აჭარაში ოსმალიზაციის ხელშეწყობა ისევ გრძელდება!

gerbebi_Page_6
  • არაერთხელ გაგვიცხადებია და დაგვისაბუთებია საჯაროდ იმ ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შესახებ, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება ეწეოდა. ქართული სახელმწიფოს ინტერესების უგულველყოფის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ, საქართველოში მეჩეთების აღდგენა-მშენებლობაზე თურქეთის მხარისთვის თანხმობის მიცემა იყო.
    თურქეთის მხარესთან სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ლოგიკას მოკლებული და ყოვლად უსამართლო გარიგების მიღმა, ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა სერიოზული საფრთხე, რაც მომავალში ქართულ სახელმწიფოებრიობასა და ეროვნულ ინტერესებს შეექმნებოდა და შესაბამისად, დიდი საპროტესტო გამოსვლებითაც უპასუხა.
    დღეს, ახალი ხელისუფლების პირობებში, გარეგნულად სახეცვლილი, მაგრამ ფორმით და არსით იგივე, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო აქტი ხორციელდება.
    ახალი ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერები, რომელთა დიდი ნაწილი, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მეჩეთის აშენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, დღეს ყველანაირად ცდილობენ, იგივე ქმედების გამართლებას და საფუძვლად იმას იღებენ, რომ მეჩეთი იმ ადგილას აღარ აშენდება და მას სულთან აზიზიეს სახელი აღარ ერქმევა. მთავარ საკითხად სწორედ ამის წარმოჩენას ცდილობენ და საკითხის არსობრივი პრობლემიდან ყურადღების გადატანა უნდათ. ნებისმიერ შეგნებულ და გონიერ ადამიანს გაეცინებოდა ასეთი უსუსური განმარტების მოსმენისას.
    სულთან აზიზიეს მეჩეთის ადგილზე ახალი მეჩეთის აშენების საკითხი 2012 წლის მარტის აქციებისა და ქართული სამღვდელოების  აქტიურობის შედეგად მოიხსნა და მეჩეთის სხვა ადგილზე აშენების თემა და მისი პოლიტიკური დატვირთვა გახდა პროტესტის საგანი (ეს ადგილი ჯერ თურქულ ფირმას გადაეცა სასტუმროს მშენებლობისათვის და სასულიერო პირების მკვეთრი პოზიციის გამო 3.07.2012 –ში ამაზეც უარი თქვა მაშინდელმა ხელისუფლებამ, თავისი ხელითვე მოხსნა ამ ტერიტორიაზე მისგანვე აღმართული ჯებირები).
    მეორე საკითხი, რომ ოშკის აღდგენას ქართველი ექსპერტები დააკვირდებიან, სააკაშვილის ყოფილმა კულტურის მინისტრმაც შეათანხმა.
    “აჭარის ოსმალიზაციის” ხელშეწყობის აქტი, როგორც ხალხმა, სააკაშვილის მმართველობის დროს, ბათუმში მეჩეთის აშენების გადაწყვეტილებას უწოდა, როგორც სჩანს, ახალი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება (არ აქვს მნიშვნელობა, როგორ შეიცვლება მისი გარეგნული და ზედაპირული სახე).
    ხოლო, თუ რატომ არის მსგავსი გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესების საწინააღმდეგო, მრავალჯერ განგვიმარტავს. ამჯერად კი მოკლედ, თეზისების სახით წარმოვადგენთ:
    1. უნდა გავაცნობიეროთ, რომ რელიგას სახელმწიფოები მხოლოდ აღმსარებლობის შინაარსით კი არ უდგებიან, ამავდროულად, იგი წარმოადგენს იდეოლოგიური და სახელმწიფოებრივი პოლიტიკის და ინტერესების განხორციელების ქმედით საშუალებას.
    2. აღნიშნული შეთანხმების პათოსი, ხაზს უსვამს საქართველოს შინაურ საქმეებში სხვა ქვეყნის ჩარევის ფაქტს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქე მუსლიმთა (თუნდაც ნებისმიერი აღმსარებლობის წარმომადგენელთა) უფლებების დაცვის მოვალება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს საქმეა. კონკრეტულ შემთხვევაში კი აჭარის თვითმმართველობისა და მუსლიმი მოქალაქეების გასარკვევ-მოსაგვარებელი და არა საქართველოსა და თურქეთის მთავრობების მოლაპარაკების საგანი.
    3. აღნიშნული შეთანხმებით კი გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქე მუსლიმთა მფარველი სხვა ქვეყნის მთავრობაა. ვითარება მძაფრდება იმითაც, რომ გაურკვეველია თუ რატომ იყო თურქული მხარის მიერ, როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, – “საკითხი მწვავედ დასმული”?
    4. მსგავსი პოლიტიკური აქტებით, გამოდის, რომ საქართველოს ერთ_ერთი ტერიტორიის ნაწილს სხვა სახელმწიფოს გავლენის სფეროდ ვაღიარებთ და ხელს ვუწყობთ ერთიანი ქართული ცნობიერების მოშლას, თავი რომ დავანებოთ სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხს.
    5. გარდა ამისა, დასადგენია, ახალი მეჩეთი ბათუმში მხოლოდ ქართველ მუსლიმებს სჭირდებათ,  თუ ბათუმში მყოფ თურქეთის მოქალაქეებს (როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა – “ინვესტორებს და ტურისტებს არ ყოფნით სალოცავი”)? ასეთი მიდგომა კი სრულიად გაუგებარია.
    6. ჩვენთვის ცნობილი შეთანხმებით, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული არქიტექტურული ძეგლების მხოლოდ აღდგენაზეა ლაპარაკი და არა მის საკულტო ფუნქციონირების აღდგენაზე (სადაც, შეიძლება, სანთელიც არ დაგვანთებინონ და ლოცვაც არ გვათქმევინონ). ხოლო, საქართველოს ტერიტორიაზე აღსადგენი და ასაშენებელი მეჩეთები, მოქმედი რელიგიური დაწესებულები იქნება.
    7. რის საფუძველზე მიაჩნია საქართველოს ტერიტორიაზე აღსადგენი მეჩეთები თურქულ მხარეს თურქული წარმოშობის ძეგლებად გაურკვეველია. კიდევ უფრო გაურკვეველია, რატომ ეთანხმება ამას საქართველოს მთავრობა.
    8. არც მაშინ და, სამწუხაროდ, არც დღეს, ახალი ხელისუფლების პირობებში, არავინ ცდილობს “იუნესკოს” ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით დაიცვას ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის უნიკალური ძეგლები.
    9. სხვა ქართული ტაძრების ბედი არ გვაინტერესებს, თუ ველოდებით როდის დაუდგება თურქულ მხარეს მორიგი მეჩეთის აშენების აუცილებლობა, რომ გვქონდეს საბაბი ჩვენი “პატრიოტიზმის” ახალი ტალღა გამოვავლინოთ?
    10. რატომ არ იქნა გათვალისწინებული საპატრიარქოს  პოზიცია თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ლაზეთში, თუნდაც ერთი მომქმედი მონასტრის ფუნქციონირების დაწყების შესახებ?
    11. თუ საკითხს სახელმწიფოს ადმინისტრაციული კუთხით განვიხილავთ, ამ შემთხვევაში, კვლავ გრძელდება ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებებისა და კომპეტენციების აღრევა.
    12. ნიშნავს თუ არა ყოველივე ეს იმას, რომ სააკაშვილის მმართველობის რეაბილიტაცია იწყება მისი კურსის გაგრძელებით?! ვინაიდან, ხელისუფლება, სააკაშვილივით, ქართულ საზოგადოებას ფაქტის წინაშე აყენებს და ასეთ მნიშვნელოვან საკითხს, მასთან შეთანხმებისა და დიალოგის გარეშე წყვეტს (ასევე უცნობია, შედგა თუ არა კონსულტაციები საქართველოს საპატრიარქოსთან).  თურქეთიდან ვიგებთ მოულოდნელად ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ.
    13. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” ყრილობაზე ცალსახად ითქვა, – “ხალხის მონაწილეობის გარეშე არ გადაწყდება ქვეყნისათვის არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი”-ო, ფაქტები რჩება ფაქტებად – რა, აჭარის ოსმალიზაცია არ წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს?
    14. ალოგიკურია, როცა ვცდილობთ “ნაც-მოძრაობის” მაშინდელი გადაწყვეტყვეტილება დანაშაულად ჩაითვალოს და “ქართული ოცნების” Dდღევანდელი, არსობრივად იგივე გადაწყვეტილება – “წარმატებულად”!
    ნუთუ ვიწყებთ სააკაშვილის დაწყებული, მაგრამ ხალხის წინააღმდეგობის გამო ბოლომდე ვერმიყვანილი პროექტების დასრულებას?!
    მამუკა გიორგაძე    სახალხო პარტია
    17.02.2013
    პ.ს.   ვსარგებლობთ ბატონ ბიძინა ივანიშვილის მოწოდებით _”უფრო მეტი კონსტრუქციული კრიტიკა” _ და ვიმედოვნებთ, ჩვენს მიერ წამოჭრილი საკითხები გახდება მსჯელობის საგანი ან არგუმენტირებულად აგვიხსნიან, რატომ არ იმსახურებს ზემოთჩამოყალიბებილი    ხედვეები განხილვას.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress