ნინო ჟღენტი
2013-02-28 15:43:31
-
„პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ჯამბაზობებთან დაკავშირებით ნამდვილად არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის საფრთხეები, რაც შეიძლება ამის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში განვითარდეს. სააკაშვილის მსგავს გამოხტომებს მიჩვეულები ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, მსოფლიო ამას აფასებს არა როგორც ერთი პიროვნების ახირებებს, არამედ როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ქმედებებს”, – ასეთი განცხადება „სახალხო პარტიის” თავმჯდომარემ, მამუკა გიორგაძემ დღეს ფორ.გე-ს პრეს-კლუბში გააკეთა.მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ასეთი რიტორიკა პოტენციურ ინვესტორებს აფრთხობდა ხოლმე და დღესაც ასევე მოქმედებს. ამასთანავე, გიორგაძე აცხადებს, რომ დასავლეთში სააკაშვილის ქმედებების მიმართ ქართველი ხალხის არაადეკვატური შეფასებები განიხილება, როგორც ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა. ამის შემდეგ კი იმის მტკიცება, რომ მრავალათასწლოვანი ისტორიისა და კულტურის მქონე ერი ვართ, ცოტა სასაცილო ხდება იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი ჩვენი ცხოვრება ასეთი სახელმწიფოებრივი გამოცდილების მქონე ერის ქმედებებს არ ემთხვევა.მამუკა გიორგაძის თქმით, სააკაშვილის გააქტიურება და მის ქმედებებზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირება „ნაციონალური მოძრაობის” რეანიმირების საფრთხეს ქმნის. კერძოდ, სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა” ქვეყანაში დამკვიდრდეს, როგორც ერთადერთი ოპოზიციური ძალა, ამ მიმართებით ხელისუფლების ქმედებები მთლად ადეკვატური ვერ არის, რითაც ის სააკაშვილს და „ნაცმოძრაობის” ამ პოზიციაზე გამყარებას იწყობს ხელს. გიორგაძე ამბობს, რომ სააკაშვილი წარმოჩინდება, როგორც ეროვნული შეფერილობის პროდასავლური ძალა, სინამდვილეში კი მთელი მისი მოღვაწეობა, 1995 წლიდან მოყოლებული, საქართველოში რუსეთის ინტერესების განხორციელებას უწყობდა ხელს.„მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ყოველთვის უზრუნველჰყოფდა რუსეთს საბაბით საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებისათვის და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მის მიერ იყო მიღებული, პრაქტიკულად, რუსეთის ინტერესების სასარგებლო იყო. ის ანტირუსული ისტერია კი, რომლითაც რუსეთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს ფარავდა, ხელს უწყობდა მას ამ გადაწყვეტილებების შენიღბვაში. ამასთანავე, ეს ისტერიკაც ქმნიდა იმის ფონს, რომ საქართველოში არც ერთი სერიოზული ინვესტორი არ შემოსულიყო”, – აცხადებს მამუკა გიორგაძე.მისი თქმით, დღეს საქართველო მიისწრაფვის საზოგადოებრივი მშვიდობის დამკვიდრებისკენ და ამ მშვიდობის ერთ-ერთ მხარედ და გარანტად მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა” არის წარმოჩენილი. ეს კი, გიორგაძის განცხადებით, უდიდესი საფრთხეა, რადგანაც სააკაშვილს რეაბილიტაციის საშუალება ეძლევა. ამის მაგალითად მამუკა გიორგაძეს მოჰყავს სააკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ბათუმში მეჩეთის კი არა, არამედ კულტურული ცენტრის აშენებას გეგმავდა.„სახალხო პარტიის” თავმჯდომარე სააკაშვილის ბანკებთან დაკავშირებით გაკეთებულ ცნობილ განცხადებას იშველიებს და ამბობს, რომ ამით პრეზიდენტმა პრაქტიკულად ეკონიმიკური კოლაფსი დაანონსა, რითაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯი შელახა. გიორგაძის თქმით, ყველაფერ ამის ფონზე ახალი ხელისუფლება მაინც ჯიუტად ცდილობს, „ნაცმოძრაობასთან” კონსენსუსს მიაღწიოს, მაგრამ მას შეუძლებლად მიაჩნია კოჰაბიტაცია ისეთ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც გიორგაძის თქმით, მთელი მისი არსებობის მანძილზე ცდილობდა, ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ძირი გამოეთხარა.„ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის” განეიტრალების მეთოდების შემუშავებასა და დანერგვაზე. რატომღაც აღარავინ საუბრობს მის ისეთ დანაშაულებრივ ქმედებაზე, როგორიც იყო 2008 წლის აგვისტოს ომი. სააკაშვილმა ისროლა იმ დროს, როდესაც რუსეთს აწყობდა, ისროლა ის იარაღი, რომელიც რუსეთს აწყობდა და განახორციელა ის ქმედებები, რომლებიც თავიდან ბოლომდე რუსეთს აწყობდა. სამწუხაროდ, დღეს ეს საკითხი საერთოდ აღარ არის განხილვის საგანი. სააკაშვილმა ხმა არ ამოიღო მაშინ, როდესაც საჭირო იყო, ქმედებები მხოლოდ მაშინ დაიწყო, როდესაც ცხინვალი უკვე დაცლილი იყო და დაცლილი ცხინვალის დაბომბვით რუსეთს საბაბი მისცა, ქართველების მიერ ეთნოწმენდის განხორციელებაზე ესაუბრა”, – ამბობს მამუკა გიორგაძე.სახალხო პარტიის თავმჯდომარე ასევე საუბრობს კოდორის ხეობის რუსეთისათვის ჩაბარებაზე, ახალგორის ცხინვალის რეგიონზე მიბმაზე და სხვა ქმედებებზე, რითაც მისი თქმით, დასტურდება სააკაშვილის რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობა. გიორგაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობის” გასანეიტრალებლად საჭიროა, მის მიერ დატოვებულ მემკვიდრეობაზე ვთქვათ უარი. მაგალითად, ცხინვალის რეგიონს სამხრეთ ოსეთი არ უნდა დავუძახოთ და სააკაშვილის რეალური სახე უნდა წარმოვაჩინოთ. გიორგაძე ხაზს უსვამს იმას, რომ 27 აპრილს შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს და სვამს კითხვას – თუკი სააკაშვილთან გვქონდა პრეტენზია, რომ იგი არჩევნებს გაყალბებული სიებით ატარებდა, ახლა იგივე სიებით რატომ ვაპირებთ არჩევნების ჩატარებას? მამუკა გიორგაძე ამბობს, რომ ამით სააკაშვილს ეძლევა თავის მართლების საშუალება და ის იტყვის, რომ სიები გაყალბებული არ ყოფილა.„სააკაშვილი პოზიციებს გაიმყარებს, რადგან იტყვის, რომ ახალი ხელისუფლებაც ამ სიებით აპირებს არჩევნების ჩატარებას. საბოლოო ჯამში კი გამოვა, რომ მეჩეთთან დაკავშირებით სწორი პოზიცია ჰქონდა, არჩევნებთან დაკავშირებითაც სწორი პოზიცია ჰქონდა. ბენზინის ფასებთან დაკავშირებით იგი დღესაც ამბობს, სად არის ის 50 თეთრი, რომელიც ვითომ მე მიმქონდა, ახლა ვის ჯიბეში მიდის ეს ფულიო? ამდენად, ჩვენ თავად ვაძლევთ საშუალებას „ნაციონალურ მოძრაობას”, რეანიმაცია განიცადოს. ამასთანავე, შესაძლოა დღეს დასავლეთისთვის დამაჯერებელია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ის ზეწოლა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა” საუბრობს, მაგრამ საკმარისია „ნაცმოძრაობის” მიმართ იგივე პრეტენზიები წამოაყენოს სხვა რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ, რომ მას ეს ჩაგრულის იმიჯი მაშინვე მოეხსნება”, – აღნიშნავს მამუკა გიორგაძე.ამისათვის კი იგი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ხელიუფლებამ გახსნას საჯარო სივრცე და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მისცეს საშუალება, „ნაციონალური მოძრაობის” მიმართ საკუთარი პოზიციები დააფიქსიროს. მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” რეაბილიტაცია ქვეყანას უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის, ვიდრე მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იყო, რადგან ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაცმოძრაობას” კონკრეტული პასუხისმგებლობები ჰქონდა, ხოლო დღეს, როდესაც იგი ოპოზიციაშია, მას ეს პასუხისმგებლობა არ გააჩნია და ამიტომ დღეს ის უფრო საშიშია.მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ დღეს თუ ხვალ, ხელისუფლებას მოუწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, ან თუნდაც შეიძლება შეცდომები დაუშვას და ამ დროს, „ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნისათვის ძალიან სახიფათო დარტყმებს მიაყენებს მმართველ გუნდს. ამიტომ „სახალხო პარტიის” ლიდერი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებს დღესვე სჭირდება სათანადო შეფასებების მიცემა. ამასთანავე, იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, უფრო ქმედითი ღონისძიებები გაატაროს და ძალოვანი უწყებების მესვეურებმა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ნაცვლად, საქმეს მიხედონ.ბატონო მამუკა, „ნაციონალურ მოძრაობას” საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურ ლობირებას უწევს „ევროპის სახალხო პარტია”. თქვენი აზრით, რა შეიძლება ამის საპასუხოდ მოიმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ?- ეს ნათლად ასახავს იმ მდგომარეობას, რომელშიც დღეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრი იმყოფება. წლების განმავლობაში „ნაცმოძრაობას” ძალიან აქტიური ურთიერთობა ჰქონდა „ევროპის სახალხო პარტიასთან” და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ურთიერთობებში საქართველოს „სახალხო პარტია” ჩაენაცვლებინა. ჩვენს წინააღმდეგ მიმართული შეტევის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ის გახლდათ, რომ ჩვენ, როგორც „ევროპის სახალხო პარტიის” პარტნიორი ორგანიზაცია პოლიტიკური აქტივობის ეპიცენტრიდან გავეყვანეთ და „ნაცმოძრაობას” კარტ-ბლანში მისცემოდა. მანამდე ის ძირითადად ევროპის სოციალისტურ პარტიასთან თანამშრომლობდა, ხოლო ევროპის სახალხო პარტია ჩვენი პარტნიორი იყო.უფრო მეტსაც გეტყვით – 1999 წლის არჩევნების დროს „ევროპის სახალხო პარტია” „მოქკავშირის” ლიდერებისგან (როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილი და სხვები) კატეგორიულად მოითხოვდა, არჩევნების გაყალბების აღიარებას და ძალიან პრინციპულად გვედგა გვერდით კანონიერებისა დაცვისათვის ბრძოლაში. მაგრამ სამწუხაროდ, სააკაშვილმა ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რომ „ევროპის სახალხო პარტიასთან” ურთიერთობა დაერეგულირებინა.დღეს, როდესაც საქართველოში საჯარო სივრცე დახურულია, სააკაშვილს ეძლევა საშუალება, „ევროპის სახალხო პარტია” დაარწმუნოს იმაში, რომ ის ჩაგრულია. ხოლო თუ ჩვენ, „სახალხო პარტიას” მოგვეცემა საშუალება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” მისთვის საკადრისი ადგილი მივუჩინოთ, მაშინ ეს იქნება სიგნალი იგივე „ევროპის სახალხო პარტიისთვის”, რომ სინამდვილეში ისე კი არ არის საქმე, როგორც „ნაცმოძრაობა” წარმოაჩენს, თითქოს მას მხოლოდ ხელისუფლება ებრძვის, არამედ მას უკანონო ქმედებებში ბრალს სდებს ასევე „ევროპის სახალხო პარტიის” ყოფილი პარტნიორი, საქართველოს „სახალხო პარტია”. ამით ევროპელებს თუნდაც დაეჭვების საფუძველი გაუჩნდებათ და სხვა ოპოზიციური ძალებისგან, თუნდაც მათი ყოფილი პარტნიორისგან, ეცდებიან ინფორმაციის მიღებას.