შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 04.12.2012
რა შეცდომებს უშვებს ივანიშვილის ხელისუფლება, არიან თუ არა სააკაშვილის მოქმედი და ყოფილი თანაგუნდელები პოლიტპატიმრები და რა მხრივ იმეორებს “ქართული ოცნება” ნაციონალების კურს? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს “სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
-
_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით ივანიშვილის ხელისუფლების მოღვაწეობის ორთვიან პერიოდს, რა გამოკვეთა ახალმა ხელისუფლებამ? ამბობენ, რომ 3 თვის მანძილზე ახალი ხელისუფლების კრიტიკისგან თავის შეკავება ჯობია, მაგრამ დადებითი და უარყოფითი ნაბიჯები ხომ უნდა გამოიკვეთოს?
_ კრიტიკა არაფერ შუაშია. ვითარება უნდა შეაფასოს ადამიანმა ყოველგვარი ჩასაფრებული პოზიციების გარეშე. ეს სიტუაცია თუ სწორად იქნება გაანალიზებული, ყველასთვის კარგი იქნება. ვინც ჩახედულია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და რეალობაში კარგად ერკვევა, დამერწმუნება იმაში, რომ იმდენი პრობლემა დახვდა ხელისუფლებას, რომ ძალიან დიდი სამუშაოების ჩატარება დასჭირდებოდა. ობიექტურად მძიმე სურათი დახვდა ამ ხელისუფლებას, ეს უნდა აღინიშნოს. პრაქტიკულად, არ არსებობს სფერო, არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც არ საჭიროებდეს არათუ რეფორმირებას, არამედ ძირფესვიან გადახალისებას. აქ რეფორმებიც კი არ უშველის, იმდენად ჩამყაყებული და ჩამპალი სიტუაცია იყო პოლიტიკურად ქვეყანაში. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ ვითარებიდან გამომდინარე უნდა შევაფასოთ შექმნილი სიტუაცია და გაგებით მოვეკიდოთ იმას, რომ ივანიშვილს არ აქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ აიქნიოს და ასე ერთბაშად დაალაგოს ყველაფერი. ბუნებრივია ისიც, რომ ამ ორი თვის განმავლობაში გარკვეული ტენდენციები გამოჩნდა და ეს ტენდენციებიც შესაფასებელია. საღი აზრი ხელისუფლებისთვის მისასალმებელი უნდა იყოს და მით უმეტეს_ გარედან დანახული საღი აზრი.
_ გაჩნდა აზრი, რომ რეალურად ივანიშვილის გუნდი საპარლამენტო უმცირესობის პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა და ხალხისთვის მიცემული პირობების შესრულება დაავიწყდა.
_ მოდით ვთქვათ, რამდენიმე მოცემულობა. პირველი: ქართველ საზოგადოებას რეალურად სურს, რომ აღდგენილ იქნას სამართლიანობა და ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულობების ჩამდენები სამართლიანად იქნენ დასჯილნი. აღდგენილ იქნას სამართლიანობა და დაზარალებული პირების უფლებები იქნეს აღდგენილი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ხელისუფლებამ ეს ყველაფერი უნდა განახორციელოს, მაგრამ გარკვეულწილად ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ საზოგადოებამ არ დაინახოს საფრთხე, რომ ამას რაღაც შინაგანი მოტივაციის გამო აკეთებს ხელისუფლება; არა პოლიტიკური აუცილებლობით, როგორც საზოგადოება ითხოვს, არამედ გარკვეული შინამოტივაციით და შინაგანი სურვილებით. აი, ეს ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა დაუმტკიცოს. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან ძნელი დასაჯერებელია ის გარემოება, რომ არ არსებობს დოკუმენტური მყარი მასალა, ამ ადამიანების დასაკავებლად. მე მგონი, ეს მასალა არსებობს. ქართული საზოგადოება ამაში დარწმუნებულია და ცოტა მეტი პროფესიონალიზმია საჭირო, რომ დამაჯერებელი არგუმენტები იქნეს წარმოდგენილი, რასაც ქართული საზოგადოებაც მშვიდად მიიღებს და საერთაშორისო თანამეგობრობაც. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასეთი დამაჯერებელი არგუმენტაცია არ არის წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, დანაშაულია ის, რაზეც ეს ადამიანები არიან დაკავებული, მაგრამ ამ ხალხს უფრო სერიოზული დანაშაულობები აქვს ჩადენილი და საზოგადოება უფრო მყარ არგუმენტაციას ელოდება. თორემ, ეს ხალხი რომ დასაჭერია, აქ ორი აზრი არ არსებობს; მეორე მომენტი, რომელზეც `სახალხო პარტია~ დიდი ხანია საუბრობდა: ჩვენ ვამბობდით, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად აუცილებელი იყო ჩამოყალიბებულიყო ის პრინციპები და კრიტერიუმები, რომ რომელიც საჭიროა ქვეყნის ასაშენებლად. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება მთლიანად და `ქართული ოცნება~ უფრო მეტად სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლით გაერთო და მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ პრაქტიკულად არ შევქმენით არც ის დოკუმენტაცია, არც ის პრინციპები და კრიტერიუმები, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა ქვეყნის აღმშენებლობას. დღეს სწორედ ამან იჩინა თავი. გარკვეულწილად ხელისუფლება არადამაჯერებელია იმიტომ, რომ სახელმწიფოებრივ განვითარებაზე ზრუნვა მან იმ დღიდან დაიწყო, როდესაც ხელისუფლებაში ოფიციალურად მოვიდა და ამისთვის არ ემზადებოდა მაშინ, როდესაც ამის დრო ჰქონდა. ამიტომ ეს ყველაფერი ახალ ხელისუფლებას ერთდროულად დააწვა თავზე და, შესაბამისად, საზოგადოების გარკვეული ნაწილი რეალურ შედეგებს სამართლიანად ითხოვს. ვინაიდან `ქართული ოცნება~ აცხადებდა, რომ მყისიერად მოხდებოდა გარკვეული ცვლილებები, რაზეც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს შეუძლებელი იყო. მაგრამ ქართული საზოგადოება აჟიტირებული იყო `ქართული ოცნების~ წევრების გამონათქვამებით და, ბუნებრივია, დღეს სთხოვს პასუხს. აქედან გამომდინარე, თავის დროზე იყო გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელი. უმთავრესი, რისი აღდგენაც უნდა მომხდარიყო ივანიშვილის კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან_ ეს არის ნდობა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმევა. კვლავ გრძელდება პრაქტიკა, რომ ხელისუფლების ვიწრო ჯგუფის აზრის მიხედვით ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ დაგვავიწყდა ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ჯგუფები, გარკვეული ნაწილი ადამიანებისა, რომელიც არ იყო ოცნების შემადგენლობაში, მაგრამ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, პრაქტიკულად, მთელი თავისი ენერგია ჩადო და, შესაბამისად, ამ ერთიანი ამოცანის შესრულებაში მოიაზრებდა თავს. დღეს, სამწუხაროდ ხდება, რომ კვლავ და კვლავ ვიწრო ჯგუფის გადასაწყვეტი ხდება ესა თუ ის საკითხი და არ ხდება ფართო დიალოგი.
_ სწორედ ეს აძლევს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ტელევიზიით გააკეთონ განცხადებები ივანიშვილის რეჟიმის შესახებ?
_ რა თქმა უნდა. ამ სიტუაციაში პრაქტიკულად ოცნებამ, არ ვიცი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მოედანზე პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ აღიარა მხოლოდდამხოლოდ ნაციონალური მოძრაობა. რატომღაც მას აწყობს, რომ ოპონენტად ჰყავდეს ნაციონალური მოძრაობა. იმიტომ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ის მორალურად ყოველთვის გამარჯვებული იქნება და მას საზოგადოების მხარდაჭერა ექნება არა იმიტომ, რომ ოცნების პოზიციები მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ იმდენად მიუღებელია ზურაბ ადეიშვილი, გიგა ბიკერია, ახალაია, მერაბიშვილი, სააკაშვილი და ა.შ., რომ ბუნებრივია, ქართული საზოგადოება მათ არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს, რაც არ უნდა სიბრძნე ილაპარაკონ. მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობს გარკვეული მოსაზრებებიც სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც იგნორიორებულია ოცნების მიერ. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ოცნებას თვითონვე აწყობს ოპონენტად ნაცმოძრაობა იმიტომ, რომ აპრიორი მოსახლეობის მხარდაჭერა მიიღოს მან. ხელისუფლება კონტაქტს გაურბის საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა სააკაშვილის წინააღმდეგ; რომლებიც არ შებღალულან სააკაშვილთან თანამშრომლობით, (ამ შემთხვევაში განსხვავდებიან `ქართული ოცნების~ ზოგიერთი წევრისგანაც, რომლებიც სააკაშვილის გუნდთან წლების განმავლობაში საკმაოდ კარგად თანამშრომლობდნენ) და რომლებსაც გააჩნიათ თავისი ჩამოყალიბებული აზრი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ეს აზრი პრაქტიკულად არის იგნორირებული. და კვლავ ხდება, კაი, არჩევნების დროს შეიძლება ამას კიდევ რაღაც გამართლება ჰქონოდა, რომ ორპოლუსიანი ბრძოლის ველი გვეხილა, მაგრამ არჩევნების შემდეგ კვლავ ორპოლუსიანად წარმოდგენა ქართული პოლიტიკური სივრცის, ეს გარკვეულ შეშფოთების საფუძველს იძლევა იქედან გამომდინარე, რომ რაში გჭირდება ვერტიკალის გამყარება, თუ მიგაჩნია, რომ შენი პოზიციები და ხედვები საზოგადოებისთვის დღესაც მისაღებია. შექმენი მაშინ კონკურენტული გარემო, შექმენი დიალოგის ატმოსფერო, აღაგდინე ნდობა ხელისუფლების მიმართ და თუ მიგაჩნია, რომ შენი საღი აზრი დღესაც ქართული საზოგადოებისთვის მისაღებია, მაშინ რატომ მალავ ამ აზრს, რატომ არ იძლევი ფართო დისკუსიის მოედნის შექმნის საშუალებას?!
_ რაზე მიანიშნევბთ, ახალი ხელისუფლების ნდობის კუთხით საზოგადოებაში უკვე კითხვები ჩნდება?
_ ჩნდება, იქედან გამომდინარე, რომ როცა არის საუბრები, დავუშვათ, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში თურმე ეკონომისტების დეფიციტია, რატომ არის მიჩნეული, რომ ეკონომისტების დეფიციტია, როცა ეს ასე ნამდვილად არ არის? ოცნებას ან რომელიმე პარტიას შეიძლება დეფიციტი ჰქონდეს ეკონომისტების, მაგრამ ზოგადად ქვეყანაში ასე ნამდვილად არ არის. საქართველოში ვერ ვნახე ფართო დისკუსია თუნდაც ბიუჯეტის საკუთხებთან დაკავშირებით, სადაც მიწვეული იქნებიან საკმაოდ ცნობილი და საზოგადოებაში მეტ-ნაკლები ავტორიტეტის მქონე ის ეკონიმისტები, რომელსაც საზოგადოება ენდობა. ასეთი ელემენტარული სამუშაო ჯგუფის შეხვედრების შესახებ მე არ გამიგია. რატომ ხდება კვლავ, რომ ვიწრო ჯგუფი წყვეტს ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს. მესმის, რომ ნორმალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეიძლება გამარჯვებულმა გუნდმა ეს სხვას არ კითხოს, მაგრამ ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ გამარჯვება პოლიტიკურ ბრძოლაში მოხდა არა ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ დემოკრატიულ ვითარებაში, არამედ ძალიან არაორდინალურ სიტუაციაში, სადაც ორპოლუსიანი სამყარო იყო წარმოდგენილი და ძალიან ბევრმა პატიოსანმა ადამიანმა თავი შეიკავა ამ ბრძოლაში მონაწილეობისგან იმიტომ, რომ არ დაზარალებულიყო მთავარი საქმე _ ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, `შუა უნდა გაიკრიფოს~ და ეს წარმოდგენილი იყო, როგორც ბრძოლა ტირანიასთან, მაშინ დღეს დგება საკითხი, რატომ უნდა გაიკრიფოს შუა აღმშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში მიაღებინე მონაწილეობა ამათუ იმ ადამიანსო, მაგრამ ფართო დისკუსიაში მონაწილეობა ყველამ უნდა მივიღოთ. ელემენტარულად. როდესაც რომელიმე მინისტრი გააკეთებს უპასუხისმგებლო განცხადებას, თუნდაც აფხაზეთის მხარედ აღიარება და და ა.შ., ეს რატომ უნდა იყოს ვიწრო ჯგუფის გადასაწყვეტი? ახლაც შევარდნაძის და სააკაშვილის პერიოდი ხომ არ არის, გავხსნათ ფართო დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით. ბევრ საკითხზე უნდა იყოს ფართო განხილვა, იგივე რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსი პრობლემა შეიქმნა სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. გამოცხადდა, რომ თითქოს არასამთავრობო სექტორი მიიღებდა ამაში მონაწილეობას, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ისევ ვიწრო კულუარულად იქნა მიღებული.