ქარტიის რატიფიკაცია ჯერ არ გვმართებს

gerbebi_Page_6

“რეზონანსი” 25.03.2013

გვარწმუნებენ, თითქოს დასავლეთი და, კერძოდ, ევროპა გვაშანტაჟებს, “თუ თქვენი ქვეყნის საშინაო კურსში არ გაატარებთ სახელმწიფოებრიობისათვის დამანგრეველ რეფორმებს, დასავლეთში ინტეგრაციას თქვენი ქვეყანა ვერ ეღირსებაო”. ეს სიცრუეა: დასავლეთის მიერ საქართველოს დაცვა რუსული აგრესიის (დღეს _ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის) წინააღმდეგ ემყარება არა საქართველოს შინაგანი ნგრევის სურვილს (თუმცა მსოფლიოში არსებობს არაერთი სახელმწიფოც და ლობიც, რომელთათვისაც ეს სასურველია), არამედ ჩვენი ქვეყნისა და დასავლეთის ფუნდამენტური გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესების თანხვედრას, ერთის მხრივ, და საქართველოს, როგორც ტიპოლოგიურად დასავლური ქვეყნის, ისტორიულმასშტაბიან საიმედოობას, როგორც დასავლური ცივილიზაციის (ამ სიტყვის ფართო აზრით) წევრისას, მეორეს მხრივ. ამავე დროს ჩვენი ქვეყნის ნაკლებ ინფორმირებულ მოქალაქეებს ატყუებენ მითებით, თითქოს ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაცია სავალდებულო წესით ითხოვდეს, ყველა დეტალში, მართვისა და ყოველდღიური ცხოვრების იმ ნორმების ავტომატურ გადმოტანას საქართველოს ვითარებაში, რაც კი ნახსენებია, ამა თუ იმ ფორმით, დასავლეთის თუნდ პოლიტიკურ, თუნდ იურიდიულ და თუნდ პირწმინადად პოპულარულ-პროპაგანდისტულ ტექსტებში. დღეს საქართველოს პარლამენტში შედის ახალქალაქის საკრებულოს პროექტი, რომ საქართველო შეუერთდეს ევროპულ ქარტიას “რეგიონალური და ეროვნული უმცირესობების ენების შესახებ”, რის შედეგადაც იგი ვალდებული ხდება (და უნდა შეასრულოს თავისი ეს ვითომც “ვალდებულება”), რომ ჯავახეთის ზეგანზე, ახალქალაქის რაიონში, სადაც სომხური მოსახლეობა (დღეს უმრავლესობა) არსებობს მხოლოდ რუსეთის მიერ 1829 წლის ომის შემდგომი ხელოვნური შემოსახლების შედეგად, “რეგიონული ენის” სტატუსით შემოიღოს სომხური ენა. ქარტიას, სამწუხაროდ, არსებითი ხარვეზები აქვს გარკვეულობის (მკაფიოობის,), კონკრეტულობის, რეალიზმის და ნამდვილად არსებულ პრობლემათა მოცვის სისრულის მხრივ. სახელდობრ_ არ არის განმარტებული ცნების “მიგრანტი” შინაარსი. ქართველებს, რომლებიც ჩვენს მიწაწყალზე პირველი და ჯერჯერობით უცვლელი ცივილიზაციისშემქმნელი მოსახლეობა ვართ, მიგრანტებად (დიასპორად) მიგვაჩნია ყველა, ვინც ამ მიწაზე სამი-ოთხი საუკუნის წინ და უფრო გვიან შემოვიდა. ზოგიერთნი ამ ტერმინს მხოლოდ დღეს ევროპაში არალეგალურად შესვლის მსურველებს უწოდებენ._ არ არის მითითებული კონკრეტული საზომები ზრუნვის საგნად განსახილველი ენების, როგორც კულტურის ელემენტების, იდენტიფიკაციისათვის._ არ არის მსჯელობის საგნად გამხდარი შესაძლებლობა იმისა, რომ მოხდება დაპირისპირება საზრუნავ “რეგიონულ” ენებსა და სახელმწიფო ენას შორის ფუნქციათა განაწილების გამო. _ რაც მთავარია, არ არის გათვალისწინებული თანამედროვე სახელმწიფოებრიობისათვის (ანუ მოსახლეობის ნებაზე ცალსახად დამოკიდებული სახელმწიფოებრიობისათვის) იმ ძალის ზემოქმედების ფაქტორი, რომელსაც ისტორიულად უცხო ძალის მიერ მიზანმიმართულად შექმნილი სეპარატისტულად და ირიდენტულად განწყობილი დიდი დიასპორები ჰქვია (ტიპიური, მაგრამ არა ერთადერთი მაგალითია რუსული დიასპორები ნასაბჭოვარ სივრცეში)._ რამდენადაც ქარტიის საგნად განსაზღვრულია ზრუნვა გაქრობის საშიშროების მქონე ენათა გაფრთხილებისათვის, როგორც კულტურის ელემენტებისა (და არა მათი მატარებელი ეთნოსების დაცვისათვის), გაუგებარია, რატომ არ არის ზრუნვის სფეროდან იმთავითვე გამორიცხული დიასპორების ენები, ანუ ისეთები, რომელთა სიცოცხლის და განვითარების ძირითადი სივრცეა შესაბამისი დასახელების მქონე სხვა სახელმწიფო (როგორც სომხური ენის ფუნქციობის და განვითარების ძირითადი სივრცეა სომხეთი და არა ჯავახეთი). თქმულიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოსთვის პრინციპულად პრობლემატურია ქარტიის რატიფიკაციის დასაშვებობის საკითხი. ხსენებულ საშიშროებას სახელმწიფოსა და ერისთვის ზრდის ის გარემოება, რომ პრობლემატური სიტუაციის შექმნისას სახელმწიფო ენისა და რეგიონული ენისთვის დათმობილი სივრცის კონკრეტულ თემებზე, მსოფლიო საზოგადოებრიობა, დიდი ალბათობით, რეგიონული ენის მხარს დაიჭერს, როგორც დეცენტრალიზაციის უფრო დიდი პოტენციის მატარებელისას, ხოლო საქართველოში უახლოეს ხანებში ისეთი ხელისუფლების არსებობა, რომელსაც სახელმწიფოს ისტორიულმასშტაბიანი ინტერესების ჯეროვანი შეგნება აღმოაჩნდება, რათა ამ ტენდენციას წინააღმდეგობა გაუწიოს, პრაქტიკულად თითქმის ნულოვანი ალბათობა აქვს.  აღნიშნული ახალქალაქური პროექტი აგებულია რამდენსამე სიცრუეზე და რამდენსამე პრინციპულ შეცდომაზე. სახელდობრ                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              1. როგორც ადგილობრივი უმრავლესობის შესახებ, რომლის სპეციფიკურად ეროვნული ინტერესები უნდა დაცულ იქნას, უფლებადაცვითი დოკუმენტები ლაპარაკობენ მხოლოდ იმ ეროვნებების მოსახლეობაზე, რომლებიც მოცემულ სახელმწიფოში იმყოფებიან თავისი მშობლიური (ისტორიული) ტერიტორიითურთ (პრაქტიკულად _ ავტოხთონურ ერებზე), ანუ რომელთაც თავისი, როგორც სრულფასოვანი ერის, თვითრეალიზაციის ერთადერთი ასპარეზი აქ აქვთ, და არა ყველა ნებისმიერ განსხვავებულეროვან დიასპორაზე დედამიწის ნებისმიერ სახელმწიფოში და სახელმწიფოებში. ამგვარი ტიპიური დიასპორა, რომელიც მასობრივად ცხოვრობს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, არიან სომხეთის გარეთ მაცხოვრებელი სომხებიც. ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ დიდ მასად რუსეთში, აზერბაიჯანში (თუმცა 1989 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მათი მდგომარეობა სავსებით ცნობილი არ არის), არგენტინაში და შესაძლოა სხვაგანაც, მაგრამ მათი სახლობის ადგილებში სომხურის დაკანონებას რეგიონულ ენად არავინ აპირებს. ანალოგიურად, არავინ აპირებს თურქული ენისთვის “რეგიონული ენის” სტატუსის მინიჭებას იქ, სადაც თურქები მასობრივად ცხოვრობენ გერმანიაში, არაბულისათვის იქ, სადაც არაბები ასევე მასობრივად ცხოვრობენ საფრანგეთში, სენეგალელებისთვის ანალოგიურ პირობებში ინგლისში და ა.შ. ამგვარად, პარლამენტში შესული ახალქალაქური ინიციატივა და მისი ლობირება “საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” ახალქალაქელ წევრთა მიერ დამყარებულია სიცრუეზე, რომლის მხილება, კეთილი ნების შემთხვევაში, მეხუთეკლასელის ამოცანაა. 2. ეროვნულ ურთიერთობათა საკითხებზე მსჯელობა, ამ საკითხთა ფაქიზი ხასიათის გამო და შესაბამის გრძნობათა სიღრმის გამო, მოითხოვს ჩახედვის რაღაცა მინიმუმს პოლიტიკის მოსაზღვრე სხვადასხვა ცოდნათა სფეროებში, როგორც მინიმუმი _ ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიურ ანთროპოლოგიაში. როცა ჩუმჩუმად პროექტდება სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭება ჯავახეთის ტერიტორიაზე (ახალქალაქის რაიონში), ამით ახალი მახასიათებელი ემატება არა ახალქალაქის სომეხ მოსახლეობას (იგი ზუსტად იმადვე რჩება, რაც არის), არამედ თვით ახალქალაქს თავისი მიწაწყლით, ბუნებით და მოსახლეობითურთ, ანუ იცვლება თვით ტერიტორიის იურიდიული და კულტურული რაგვარობა. ეს სიახლე ეხება რაიონს და მის მოსახლეობას მთლიანად. მაგალითად, ამის შემდეგ ადგილობრივი ან ჩასული ქართველი შეიძლება დაჯარიმდეს იმის გამო, რომ ვერ წაიკითხა სომხური წარწერა “შესვლა აკრძალულია”. რა იცვლება სომხური მოსახლეობისთვის? მას უჩნდება ამ რაიონის მიმართ დამატებითი უფლებების განცდა, რაც არაკონსტიტუციურია იურიდიულად და აგრესიულია ფსიქოლოგიურად (რადგან ეს უპირატესობა ვლინდება ქართველებთან მიმართებაში). ეს პრინციპულად ეწინააღმდეგება უფლებადაცვითი აზრისა და პრაქტიკის ყველა მსოფლიო ნორმასა და იდეას ყველა შემთხვევაში გარდა იმ ზემოხსენებული ერთისა, როცა მოცემული ტერიტორია არის მოცემული ერის _ ადგილობრივი ერის _ შესაძლებელი ტერიტორიული თვითრეალიზაციის ერთადერთი ასპარეზი, მისი ისტორიული და დღევანდელი სამშობლო და სხვა არავისი.3. კონკრეტულ პოლიტიკოსს და ამ შემთხვევაში პარლამენტს, რომლებსაც ხსენებულ აბსურდულ პროექტზე კენჭისყრა უწევს, ჰმართებს იმის გააზრების უნარი, თუ რა შეაქვს აღნიშნულ პროექტს მსოფლიოს პოლიტიკურ პრაქტიკაში. კერძოდ, იგი უნდა ხვდებოდეს, რომ, თუ პრაქტიკაში პრეცედენტად დაკანონდება ის, რომ მოცემული სახელმწიფო ტერიტორიის რომელსამე ნაწილში მიმდინარე დემოგრაფიულ პროცესთა დინამიკა (ვინ როგორ გამრავლდა) განსაზღვრავდეს ამ ტერიტორიის პოლიტიკურსა და იურიდიულ სტატუსს, ეს იქნება ფსიქოლოგიური სტიმული ყველა ეთნიკური ჯგუფის პანიკური შიშისთვის ყველა სხვა ჯგუფის დემოგრაფიული წარმატების (გამრავლების) წინაშე, რაც გარდუვალად შექმნის ეთნიკური წმენდისა და მისი მთავარი იარაღის _ გენოციდის _ ცდუნებას მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და მრავალ რეგიონში (მაგალითები მრავალია). 4. მრავალი ძველი და ახალგანთავისუფლებული ქვეყნისა და მათი საზოგადოებრიობისაგან განსხვავებით, საქართველოს ჭეშმარიტად დემოკრატიული სულისკვეთების წრეებმა კარგად ვიცით (და მრვალამხრივ გააზრებული გვაქვს) ის გარემოება, რომ არა თავის ისტორიულ სამშობლოში მაცხოვრებელი მიგრანტი ადამიანის და ჯგუფის სპეციფიკურად ეროვნული უფლებები მისი სახლობის ადგილას მოიცავს მხოლოდ ოთხ პუნქტს და არც ერთ სხვას. სახელდობრ_ პირად თავისუფლებას დისკრიმინაციისაგან ეროვნული ნიშნით._ მისი ეთნიკური ჯგუფის თავისუფლებას ამგვარი დისკრიმინაციისაგან_ პირად თავისუფლებას ძალადობით ან ზეწოლით ასიმილაციისაგან_ მისი ჯგუფის თავისუფლებას ამგვარი ასიმილაციისაგან.არავითარი უფლება მოცემული ტერიტორიის მიმართ ასეთ ჯგუფს (დიასპორას) არ გააჩნია (და ვერ ექნება) გარდა იმისა, რასაც იგი არეალიზებს, როგორც ხმის მიმცემი ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების არჩევნებში და (შესაბამის ფარგლებში) ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებში. მოქალაქეთა პირადი ინტერესები, ანუ მათი ინტერესები, როგორც ადამიანებისა და მოქალაქეებისა, ამაზე მეტს არც მოითხოვს და არც საჭიროებს. ის, რაც ამ მატერიალურ და კომფორტისეულ (ამ სიტყვის ფართო აზრით) ინტერესთა გარეთაა, ანუ რაც ეხება ადამიანის არამატერიალურ მოთხოვნილებას _ იმას, რომ იმ ერს, რომელსაც იგი ეკუთვნის, ჰქონდეს დედამიწაზე ტერიტორია, სადაც იგი კომპაქტურად იცხოვრებს და თავის საკუთარ საზოგადოებას ააშენებს თავისი ბუნებრივი მიდრეკილებებისა, ტრადიციისა და გემოვნების მიხედვით ანუ შემოქმედებით სოციალურსა და ორგანიზაციულ შრომას გაიღებს კაცობრიობის მარადიული იდეალების  (თავისუფლების, სამართლიანობის, კეთილდღეობის და ა.შ). რეალიზაციის საკუთარ ოპტიმალურ გზათა საძებრად თავისი ერის რესურსებით, _ იგი სულიერი და მორალური მოთხოვნილება გახლავთ და, ამდენად, სხვა სიბრტყეში განხილვას საჭიროებს. ეს უფლება ადამიანს თითქმის მუდამ აქვს და ამ ადამიანის მხრიდან მისი ამ მოთხოვნის ადრესატია პირველ ყოვლისა კაცობრიობა, როგორც ასეთი. ამ სულიერი მოთხოვნილების რეალიზაციისათვის (რომ იგი სწორედ ასეთია და არა მატერიალური, ეს, ალბათ, გვესმის) ადამიანს და მისი ერის კოლექტივს ესაჭიროებათ დედამიწაზე ერთი ადგილი და არა იმდენი, რამდენ ადგილასაც ისინი განსახლდებიან სხვადასხვა ქვეყნებში.სომხებისათვის ასეთი ზეინდივიდუალური (მთლიანად ეროვნული) თვითრეალიზაციის ადგილი არის სომხეთი (ჯავახეთის გვერდზე მდებარე), ისევე როგორც ქართველებისთვის არის საქართველო (ჯავახეთის ჩათვლით), გერმანელებისთვის _ გერმანია, ნორვეგიელებისათვის _ ნორვეგია და ა.შ. სომხების მიერ თავისი ამგვარი ადგილის მოთხოვნა საქართველოს ხარჯზე ან პირიქით _ ან ასეთი მოთხოვნისკენ გადადგმული თუნდაც მილიმეტრიანი ნაბიჯი თავისი ენის სხვის ტერიტორიის რაღაცა ნაწილზე “მეორე ენად” დაკანონების სახით, _ იურიდიული და მორალური თვალსაზრისით არის აგრესია, ხოლო გონივრულობა-უგნურების თვალსაზრისით _ აბსურდი.მივმართავთ პარლამენტს. ბატონებო და ქალბატონებო! ის, რასაც გთავაზობენ სახელმწიფო პასუხისმგებლობის შეგნებამდე ვერგანვითარებული ადამიანები საქართველოს ნაწილში სომხური ენისათვის “რეგიონული ენის” სტატუსის მინიჭების სახით, თქვენი თანხმობის შემთხვევაში იქნება უმძიმესი დანაშაული სახელმწიფოსა და ქართველი ერის წინაშე. ამ პროექტისთვის ხმის მიმცემი პარლამენტარი ვერ გაწევს იმის სიმულაციას, თითქოს არ ესმის, რას იქმს, და თითქოს მას პროექტანტების გამჭვირვალედ უსაფუძვლო, _ არც მეცნიერულ მიდგომასთან, არც მსოფლიოს რომელსამე სახელმწიფოში არსებულ იურიდიულ პრაქტიკასთან და აზროვნების წესთან არანაირი შეხების წერტილების არმქონე _ არგუმენტაცია აკმაყოფილებს. გაითვალისწინეთ: საქართველოს სახელმწიფო და ქართველი საზოგადოებრიობა არც თუ შორეულ მომავალში იძულებული იქნება გაასამართლოს თქვენი წინამორბედი ხელისუფლებანი _ სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ _ იმ დანაშაულისთვის, რომელსაც სახელმწიფოს მიზანმიმართულად არასწორი მართვა, ანუ მეზობელი სუპერძალის აგენტურული დავალებით მისი მრავალგანზომილებიანი ნგრევა ჰქვია, რადგან იგი ვალდებული იქნება აღნიშნულ ხელისუფლებათა მოყენებული დანაკარგების რესტიტუციის პროცესში, რომ დაიმოწმოს აღნიშნულ რეჟიმთა დანაშაულებრივი, სახელდობრ, აგენტურული რაობა და მათი ხელისუფლებაში ყოფნის არალეგიტიმური (არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე დამყარებული) ფორმა. თუ თქვენ ამავე გზაზე წახვალთ და თქვენი უპასუხისმგებლობით საქართველოს ისტორიულმასშტაბიანი ინტერესებისთვის საზიანო კაპიტულანტურ ნაბიჯებს გადადგამთ, დღესდღეობით ახალგაზრდა და ძალიან ახალგაზრდა თაობები იძულებულნი გახდებიან, რომ იურიდიული წესით გამოავლინონ თქვენს დღევანდელ მოქმედებაში გარე მტრის პირდაპირი ან მრავალსვლიანი ანტიქართული ზემოქმედების კვალი.იყავით ფრთხილად!მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. გთხოვთ, ბრძანდებოდეთ ფხიზლად!

 საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი წევრები:   მ. გიორგაძე,   დ. გოქაძე,   ნ. ვეფხვაძე,   პ. კოღუაშვილი,   ნ. ნათაძე,   შ. ჩხაიძე.     

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress