუაზრებელი და აბსოლუტურად დილეტანტური ეპოპეა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებული ვადებისა და პროცედურების იგნორირება და, ისევ წინა ხელისუფლების მსგავსად, ოპონენტებისთვის ხელების გადაგრეხის პოლიტიკა, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება ქვეყნის განვითარებასა და მომავალი თვითმმართველობის არჩევნების კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარების პროცესზე“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress