ვინ და რატომ წამოსწია რეგიონული ენის პრობლემა.
ახალი თაობა” 25.03.2013 შორენა კოწოწაშვილი
ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა გიორგაძე ქვეყნისთვის დამღუპველს უწოდებს იმ ტენდენციას, რომელიც რესპუბლიკელების მხრიდან დადგა და ჯავახეთში სომხური ენის რეგიონულ ენად გამოცხადებას გულისხმობს. გიორგაძის თქმით, ეს იქნება სეპარატიზმის წახალისება და საქართველოში ფედერალური ტერიტორიული მოწყობის დამკვიდრებისკენ გადადგმული ნაბიჯი.
რა შეცდომებს უშვებენ `ქართული ოცნების~ უმწიფარი პოლიტიკოსები და რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერი მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, მართლაც ნაცმოძრაობის პოლიტიკური რეანიმაცია მოხდა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ამ ფორმით კენჭისყრით?
_ როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების თემა წამოიჭრა, ჩვენთვის მისი აქტუალობა ცოტა გაუგებარი იყო, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სააკაშვილი არ გამოიყენებდა და კიდევ უფრო მეტი, ვერ გამოიყენებდა ამ უფლებებს, რადგან მოხდებოდა მისი საბოლოო პოლიტიკური განადგურება. მთავრობის დათხოვნას ავტომატურად მოყვებოდა პარლამენტის დათხოვნა და ახალ არჩევნებში ნაცმოძრაობას გაუჭირდებოდა ბარიერის გადალახვა. შეიძლება სააკაშვილი გარეგნულად ექსცენტრიულია და გაუწონასწორებელი ადამიანის თვისებებს ამჟღავნებს, მაგრამ პოლიტიკურ ცხოვრებაში საკმაოდ ადექვატურია; მისი მხრიდან დღეს პროცესის ასე რადიკალური ესკალაცია, მის პოლიტიკურ განადგურებას გამოიწვევდა. ამიტომ ასეთ საფრთხეს ჩვენ არ ველოდებოდით. შეიძლება, ოცნებას სხვა ინფორმაციები ჰქონდა, მაგრამ, გაუგებარია, 3 თვის განმავლობაში ასე დასმა საკითხისა. რა თქმა უნდა, ჰიპოტეტურად არსებობდა საფრთხე, რომ ეს გაეკეთებინა, როგორც გააკეთა 2007 წელს ან 26 მაისს, მაგრამ სააკაშვილმა იცის, რომ მაშინ სულ სხვა კალიბრის მოწინააღმდეგეები ჰყავდა, დღეს კი ივანიშვილის სახით სულ სხვა კალიბრია წარმოდგენილი; მეორეს მხრივ, არც ვითარებაა ისეთი, რომ მან შეძლოს ასეთი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ ჩვენ მისი მხრიდან მთავრობის დათხოვნას არ ველოდებოდით. უცნაური იყო ამ საკითხის ასე დრამატიზება. მაგრამ, რადგან დრამატიზება გაუკეთდა, რჩებოდა ის ვარიანტი, რომ ამით ნაცმოძრაობის საბოლოო განადგურებისკენ მიმართული ქმედებები განხორცილდებოდა და ნაციონალების პოლიტიკურ საფლავზე ლამაზად დაიდებოდა გვირგვინი.
_ ანუ ამ ეტაპზე შეცდომა იყო უმრავლესობის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების შემოტანა?
_ საკონსტიტუციო ცვლილებების წამოწევით მიღებული პრაქტიკული შედეგი ნამდვილად ვერ ვნახეთ. ვერ ვნახეთ, რას ემსახურებოდა ამდენი ძალისხმევა. მაგრამ გამოჩნდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, პარლამენტში სხვისი ზურგით შესული, ხელოვნურად გაფუებული, ლამაზად შეფუთული ლიდერების არაქმედითი პოლიტიკური ლიდერების კრებულია და რომ ივანიშვილის რეიტინგს ამოფარებულებს, მხოლოდ ტელეკამერების წინ ხელოვნურად დაყენებული ხმით შეუძლიათY თავის მოწონება და ისეთი მარტივ ამოცანებსაც კი ვერ ჭრიან დამოუკიდებლად, როგორიც არის გვირგვინის დადება პოლიტიკური მოწინააღმდეგის წინასწარ ანონსირებულ საფლავზე. გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არის უპასუხისმგებლო ხალხი. ასამდე დათვლა დეპუტატმა ხომ უნდა იცოდე და თუკი იცოდი, რომ ასამდე დეპუტატი არ გყავდა, რატომ მიეცი სააკაშვილს იმის საშუალება, რომ კიდევ ერთხელ დაეცინა ქართველი ერისთვის?! გაბადრული სახით გამოსული სააკაშვილის ხილვა უმრავლესობას ძალიან სიამოვნებდა?! შესაძლებელი იყო ბოლო წუთამდე უფრო ღირსეულად და რაფინირებულად გამოსვლა ამ კონკრეტული მომენტიდან. ან თავიდანვე გაეკეთებინათ, ან დღის დასაწყისში და ეთქვათ, რომ რა ვქნათ, ეს ახირებაა ნაციონალების. რა საჭირო იყო ივანიშვილის ამ საკითხში ჩართვა და თან ძალიან უხერხული კუთხით?! თავის თავზე უნდა აეღოთ ეს დეპუტატებს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ესენი ფუყე ლიდერები არიან. სამწუხაროა, როდესაც ასეთ ელემენტარულ ამოცანას ვერ გადაჭრი იმ დიდი გამოწვევების ფონზე, რაც საქართველოს წინ ელოდება, ალბათ ეს პარლამენტი სრული უუნარო იქნება. ამ პარლამენტის იმედი ნამდვილად არ უნდა გვქონდეს.
_ ზოგი ფიქრობს, რომ ამ საკონსტიტუციო შეთანხმებით სახელმწიფომ მოიგო.
_ რითი მოიგო სახელმწიფომ, იმ არარსებული საფრთხის განეიტრალებით? თუ ჩვენ ასეთ ჰიპოტეტურ საფრთხეებზე გავამახვილებთ ყურადღებას, ამ კონსტიტუციაში ასეთი საფრთხე კიდევ ბევრი რჩება. სააკაშვილს დღეს მოქმედი კონსტიტუციით კიდევ მრავალი საფრთხე უპყრია ხელთ. ის ჯერაც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია. შესაძლებელია სერიოზული პროვოცირების გაკეთება, რომელიც 48 საათის მერე უნდა ეცნობის პარლამენტს. 48 საათი კი არა, 24 საათში წააგო სააკაშვილმა 8 აგვისტოს. მსგავსი ასანთებით დახუნძლულია საქართველოს კონსტიტუცია. მაშინ ყველა ასეთი შენელებული მოქმედების ნაღმი გავანეიტრალოთ დღესვე, რათა ის ხვალ არ მოიყენოს სააკაშვილმა. სააკაშვილს რჩება მრავალი მექანიზმი პარლამენტის და მთავრობის დათხოვნის, თუნდაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით. მას ნამდვილად შეუძლია მოვლენების ესკალაცია.
_ რას დაარქმევდით ამას, ნაციონალებთან გარიგებას თუ ახალი ხელისუფლების სისუსტეს? ბევრი ამას რესპუბლილელების ფაქტორით ხსნის, უმრავლესობაში პოლიტიკოსების სიმცირით. …
_ აშკარაა, პარლამენტში არის დეფიციტი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებებისა, ხოლო უმრავლესობაში საერთდო არ ჩანს გამოკვეთილი პასუხისმგებლობის მქონე ლიდერი. მეტ-ნაკლებად ადექვატური ამ მიმართულებით უსუფაშვილი გამოიყურება. დამტკიცდა, რომ ნაცმოძრაობის პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას სწორედ `ქართული ოცნების~ ასეთი უნიათო ქმედებები უწყობს ხელს. ოცნებისთვის დღეს ძალიან კომფორტულია ხალხის თვალში ასეთ დისკრედიტებულ ძალასთან ოპონირება, მაგრამ აი, ამ ცდუნებას _ ვითარების გაიოლებას_ საქართველოთვის შედეგი არ მოყვება იმიტომ, რომ ხვალ-ზეგ, როდესაც გაცილებით სახელმწიფოებრივი საკითხები წამოვა წინა პლანზე, ეს პრობლემები შემდეგ იჩენს თავს. ოცნების ზოგიერთი წარმომადგენელი ისეთ განცხადებებს აკეთებს, თითქოს სხვა გალაქტიკიდან იყოს ჩამოსული. დამტკიცდა ის სიმართლე, რაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ პოლიტიკურად მოიმწიფებელი ხალხი ყავს პარლამენტში; იგივე უსუფაშვილის განცხადება ავიღოთ _ სამი დეპუტატიც არ არის, რომელსაც შეუძლია საქმის კეთება და მსგავსი შეფასებები, რომელსაც ივანიშვილი თავის გუნდის შესახებ აკეთებს, ძალიან სამართლიანია. როცა პრემიერი ასეთ განცხადებას გააკეთებს, შესაბამისი ქმედებაც უნდა განახორციელოს. ჩვენი სატირალი ხომ არ არის, მას რომ გუნდში უმწიფარი პოლიტიკოსები ყავს? რომ მის გუნდში მხოლოდ იმით არიან დაკავებული, რომ როგორმე მას ასიამოვნონ. ეს პრობლემა მოსაგვარებელია.
_ და მოსაგვარებელია ვადამდელი არჩევნების გზით?
_ ეს უკვე მათ უნდა გადაწყვეტონ, როგორ მოაგვარებენ ამ პრობლემას; როგორ გახდიან პარლამენტს ქმედუნარიანად; როგორ მოხვდებიან პარლამენტში ის ადამიანები, რომლებიც არიან ჩართული პოლიტიკაში და დარწმუნებული არიან თავის სწორ პოზიციაში. შეიძლება ეს პოზიცია ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ხვალ, როდესაც ქვეყნის წინაშე დადგება პრინციპული გადაწყვეტილებების მიღების დრო, ეს პარლამენტი ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებებს. ეს უკვე ქვეყნის პრობლემა გახდება.Aსანამ ეს მხოლოდ უმრავლესობის პრობლემაა, ვითარების გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება. მაგრამ ხვალ, როცა ეს უკვე ქვეყნის პრობლემა გახდება, ამის გამოსწორება გართულდება. ამიტომ ივანიშვილი ან ახალი არჩევნებისკენ უნდა წავიდეს, ან მან უნდა გახსნას საჯარო სივრცე, სადაც სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც მიეცემათ აქტიური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა პოლიტიკურ ცხოვრებაში. წინააღმდეგ შეთხვევაში, კვლავ აღმოვჩნდებით მოპოლიზებულ გარემოში, სადაც არშემდგარი ლიდერები, პრაქტიკულად, ვერ აგვარებენ პრობლემებს და მივიღებთ ძალიან მძიმე შედეგებს ჩვენი ქვეყნისათვის. ვფიქრობ, ივანიშვილმა ვალდებულია საჯარო სივრცე გახსნას, რადგან ამბობს, რომ ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოს შექმნის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესები კონკურენტულ გარემოში განვითარდეს. ჩვენ, პრაქტიკულად, ღიმლით ჩავატრეთ თემები, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის ბათუმში მეჩეთების მშენებლობა; ენების ქარტიის თემა; იგივე აფხაზეთის მხარედ აღიარება. თუნდაც ის, რომ დღეს საქართველოში არის ოფიციალური სტრუქტურა, რომელსაც ვინმე სანაკოევი ხელმძღვანელობს და ამას ჰქვია ცხინვალის დროებითი ადმინისტრაცია. მსგავსი თემებია დღეს სწორედ წინა პლანზე წამოსაწევი. ჩვენ კი ისეთ რამეზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომელიც არც ქვეყანას არგია და არც პარლამენტში წარმოდგენილ ჯგუფებს აძლებს იმის შესაძლებლობას, რომ ცოტა უკეთ წარმოჩინდნენ საზოგადოების წინაშე. რეალურ თემებზე უნდა ვისაუბროთ და არა ვირტუალურზე. თუ ,,ოცნების” და ნაცმოძრაობის დეპუტატებს ერთმანეთში გასაყოფი არ ჰქონდათ, როგორც დღეს გამოჩნდა, სამი თვის განმავლობაში ერთმანეთს კვერცხებს რაღას ესროდნენ და რატომ დგამდნენ ასეთ სპექტაკლებს? რადგან პრინციპულ საკითხებზე არ შეუძლიათ მსჯელობა და ამის უფლება არა აქვთ; არ აქვთ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და არიან ხელოვნურად გაფუებული ლიდერები და არა ბრძოლისუნარიანი პოლიტიკოსები, იმიტომაც ვიღებთ ამ სურათს.
_ დაბოლოს, როგორია თქვენი პოზიიცია ბოლო დღეების ხმაურიან განცხადებებზე: პრეზიდენტის თქმით, ახალი ნაციონალური მოძრაობა დაიბადა; ახალქალაქის სომხური მოსახლეობა კი სომხურის რეგიონულ ენად დაკანონებას ითხოვს.
_ აი, სწორედ ეს არის უბედურება. ყურადღებას არ ვამახვილებთ იმ გარემოებაზე, რომ ერთ-ერთი სახელისუფლო პარტიის მეშვეობით წამოიწია ხელახლა ძალიან საშიში თემა ქვეყნისათვის და ჩვენ ამაზე ვამბობთ, თითქოს ეს არაფერია. როგორ არ არის საშიში, როდესაც რესპუბლიკური პარტიის ახალქალაქის საკრებულოს ფრაქციამ წამოიწია ეს თემა. ე. ი. ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლობა მხარს უჭერს ამ თემის წამოწევას და შემდგომ გარკვეულ ვითარებაში მის რეალიზებას ქართველი ხალხის უკითხავად; და მეორე მომენტი _ ნაცმოძრაობის რეანიმირება თავიდან ბოლომდე არის ,,ოცნების” კისერზე. ,,ოცნებამ” უნდა გაგვცეს პასუხი, მის კომფორტულ ყოფას რატომ უნდა შეეწიროს ქართული საზოგადოება. რატომ ხდება კოჰაბიტაცია მათგანვე დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადებულ ნაცმოძრაობასთან და არა იმ ჭეშმარიტ რეალურ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს ინტერესებს იცავდნენ. ამაზე პასუხი უნდა გაგვცენ, აგრეთვე იმაზეც, რატომ ხდება აქცენტების გაკეთება მხოლოდ უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დახურულ სივრცეში მიმდინარე პროცესებზე. მერე ამას მათ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობოებთან და ტელევიზიებთან რომ დააპიარებენ, ეს ჰგონიათ ამათ საზოგადოების ჩართულობა სახელმწიფოს ცხოვრებაში. სახელმწიფოებრივი საკითხები კონსენსუსის გზით უნდა მიიღებოდეს. თუ ეს არ ესმით, კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა. თუ ესმით და არ აკეთებენ, მაშინ ქართულმა საზოგადოებამ უნდა აჩვენოს თავისი რეალური შესაძლებლობები და ის პროცესი, რომელიც 1 ოქტომბრიდან განვითარდა, ქვეყნის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პროცესები კიდევ უფრო განმტკიცდეს და ქვეყანა ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეს.