პროკურორი საჯარო პოლიტიკურ შეფასებებს უნდა მოერიდოს

giorgadze-1
თამარ ნინიძე  ”ახალი თაობა” 28.02.13
რატომ ითვლება ნაციონალური მოძრაობა ერთადერთ ოპოზიციურ ძალად
 ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან
_ როგორ შეაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულავას მიმართ?
_ სამწუხაროა, რომ ახალი ხელისუფლება საშუალებას აძლევს უგულავას თავი წარმოაჩინოს როგორც მსხვერპლმა, საერთაშორისო ორგანიზაციებში მიაწვდინოს ხმა როგორც დაჩაგრულმა და მიიღოს მაქსიმალური დივიდენდები რაც შესაძლებელია. არადამაჯერებებელია ის არგუმენტები, რომელიც წარდგენილი იყო უგულავასთან მიმართებაში, სასურველი იქნებოდა, უფრო მეტად არგუმენტირებული და გასაგები ყოფილიყო ბრალდება და არ მიგვეცა უგულავასთვის პიარის საშუალება, ნუ დავიჯერებთ იმას, რომ დღეს ხელისუფლებას არ გააჩნია უფრო სერიოზული და წონადი არგუმენტები უგულავას დანაშალებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.
_ საზოგადოებაში იმის გამო რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ფერხდება, უკმაყოფილება იზრდება, ამას ყოველდღიურად ვხედავთ. გახმაურებული საქმეები, რომლის მიმართ იყო მოლოდინი, რომ სამართალი დადგებოდა ჯერჯერობით კითხვის ნიშნების ქვეშ მიმდინარეობს, ამასობაში ვიღებთ ორ არჩევანს რის წინაშეც დგება საზოგადოება ეს არის ლინჩის წესი, რომელიც მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის და  მეორე, საზოგადოება შეიძლება ღრმა დეპრესიაში ჩავარდეს. თქვენ ხედავთ ამ საფრთხეებს?
_ არის საფრთხე, ქართული საზოგადოება დღევანდელ ხელისუფლებას ანდობს იმ საქმეების შესწავლას, რომელსაც სჭირდება გარკვეული ვადა, ეკონომიკური რეფორმების საკანონდებლო ბაზის სრულყოფას სჭირდება დრო, სერიოზული მუშაობა, საზოგადოება ამ საკითხს შეგნებით უდგება და არ სთხოვს ქართული ოცნების მხრიდან ნაკისრ ვალდებულებას სოციალური მდგომარეობის მყისიერად გამოსწორების შესახებ, ძირითად პროდუქტებზე ფასები თითქმის იგივეა, ელექტროენერგიის ტარიფი დროებით შემცირდა და ისიც მცირე რაოდენობით. საზოგადოება სთხოვს იმას, რისი მოგვარებაც მარტივად შეიძლება მოკლე დროში და რაც გადავადებას არ ექვემდებარება. როცა ვაღიარეთ, რომ ცხრა წლის განმავლობაში დანაშაულებრივი რეჟიმი მართავდა სახელმწიფოს, ვერ ვნახეთ ვერც ერთი მნიშვნელოვანი პერსონა გისოსებს მიღმა შესაბამისი არგუმენტაციით, გარდა ახალაიასი, რომელიც თავისი ნებით ჩამოვიდა და მის მიმართაც არ არის მნიშვნელოვანი ბრალდება.  აქედან გამომდინარე დგება საკითხი, რომ ხელისუფლება არ ან ვერ აგვარებს ამას, ან პროფესიონალიზმი არ ჰყოფნის ან პოლიტიკური ნება, რომ ყველას მიაკუთვნოს შესაბამისი ადგილი, რომელსაც ის იმსახურებს. რა უშლის ხელს იმას, რომ შეფასდეს ნაცმოძრაობის პოლიტიკური საქმიანობა, ამას არ სჭირდება არც ფინანსები, არც რაიმე მნიშვნელოვანი ქმედებები, საზოგადოებაში დაგროვილია მასალები, საბრალდებო დასკვნა დაწერა გელა ნიკოლეიშვილმა, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს გამოქვეყნებული ჰქონდათ შეფასებითი ნაწილი, ის რომ ნაცმოძრაობა დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, და პოლიტიკური შეფასება მივცეთ 2003-2012წლების მოვლენებს, ეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი შეფასება არ არის მიცემული და ეს იწვევს საზოგადოების სერიოზულ გაღიზიანებას, ჩნდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ნაცმოძრაობის მიმართ ქმედებებს ქვეყნის გაჯანსაღების პროცესს კი არ აბამს, არამედ აბამს ელიტის შეცვლის მიმდინარე პროცესებს, მონოპოლისტური პოლიტიკური გარემოს შექმნის პროცესს, რაც ძალიან სამწუხაროა, და აძლევს ნაცმოძრაობას იმის საშუალებას, რომ ის დამკვიდრდეს ერთადერთ ოპოზიციურ ძალად ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ეს საშიში ტენდენციაა. როცა ვამბობთ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების მდგრადობასა და მშვიდობას განაპირობებს პოლიტიკურ ძალთა წონასწორობა და როცა ერთ მხარეს არის დანაშალებრივი ორგანიზაცია, ასეთი მშვიდობა ყოველთვის იქნება ძალიან მყიფე და საშიში საქართველოს მომავლისთვის. შესაძლებელია რეფორმების გზაზე ხელისუფლებას დასჭირდეს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, საზოგადოებამ, როგორც თქვენ ბრძანებთ,  ამ ორ   არჩევანს შორის სამწუხაროდ, შესაძლოა, მესამე არჩევანი მიიღოს, მიიჩნევს რა, რომ ოცნება არაფრით უკეთესი არ არის ნაცმოძრაობაზე და სიმპატიები გადაიხაროს ნაცმოძრაობის რეანიმირების მიმართულებით. იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ ნაცმოძრაობის პოლიტიკურ შეფასებაზე, ვსაუბრობდეთ იმ პროექტებზე, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს, ჩვენ ვდავობთ პირველად დავითაშვილმა დაარტყა რატიანს თუ რატიანმა დავითაშვილს. იმაზე ვკამათობთ დაიბარებენ თუ არა ამა თუ იმ ჩინოსანს პროკურატურაში. ეს დაკითხვები მთავრდება იმით, რომ საზოგადოებაში ამ დაკითხვებს ირონიულად უკვე `შემოიხედე გენაცვალეს~ ეძახიან. ჩვენ გვესმის, რომ ხელისუფლებისთვის კომფორტულია ისეთ ძალასთან კამათი, როგორიც ნაცმოძრაობაა, მაგრამ ამ თამაშში შეიძლება ქართული საზოგადოებრივი ცხოვრება კიდევ უფრო არამდგრადი გახდეს და უფრო რთული პროცესები დაიწყოს ქვეყანაში.
_ საქართველოში არიან არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აქტიურად ვერ ერევიან ამ პროცესებში. მაგრამ რომ იყოს ხელისუფლების ნება, სხვა პარტიებიც და ასევე ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას დისკუსიებში რეფორმებზე, საგარეო კურსზე და სხვა საკითხებზე, ნაცმოძრაობა ყოველდღიურად არავის გაახსენდება და უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით დავკავდებით.
_ დიახ გეთანხმებით, სწორედ ამაშია საქმე, ნაცმოძრაობას ხელი ეწყობა ხელისუფლებისგან, რომ მან თავი წარმოაჩინოს როგორც ერთადერთმა ოპოზიციურმა ძალამ.  ნაცმოძრაობამ არჩევნების შემდეგ ოფიციალურად მიიღო ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარის დაფინანსება და ასევე ოფიციალურად მიიღებს ყოველთვიურად დაფინანსებას როგორც პარლამენტში წარმოდგენილი ძალა, ჩვენ ვაფინანსებთ დღეს ხელისუფლებაში მყოფ ნაცმოძრაობას და ვამყარებთ მის მდგომარეობას, როგორც ერთადერთი პოლიტიკური ძალისას. ესენი ამას იყენებენ და თავს წარმოაჩენენ როგორც დაჩაგრული პარტიის წარმომადგენლები. ხელისუფლება კი იმის მაგივრად რომ გახსნას საჯარო სივრცე, ამ სივრცეში რეალურად მოქმედი პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება, ცოდნა, პოლიტიკური სტატუსი, რომ ამ დროს ოპოზიციურ სპექტრში ნაცმოძრაობა აღარ ჩანდეს როგორც ერთადერთი, ხელისუფლება ინარჩუნებს პოლიტიკაში მონოპოლისტურ გარემოს და არ იძლევა პოლიტიკური სივრცის შეცვლის საშუალებას. როცა სახალხო პარტია დააყენებს პრეტენზიებს ნაცმოძრაობასთან, ამათ აღარ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებიდან დევნილად წარმოაჩინოს თავი. ასევე დაფიქრდება ევროპის სახალხო პარტია, რომელიც დღეს აშკარად იცავს ნაცმოძრაობას, რომ მისი სახელწოდების მატარებელი პარტია საქართველოდან გარკვეულ პრეტენზიებს წამოაყენებს ნაცმოძრაობის მიმართ, ევროპელი სახალხოელები ნაციონალებს აღარ დაიცავენ. ევროპა შეშფოთებით უყურებს იმ პროცესს, რომ დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკის მონოპოლიზებას ახდენს, ასევე კარგად იციან სააკაშვილის Qჭეშმარიტი ბუნება, ის ცდილობს მაინც შეინარჩუნოს მეორე პოლუსი. ხელისუფლება ეხმარება ნაცმოძრაობას, რომ საერთაშორისო დონეზე შეინარჩუნოს საპირწონის სტატუსი, ასეთი პრაქტიკა არსებობს უკრაინაში, ტიმოშენკოს, სავარაუდოდ, დანაშაული ჩადენილი აქვს, მაგრამ იანუკოვიჩმა რომ ბოლომდე არ მოახდინოს პოლიტიკური სივრცის მონოპილიზირება, ამიტომ იცავენ ტიმოშენკოს, ზუსტად ასეა საქართველოში. თუ ხელისუფლება გახსნის საჯარო სივრცეს, თუ დაანახებს მსოფლიოს რომ არ ქმნის მონოპოლისტურ პოლიტიკურ გარემოს, თუ დაანახებს მსოფლიოს, რომ აქ ბრძოლა ელიტის ცვლილებისთვის კი არ მიდის, არამედ პოლიტიკური სივრცის გახსნისთვის, მსოფლიო ირწმუნებს, რომ პროცესები ჯანსაღად მიდის და ნაცმოძრაობის თემა აღარ იქნება ასე აქტუალური. შესაძლებელი გახდება განხორციელება იმ ქმედებებისა ნაცმოძრაობის მიმართ, რომელსაც ის იმსახურებს.
_  ნაცმოძრაობა გრძნობს, რომ ის ტივტივებს ზედაპირზე და ამიტომ იგონებს გაურკვეველ თარიღებს, მაგალითად,D ახლა 19 აპრილი გახდა ლამის აპოკალიფსური თარიღი, იწვევს საზოგადოებას საგარეო ვექტორი იცვლება რუსეთისკენ და ჩვენ ქვეყანა ამისგან უნდა ვიხსნათო. როგორ შეაფასებთ ამ თარიღს?
_ კარგად გვახსოვს ეროვნული ფორუმის მიერ დაანონსებული მილიონთა მარში 4 ნოემბერს, კარგად გვახსოვს 9 აპრილი. მერე ვისაც რა უნდა, რა ფანტაზიის უნარი აქვს, იმის მიხედვით უნდა მიაბას მოვლენების განვითარება, ახლა ჩვენ ორი თვე  უნდა ვისაუბროთ იმაზე, აბა რისი თქმა უნდათ, აპირებს თუ არა სააკაშვილი პარლამეტნის გაშვებას. ნაცმოძრაობის ორთვიან აქტიურობას გარანტირებულს ვხდით. ნებისმიერ ქმედებას 19 აპრილამდე ნაცმოძრაობა მის მიმართ დევნად გამოაცხადებს. რომელ პროდასავლურ კურსზე ლაპარაკობს ნაცმოძრაობა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოში რუსული გავლენა გაძლიერებულიყო.
   ხელისუფლება უნდა იყოს დაკავებული კონკრეტული ბრალდებებით, სარჩელებით, საქმეებით, პროკურორი კი უნდა მოერიდოს ტელევიზიით პოლიტიკურ შეფასებებს. საქართველოში საყოველთად ცნობილი თაღლითის ჯოზეფ კეის თუ კაკიაშვილის ჩვენების გამო უგულავას ბრალს არ უნდა უყენებდნენ. არ არის სოლიდური ეს საქმე, ნუთუ უფრო სოლიდური საქმე არ მოიძებნა უგულავას წინაარმდეგ. ტელეკომპანია იმედის წართმევა კანონიერი მფლობელისთვის ეს დანაშაულია, მაგრამ ერთ-ერთი და და არა ერთადერთი. მერიას და ნაცმოძრაობას, კარგად თუ იმუშავებენ, იმაზე უფრო სეროზულ დარღვევებს უპოვნიან.
_ ჩვენს მთავრობაში მილიონებს არავინ აკეთებდაო განაცხადა სააკაშვილმა. ეს არ არის უცნაური განცხადება როცა ჯონდი ბაღათურიამ მდიდრული სახლების და აგარაკების ფოტოები მას ცხვირწინ აუფრიალა?
_ დიახ, მაგრამ ბრალდება ეხება თაღლითობას ანუ უგულავამ სახლში კი არ წაიღო თითქოს ეს მილიონები, არამედ მოახმარა ნაცმოძრაობის აქტივის დასაქმებას, ფულის მითვისებას ადგილი არ ჰქონია. უფრო სერიოზული საქმეები უნდა იყოს წამოწეული, რომ სათქმელი არ ჰქონდეთ, არც ერთი თეთრი არ წაგვიღია სახლში და უკანონობაში ვერ შეგვედავებიანო.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress