ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს კონსულტაციები არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანების შესახებ, მიმდინარეობს მხოლოდ მერკანტილური მოსაზრებებიდან გამომდინარე და დიდი ალბათობით, შედეგად მივიღებთ ისეთ ეკლექტურ გაერთიანებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ვიწრო პიროვნული ინტერესების დასაკმაყოფილებლად იბრძოლებს.ამ მოლაპარაკებებში არსად ჩანს სახელმწიფოს ინტერესებზე მზრუნავი, მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე ჯგუფების ხედვა პროცესების სწორედ წარმართვის შესახებ.თუ პროცესები ასე გაგრძელდა, დიდი ალბათობით, ქართველი ამომრჩეველი ისევ გათელილ ბილიკს დაადგება და არჩევანს გააკეთებს ისევ კონკრეტული პიროვნებების მხარდასაჭერად ან მის წინააღმდეგ და არა ჩამოყალიბებულ, პოლიტიკურ ხედვებს შორის.მომავალი თვითმმართველობის არჩევნები თავისი მასშტაბით, პოლიტიკური დაძაბულობის, ინტერესთა კონფლიქტისა და საქართველოს სახელმწიფოს მომავალი პოლიტიკური მდგრადობის გამო, უპრეცედენტო იქნება საქართველოს ისტორიაში. სწორედ აქ უნდა მოახერხოს ქართულმა პოლიტიკურმა და სამოქალაქო საზოგადოებამ მაქსიმალური მობილიზაცია, რათა ამ არჩევნებიდან ქართული სახელმწიფო უფრო გაძლიერებული და ორგანიზებული გამოვიდეს.აქედან გამომდინარე, სახალხო პარტია მოუწოდებს საზოგადოებრივად და სოციალურად აქტიურ ადამიანებს, ჩაერთონ ამ პროცესებში და თავად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობაში. არ არის ეს არჩევნები უბრალოდ არჩევნები და თუ ჩვენ შევძლებთ, ამ პროცესიდან გამოვიდეთ, როგორც კარგად სტრუქტურირებული და მობილიზებული სამოქალაქო საზოგადოება, მაშინ საქართველო შეძლებს, გაუმკლავდეს მოსალოდნელ საფრთხეებს. ეს საფრთხეები კი არც მითიურია და არც ძნელად პროგნოზირებადი.ჩვენი მთავარი იარაღი მოსალოდნელი და პროგნოზირებადი გამოწვევების წინააღმდეგ, ქართული სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობა იქნება და მხოლოდ, ამის მერე შეიძლება, გახდეს შედეგის მომტანი უცხოელი პარტნიორების დახმარება და გვერდში დგომა.სახალხო პარტია,სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მზად არის, საშუალება მისცეს საზოგადოებრივად და სოციალურად აქტიურ ყველა მოქალაქეს, მონაწილეობა მიიღოს მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში და ქმედითი დახმარება გაუწიოს მათ.ვიმედოვნებთ, რომ საკითხისადმი ასეთ მიდგომას მრავალი მომხრე გამოუჩნდება საზოგადოებაში. მათი აქტიურობა კი შესაძლებელს გახდის ისეთი პოლიტიკური ერთობის შექმნას, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე სერიოზული შედეგს აჩვენებს.ამ პროცესების გასააქტიურებლად და აღნიშნული ინიციატივის განსახილველად, სამოქალაქო სექტორს ვთავაზობთ უახლოეს მომავალში მოვაწყოთ მრგვალი მაგიდა და გაიმართოს დისკუსია, რის შესახებაც დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას.
20.03.2014