რატომ ლაპარაკობს საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო შეხვედრებზე მხოლოდ ინგლისურად და რატომ რჩება საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის მოქალაქედ

mamuka
 2013-02-18
ნინო ხაჩიძე  ჟურ. “თბილისელები”
 

ბუნებრივად მოხდა, რომ „ოცნების” ხელისუფლების პირველი სამი თვეც გავიდა და განვლილი პერიოდის შეჯამების დროც დადგა. მეორე მხრივ, ეს არა მხოლოდ „ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირველი 100 დღეა, არამედ „ნაცმოძრაობის” ოპოზიციაში ყოფნის, ასევე, პირველი 100 დღე. როგორ აჩვენეს თავი ხსენებულმა პოლიტძალებმა თავ-თავიანთ ახალ როლებში, – ამ საკითხზე თავის მოსაზრებას მამუკა გიორგაძე გაგვიზიარებს.
–  პირველ ოქტომბრამდე ობიექტური სურათი იმდენად მძიმე იყო საქართველოსთვის, რომ მნიშვნელოვან გამოსწორებაზე საუბარი არათუ ასი დღის შემდეგ, 2 წლის შემდეგაც შეუძლებელი იქნება. ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ ვითარება სწრაფად შეიცვლება, არ უნდა არსებობდეს. ამდენად, ჩემთვის გაუგებარია, რატომ გააჩინა „ოცნებამ” ილუზია, რომ მყისიერად მოგვარდებოდა ეს პრობლემები. სწრაფი გამოსწორების მოლოდინი არ უნდა გვქონოდა, მაგრამ ამ 100 დღეში ტენდენციები უნდა გამოკვეთილიყო და ჩვენ ტენდენციად ვერ მივიჩნევთ მხოლოდ და მხოლოდ დენის გაიაფებას ან გაზის მოსალოდნელ გაიაფებას. ობიექტურად ძალიან რთული იყო ვითარების სწრაფად გამოსწორება და ამიტომ ცოტა გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამას, თუმცა სიტყვა გაგებამ ცოტა ირონიული დატვირთვა შეიძინა ბოლო დროს.
– თუმცა შეგვიძლია, არ მოვეკიდოთ გაგებით, აგერ არის ოპოზიციური ძალა „ნაციონალური მოძრაობის” სახით და დენიც დაუბრუნდება თავის ძველ ნიშნულს და  გაზიც.
–  ამიტომ, ამ კუთხით, ბუნებრივია, დადებითად უნდა შევაფასოთ ხელისუფლების 100 დღე, მაგრამ დგება მეორე საკითხი: ამ 100 დღეში უნდა გამოკვეთილიყო ფუნდამენტური საკითხების მოგვარების ტენდენციები, რაც არ მოხდა. დღესაც გრძელდება პრაქტიკა, რაც შევარდნაძე-სააკაშვილის პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი: გადაწყვეტილება მიიღება დახურულად, ამის შემდეგ უხსნიან საზოგადოებას და არცთუ დამაჯერებლად. სამწუხაროდ, არ ჩანს სურვილი, რომ საზოგადოების ფართო ფენები იყოს ჩართული გადაწყვეტილების მომზადებაში: როგორც მაშინ მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებია წარმოჩინებული. ფაქტობრივად, ვერ ნახავთ ახალ სახეს, უფრო ზუსტად, ისეთ სახეს, ვინც მანამდე არ ჩანდა. სამწუხაროდ, ეს ტენდენციები, დღეს თუ არა ხვალ, პრობლემას შექმნის, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობას ასეთ  მძიმე ვითარებაში მოუწევს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება. ამდენად, ასეთი ჩაკეტილობა ხელისუფლებას, რომელიც საზოგადოების მართლაც უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე მოვიდა, საზოგადოებისგან გარიყავს.
– ადრე არ ყოფილა და ეს მართლაც სიახლეა, მინისტრები ყოველკვირეულად მართავენ ბრიფინგებს, მაგრამ, ფაქტობრივად, შეუძლებელია პირისპირ გაესაუბრო მინისტრს ან მის მოადგილეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალ ხელმძღვანელებს გამზადებული აქვთ პასუხი: ჩვენ გადავწყვიტეთ, ჯერჯერობით ინდივიდუალურად არ შევხვდეთ ჟურნალისტებს.
– ფაქტობრივად, სახელისუფლო შტოები დეზორგანიზებული არიან, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე არ იყო ჩამოყალიბებული და საზოგადოებისთვის მიწოდებული პროგრამები. ამიტომ პარალელურ რეჟიმში მიდის მიმდინარე საკითხების მოგვარება, პროგრამების წარმოჩინება, ფუნდამენტური და კონკრეტული თემების დამუშავება და ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია, ღიად თქვას ამ პრობლემების შესახებ, პრობლემებს ჩქმალავს, არადა, დღეს საზოგადოება მის მხარესაა.
 ერთადერთი ახსნა ის არის, რომ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს,  იმ სტრატეგიის ფარგლებში გააგრძელოს ცხოვრება, რა სტრატეგიაც მანამდე დაუსახა „ნაცმოძრაობამ” ქვეყანას. არ ცდილობს, რომ ეს სტრატეგია ამხილოს, გამოიტანოს საზოგადოების სამსჯავროზე და მასში კორექტივები შეიტანოს.
– ამისთვის, სულ მცირე, აუცილებელია, გქონდეს სხვაგვარი ხედვა. მინისტრების კანდიდატებთან მიმართებაში გაჩენილმა პრობლემამ დაბადა ეჭვი, რომ „ოცნება” არ ელოდა გამარჯვებას და იმას, რომ მოუწევდა აღმასრულებელი შტოს დაკომპლექტება.
– ჩნდება ასეთი ეჭვი. მთავრობა არ არის დაჯერებული თავის თავში და იქმნება შთაბეჭდილება, რომ არ ელოდებოდა ამ გამარჯვებას, იმიტომ რომ, თუ გამარჯვებას ელოდები, დაახლოებით მაინც იცი, რას გააკეთებ. „ოცნებას” გარკვეულწილად აკლია თვითდაჯერებულობა. მაგალითად, ავიღოთ სამართლიანობის აღდგენა: თუ საქართველოში 200 პოლიტპატიმარია, მინიმუმ 200 პროკურორი, მოსამართლე თუ მოწმე ხომ არის დამნაშავე? ვაღიარეთ მათი პოლიტპატიმრობა, მაგრამ დამნაშავეები არ ჩანს. შეიძლება, ვინმემ მითხრას, რომ მხოლოდ სამი თვეა გასული, მაგრამ ამ სამ თვეში გარკვეული კონცეპტუალური პროგრამა მითხარი, როგორ აპირებ ამ პრობლემის მოგვარებას. მეორე საკითხი: ბუნებრივია, საზოგადოება ელოდება სამართლიანობის აღდგენას იმ კუთხითაც, რომ პასუხი მივიღოთ „ნაცმოძრაობის” მიერ ჩადენილ უკანონობებზე. აქაც კვლავ არათვითდაჯერებულ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რომელიც არცთუ მნიშვნელოვან დანაშაულებებზე იბარებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს და, ფაქტობრივად, უკვე ლამის მარაზმში გადავიდა ეს დაბარება-გამოშვებები.
– არის კიდევ ერთი მომენტი: მაგალითად, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ვერ მიაკვლიეს კაფეს ანაკლიაში, რომლის აგებაზეც ბიუჯეტიდან 12 მილიონი დაიხარჯა და საზოგადოების რეაქცია თითქმის ნულია. გაირკვა, რომ „ნაცმოძრაობის” ყოფილი პარლამენტარები თუ მინისტრები და მოადგილეები დასაქმებულნი არიან მერიის სამსახურების სამეთვალყურეო საბჭოებში და იღებენ 5 000-7000 ლარს, საზოგადოება ისევ დუმს. იმის თქმა მინდა, ჩვენც, საზოგადოებასაც, ხომ არ გვაქვს პრობლემა?
– უპირველეს ყოვლისა,  ეს ჩვენი პრობლემაა. თან ეს არ არის მხოლოდ საზოგადოების პრობლემა, ეს არის თითოეული ინდივიდის პრობლემა, რომელიც დღესაც ვერ გავთავისუფლდით საბჭოთა ადამიანის ფსიქოტიპისგან.
– ჰომოსოვეტიკუსი კვლავ ცოცხალია ჩვენში?
– დავრჩით ჰომოსოვეტიკუსებად. ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ პერსონალური პასუხისმგებლობა ავიღოთ ამ ყველაფერზე და ვაკეთებთ იმას, რაც გარდაქმნის პერიოდიდან შემოგვთავაზა საბჭოთა კავშირმა, ვილაპარაკოთ ყველაფერზე, მაგრამ არ ავიღოთ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ამას უკვე თავისუფალი ადამიანი სჭირდება. დღეს ყველა ეთერიდან ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუბნებიან „ნაცმოძრაობის” დანაშაულებზე, მაგრამ ამის რეალიზება საბრალდებო დასკვნად არ ხდება. ვანო მერაბიშვილის ბიძა დააკავეს საბუღალტრო დოკუმენტებში შეუსაბამობის გამო, არადა, სატელევიზიო პროპაგანდა გვეუბნებოდა, რომ ეს არის კაცი, რომელმაც გაჩეხა საქართველოს ტყეები, რომელიც ატერორებდა რეგიონს, რომლის მითითებითაც პოლიცია იტაცებდა ხალხს და ასე შემდეგ. იგივე ჩოჩელი, რომელიც დაკითხვაზე დაიბარეს იმის გამო, რომ გაურკვეველ ვითარებაში მოედანი, რომელიც საჯარო სივრცეში უნდა განთავსებულიყო, მისი მეუღლის აგარაკზე აღმოჩნდა. ფაქტობრივად, ვიღებთ სურათს, როდესაც ერთ თემაზე გველაპარაკება პროკურორი, იუსტიციის მინისტრი, ხელისუფლება, ჟურნალისტი, მაგრამ დოკუმენტურად სულ სხვა საკითხებზე იბარებენ ამ ადამიანებს. მესმის, შეიძლება, არსებობდეს ტაქტიკა, მოდი, ნელ-ნელა შემოვიტყუოთ,  თუ ითანამშრომლებს, ხოლო, თუ არ ითანამშრომლებს, მაშინ დავუმძიმებთ ბრალს.
– ჯოკერს ინახავენ, რომ მოჯოკრონ, ან ქვეშ ამოუდონ?
– დიახ და ამ ყოველივეს შედეგად მივიღეთ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა”, რომლის სასამართლო პროცესიც უნდა იმართებოდეს და მის აკრძალვაზე უნდა ვსაუბრობდეთ, ჩამოყალიბდა ერთადერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად, ერთადერთ იდეოლოგიის მატარებელ პოლიტიკურ ძალად, ეროვნულ პროდასავლურ ძალად, რომელიც, თურმე, მედგრად იცავს საქართველოს ინტერესებს და ამაში მას ხელისუფლებამ შეუწყო ხელი. და მე დღეს „ოცნება” მეუბნება, რომ ერთადერთი პოლიტიკური ოპოზიციური ძალა არის „ნაცმოძრაობა” და ჩემი ქვეყნის მშვიდობა დამოკიდებულია მათ ერთმანეთთან თანამშრომლობაზე, ესე იგი, დანაშაულებრივ ძალასთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მშვიდი ცხოვრება და მდგრადი საზოგადოებრივი გარემო. აი, ამას ვერ მივიღებ და ეს 100 დღე სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა” თავის ადგილზე დაგვეყენებინა და რადგანაც ეს არ ხდება, ბუნებრივია,  გვიჩნდება შეკითხვები: ეს შეცდომით, არაპროფესიონალიზმით არის გამოწვეული თუ შეგნებული ნაბიჯებია.
– შეთანხმების შედეგი?
– კიდევ შეიძლებოდა, რომ არჩევნებამდე მოცემულობაში შუა გაკრეფილიყო, თუმცა ჩემთვის  მაშინაც გაუგებარი იყო, მაგრამ დღეს რატომ უნდა გაიკრიფოს შუა?!
– თუმცა შუაც უწყობს ხელს საკუთარ გაკრეფას.
– მთელი უბედურება ისაა, რომ ამ შუაში გარკვეული ნაწილი სატელიტური ორგანიზაციებია, მაგრამ დღეს რატომ უწყობს ხელს „ოცნება” „ნაციონალურ მოძრაობას” იმაში, რომ მარტო დარჩეს ოპოზიციურ სივრცეში? ჩემთვის ეს ბადებს მნიშვნელოვან შეკითხვებს. რატომ უნდა გაიკრიფოს შუა და მხოლოდ „ნაცმოძრაობა” და მისი სატელიტი ორგანიზაციები ჩანდნენ სამოქალაქო სიაში?! რატომ უნდა იყვნენ საკონსტიტუციო კომისიაში მხოლოდ „ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები წინა პლანზე წამოწეული?! რატომ უნდა ავყვეთ „რუსთავი 2-ის” ტაქტიკას, რომელსაც ერთ მხარედ „ნაცმოძრაობა” მიაჩნია და მეორე მხარედ –  „ოცნება”, რატომ ჰყვება ამას „მეცხრე არხი”, „მაესტრო”, სხვა ტელევიზიები?! ეს აჩენს გარკვეულ კითხვებს და ნათელყოფს, რომ „ოცნებას” გარკვეული არასრულფასოვნების კომპლექსი სტანჯავს. ის კომფორტულად გრძნობს თავს „ნაცმოძრაობასთან”, რადგან თავიანთ გარკვეულ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობა შეიძლება მოიხსნან იმით, რომ „ნაცმოძრაობას” დანაშაულებები აქვს ჩადენილი.
– კონკურენტუნარიანი გარემო არ იქმნება არსად: დანიშვნები ხდება ნაცნობობით, ისევ გრძელდება ფორმალური კონკურსები და არავინ იცის, კადრების დანიშვნისას „ოცნების” თუ „ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი იღებს გადაწყვეტილებას.
– დიახ, მთავარ ნაწილებში გრძელდება მონოპოლიზებული გარემოს შექმნა. მე ეს მიკვირს იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი ობიექტურადაა მაღალი. რატომ არ იხსნება ჯანსაღი სივრცე? თუ მივდივართ ევროპისკენ, დემოკრატიული სამყაროსკენ, აუცილებელია, რომ ჩვენი ცხოვრება ემყარებოდეს რეალურ პოლიტიკურ ძალთა ბალანსს და არა ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ წონასწორობას! დღეს ეს ხომ ხელოვნური წონასწორობაა?! სამწუხაროდ, „ოცნებაც” მონოპოლიზებულ გარემოს ქმნის და მხოლოდ და მხოლოდ „ნაცმოძრაობას” აღიარებს, რაც ხვალ სახელმწიფოებრივად სერიოზული პრობლემებს გამოიწვევს, ისეთს, რაც მოხდა 8 თებერვალს, რაც მოხდა გასულ კვირას, ვგულისხმობ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრას.
– თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ 9 წლის განმავლობაში პირველად ვნახეთ, რომ აქამდე მონოლოგის რეჟიმში მოსაუბრე პირველ პირს სიტყვა შეუბრუნეს.
– თუმცა ამაზე მეტადაც შეიძლებოდა, მაგრამ ამაზეც მადლობელი ვართ, მაგრამ ეს რა ვითარებაში?!  გვიხარია, სიტყვის შებრუნება, როდესაც ის, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, საქართველოში დღეს არ უნდა არსებობდეს. მთელი აჟიოტაჟი იყო კანონიერების აღდგენის საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ.
– ლამის დახოცეს ერთმანეთი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, ვინ იქნებოდა ამ კომისიის თავმჯდომარე.
– დიახ, ჩვენ ვუყურეთ დაპირისპირებას თავმჯდომარეობაზე, მაგრამ საერთოდ ვერ ვნახეთ კომისია. ასევე, საინტერესო დეტალია, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე. არადა, ყველანაირი მექანიზმი არსებობს და  უმრავლესობას შეუძლია, კანონი შეცვალოს. მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს დღის წესრიგიდან მოხსნილია ეს თემა. ამას ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ რატომ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის მოქალაქე?!
– ჩვენი პრეზიდენტი პროტოკოლის დარღვევით მუდმივად ლაპარაკობს მხოლოდ ინგლისურად, ჩვენი პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის მოქალაქეა. ამ ფონზე, ვინ გამოდის საქართველოს მოქალაქე?
– მე, როგორც საქართველოს მოქალაქე  პასუხისმგებელი ვარ  ქართული კანონების წინაშე, მაგრამ ჩემი პრემიერ-მინისტრი არ არის პასუხისმგებელი ქართული კანონების წინაშე.
– თუმცა ჩვენ გვქონდა ასეთი რეალობაც: ჩვენი თავდაცვის მინისტრი რუსეთთან ომის დროსაც კი რუსეთის მოქალაქე იყო.
–  ბუნებრივია, როგორი  შეცდომებიც უნდა ჰქონდეს „ოცნებას”, „ნაცმოძრაობის” გვერდით არ დგები, მაგრამ ეჭვები მიჩნდება. ავიღოთ 8 თებერვლის ინციდენტი: როგორ შეიძლება, რომ ქალს დაარტყა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მეეჭვება, ამის გამო ვინმე დადგეს „ნაცმოძრაობის” გვერდით. რა მდგომარეობამდე მიიყვანა ხალხი „ნაცმოძრაობამ”, რომ ქალის გალახვის მიუხედავადაც, შინაგანად არ გინდა, რომ ის დაიცვა. ამაზე მეტი დაცემა რაღა უნდა იყოს?! აი, ამ დონეზე დავიდა „ნაცმოძრაობა” და ნუ შევუწყობთ ჩვენ ხელს იმას, რომ ხვალ-ზეგ, ვინმემ სოლიდარულად შეხედოს „ნაციონალური მოძრაობის” მოქმედებას. არადა, შეიძლება, ეს პერიოდი დადგეს, იმიტომ რომ მთავრობას ობიექტურად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ამიტომ ჩემთვის ხელისუფლების ყველაზე დიდი მინუსი არის ის, რომ, ჯერ ერთი, მან არ მიუჩინა თავისი ადგილი „ნაცმოძრაობას”, როგორც ცნობილ ფილმშია, „ვოზლე პარაში” და არ შექმნა ის ჯანსაღი მოედანი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მრავალაზრობრივი განხილვა ამა თუ იმ მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური თემების და საზოგადოების კონსენსუნსის მიღწევა.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress