- 28 მარტი 16:26 NEWS.GE
„სახალხო პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი ლორთქიფანიძის აზრით, ბოლო დროს, ბევრი უცნაური მოვლენა, საეჭვოდ კანონზომიერად ემთხვევა ერთმანეთს დროსა და სივრცეში.
„ე.წ. ევრაზიის კავშირში საქართველოს შესვლის მხარდამჭერებისა და მათი ე.წ. მოწინააღმდეგების ჰარმონიული და წინასწარ შეთანხმებულად დაგეგმილი აქცია-სპექტაკლები კინოს სახლში თუ პუშკინის სკვერში.
ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერების აქცია და კონტრაქცია, რომელიც პატარა, ათწუთიანი კინკლაობით დამთავრდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მთელი 5 საათი ტრიალებდა ეს ნიუსი სამამულო პროპაგანდისტულ ტელესივრცეში.
ამის შემდეგ, ისევ ევრაზიის მომხრეები და მოწინააღმდეგეები, ისევ პატარა კინკლაობა და დიდი პიარი…
შთაბეჭდილება ცალსახაა: ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს სიტუაციის დაძაბვისა და პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობა და, ყველა ეს ქმედება, მსოფლიოში მიმდინარე შემაშფოთებელი მოვლენების ფონზე, მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოში შეიქმნას ანტიდასავლური ისტერია და მოხდეს რუსული ფაქტორის გაძლიერება. ამ საქმეში კი მშვენივრად კოორდინირებული, ერთი რუსული ჯიბიდან დაფინასებული, ვითომდა ერთმანეთს დაპირისპირებული ორი ძალა მონაწილეობს, რუსული პოლიტიკის ღია რუპორებისა და ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერი, ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით მომრავლებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების სახით.
დღეს, მსოფლიოში შექმნილი ახალი რეალობიდან და მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე, როცა დასავლეთი მზად არის, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს საქართველოს გაერთიანებას ევროპულ სტრუქტურებში, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, გააათმაგოს ძალისხმევა, რათა ქვეყანა დავიცვათ არასასურველი და ჩვენი მტრის მიერ დაგეგმილი რყევებისაგან.
ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს უშიშროების სამსახურებს, თავი დაანებონ ადგილობრივი არჩევნების პროცესებში ჩარევას და ბიზნსეთან დაკავშირებული საქმეების გარჩევას, დაკავდნენ თავიანთი უშუალო საქმიანობით და მოახდინონ მოსალოდნელი საფრთხეების ნეიტრალიზაცია“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.