“ახალი თაობა” 24.01.2013 შორენა კოწოწაშვილი
ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა გიორგაძე ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საკმაოდ ფრთხილი და სახელმწიფოებრივი ინტერესებით განპირობებული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს. ამასთან, გიორგაძე ივანიშვილის მთავრობას ურჩევს, იგივე ე.წ. `სამხრეთ ოსეთთან~ მიმართებაში დააკვირდეს, პატრიარქის ტერმინოლოგია როგორია და მიბაძოს ოფიციალურ ლიტვას.
გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, თქვენი აზრით, სწორი აქცენტები გააკეთა ხელისუფლებამ მეზობელ ქვეყნებთან, იგივე რუსეთთან მიმართებაში? ფაქტია, საკმაოდ მნიშვნელოვანია პატრიარქის რუსეთში ვიზიტი.
_ მისი უწმინდესობის ქმედებები მუდმივად არის თანმიმდევრული, მიზანმიმართული და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული. პატრიარქი არასოდეს არავის აძლევს საბაბს, რომ მისი რომელიმე განცხადება ან ქმედება გამოყენებული იქნას ქართული ეკლესიის ან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ; პატრიარქი მაქსიმალურად ცდილობს, მოწინააღმდეგე მხარესთან ან თუნდაც, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მეგობარ მხარესთან, პარტნიორთან უპირატესობა მუდმივად ჰქონდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მისმა თანმიმდევრულმა, პრინციპულმა, ერთის მხრივ, პოზიციების დაცვასთან დაკავშირებით, და მეორეს მხრივ, ადამიანურმა სითბომ განაპირობა ის გარემოება, რომ დღეს საქართველოს ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურად იქცა ქართული სახელმწიფოს ინტერესების დაცვაში. პატრიარქის პირადი ავტორიტეტი უმნიშვნელოვანესია პარტნიორებთან ურთიერთობაში, ზუსტად ასეთივე _ თანმიმდევრული, პრინციპული, მაგრამ ძალიან თბილია ის ჩვენს ყველა მეზობელთან, მათ შორის ისეთ გართულებული ურთიერთობის მქონე მეზობელთან, როგორიც არის რუსეთი და მისი ეკლესია. მტკიცე პოზიციით იცავს მისი უწმინდესობა საქართველოს ინტრესებს და ძალიან ხშირად აღწევს კიდეც შედეგს; არბილებს რუსეთის მხარის შესაძლო მოქმედებების შედეგებს საქართველოსთან მიმართებაში. თუნდაც პერევის მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ, ანდა 2008 წლის აგვისტოსი დაღუპულტა გადმოსვენების თემა. თუნდაც ის გარემოება, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საეკლესიო სტატუსი ხელშეუხებელია. მისი უწმინდესობა, შეიძლება ითქვას, ხმალამოღებით იბრძვის ამ სტატუსის და საქართველოს ერთიანი საეკლესიო სივრცის შესანარჩუნებლად. სამაგალითოა მისი მოქმედებები არა მხოლოდ, როგორც სასულიერო პირისა, არამედ როგორც საერო მოღვაწისა. თუნდაც მისი დამოკიდებულება ავიღოთ აზერბაიჯანთან, ან საკმაოდ პრინციპული დამოკიდებულება _ სომხეთის ეკლესიასთან. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოს ყავს პატრონი. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნიდით, რომ ასეთი პატრონის ქვეშ ქართველი ხალხი ძალიან ბედნიერია, რასაც ვერ ვიტყვით ხელისუფლებასთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ვერც სააკაშვილის პერიოდში და ვერც დღეს ასეთი პრინციპული, მტკიცე პოზიციები გამოკვეტილი არ არის. შესაბამისად, ძალიან დიდი შესაძლებლობები გააჩნიათ ამის გამო საზღვრებს გარეთ არსებულ ჩვენს ოპონენტებს თავიანთი მიზნების რეალიზებისათვის. სამწუხაროდ, ხდება არათანმიმდევრული პოლიტიკა. განცხადებები და რეალური ქმედებები ხშირად ერთმანეთს არ შეესაბამება. და ეს მორალური სიმტკიცის დეფიზიტი გარკვეულ უპირატესობას აძლევს სხვებს.
_ ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ეჭვობს, რომ პატრიარქის რუსეთში ვიზიტს რაიმე პოლიტიკური შედეგი შეიძლება მოყვეს. რა შედეგს გამოიღებს ეს ვიზიტი და რამდენად ჩანს, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება იტვირთა პატრიარქმა?
_ კონფლიქრის მოგვარება, სამწუხაროდ, ცდება მისი უწმინდესობის უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე კონკრეტულ შედეგებს, ბუნებერივია, ეს ვიზიტი ვერ მოიტანს. მაგრამ მას მოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. თუნდაც ის, რომ ქართველი ერის ხედვას და პოზიციას მისი უწმინდესობა გამოხატავს პრინციპულად და მტკიცედ. ეს წაადგება საქართველოს ინტერესებს და კიდევ ერთხელ დაუდასტურებს მთელ მსოფლიოს და რუსულ მხარეს, რომ მარტივი არ არის ქართველ ხალხს ხელი ააღებინოს თავის უფლებებზე და ტერიტორიული მთლიანიბის დაცვაზე. მისი უწმინდესობის მხრიდან განცხადებული ნებისმიერი სიტყვა არის აწონილი. შეიძლება მისი უწმინდესობა იმ ლექსიკით არ საუბრობს, როგორც დღეს არის მიჩვეული ქართილი საზოგადოება, მაგრამ მისი შინაგანი სიმტკიცე ყველას ეუბნება, რომ ჩვენ უარს არ ვიტყვით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. თუნდაც ერთ ფაქტს გამოვყოფ: არსად, არასოდეს მის უწმინდესობას არ უხსენებია სიტყვათა წყობა _ `სამხრეთ ოსეთი~. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ეფერება ოსებს და განსაკუთრებული სითბოთი მოიხსენიებს. ის ხაზგასმას უკეთებს მისი და მისი ოჯახის თბილ დამოკიდებულებას ოსურ ეთნოსთან. ყველაფერს რომ თავი დავანაბოთ, ვლადიკავკაზში გაიზარდა, იქ სწავლობდა და მისი ოჯახი თავის დროზე ძალიან დიდი პატივისცემით სარგებლობდა ოსეთში და ამას ყოველდღიურად გამოხატავს, არცერთხელ არ უხსენებია სამხრეთ ოსეთი. ეს კარგი მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის, როგორ შეიძლება დაიცვა საქართველის ინტერესები ისე, რომ მეორე მხარეს მხოლოდ სითბო აგრძნობინო. ვიმეორებ, პატრიარქს `სამხრეთ ოსეთი~ არცერთხელ არ უხსნებია, მაშინ როდესაც გინდა ძველი, გინდა ახალი პოლიტიკური პარტიები, ყოველთვის `სამხრეთ ოსეთს~ მოიხსენიებენ. ჩვენ ლიტვამ მოგვცა ამის მაგალითი და თავის ტერიტორიაზე `სამხრეთ ოსეთის~ ხმარება აკრძალა, ანუ ლიტვამ კანონით აკრძალა ამ ტერმინის ხმარება, ხოლო საქართველოში ეს ყოველდღიურობად იქცა. მივბაძოთ მის უწმინდესობას და გამოვიჩინოთ საღი აზრი. ისე შეიძლება ოსი ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობა და სითბოს გაცემა, რომ შენი პოზიციები არ იქნეს შებღალული. მაგალითი სწორედ მისი უწმინდესობისაგან უნდა ავიღოთ ასევე აფხაზეთთან მიმართებაში _ მასაც ძალიან თბილად მოიხსენიებს. 11 წელი იყო მისი უწმინდესობა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი იყო და დღესაც თავის თავზე აიღო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა. ამით კიდევ ერთხელ ხაზგასმას აკეთებს, მის უაღრესად თბილ დამოკიდებულებაზე აფხაზეთთან მიმართებაში, მაგრამ ამავე დროს ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნეს დაცული და გარანტირებული. ამით იმის თქმა მინდა, რომ შესაძლებელია ისეთი პოლიტიკა განხორციელდეს, რომ პრინციპული და მტკიცე პოზიციებიც დავიცვათ და ამავე დროს, თუნდაც მოწინააღმდეგე მხარესთან, თუნდაც იმ ადამიანებთან, რომლებიც დღესდღეეობით ჩვენ მტრად გვთვლიან, ან თუნდაც იმ ადამიანებთან, რომელსაც არ სჯერათ ჩვენი, ან არ სურთ დაიჯერონ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ერთად ცხოვრება შეგვიძლია, იმ ადამიანების მიმართ ისეთი სითბოს გამოხატვა, როგორსაც გამოხატავს მისი უწმინდესობა. ეს პრინციპულად იქნა გაჟღერებული მოსკოვში რუსეთის პატრიარქთან. დარწმუნებული ვარ, ასეთივე პრინციპული პოზიცია იქნება რუსეთის ხელისუფლებასთანაც გაჟღერებული. მისი ასეთი გაწონასწორებული, სწორი და პრინციპული პოზიცია, ბუნებრივია, შესაბამისად იქნება შეფასებეული იმიტომ, რომ მისი უწმინდესობის პიროვნებას სხვანაირ მოპყრობას ვერ გაუბედავენ. არის კიდევ ლოკალური საქმეები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მხარისათვის. მისი უწმინდესობაც დარწმუნებულია და ჩვენც, რომ ეს ვიზიტი იქნება წარმატებული; კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი საქართველოს სტრატეგიული ინტერესების დაცვისა. სასურველია, ამ კუთხით ხელისუფლებამ აუბას მხარი და თუ ჩვენ ასეთი სწორი პოზიციით წარვსდგებით, როგორც მსოფლიო თანამეგობრობაში, ასევე რუსეთთან ურთიერთობაში, შედეგები ნამდვილად იქნება. არ არის აუცილებელი, რომ თავიდანვე ჩვენ დამარცხებულის ფსიქოლოგიით და `პარაჟენცული~ მომენტებით წარვსდგეთ მოწინააღმდეგე მხარესთან. ჩვენ ჩვენი პრინციპული პოზიცია უნდა დავიკავოთ და შევეცადოთ ამ პრინციპული პოზიციის დაცვას და ამ პოზიციის დაცვით პატივისცემასაც დავიმსახურებთ.
_ პრინციპულობა აკლია ახალ ხელისუფლებას? მოდი ვისაუბროთ ე.წ. `სამხრეთ ოსეთთან~ დაკავშირებით. ჩანს, რომ ამ გუნდის მიერ ადრე გაკრიტიკებული სანაკოევის პროექტს, დღეს დაფინანსებაც გაეზარდა. მიდგომები იცვლება?
_ არაფერი არ იცვლება. თანმიმდევრულად ხდება ამ ნაწილში სააკაშვილის პოლიტიკის გაგრძელება. პოლიტიკურ ნაწილში ხდება იგივე სტრატეგიის გაგრძელება. პრაქტიკულად მივიღეთ სურათი, რომ ძველი და ახალი ხელისუფლება ერთმანეთთან თანხმდება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდეს და სამართლებრივად გაფორმდეს კიდევ ერთი სუბიექტი `სამხრეთ ოსეთის~ სახით და მთელ მსოფლიოს არასწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და დავარწმუნოთ იმაში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკური ოსების მხრიდან პოლიტიკური ერთეულის შექმნა_ ეს არის სწორი და სამართლიანი ნაბიჯი. მინდა ყველას შევახსენო. რომ ხელისუფლება, მათ შორის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები, ტაშის გრიალით შეხვდნენ სანაკოევის მისვლიას საქართველოს პარლამენტში და ერთმანეთს ასწრებდნენ, ქურთაში ჩაეკითხათ და ეღიარებინათ სააკაშვილის ერთადერთ წარმატებად “სამხრეთ ოსეთის” ადმინისტრაციის აღდგენა. რა თქმა უნდა, იყო გამონაკლისებიც, მაგრამ ძირითადად მაშინდელი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის ისინიც, რომლებიც დღეს უმრავლესობაში არიან წარმოდგენილი, ყველანაირად მიესალმებოდა ამ ფაქტს. დღესაც პრაქტიკულად იგივე პოლიტიკა გრძელდება. ამ ნაწილში ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა აქვთ ძველ და ახალ ხელისუფლებას, რაც ჩემი აზრით, შემაშფოთებელია.
_ დანაშაულებრივია დღეს სანაკოევის ადმინისტრაციისთვის დაფინანსების გაზრდა?
_ რა თქმა უნდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს კანონი `ოკუპაციის შესახებ~, რომელიც არავის არ გაუუქმებია და ეს ტერიტორია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიადაა გამოცახდებული. მაშინ ჩვენ აქედან გამომდინარე, უნდა შევქმნათ ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული მმართველი ორგანო. სანაკოევი `სამხრეთ ოსეთის~ პრეზიდენტია. აქედან გამომდინარე ჯერ ვაღიაროთ, რომ `სამხრეთ ოსეთის~ – ასეთი სამართლებრივი ერთეულის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ გარკვეული პასუხისმგებლობაც გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი გმირი წინაპრების სისხლით მორწყული მიწა ასე ჰარი-ჰარალედ არ გავასხვისოდ; არ შევქმნათ სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმი იმისათვის, რომ ადრე თუ გვიან ეს მიწა საერთოდ ჩამოცილდეს ქართულ სახელმწიფოს. სწორედ ასე იკარგებოდა დვალეთი, სხვა ქართული მიწები. ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია და მოვუწოდებ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ თითქოს არაფერი არ მოსწონთ სააკაშვილის და რაღა ამ ნაწილში აგრძელებენ მის პოლიტიკურ ხაზსს. მოვუწოდებ, შეწყვიტონ ამ ხაზის გაგრძელება.
_ დაბოლოს, სულ უფრო ბევრი საუბრობს დღეს, რომ ივანიშვილის ხელისულებაში მოსვლით, ბევრი არც არაფერი შეცვლილა. ასეა?
_ შეიცვალა რიტორიკა. მაგრამ შეიცვალა თუ არა რეალური პოლიტიკა, ამაში უახლოეს მომავალში დავრწმუნდებით. თუმცა გარკვეულწილად, მთელ რიგ საკითხებში ჩვენ რეალურ ქმედებებში ცვლილებებს ვერ ვხედავთ. სასურველია, უფრო ქმედითი ყოფილიყო ეს ცვლილებები და განსხვავებები. ვერც წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხში ვხედავთ ცვლილებას და ვერც წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებების რევიზიაში. ჩვენ ამის ობიექტური მიზეზებიც ვიცით, ძალიან რთულია ნაბიჯების გადადგმა ასეთი მძიმე მემკვიდრეობის პირობებში, ამგრამ ეს ნაბიჯები აუცილებლად გადასადგმელია.