საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს საქართველოს მთავარ პროკურორს, ბ-ნ არჩილ კბილაშვილს

gerbebi_Page_6
ღია წერილი   (01.04.2013)

1. ჩვენს უფლებად და მოვალეობად ვრაცხთ, მოგახსენოთ შემდეგი. ამ რამდენიმე თვის წინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბ-ნმა გ. პაპუაშვილმა ინტერნეტში მოათავსა და დასავლეთში გამოაქვეყნა წერილი ინგლისურ ენაზე, სადაც საქართველოს ახალი ისტორიის ფუნქციითაც და ხარისხითაც ღირსშესანიშნავი ერთ-ერთი დოკუმენტის – 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის – ღირსებებზე მსჯელობის კონტექსტში მკითხველს მიეწოდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო ორგანოს წევრთა უკანასკნელ შეკრებაზე ქ. ბათუმში 1921 წლის 17 მარტს მიღებულიყოს გადაწყვეტილება ამ კონსტიტუციის მოქმედების შეჩერების შესახებ. არანაირი დოკუმენტი ან ინფორმაციის სხვა წყარო მითითებული არ არის (და არც არსებობს. პირიქით: ისტორიისათვის ცნობილია, რომ 1921 წლის იანვარ-მარტის ომში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი ყველა საშუალებით ცდილობდა, ქართული მხარისათვის გამოეძალა კაპიტულაცია ამა თუ იმ ფორმით, რათა გადაეფარა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მყვირალა ფაქტი. ამ მიზნით, სხვათა შორის, რუსეთი ცდილობდა დამფუძნებელი კრების პირადი შემადგენლობის ხელში ჩაგდებასაც. ნ. ჟორდანიას იმდროინდელი პოლიტიკის არაერთი თითქოს უცნაური დეტალიც აიხსნება მისი მიზნით, რომ რუსებისათვის ამის საშუალება არ მიეცა. ვერც ჩაიგდეს). პაპუაშვილის ეს დეზინფორმაცია ვერ აიხსნება, ჩვენის აზრით, სხვაგვარად, თუ არა რუსეთის პირდაპირი ან არაპირდაპირი დავალებით და სხვაგვარად ვერ დახასიათდება, თუ არა როგორც სახელმწიფო ღალატის მცდელობა რუსეთის სასარგებლოდ. ამ კონტექსტში საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მომდევნო თვეებში გაჟღერდა რუსული ოფიციოზის ყალბი თეზისიც, თითქოს “აფხაზეთი არ იყო საქართველოს შემადგენლობაში გასაბჭოებამდე”, რაც, სხვათა შორის, “ევრონიუსშიც” გაისმა.მიგვაჩნია, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა (და, შესაბამისად, გაწევთ მოვალეობაც), რომ გამოიძიოთ აღნიშნული ბოროტმოქმედების ისტორია და მექანიზმები, რაც, სხვათა შორის, გულისხმობს ამ დანაშაულის შემკვეთის ვინაობის გარკვევასაც.2. იმავე პაპუაშვილმა, როგორც თავმჯდომარემ და როგორც მომხსენებელმა მოსამართლემ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე (რომლის გადაწყვეტილებები გადახედვასა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება) გაატარა გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც გაუქმდა ყოველგვარი იურიდიული შეზღუდვები უცხო მოქალაქის მიერ და, რაც ყველაზე საშიშია, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ, რომლებშიც უცხოელთა მონაწილეობა შეუზღუდველია, საქართველოს მიწის საკუთრებაში შეძენაზე, ანუ საქართველოს მიწა მთლიანად გატანილ იქნა ღია ბაზარზე, სადაც დღესდღეობით და განჭვრეტად მომავალში არ ფიგურირებს და ვერ იფიგურირებს ვერც ერთი კონკურენტუნარიანი ადგილობრივი მოქალაქე, მით უმეტეს – ადგილობრივი სოფლის მეურნე მოქალაქე (გლეხი).   ამით:ა) რადიკალურად ძირი გამოეთხარა საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებას დაბ) საქართველოს ხელისუფლებას წაერთვა საშუალება, რომ განახორციელოს თავისი პირდაპირი მოვალეობა საქართველოს მოქალაქეთა წინაშე (როგორც ეროვნულად ქართველებისა, ისე არაქართველებისა), რომელთა თანასწორობა მდგომარეობს ორად ორ გარემოებაში: თანასწორობაში კანონის წინაშე და თანასწორობაში იმ უფლების თვალსაზრისით, რომ საქართველოს მთელ ბუნებრივ შესაძლებლობებს განიხილავდნენ, როგორც თავისი შთამომავლობის გამომკვებავ გარანტირებულ ბაზას აწ და მარადის.პლენუმის აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ხელთ გვაქვს, დამყარებულია როგორც თავის ერთ-ერთ მიუცილებელ წანამძღვარზე, შემდეგ აბსურდზეც: რაკი საქართველოს კონსტიტუციაში ნახსენებია ის, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, აქედან კეთდება დასკვნა, რომ ყველა ადამიანი – ადგილობრივი მოქალაქეებიც და უცხოელნიც – თანასწორნი არიან ყველა საგანთან მიმართებაში, მათ შორის საქართველოს საარსებო საფუძვლის – მიწის – საკუთრებად შეძენაშიც. ეს იგივე ლოგიკა გახლავთ, რაც დებულება: “ადამიანები ყველანი თანასწორნი ვართ. მაშასადამე, პეტრეს და პავლეს ორივეს ერთნაირი უფლებამოსილება აქვთ პეტრეს ძროხის მიმართაც და პავლეს მეუღლის მიმართაც”. ეს ლოგიკა არის საკონსტიტუციო სასამართლოს ჩაჭრა იმ საგანში, რომელიც აბიტურიენტების შემოწმების პროცესში ბარდება “უნარ-ჩვევების” სახელით და აგებულია ინდივიდებში ლოგიკური აზროვნების უნარის და, ზოგადად, გონებრივი განვითარების შემოწმებისათვის განკუთვნილ კლასიკურ ტესტებზე.აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაც პლენუმის მიერ ჩვენ გვესახება მიზანმიმართულ დივერსიად საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და, შესაბამისად, სახელმწიფო ღალატის მცდელობად. არსებითია, რომ პლენუმმა ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა ერთხმად, შესაბამისად, აღნიშნული ეჭვი ვრცელდება არა მხოლოდ თავმჯდომარესა და მომხსენებელ მოსამართლეზე, არამედ პლენუმის მთელს დამსწრე შემადგენლობაზეც თითოეულად. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც საძიებელია ამ დანაშაულის შემკვეთი როგორც უცხო ქვეყნებში, ისე საქართველოს სახელმწიფო ნების საჭისმპყრობელთა შორის.

საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი წევრები:   მ. გიორგაძე,   დ. გოქაძე,   ნ. ვეფხვაძე,   პ. კოღუაშვილი,   ნ. ნათაძე,   შ. ჩხაიძე.     

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress