სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს!

sioni

 აღსაყდრებიდან 35 წლისთავთან და დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით

თქვენო უწმიდესობავ!
გილოცავთ, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრების 35 წლისთავსა და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.
უფალს მადლობას უნდა სწირავდეს, სიამაყით ივსებოდეს და ბედნიერად მიაჩნდეს იმ ერს თავი, რომელსაც უფალმა ასეთი ბრძენი, დამთმენი და კაცთმოყვარე პატრიარქი მომადლა. ეკლესიის წინამძღოლი, რომლის სიბრძნემ და წინდახედულობამ, ურთულეს პერიოდში, ბეწვის ხიდზე გამოატარა საქართველოს ეკლესია და განკუთვნილ სიმაღლეზე აიყვანა მისი ავტორიტეტი, არათუ მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლში, არამედ სხვა სარწმუნოების ჩვენს მოქალაქეებშიც და ანგარიშგასაწევ ძალად აქცია იგი საერთაშორისო სარბიელზე. 
თქვენმა დიდმა რწმენამ, ლოცვის მადლმა და სიმტკიცემ განუზომელი გახადა ჩვენი ეკლესიის ფუნქცია და მნიშვნელობა, მისი სულიერი წარმმართველი და გამაერთიანებელი როლი.
ჩვენი დედა-ეკლესია დღეს საქართველოში არის ერთადერთი დიდი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელიც ქრისტეს მცნებებთან ერთად, საყოველთაოდ ამკვიდრებს ჩვენს ხალხში, როგორც აბსოლუტურ ზნეობრივსა და მორალურ ღირებულებებს, ასევე  ერთიან ეროვნულ ცნობიერებასა და ტრადიციულ ყოფა-ცხოვრების წესს.
თქვენი საჭეთმპყრობლობის დროს, საქართველოს სამოციქულო ეკლესია იქცა თავისუფალ, ღირსეულ, დიდი პასუხისმგებლობის მქონე, ეროვნული ცნობიერების პიროვნებების აღზრდისა და ჩამოყალიბების კერად. ეს ფუნქცია მას თვით მებრძოლი ათეიზმის პირობებშიც კი არ დაუთმია.
თქვენო უწმიდესობავ, გვინდა თქვენი ღვაწლის გამო შეგკადროთ უღრმესი მადლობა და ამასთან ერთად, სინანული გამოვთქვათ, რომ ვერ შევძელით თქვენი შესაბამისი ღირსეული სულიერი შვილობა. ვერ შევძელით, სამოქალაქო სივრცეში ჩვენი წილი პარტნიორობა გაგვეწია თქვენთვის უფლის სადიდებლად და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
გთხოვოთ პატიებას, რომ ვერ შევაჩერეთ, ვერც ერთი ნასროლი ქვა,  რომელიც უღირსმა ადამიანებმა თქვენი მიმართულებით ისროლეს. ისროლეს რათა ხელი შეეშალათ საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქისთვის, რომელიც ერში უფლის რწმენას, მარადიულ ღირებულებებს, მამულის სიყვარულსა და თავდადებას ამკვიდრებს.
გამძლეობას, ჯანმრთლელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ, თქვენო უწმიდესობავ, საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ!
სახალხო პარტიის სახელით       მამუკა  გიორგაძე
24.12.2012
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress