ახალი ძალა – მოამბე 6 11.07.1988

gia
                                 `ვფიცავ… მთელი ჩემი მორალური და
                                   ფიზიკური ძალა მოვახმარო სამშობლოსა
                                   და მისი აღორძინების საქმეს.
                                   ვფიცავ, წარვმართო საკუთარი ძალები,
                                   აზრები და მოქმედებები იმისკენ, რომ
                                   იტალიამ დამოუკიდებლობა, ერთიანობა
                                   და თავისუფლება მოიპოვოს~.
                                             ჯუზეპე მაძინის მიერ დაწერილი
                                ფიციდან `ახალგაზრდა იტალიის~ წევრთათვის.
დამოუკიდებლობადაკარგული ქართველი ერი 1924 წლიდან, ეროვნული აჯანყების  დამარცხებისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მიერ საქართველოს დატოვების დღიდან, თავის ახალ გმირებს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალ ახალ ტალღას ელის.
ამ 70 წლის განმავლობაში ბევრი ეროვნული მოღვაწე გვყავდა, ბევრი დიდი ხელოვანი თუ მეცნიერი, ერისთვისაც მრავალმა დადო თავი, მაგრამ ალბათ გვჭირდება ჩვენი ერის უახლეს ისტორიაში გმირების მოძებნა. შესაძლოა იყვნენ პოტენციური გმირები, მაგრამ მათ ვერ ან არ შეძლეს საკუთარი თავის ბოლომდე გახსნა-გამოვლენა და საბოლოო ჯამში კი გმირად ქცევა.
70 წლის განმავლობაში ეროვნული მოძრაობა თუკი არსებობდა, ის მხოლოდ სტიქიურ, არაორგანიზებულ ხასიათს ატარებდა და ზოგ შემთხვევაში არასწორ პოზიციაზეც იდგა. (ამის საილუსტარციოდ 1956 წლის 9 მარტის გამოსვლაც იკმარებს). ან კი როგორ შეიძლება ეროვნული მოძრაობა, ამ სიტყვის უზუსტესი გაგებით, ჩვენში ყოფილიყო, როდესაც ქართული პატრიოტიზმი პოლიტიკურ მიმდინარეობად არასდროს ჩამოყალიბებულა ამ ბოლო შვიდი ათეული წლის განმავლობაში. ერთი მხრივ, ტოტალიტარული რეჟიმი და მეორე მხრივ, ქართველთა პოლიტიკური ინდიფერენტიზმი იყო ამის მიზეზი. აკი ამბობდა ჟორდანია _ პოლიტიკა აბდლობააო და რა გასაკვირია, რომ `რიგით~ ქართველებს თვით სიტყვა `პოლიტიკაც~ კი ვერ გაეგოთ და როგორც ყველაფერი ის, რაც ადამიანისთვის გაუგებარია, უარეყოთ. სამაგიეროდ, ამ წლების განმავლობაში საქართველო უხვად ამარაგებდა რუსეთს პოლიტიკური მოღვაწეებით, მაგრამ ყველა ეს პოლიტიკოსი რისხვად ევლინებოდა საქართველოს. ე.ი. ჩვენ ჩვენი ეროვნული პოლიტიკა, ეროვნული პოლიტიკოსები არ გაგვაჩნდა და ეს იყო ჩვენი ეროვნული ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
მრავალი ქართველი პატრიოტი ჯერ მარტო იმიტომ ვერ გახდებოდა ეროვნული პოლიტიკოსი, რომ ყალბი, პლაკატური სიკეთით იყო დაბრმავებული და ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ამ უკანასკნელს აყენებდა.
ნიკოლო მაკლიაველი წერს:
`როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი უნდა შევიკავოთ იმაზე მსჯელობისაგან, სამართლიანია ესა და ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქების თუ საძრახისი; ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და და თავისუფლების შენარჩუნებას~.
ეს, რა თქმა უნდა, სრულებით არ ნიშნავს მორალის უარყოფას და ეროვნული პოლიტიკის, როგორც უზნეობის, აპოლოგიას. უბრალოდ დიდს, ყველაზე მთავარს ემორჩილება შედარებით მეორეხარისხოვანი და ეს ქრისტიანულიცაა და გონივრულიც. `თეთრხელება~ და ყბედ ადამიანებს არაფერი კარგი არ გაუკეთებიათ ერისათვის, ხოლო საკუთარი უნიათობით კი ბევრი რამ წაუხდენიათ.
ქართველობას ხშირად არ სცოდნია, თუ როდის რა უნდა ეკეთებინა. რელიგიას ის პოლიტიკაში ურევდა, ფილოსოფიას _ პრაქტიკულ საქმიანობაში, ეროვნულობას _ მსოფლიურობასა და კოსმოპოლიტიზმში და ა.შ. არჩილ ჯორჯაძის ტერმინი რომ ვიხმაროთ, ეს ისტორიული დალტონიზმი დღესაც ახასიათებს მრავალ ქართველს და ჩვენ ამას უნდა ვებრძოლოთ. ქართველებს დავიწყებული ჰქონდათ, რომ `ადამიანი არის ის, რასაც აკეთებს~ (მალრო) და არა ის, რასაც ლაპარაკობს ან თუნდაც განიცდის. ტურგენევს აქვს ერთ რომანში ასეთი სიტყვები: `_ გაანთავისუფლო სამშობლო!.. ამ სიტყვების წარმოთქმაც კი საშინელია, იმდენად დიადია…~
ქართველს შეეძლო ენის დასაცავად ქუჩაში გამოსვლა და საჭიროების შემთხვევაში მკერდის შეშვერაც ტყვიისათვის,  მაგრამ ეს არ იქნებოდა და არც იყო პოლიტიკა, ეს იყო მხოლოდ გაღვიძება ქართული სისხლის. ეს არ იყო ორგანიზებული, `დაგეგმილი~ გამოსვლა და სწორედ ამიტომაც მრავალი ასეთი ტალღა უკანვე მიიქცა და ეროვნული აღტყინებაც მალე განელდა.
ქართველს არ შეეძლო ყოველდღიურად, ყოველ წამს დიდი ქართული საქმის კეთება, პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა და გეგმაზომიერად, გონივრულად სიარული საბოლოო გამარჯვებისაკენ. ჩვენი ერი მთლიანად ემოციებს იყო მინდობილი და უკეთეს შემთხვევაში ეს უსისტემო პროტესტი 1978 წლის 14 აპრილის დემონსტარციის მსგავსი მოვლენებით გამოიხატებოდა.
ჩვენ დავიწყებული გვქონდა, რომ საჭიროა პერმანენტული, ყოველდღიური ბრძოლა. შესაძლოა ნაკლებმასშტაბური გამოსვლები, მაგრამ უწყვეტი, რათა ეროვნულ სულს არ ჩაეთვლიმა, ხალხი დაერაზმა და მზადყოფნაში ჰყოლოდა.
დღეს ასპარეზზე ახალი ძალა გამოვიდა. ძველი პატრიოტებისაგან განსხვავებით ეს ძალა პოლიტიკურია და ეს არის მისი მთავარი ღირსება. ილია ჭავჭავაძის საზოგადოება _ IV დასი _ არ ელოდება მომენტს და კონკრეტულ სიტუაციას, ის თავად იბრძვის ამ სიტუაციის შესაქმნელად, იბრძვის ყოველდღე, მთელი ძალღონითა და ენერგიით.
ვის უნდა დაეყრდნოს ეს პოლიტიკური ორგანიზაცია? სოციალური მტრობისა და კლასთა ბრძოლის მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის პირობებში აღზრდილმა ბ ო ლ შ ე ვ ი ზ ო ი დ მა  ობივატელმა შეიძლება იკითხოს: გლეხს? მუშას? ინტელიგენტს? ჩვენ ვიტყვით: არცერთს. დავიწყოთ იქიდან, რომ დღევანდელი გლეხი გლეხი კი არა, უკვე კოლმეურნეა; არც მუშაა ის, რაც იყო ადრე (და საერთოდ, მუშათა კლასი საქართველოში არასდროს არ ყოფილა მძლავრი); რაც შეეხება ინტელიგენციას, ჩვენ თითზე ჩამოსათვლელი ინტელიგენტი გვყავს, მაგრამ ასეც რომ არ იყოს და გლეხი გლეხობდეს, მუშა მუშობდეს და ინტელიგენცია თავის სიმაღლეზე იდგეს, ჩვენ მაინც არ დავეყრდნობით არცერთს.
ზოგადად პატრიოტის, ქართველის იმედი გაქვთ? _ კვლავ იკითხავს ობივატელი სკეპტიკოსი და ჩვენც კვლავ უარით ვუპასუხებთ, რადგანაც დღევანდელ ქართველს სულ სხვადასხვანაირად ესმის პატრიოტიზმი და ერთიანობა არც აქ არსებობს. ესეც რომ არა, ჩვენი პატრიოტიზმი, როგორც უკვე ვთქვით, ძირითადად ემოციებზე იყო დაფუძნებული და ყოველდღიური მუშაობის ფორმა მას არ ჰქონდა.
მაშ ვის? ვის უნდა დაეყრდნოს დღევანდელი ეროვნული მოძრაობა? მოსახლეობის რომელ ნაწილს?
ბუონი-ის, მხოლოდ ბუონი-ის, იტალიურად ეს სიტყვა `კეთილს~ ნიშნავს, მაგრამ ეს `კეთილი ადამიანები~ მხოლოდ ზნეობით კი არ არიან კეთილნი, არამედ მათ `სიკეთეს~ სოციალური და პოლიტიკური გაგებაც აქვს უკვე.
`ხალხმა უნდა იმოქმედოს… არა დამოუკიდებლად, არამედ ბელადთა, ანუ, როგორც ხშირად წერს მაძინი, ახალგაზრდების ხელმძღვანელობით.
მაძინის ლექსიკონში `ახალგაზრდობა~ იმდენად არა ასაკობრივი ცნებაა, რამდენადაც მორალური, ხოლო საბოლოო ჯამში კი სოციალურიც. ეს არის ბუონი _ კეთილი ნების ადამიანები…
`ახალგაზრდა შეიძლება იყოს 50, 70 წლის კაცი, ხოლო 20 წლის ზოგიერთი ადამიანი მაძინისათვის არ არის ახალგაზრდა. ლიბიის ეროვნული გმირი, 70 წლის ომარ ალ-მუხტარი ჭეშმარიტი `ბუონი~, ჭეშმარიტი ახალგაზრდა იყო, რადგან ის არ დაღლილა, არ `დაბერებულა~, იარაღი არ გაუგდია ხელიდან და სიკვდილამდე თავისი სამშობლოს განთავისუფლებისათვის იბრძოდა.
გავიხსენოთ 1978 წლის 14 აპრილის მრავალი ახალგაზრდა _ ისინი გულწრფელად იცავდნენ ქართულ ენას 10 წლის წინათ, მაგრამ დღეს სად არიან ისინი? ჩვენ მათ ვერ ვხედავთ ჩვენს გვერდით, იმიტომ, რომ ზოგი `დაბერდა~, ზოგმა ცოლი მოიყვანა, ზოგიერთი `კარგ~ სამსახურში მოეწყო, ხოლო ზოგი უბრალოდ დაშინდა. ჭეშმარიტი ახალგაზრდა კი არასდროს ბერდება, მის პოზიციაზე არ მოქმედებს არც ოჯახური და არც სამსახურებრივი მდგომარეობა, შიშზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი _ ახალგაზრდას, `ბუონის~ ღვთის გარდა არავის არ ეშინია _ ის ყოველთვის იბრძოდა და იბრძოლებს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის.
მაძინი მიმართავდა ერთ ასეთ `დაღლილს~:
`ვინ ითხოვს შენგან შეუძლებელს? მემუქრები ყოველწამს იმით, რომ მიმატოვებ? ეს-ეს არის დავიწყეთ და შენ უკვე დაიღალე? არაფერი არ მესმის. ნუთუ არა გაქვს ტანჯვის ნიჭი? წმიდაო ღმერთო, მაშ რისთვის დავიბადეთ… თუ არა ამისსთვის?.. შენ, ჩემი მეგობარი და დაიღალე?~
მაძინისეული ახალგაზრდა საქმისათვის ყველანაირად შეუცვლელია:
`უმჯობესია თამამი იყო, ვიდრე ფრთხილი და წინდახედული, რადგანაც ბედისწერა _ ქალია, და მის მოსათვინიერებლად არ უნდა იშურებდე მუჯლუგუნებსა და წიხლებს; ვინც არ იშურებს, უფრო ადვილად იურვებს მას, ვიდრე ფრთხილი და მოკრძალებული კაცი. ამიტომ ბედისწერა, ქალისა არ იყოს, ყოველთვის სიჭაბუკეს ამჯობინებს, რადგანაც სიჭაბუკე უფრო თამამია, დაურიდალი და უფრო თავდაჯერებულად მბრძანებლობს მასზე~.
`ახალგაზრდას~ გატეხვა, 20 წლის იქნება ის თუ 70 წლის, არაფერს არ შეუძლია.
`მოუკვდა დედ-მამა, მოკვდა იაკოპო რუფინი,  მისი ცხოვრება დატოვა ჯუდიტა სიდოლიმ,  წყდებოდა ის უხილავი ძაფები, რომელიც განდევნილს სამშობლოსთან აკავშირებდა და სადაც `მხოლოდ საფლავებიღა იყო დარჩენილი~, მაგრამ დარჩენილი იყო ვალიც, ვალი `სამშობლოსა და ღმერთის წინაშე…~
ინტელექტუალებსა და `თეთრხელება~ ადამიანებს `ახალგაზრდები~ აღიზიანებთ იმიტომ, რომ მათ სიმაღლეზე დადგომა არც ხელეწიფებათ და არც სურთ. მათთვის ისიც არის მიუღებელი, რომ `მაძინისათვის ადამიანები არ არსებობენ, არსებობს მხოლოდ საქმე, თან ერთი საქმე; თვითონ ის არსებობს, `ცხოვრობს და მოძრაობს~ მხოლოდ მასში~.
მიუხედავად ამისა, ძნელია ვინმე გულგრილი დარჩეს მაძინისადმი, ნებისმიერი `ახალგაზრდისადმი~; ქუდი არ მოიხადოს და თაყვანი არ სცეს მას. ძალიან შორს უნდა იდგე სამართლიანობისა და პატიოსნებისაგან, რომ ეს არ გააკეთო.
`თქვენ… ბოლო დროის ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური მოღვაწე ხართ. თქვენი სახელი გარემოცულია თანაგრძნობითა და პატივისცემით. ის კია შესაძლებელი, რომ არ დაეთანხმო თქვენს აზრებს, მოქმედების ფორმებს, მაგრამ შეუძლებელია პატივი არ სცე თქვენნაირ ადამიანს~. _ წერდა მაძინის იგივე გერცენი.
`ზომიერები~ აღიარებდნენ და რა უნდა ექნათ მაძინისტებს, ერთ მუშტად შეკრულ `ახალგაზრდებს~? ადამიანები სიკვდილთან შესაყრელად მაძინის სახელით მიდიოდნენ, რადგან მაძინი იყო თვით იტალია, ის იტალია, რომელიც ყოველთვის ახალგაზრდა იყო და სამთავროებად დაქუცმაცებული, ოკუპანტთაგან დაპყრობილი, მაინც განაგრძობდა ბრძოლას ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის. ის ლაპარაკობდა მაშინ, როდესაც ყველას ეძინაო, თქვა გარიბალდიმ მაძინის შესახებ.
ჯუზეპე მაძინი თითოეული მეგობრის, თითოეული იტალიელის დაღუპვას მძიმედ განიცდიდა, მაგრამ მან იცოდა _ მსხვერპლი აუცილებელი იყო.
ის სხვისგან ძალიან ბევრს მოითხოვდა, მაგრამ უფრო მეტს საკუთარ თავს თხოვდა. შეიძლება ითქვას, რომ მაძინიმ პირადი ცხოვრებაც კი არ დაიტოვა და ერთგვარ პოლიტიკურ ასკეტად იქცა. შიმშილობდა, ცხოვრობდა გაჭირვებაში _ განდევნილი, შევიწროვებული… მთელი ცხოვრება უმკაცრესი კონსპირაციის პირობებში გაატარა, თავად გაჭირვებული ეხმარებოდა სხვებს, ემიგრანტი იტალიელებისთვის ხსნიდა სკოლებს, ქმნიდა სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და ვოლონტიერთა რაზმებს, მთელ ევროპაში აგროვებდა ფულს სამხედრო ოპერაციებისათვის, გამოსცემდა ჟურნალებს, იარაღით ხელში მიაბიჯებდა დანარჩენ ვოლონტიორებთან ერთად და საკუთარი სისხლით ზღავდა დამონებული ერის ცოდვებს… ის იყო ჭეშმარიტი `ახალგაზრდა~, ნამდვილი `ბუონი~, ნამდვილი მებრძოლი.
ეს დიდი პოლიტიკური მოძღვარი კარგად ხედავდა `ზომიერობის~ საფრთხეს, ებრძოდა მას და ხალხს მხოლოდ `ახალგაზრდობისაკენ~ მოუწოდებდა. `ახალგაზრდების~ პერმანენტული ბრძოლა იყო მაძინის კონცეფციაში ერთ-ერთი მთავარი. მაძინი კარგად იცნობდა ადამიანის ბუნებას, ხალხს და ამიტომაც იბრძოდა იმისათვის, რომ ხალხი არ გამოსულიყო `ახალგაზრდათა~ კონტროლიდან:
`თუ თქვენ ხალხს მოქმედებისაკენ უბიძგებთ და ხელს უშვებთ მას, მაშინ მტრის მეცადინეობითა და მონობით წარმოშობილი მიდრეკილებების გამო… ის იმ პირველივე პარტიას ჩაუვარდება ხელთ, რომელიც მოინდომებს მის დაუფლებას. იყავით ხალხთან, ნუ ჰკრავთ მას ხელს… მზად იყავით მისთვის დასაღუპად და ხალხიც იქ წამოვა, სადაც თქვენ მას წაიყვანთ…~
მაძინი ხედავდა, რომ იტალიას პროფესიონალი პოლიტიკოსები, პროფესიონალი იტალიელები სჭირდებოდა და ისიც თავისი მაგალითით, თავისი ბრძოლით ქმნიდა ასეთ პროფესიონალებს. პროფესიონალი მხატვრები, პოეტები, მომღერლები, მეცნიერები ბევრნი იყვნენ იტალიაში, მაგრამ პროფესიონალი პოლიტიკოსები კი, რომელთა მთავარი საქმე იტალიელობა, ბრძოლა იტალიის განთავისუფლებისათვის იქნებოდა, მაძინიმდე ცოტა მოიპოვებოდა.
ასევე ბევრი `გულდათუთქული პატრიოტია~ დღეს საქართველოში, უამრავი ნიჭიერი თუ უნიჭო პოეტი, მუსიკოსი, მხატვარი, მეცნიერი და ა.შ. მაგრამ პროფესიონალი პოლიტიკოსები, პორფესიონალი ქართველები ცოტანი არიან.
ჩვენი საზოგადოების _ (IV დასი) _ შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ პროფესიონალი პოლიტიკოსების აღზრდა და ამ პროფესიონალი ქართველების, ე.ი. ადამიანების, რომელთა ცხოვრების აზრი და არსი, რომელთა მთელი ცხოვრება და მოქმედება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ემსახურება, ერთ ორგანიზაციაში გაერთიანება იყო.
ეს არის ძალა, ახალი პოლიტიკური ძალა.
                             *  *  *
P.შ.
… გვეყო ყბედობა, ინტელიგენტიკობის თამაში და ეროვნული ინტერესების ხარჯზე პირადი ცხოვრების მოწყობა. ჟამი არს!.. საათმა ჩამოჰკრა!..
                                                          გიორგი ჭანტურია
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress