შორენა კოწოწაშვილი – “ახალი თაობა” 05.02.2013
ეროვნული მოძრაობის წევრი და ყოფილი დეპუტატი მამუკა გიორგაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება მდარე პოლიტიკურ კულტურას ნერგავს და თავს არიდებს საგარეო ორიენტირების გამოკვეთას.
უნდა მოუსმინოს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობამ მიხეილ სააკაშვილს? რა კითხვებ ბადებს ხელისუფლების დამოკიდებულება სააკაშვილის მაღალჩინოსნებთან და რა უნდა გააკეთოს `ქართულმა ოცნებამ~, ხალხში ნდობა რომ არ დაკარგოს? _ ამ საკითხების ირგვლივ გთაგაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, ხელისუფლების საგარეო კურსმა პოლიტიკურ წრეებში ხმაური გამოიწვია. ითქვა, გამოკვეთილ რუსულ ინტერესზეც. ეს აშკარაა?
_ სამწუხაროდ, მაგისტრალური მიმართულება `ქართული ოცნების~ საგარეო პოლიტიკისა, ჯერ არ ჩანს. სხვადასხვა განცხადებები ისმის, რომელიც ცალკე აღებული მიმზიდველი და საინტერსოა, მაგრამ ხელისუფლებას მთლიანობაში ეს როგორ აქვს წარმოდგენილი, ამის დაკონკრეტება არ ხდება. რატომ? არ ვიცი, ან ბოლომდე არ აქვთ გააზრებული, ან შეგნებულად არ აცხადებენ. ძალიან მინდა საქართველო გაწევრიანდეს ნატოში და რუსეთს მტრად არ განიხილავდეს. მაგრამ როგორ შეიძლება ფორმულირდეს, ჩვენ ნატოს წევრი გავხდებით და ამავდროულად რუსეთის მეგობრები ვიქნებით, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ხელისუფლების ნაბიჯები დაკონკრეტებას საჭიროებს. ამას უყურებენ როგორც მტრები, ისე მეგობრები. ყველა დაბნეულია იმის გამო, რომ ეს მაგისტრალური ხაზი არ იკვეთება. როცა საუბარია რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, რკინიგზის გახსნაზე და ა.შ., ეს მისაღებია, მაგრამ დგება საკითხი: ეს ეკონომიკური განვითარების შემადგენელი რამდენად ღირებულია პოლიტიკურ საკითხის გადაწყვეტის დროს. ხომ შეიძლება ეს დავთვალოთ? არა მგონია, გაგვიჭირდეს იმის დათვლა, რას ველოდებით რუსეთის ბაზრის გახსნის შემთხვევაში; რამდენი უნდა იყოს მოგება; რა რაოდენობის ღვინო შეიძლება გავიტანოთ; რა რაოდენობის ბორჯომმა შეიძლება აითვისოს რუსეთის ბაზარი და ა.შ. იგივე რკინიგზის გახსნის შემთხვევაში, როგორ გაიზრდება ტვირთბრუნვა და რა მოგება ექნება საქართველოს. დღეს ეს დაკონკრეტებული არ არის. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ: ან იმდენად მცირეა ეკონომიკური ბრუნვიდან შემოსული შემოსავალი ქვეყნისთვის, რომ ოდნავადაც არ ღირს ეჭვქვეშ დადგეს ტერიტორიული მთლიანობა ან ჩვენი რომელიმე მეზობელთან ურთიერთობა სწორი მიმართულებით არ მიდის. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დავთვალოთ ეს ყველაფერი. თუ მოგება დიდია, უნდა ვიფიქროთ, ღირს რომ ეს ნაბიჯები გადავდგათ?
_ რაზე მიანიშნებთ, ხელისუფლებამ სიღრმისეულად არ შეისწავლა რუსეთის ბაზართან დაკავშირებული ყველა საკითხი?
_ სიღრმისეული ანალიზი აკლია მთელ რიგ ნაბიჯებს. დღეს არსებული ვითარებით ძნელია შეაფასო ხელისფლების მოქმედებები. კარგი იქნება, თუ დროულად ჩამოყალიბდება იმ ორიენტირების ირგვლივ, რომელიც სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია ქვეყისთვის. და კიდევ: საზოგადოებაში ხშირად ისმის, ყველაფერი არ უნდა ითქვასო. შეიძლება, მაგრამ სტრატეგიული ინტერესის დამალვას აზრი არ აქვს. რაც არ უნდა მალოს, ეს მაინც გამოიკვეთება. ამიტომ ჩვენ ეს ღიად უნდა ვთქვათ. ვერავინ ვერავის მოატყუებს.
_ მმართველმა პარტიამ რომ ვერ გამოკვეთა საგარეო ორიენტირები ეს საგარეო საქმეთა მინისტრის სისუსტის შედეგიცაა?
_ ყოველ შემთხვევაში, იმ დოზით არ მიდის მუშაობა, რა დიზითაც საჭიროა. არ მიმდინარეობს იმ სტრუქტურების ჩამოყალიბება და იმ სამუშაოების წარმართვა, რომელიც სასურველია. გადაწყვეტილებები ისევ დახურულად მიიღება, არადა საქართველოში არიან საკმაოდ მაღალი დონის ექსპერტები, დიდი გამოცდილების ადამიანები და სამწუხაროდ, ღია დისკუსია არ მიმდინარეობს მნიშვნელოვან საკითხებზე. მხოლოდ დახურული დისკუსიებია წინასწარ შერჩეული ადამიანებით. ჩვენ არა გვაქვს შესაძლებლობა ამ დისკუსიებში მონაწილეობის. თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი ავიღოთ. როგორ საქართველოში მხოლოდ ორი პარტიაა? ორ პარტიას შორის რატომ ხდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა? რატომ ტოვებს `ქართული ოცნება~ პოლიტიკურ მოედანზე ოპოზიციურ ძალად მხოლოდ ნაცმოძრაობას, ჩემთვის გაუგებარია. აქ ორი ვარიანტია: ან იმიტომ, რომ არ ძალუძს ნაცმოძრაობას თავისი ადგილი მიუჩინოს; ის ადგილი, რომელსაც არჩევნებამდე პირდებოდა და რომელსაც იმსახურებენ, გლდანის შესაბამის დაწესებულებაში; ხელისუფლებას ან არ ძალუძს ეს გააკეთოს; ან და მეორე მომემტია: აწყობს, რომ ასეთი სახელგატეხილი, მოსახლეობისგან მხარდაუჭერელი ოპონენტი ჰყავდეს მას. რომელსაც ნებისმიერ პრობლემაზე შეუძლია თავში ისე წამოარტყას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა გარანტირებული ექნება. სხვა აზრის გამოტანა, ცოტა რთულდება. მესამე აზრიც არის, რისი დაჯერება არც მე და არც ბევრს არ უნდა: ნაცმოძრაობა ეს იყო ნორმალური ძალა, რომელიც ცოტა რაღაცაში ცდებოდა, მაგრამ ძირითად საკითხებში მართალი იყო. აგერ დემოკრატია ააშენა, რეფორმების გამო ხალხმა არ მიიღო, დამარცხდა არჩევნებში და ახლა ოპოზიციაში სრული სინდისით შეუძლია არსებობდეს და შესაბამისად, ამ ადამიანებმა _ უგულავამ, მერაბიშვილმა და სხვებმა, ხანდახან ჭკუაც კი შეიძლება დაგვარიგონ. ამ მესამე ვარიანტის დაჯერება, არავის უნდა. ამიტომ რჩება ის წინა ორი ვარიანტი. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, უფრო მკაფიოდ გამოხარტოს თავის დამოკიდებულება. სამი თვე შეიძლება დიდი მნიშვნლობის პროცესების წარმართვისთვის იყოს მცირე დრო და არც უნდა მოსთხოვო, კონკრეტული დიდი პროექტები რატომ ვერ დაამთავრეო, მაგრამ დაწყება ამ პროექტებისა, ნამდვილად შესაძლებელია ამ პერიოდის განმავკლობაში. ჩვენ ვხედავთ ნაცმოძრაობა როგორ ყალიბდება ძალად, რომელიც თავისუფლდება ძველი ცოდვებისაგან და განსაწმენდელის პერიოდს განიცდის. ეს, ჩვენის აზრით, ძალიან შემაშფოთებელა.
_ რას მიაწერდით უგულავა და მერაბიშვილის ბოლო განცხადებებს? უგულავამ მერიაში მოითხოვა დაკითხვა, მერაბიშვილი კი _ თუ მაგრები ხართ, დამიჭირეთო.…
_ აშკარაა, რომ სააკაშვილის გუნდის წევრები, რომლებიც არჩევნებიდან გარკვეული შოკით გამოვიდნენ, 3 თვის შემდეგ უფრო გულმოცემულები არიან. მათ ან გარანტიები მიიღეს, ივანიშვილი ხელს ვერ მოგკიდებთ და ამის გამო წამოყვს თავი; ანდა ხელისუფლებას მართლაც სისუსტე შეატყვეს. ამ ადამიანებს პასუხი უნდა მოვთხოვოთ. ქართველი ხალხი მხარს უჭერს ივანიშვილს სამართლიანობის აღდგენის პროცესში, როგორიც არის პასუხისმგებლობის დაკისრება ნაცმოძრაობის წარმომადგენლებზე, რომლებმაც 9 წლის განმავლობაში ქვეყანა დაანგრიეს. თუ ეს არ იქნება რეალიზებული, ხალხში ოცნება ნდობას დაკარგავს. დატოვო ნაცმოძრაობა კვლავ პოლიტიკურ სპექტრში, ეს არის არა მარტო სისუსტის გამოვლინება ან შეცდომა, არამედ შეგნებული დანაშაულიც. ეს არის ნაღმი ჩადებული ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. თუ ამ ნაღმს სწრაფად არ გავაუვნებელყოფებთ, კაცმა არ იცის, როდის აფეთქდება და რა მნიშვნელოვანი ზარალის მოტანა შეუძლია მას სამოქალაქო დაპირისპირების ორგანიზების ჩათვლითაც. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება გააკეთოს, ესეც არ არის გამორიცხული. ამიტომ, რაც შეიძლება მალეა მისახედი ნაცმოძრაობა. ნახევარზომებზე მაქვს ლაპარაკი. როდესაც 200 პოლიტპატიმარია აღიარებული და გამოშვებული ციხიდან, მაინტერესებს, იმ პოლიტპატიმრებს ხომ ჰყავდათ მინიმუმ, 200 პროკურორი, მოსამართლე, მოწმე, რომელმაც ცრუ ჩვენება მისცა; ხომ ჰყავდა მრავალი სხვა, მომსახურე ადამიანი, რომელიც ხელს უწყობდა ამ 200 ადამიანის წვალებას, წამებას, დაჭერას და ა.შ. სამწუხაროდ ჯერ არ გაგვიგია, რომ თუნდაც ერთ მათგანზე იყოს რაიმე სერიოზული დევნა განხორხციელებული. როგორ გამოგვდის: პოლიტპატიმრები გვყავს და დამნაშავე არავინ არ არის?!
_ ზოგადად ის სისტემა იყო დამნაშავე..
_ თუ სისტემაა დამნაშავე, სისტემის დემონტაჟი დავიწყოთ. ამ სისტემას კონკრეტული პიროვნებები ქმნიდნენ და მათ უნდა მოეთხოვოთ პასუხი. მაგრამ საბოლოო ჯამში, სტიმულირება უკეთდება დანაშაულობას. იმდენად, რომ თუ ნაცმოძრაობას შერჩა დანაშაული, შერჩება სხვასაც. მაშინ მე რატომ უნდა ვთქვა, უარი დანაშაულის ჩადენაზე, თუკი შემრჩება ეს ყოველივე? აქედან გამომდინარე ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა მართებს. შეიძლება რეფორმები ვერ განახორციელო მალე და რაღაც საკითხები ვერ გადაჭრა, მაგრამ ის რომ დამნაშავე არ დაიჭირო, სცილდება ყოველგვარ საზღვარს. ამავე დროს ძალიან კარგად ვიცით. მათ შორის ტელევიზოებიდან იმ დანაშაულობების შესახებ, რომელსაც ნაცმოძრაობა სჩადიოდა. თუ მასალები არ აქვთ ჩვენ მივცემთ. მერაბიშვილის და უგულავას დაჭერა დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული. მაგრამ ერთსაც და მეორესაც რომ მისცემ ტიპობის საშუალებას, ეს უკვე შეურაცხმყოფელია. პასუხი მერაბიშვილს და უგულავას კი არა, ხელისუფლებას უნდა მოეთხოვოს იმაზე, როცა ატიპებ ადამიანებს, რომლებიც არიან მთელი თავისი არსით, ცხოვრების წესით ცარიელი ადგილები. თუ მათ პასუხს არ მოსთხოვენ, ეს ხალხის შეურაცხყოფა იქნება. შეიძლევა ამას მოყვეს სტიქიური ანგარიშსწორებები, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.