ხელისუფლებას საქართველო არ აინტერესებს – 2007

giorgadze-1

ახალი თაობა 20.06.2007 - შორენა კოწოწაშვილი
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან

_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე? რატომ დადგა, თქვენი აზრით, ეს პროექტი დღის წესრიგში?
_ იმისთვის, რომ ამ საკითხში და, საერთოდ, ყველა საკითხში ხელისუფლების ფსიქოლოგია და მოტივაცია გავიგოთ, საჭიროა ზუსტად შევაფასოთ ამ ხელისუფლების ფუნქცია და სტატუსი საქართველოში. ეს ხელისუფლება არ არის მოწოდებული იმისათვის, რომ იზრუნოს საქართველოზე. ეს არ არის საქართველოს პატრონი ხელისუფლება. ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გარკვეულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სახელმწიფოებმა საქართველოში მენეჯერებად დანიშნეს. ესენი არიან გაყიდვის მენეჯერები, შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესები, ყველაფერი იქნეს გაყიდული ან გავერანებული. ამიტომ ამ ადამიანების ფსიქოლოგია მომართულია ამ კუთხით. აქ სახელმწიფოს ინტერესები არაფერია. აქ არის ამ ხალხის, ანუ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მიერ დავალების შესრულება, ანდა ამ ხალხისგან წამოსული ინიციატივა, რომ თავიანთ პატრონებს მოემსახურონ ყველაფერში. რაც შეეხება კონკრეტულად ატომურ ელექტროსადგურს, მიმდინარეობს გარკვეული მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები თუ წინადადებები სხვადასხვა ტრანსნაციონალურ კორპორაციას შორის და საქართველო ერთ-ერთის მხარეს გამოდის, როგორც დამატებითი არგუმენტი. აქ არ არის საუბარი საქართველოს ინტერესებზე. ამაზე საუბარი საერთოდ შეუძლებელია.
_ ანუ საქართველოს ხელისუფლება ცრუობს, როცა აცხადებს, რომ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით სჭირდება?
_ რა თქმა უნდა. ამ საკითხშიც ისევე ცრუობს, როგორც სხვა შემთხვევაში.. აბა იმას ხომ არ იტყვის, რომ გაყიდვების მენეჯერია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაქირავებული ხელისუფლებაა და რომ საქართველოს ინტერესები წიხლზე ჰკიდია?! ბუნებრივია, ეს უნდა გაამართლოს მაღალი მატერიებით, ქვეყნის მოსახლეობაზე ზრუნვით და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტივად გაიშიფრება, რაც ყველასთვის სასარგებლო იქნება. დღევანდელი ხელისუფლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს საქართველოში, დიდი მეჩეთის მშენებლობისთვის გამოყოფს ტერიტორიას, ეკლესიას დაანგრევს, ჯვრებს მოთხრის თუ ცხინვალში ოსურ ავტონომიას ააშენებს. მისთვის ეს არაფერია, იმიტომ, რომ ყოველივე ამის განხორციელებისთვის მას სწორედ ასეთი აგრესიული პროპაგანდა სჭირდება.
_ ბატონო მამუკა, მაინცდამაინც საფრანგეთს რატომ სთხოვა დახმარება ქართულმა მხარემ ამ პროექტის განხორციელებისთვის?
_ ძალიან კარგად მოგეხსენებათ თავის დროზე უკრაინასთან დაკავშირებული საკითხი, როდესაც ჯერ გამოვიდა და იუშჩენკოზე იჭრიდა ვენებს, მერე კი პრესკონფერენცია გამართა და თქვა, არც მეორე მხარეა საქართველოს მიმართ ცუდად განწყობილიო. ასევე კარგად გახსოვთ, სარკოზისთან როგორ იკლავდა თავს, თითქოს რამე ეკითხება საქართველოს ხელისუფლებას, საფრანგეთში ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს ყოველივე ჩადებული გახლავთ თავიდანვე, ოღონდ, საზოგადოებისთვის უცნობი იყო. მანამდე მიმდინარეობდა მოლაპარაკება. სარკოზი ჯერ ფაქტობრივად არჩეული არ იყო, რომ ინაუგურაციის მეორე დღესვე მიხეილ სააკაშვილი თავს დაადგა საფრანგეთში. ეს ყველაფერი მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ აქ სახელმწიფოთა ურთიერთობაზე ლაპარაკი არ არის. ლაპარაკია ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესებზე. სარკოზისთან სააკაშვილის შეხვედრას სულ სხვა მიზეზი ჰქონდა და არა ის, რაც გაცხადდა. სასაცილოა იმის გავრცელებაც სააგენტოებით, რომ სააკაშვილი ბუშთან დაახლოებულ პრეზიდენტს შეხვდა. თითქოს პრეზიდენტს რაიმე დამატებითი მექანიზმები სჭირდება ამა თუ იმ ქვეყნის ხელმძღვანელთან სალაპარაკოდ. იმ გამოთქმისა არ იყოს, ქურდი დღეში ათჯერ ტყდებაო, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ვერ მალავენ საკუთარ თავს და ინტერესებს, შესაბამისად, მათი ქმედებები მათივე პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობს და მას არაფერი აქვს საერთო საქართველოს სახელმწიფოსთან. აქ მთავარი ამ მშენებლობის შესახებ ინფორმაციის გაჟღერება იყო, თორემ, ამაზე რომ სერიოზული მსჯელობა არ მიმდინარეობს საქართველოში, ეს ხომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით.
_ დარწმუნებული ხართ, რომ საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა რეალურად არ იგეგმება?
_ ჯერჯერობით მიმდინარეობს ტრანსნაციონალურ კორპორაციებთან ვაჭრობა. არ ვიცი ეს ვაჭრობა როგორ დამთავრდა. თუ, ვინიცობაა, პირადი სარგებლობა გაუჩნდებათ, იტყვიან იმას, რასაც ახლა ამბობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვლენ და თვითონვე იქნებიან იმის მებაირახტრეები, რომ საქართველოს არაატომური სტატუსი უნდა იქნეს შენარჩუნებული. მოგეხსენებათ, საქართველო თავის დროზე არაბირთვულ ზონად არის გამოცხადებული და ეს ხელისუფლება პირადი სარგებლობის მიუღებლობის შემთხვევაში იტყვის, ჩვენ ამ კურსის გამგრძელებლები ვართო.
_ ისე, თქვენ წინააღმდეგი ხართ საქართველოში ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის?
_ ელემენტარულად, ჩვენ გვაინტერესებს, როდესაც ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემის დრო დადგება, საიდან იქნება შემოტანილი ნედლეული; რომელი ფირმა აიღებს ამას თავის თავზე; გარანტიის რა მექანიზმებია ჩადებული; რას მოგვცემს ჩვენ ეს _ ენერგეტიკულ თუ მატერიალურ შემოსავალს. კარგად გახსოვთ, რა აჟიოტაჟი იყო ატეხილი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანთან დაკავშირებით. ნახეთ, მისი საბიუჯეტო შემოსავლები როგორ აისახება. მივხვდებით, რომ აქ არავითარი მატერიალური ინტერესი, სარგებლობა საქართველოს არ მიუღია. როცა ვკითხულობთ, შევიდეთ თუ არა ნატოში, ვინმემ აგვიხსნა, რას გვაძლევს ნატო, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ბუშმა განაცხადა, ნატოში მივიღებთ სერბეთს, მაგრამ სერბეთმა დამოუკიდებლობა მისცეს კოსოვოსო? როდესაც ეს ფაქტი თვალწინ გვაქვს, ამ დროს გვეუბნებიან, იცი, რა, ყველაფერი მოგვარებულიაო. როგორ არის მოგვარებული?! _ აგვიხსნან, ვისთან და რა თემაზე საუბრობენ. რა მოლაპარაკებებია, რა ვალდებულებებს იღებენ? განაცხადონ, იგორ ივანოვი რომ დარბოდა თბილისში მიტინგებზე, რა ვალდებულებები აიღო სააკაშვილმა. ჩვენ პოსტფაქტუმ გავიგეთ, რომ, როცა სააკაშვილი ასლან აბაშიძის წინააღმდეგ იბრძოდა, თურმე პუტინისგან რაღაც ვალდებულებები აუღია. ეს შემდგომ პუტინმა გაახმოვანა. ე.ი. აქ მიმდინარეობს ფარული ქმედებები. მას არანაირი საერთო არ გააჩნია ქართულ სახელმწიფოებრიობასთან. დღეს კამათი, გვინდა თუ არა ატომური ელექტროსადგური, მაშინ, როდესაც ამასთან დაკავშირებით სერიოზულად არ მიმდინარეობს საზოგადოებაში მსჯელობა და, პრაქტიკულად, ინფორმაციას მოკლებული ვართ, არასწორად მიმაჩნია. ჩვენ ვიცით ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოში არ იგეგმება, უბრალოდ, მიმდინარეობს ვაჭრობა რუსებსა და ფრანგებს შორის სომხეთის ელექტროსადგურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. მრავალი სხვა ვერსია არსებობს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, დღეს რომ თავი ვიმტვრიოთ და ცალსახად განვაცხადოთ, მომხრე ვარ თუ წინააღმდეგი, ძალიან რთულია.
_ იქნებ, სხვა საკითხების მსგავსად, უკვე გადაწყვეტილი საკითხის შესახებ ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ჩვენთვის საკმაოდ გვიან გახდეს ცნობილი?
_ უბედურება სწორედ ის არის, რომ ჩვენ შეთანხმების და გარკვეული წლების შემდეგ ვიგებთ, რასთან გვქონდა საქმე. დღესაც ღიად დგას საკითხი: როდესაც აჭარაში განლაგებულმა რუსეთის სამხედრო ბაზებმა სააკაშვილს დაუჭირა მხარი, რა ვალდებულება აიღო რუსეთის მთავრობის წინაშე სააკაშვილმა? ეს დღეს ჩვენთვის უცნობია. როდესაც იგივე იგორ ივანოვი იყო მიტინგებზე, რა ვალდებულება აიღო საქართველოს მთავრობამ? ამაზე დაფარული პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში არ ყოფილა. პრაქტიკულად, კომუნისტების დროს უფრო ღია იყო პოლიტიკური ცხოვრება და ინფორმაცია, ვიდრე დღეს არის, ამ ვითომ დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ხელისუფლების ნაბიჯებში. ისმის კითხვები: რა იმალება კუვეიტის კრედიტის მიღმა? რა იმალება ე.წ. შეიხების ასეთ ხშირ ვიზიტებში? რა იმალება ირანის ხელისუფლებასთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობების მიღმა? არ ვიცით. რა გარიგებებში შედის მიხეილ სააკაშვილი პუტინთან, როდესაც ერთ სამიტზე ხდება პუტინის გინება და მეორე სამიტზე ლამის რუსეთის საქართველოს ყველაზე დიდ მეგობრად გამოცხადება? რა შეიცვალა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, როდესაც ასეთი ზარ-ზეიმით და ტაშის გრიალით მიიღო სააკაშვილმა მონაწილეობა ბოლოს გამართულ დსთ-ის სამიტში?!
_ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტისას ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ნორმალიზებისკენ მიდის. იქნებ ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით აქტიურობს საქართველოს ხელისუფლება?
_ რით გამოიხატება ეს ნორმალიზება?! პრიმაკოვი, რომელსაც გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ჩვენ, ძალიან მშვიდად იქცეოდა. მან კარგად იცის და განაცხადა კიდეც, გაარკვია სააკაშვილმა პუტინთან ურთიერთობა და თქვენ რაღა განერვიულებთო. რა გაარკვია, რის სანაცვლოდ გაარკვია სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობა, არ ვიცით. არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზისთან შეხვედრაზე, გარდა იმისა, რომ მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ზოგადი ფრაზებია და ამას ყველა ხელისუფლება აცხადებს, მათ შორის, რუსეთიც. საინტერესო ის არის, სააკაშვილი კონკრეტულად რა თემაზე სასაუბროდ ჩავიდა სარკოზისთან. როდესაც ასეთი დაფარული ინფორმაციებია, ვიცით რა ამ ხელისუფლების ბუნება, ელემენტარულად, ძალიან სერიოზული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ სწორედ იმიტომაც იმალება ეს გარიგებები, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ზურგს უკან იქნა მიღებული ანტიქართული გადაწყვეტილებები. ასეთივე მიჩუმათებულია ე.წ. თურქი მესხების თემა. დღესაც კი ქართველ საზოგადოებას ვერ გაურკვევია, ეს ხალხი მესხები არიან თუ თურქები. ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი და დღესაც არ ვიცით, ამ თემაზე კონკრეტულად რა შეიძლება გაკეთდეს, იმიტომ, რომ ხელისუფლება ინფორმაციას მაქსიმალურად მალავს. მას მხოლოდ მას შემდეგ ვიგებთ, როცა საქმე უკვე გაფუჭებულია.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress