ნინო ჟღენტი 2013.01.30
-
„გვინდა უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაუროთ. ერთი მხრივ, ვანო მერაბიშვილმა ხალხთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია შემოგვთავაზა, მეორე მხრივ სააკაშვილმა „რაგატკებით” დაიწყო სიარული, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რაღაც საცირკო სანახაობებში ღებულობენ მონაწილეობას და საკონსტიტუციო კომისია ცირკად გადააქციეს. თუმცა, ყველას გიგი უგულავამ გაასწრო, რომელმაც ხელისუფლებას ტაქტიკა დაუწუნა და ძველქართული ტერმინოლოგიით რიტორიკული კითხვების დასმა დაიწყო”, – განაცხადა „სახალხო პარტიის” ლიდერმა, მამუკა გიორგაძემ for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ისეთ გამოთქმებს იყენებენ და ისე იქცევიან, რომ მათი ეს ქცევა მხოლოდ და მხოლოდ „ნიუსებისთვის” გამოდგება და მეტი არანაირი დანიშნულება არ აქვს. აქვე გიორგაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, „ნაციონალების” ამ კლოუნადას რატომ აძლევს გასაქანს ახალი ხელისუფლება. ამასთანავე, „სახალხო პარტიის” ლიდერს აინტერესებს, როდის იქნება ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი მზად, რომ უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობის” და მისი სატელიტი ორგანიზაციების პოლიტიკური საქმიანობა იქნას შეფასებული. გიორგაძე ამბობს, რომ ამ პროცესში ყველა ის გადაწყვეტილება და დოკუმენტი უნდა იყოს საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანილი, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ ქვეყნის საზიანოდ იყო გამოყენებული. ამის შემდეგ კი მიღწეული იქნება შეთანხმება, რომ შეუძლებელია საქართველოში ასეთი პოლიტიკური პარტიები არსებობდნენ.„ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, ახალი ხელისუფლება რატომ თავის ადგილზე არ სვამს „ნაციონალურ მოძრაობას” და რატომ ეძლევა მას შესაძლებლობა, როგორც მხარე, როგორც საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილის ინტერესების გამომხატველი იყოს მოაზრებული? რატომ აგრძელებენ ეს ადამიანები ისევ ისე ცინიკურად მოღვაწეობას და ოდნავ მაინც თუ არის დაკმაყოფილებული იმ ადამიანების ღირსება, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას” წლების განმავლობაში ებრძოდნენ? თითოეული ჩვენგანი, ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, ან ვინც თავის თავზე იწვნია „ნაცმოძრაობის” ქვეყნის საზიანოდ გადადგმული ნაბიჯები, ყველანი აღშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ისევ გრძელდება და რაღაცნაირად არის მცდელობა იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესად აღვიქვათ. ამით კი, ჩვენ, პრაქტიკულად, ვადასტურებთ იმას, რომ სააკაშვილმა მართლაც დემოკრატიული ქვეყანა ააშენა, თავისუფალი არჩევნები ჩაატარა, დამარცხდა, ოპოზიციაში გადავიდა, უმცირესობის სახით არის მისი პოლიტიკური ძალა პარლამენტში წარმოდგენილი და ა.შ. რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ ჩამოიწერება ყველა ის დანაშაულებრივი ქმედებები, რაც 9 წლის განმავლობაში ამ ადამიანებმა ჩაიდინეს”, – ამბობს გიორგაძე.
„სახალხო პარტიის” მოთხოვნაა, პირველ რიგში, მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის პოლიტიკური შეფასება, ხოლო ამის პარალელურად სისხლის სამართლებრივი წესით პასუხი აგონ მისმა წარმომადგენლებმა, რომლებსაც კრიმინალი აქვთ ჩადენილი. ოღონდ ეს უნდა მოხდეს არა ისეთი მსუბუქი დანაშაულისთვის ბრალდების გზით, რომლის გამოც სასამართლო თუ წინასწარ პატიმრობას არ შეუფარდებს პიროვნებას, სასამართლოსთან შესადავებელიც არ იყოს, არამედ ისეთი მუხლებით, რომლების გამოც, ეს სასამართლოც კი ვერ გაბედავს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობაზე უარის თქმას.
მამუკა გიორგაძე ამბობს, რომ წლების განმავლობაში პოლიტიკოსები და მედია-საშუალებები „ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ ჩადენილი დანაშაულების ბევრ მტკიცებულებას ფლობდნენ და თუ ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს, მამუკა გიორგაძე პროკურატურას დახმარებას სთავაზობს და მტკიცებულებების მიწოდებას ჰპირდება. ასევე ურჩევს ხელისუფლებას, წლების განმავლობაში დაგროვილი მედია-საშუალებების არქივები მოიძიოს, სადაც მისი თქმით, „ნაცმოძრაობის” არაერთი დანაშაულის მტკიცებულებებია თავმოყრილი.
„სახალხო პარტიის” ლიდერი ამბობს, რომ ამ ვითარებით გათამამებული წინა ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ აგრძელებენ საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას და ვითომ პროდასავლური ღირებულებების სამრეკლოდან საქართველოს ეკლესიის პოზიციას აკრიტიკებენ. გიორგაძის თქმით, ამით, ერთი მხრივ, მათ უნდათ, საზოგადოების თვალში საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი შელახონ, ხოლო მეორე მხრივ, საკუთარი თავი პროდასავლური ორიენტაციის მატარებლებად წარმოაჩინონ. აქვე გიორგაძე დასძენს, რომ წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა” რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა. ამიტომ, მათი მხრიდან ამ სტრატეგიის გაგრძელებამ, შესაძლოა, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ შეიყვანოს შეცდომაში და მათი, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, შეიძლება, ქვეყანამ უფრო მეტი ზიანი მიიღოს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობისგან” მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
ბატონო მამუკა, როდესაც საზოგადოების მოთხოვნაა, რომ წინა ხელისუფლების ყოფილიმაღალჩინოსნების მიმართ უფრო მძიმე ბრალდებები იქნეს წარდგენილი, ვიდრე მათპროკურატურა უყენებს, ამის საპასუხოდ არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურასმტკიცებულებების არარსებობის გამო ამის გაკეთება არ შეუძლია და მხოლოდ მტკიცებულებებითგამყარებულ ბრალდებებს უყენებს მათ. პროკურატურის აზრით ეს პროცესი ასე სწრაფად ვერგანვითარდება.
- ვერ გავიზიარებ ამ მოსაზრებას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თუ მტკიცებულებები არ გვქონდა, მაშინ ეს ასიათასობით ადამიანი რატომ იყო გამწარებული? თუ მტკიცებულებები არ არსებობდა, რატომ მიიჩნევდა „ქართული ოცნება” სააკაშვილის რეჟიმს დანაშაულებრივად თუნდაც ერთი წლის წინ? გამოდის, რომ ისინი განცხადებებს ჰაერზე აკეთებდნენ? ეს ერთი და მეორე, მტკიცებულებები საკმარისზე მეტი არსებობს და ჩვენ შეგვიძლია ისინი ახალ ხელისუფლებას მივაწოდოთ. მაგალითად, ვანო მერაბიშვილის სიმამრთან დაკავშირებით მხოლოდ საბუღალტრო დოკუმენტაციის გაყალბების მუხლით რომ შეიტან სასამართლოში საქმეს, ბუნებრივია, ის ამ ადამიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას არ შეუფარდებს. ასეთ დანაშაულის დროს, ნებისმიერი ადამიანისთვის აღმკვეთ ღონისძიებად ციხე შეუფარდო, არასწორია. მაგრამ თუ ამ ადამიანის მიმართ პროკურატურა იმ დანაშაულებისთვის მოითხოვს წინასწარ პატიმრობას, რასაც ის აკეთებდა, როდესაც მთელს რეგიონს ატერორებდა (ამის მტკიცებულებები თუნდაც უამრავ მედია-საშუალებას აქვს), ბუნებრივია, სასამართლო იძულებული იქნება, მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდოს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ცეზარ ჩოჩელზე, როდესაც მას ბრალდებად წაუყენეს სპორტული მოედნის (რომელიც საჯარო სივრცეში უნდა დაემონტაჟებინა) საკუთარი მეუღლის სახლში დამონტაჟება. ბუნებრივია, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამისთვის ადამიანს წინასწარ პატიმრობას არ მიუსჯიან. ასე მხოლოდ სააკაშვილის სასამართლო იქცეოდა და ჩვენ სწორედ ამიტომ არ მოგვწონდა სააკაშვილი და მისი სასამართლო.
ამიტომ, საჭიროა, ამ ადამიანების წინააღმდეგ სასამართლოში ისეთი ბრალდებით შევიდეს საქმე და ისეთი მტკიცებულებებით, რომ სასამართლომ მათი უკან გამოშვება ვეღარ გაბედოს, ხოლო თუ გაბედავს, უკვე ცხადი იქნება, რომ ის დაინტერესებულია და ვიღაცის პოლიტიკური დაკვეთას ასრულებს.
აუცილებლად მინდა ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ მომენტზე. მე რაღაც არ გამიგია, რომ რომელიმე იმ მოსამართლის მიმართ, რომელმაც უკანონო განაჩნეი გამოიტანა, სისხლის სამართლის საქმე ყოფილიყო აღძრული. ორასი პოლიტპატიმარი გამოუშვა საქართველოს პარლამენტმა ციხიდან. ამ ორასივე პატიმარს ჰყავდა პროკურორი, მოსამართლე, მოწმე, რომელმაც ცრუჩვენება მისცა. რომელიმე მათგანის მიმართ თუ არის სამართლებრივი ქვედება დაწყებული? სამწუხაროდ, ამის შესახებ არაფერი მსმენია. ამიტომ არსებობს მექანიზმები იმისა, რომ სამართლიანობა იქნეს აღდგენილი. ასეთ ვითარებაში კი სიტუაციის ხელოვნურად დრამატიზება ხდება, რომ პროკურატურაც მართალია, რადგან საქმე სასამართლოს გადაუგზავნა, სასამართლოც მართალია, რადგან თურმე რა ქნას, სამართლიანობას იცავს. საერთო ჯამში, ამ ყველაფერს იმ აზრისკენ მივყავართ, რომ შესაძლოა, გაჩნდეს გარკვეული ეჭვები – ეს პინგ-პონგი ხელოვნურად ნათამაშები ხომ არ არის?
ბატონო მამუკა, იქნებ ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან ზეწოლას დაექვემდებარა პოლიტიკურდაპატიმრებებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკული შენიშვნების გამო და ამიტომ ხომ არიწელება ეს პროცესი?
- ვერ დაგეთანხმებით, რადგან დასავლეთის მხრიდან არსად ყოფილა განცხადება, რომ დამნაშავე არ უნდა იყოს დაჭერილი. საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ ყველაფერი კანონიერების ფარგლებში უნდა მოხდეს. როდესაც პროკურორი, ან იუსტიციის მინისტრი გამოდის და ამბობს, დასაჭერთა გრძელი სია აქვს, როდესაც რომელიმე ადამიანის პოლიტიკურ საქმიანობაზე აპელირებს, ბუნებრივია, ასეთი განცხადებების საფუძველი ჩნდება. ამიტომ, პროკურორი და იუსტიციის მინისტრი არსებობენ არა იმიტომ, რომ პოლიტიკური განცხადებები აკეთონ, არამედ იმისთვის, რომ დასკვნა დადონ და საქმე სასამართლოში გააგზავნონ. ჩვენთან ეს უცოდინარობით ხდება, გამოცდილების დეფიციტით, თუ შეგნებულად, არ ვიცი მაგრამ სამწუხაროდ, ეს ინსტიტუტები პროპაგანდისტულ საშუალებებად გადაიქცა. ამიტომ, ჯობია, საქმე გაკეთდეს, ვინც დასაჭერია – დაიჭირონ, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც დაზარალებულები არიან, საჭიროა მათი ღირსების აღდგენაზე ფიქრი.
სამწუხაროდ, ჩვენ სხვა გზით წავედით. მაგალითად, საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის” წევრების მიერ ჩადენილი დარღვევები ამნისტირებული იქნა. დგება საკითხი, რატომ? ხელისუფლებას მოვუწოდებ, ცოტა ქმედითი ღონისძიებები განახორიცელონ.
გარდა ამისა, უნდა ერთხელ და სამუდამოდ ვაღიაროთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა” პროდასავლური ძალა არ არის. რაც შეეხება დასავლეთის მიერ სააკაშვილის რეჟიმზე გაკეთებულ განცხადებებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რეგიონში დემოკრატიის შუქურაა, ცხადია პოსტსაბჭოთა სივრცეში და რეგიონეში საქართველო მართლაც დემოკრატიის შუქურაა, რადგან საქართველო რეგიონში საბჭოთა პერიოდშიც კი ყველაზე დემოკრატიული იყო. ამიტომ, დასავლეთისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის არსი ძალიან კარგად იციან, მისი თუნდაც ნახევარსიმართლე დანარჩენი პოლიტიკური პროცესების ფონზე წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნიათ. ჰილარი კლინტონმა საქართველოში ვიზიტის დროს გვითხრა – დახურული სივრციდან გამოსულის კვალობაზე არაფერი გიშავთო. მათთვის საბჭოთა ჯურღმულიდან გამოსული ადამიანების დღევანდელი დონე ნორმალურად მიაჩნიათ. ჩვენთვის კი, რომლებმაც ვიცით, რომ მრავალათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ერი ვართ და საკუთარი თავის მიმართ სხვა მოთხოვნები გვაქვს, თუ დასავლეთს არ ვაჩვენეთ, რომ სხვა ღირებულებების მატარებლები ვართ, ბუნებრივია დასავლეთისთვის ჰილარი კლინტონის ჩვენდამი დამოკიდებულება, ანუ ჯურღმულიდან გამოსულების მიმართ დამოკიდებულება, უფრო მისაღები იქნება.