„სახალხო პარტია“: დავით მირცხულავამ პროექტის ლობირებისთვის მარტივ არითმეტიკულ თაღლითობას მიმართა

gerbebi_Page_6
  • 28 მარტი 2014   NEWS.GE

„სახალხო პარტიაში“ აცხადებენ, რომ ხუდონჰესის პროექტის ინვესტორი კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ წარმომადგენელმა დავით მირცხულავამ თაღლითობას მიმართა.

„ხუდონჰესის პროექტის მშენებლების შეხვედრაზე მასმედიასთან, ინდური კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ წარმომადგენელმა დავით მირცხულავამ პროექტის ლობირებისთვის მარტივ არითმეტიკულ თაღლითობას მიმართა. კერძოდ, მან სავარაუდო შემოსავლების პერიოდად, შთამბეჭდავი ციფრების მისაღებად გამოიყენა 20-წლიანი ვადა. კიდევ ერთი სიცრუე იყო, როცა მან დაასახელა ელექტროენერგიის გადაცემა _ დისპეტჩერიზაციით მიღებული შემოსავლები ასევე 20-წლიან პერიოდში. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს უკანასკნელი ეხება აქ მოხმარებულ ელექტროენერგიას და, შესაბამისად, ეს შემოსავლები არის ჩვენ მიერვე ტარიფით გადახდილი ფული.

ბ-ნ დავით მირცხულავას პერსონაზე აღარ შევჩერდებით და, გვინდა. მივმართოთ ხელისუფლებას, გასცეს საზოგადოებას პასუხი, ვინ არის ინვესტორი. მოგეხსენებათ, მშენებელი არ ნიშნავს ინვესტორს, თუმცა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ინდური სამშენებლო კომპანია ინვესტორთან გაიგივდეს.

საინტერესოა, იცნობს თუ არა ხელისუფლება რუსეთის ახალ ენერგეტიკულ კონცეფციას, სადაც მიზნად არის დასახული მეზობელი ქვეყნების ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე. დიდი ალბათობით, ამ მშენებლობის უკან შეიძლება სწორედ რუსეთი იდგეს. ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ პროექტით არ არის განსაზღვრული გადამცემი ხაზების მშენებლობა, რით უნდა გაიტანოს ელექტროენერგია ინვესტორმა, იქ არსებული ერთადერთი რუსული ,,კავკასიონით“? საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ხუდონჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 9%-ია ჩვენი, თან, ადგილზე 9-თეთრიანი (გარდაბნის თბოელექტრო სადგურში გამომუშავებულ ელენერგიაზე უფრო ძვირი!), გადაცემა-დისპეტჩერიზაციის შემდეგ, სავარაუდოდ, 17-თეთრიანი. დღეს არსებულ შეწონილ ტარიფს აუცილებლად გააძვირებს. მირცხულავასგან მანიპულირებული 20-წლიანი პერიოდისგან განსხვავებით, თუ ხუდონჰესიდან ყოველწლიურად მიღებულ ჩვენს საწილო ელექტროენერგიას დღეს მოხმარებულს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ის მხოლოდ ზამთრის თვეების რომელიმე 4-5 დღის ხარჯის ტოლია! კარგად გვესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკას ქვეყნის მომავალ განვითარებაში და აქ მიღებული ელექტროენერგიის 9% (თან, რის ფასად?) ამას ხელს ვერ შეუწყობს.

ამ პროექტთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლებაზე იყო ეჭვი სხვადასხვა, კორუფციულ გარიგებაზე, კერძოდ, რუსეთთან. ამ კონტექსტში ჩნდება ეჭვი პროექტის საფინანსო მოცულობასთან დაკავშირებითაც. მთელ მსოფლიოში 1 მგვტ სიმძლავრის მშენებლობა მაქსიმუმ 1მლნ დოლარი ჯდება, აქ კი _ 1,5-ჯერ მეტი. ეს რუსეთის სტილია, სტრატეგიული ინტერესი ადგილობრივი ჩინოვნიკების თუ გავლენიანი პირების მეშვეობით იყიდოს ქრთამით. ახალი ხელისუფლების საარჩევნო დაპირებით უარს იტყოდნენ გიგანტურ ჰესებზე, და, თურმე დაპირება არ დაურღვევიათ, ვინაიდან, ხუდონჰესი არ ყოფილა გიგანტური, ჩინეთსა და პარაგვაიში უფრო დიდებიც არსებობსო (ენერგეტიკის მინისტრი). ეს არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ჩვენ ერთადერთი შეფასება დაგვრჩენია: ახალმა ხელისუფლებამ წინამორბედისგან ესტაფეტა (საეჭვო გარიგებებიანად) ,,წარმატებით“ გადაიბარა!

ჩვენ ამჯერად არ ვსაუბრობთ იქ მოსალოდნელ სხვა გართულებებზე (უსაფრთხოება, საოკუპაციო ხაზთან სიახლოვე, ეკოლოგია, განსახლება, ჩაძირული მემკვიდრეობა და ა.შ.), ამ ეტაპზე მთავარია, ჩრდილოეთ საზღვართან ამხელა ტერიტორია, ჰესთან ერთად არ აღმოჩნდეს ჩვენი ოკუპანტი სახელმწიფოს ხელში. ასეთ სავალალო შემთხვევაში, ხუდონჰესი იქცევა სტრატეგიულ ობიექტად არა ჩვენთვის, არამედ, რუსეთისთვის, რაც ასახულია კიდეც ზემოთ აღნიშნულ მათ ენერგეტიკულ კონცეფციაში.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეეშვას ამ კერძო პროექტის ლობირებას, ჩამოიშოროს საეჭვო რეპუტაციის მქონე პირები და რუსეთის ინტერესების ლობისტები და, სანამ ჯერ კიდევ არის დრო, მოუსმინოს საზოგადოებასა და საერთო ნდობით აღჭურვილ დარგის პროფესიონალებს“, -აცხადებენ პარტიაში.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress