ინტერვიუ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან
თეა მარხვაიძე - ახალი თაობა 5-11.10.2008
ქართულ პოლიტიკაში საინტერესო პროცესები დაიწყო. ხელისუფლების მაღალჩინოსნები პოლიტიკას უბრუნდებიან. ისინი დაბრუნებას ოპოზიციონერების რანგში აპირებენ.
პოლიტიკაში მეორედ მოსასვლელად ხმამაღალი და სკანდალური განცხადებები ჩვცეულებრივ მოვლენად ითვლება. ამაზე უარს არც ჩვენი პოლიტიკოსები ამბობენ. ამ კვირაში ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლებას გაზეთების საშუალებით რამდენიმე ათეული კითხვა დაუსვა.
ბურჯანაძის კითხვები საკმაოდ მწვავე ხასიათს ატარებს. ამ კითხვებმა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი აღაფრთოვანა.
გაცილებით ნაკლები აღფრთოვანება მოჰყვა ზურაბ ნოღაიდელის გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯერჯერობით რაიმე სკანდალური განცხადება არ გაუკეთებია. სკანდალი მის მიერ წარმოებულმა მოლაპარაკებებმა გამოიწვია.
ნოღაიდელს ისეთი წარსული აქვს, მარტო ვერაფეტრს გაქაჩავს, ამისათვის მას პოლიტიკური პარტნიორები ესაჭიროება. ამ პარტნიორებს ის ოპოზიციაში ეძებს.
ამ მიზნით მან მემარჯვენეების ლიდერთან აწარმოა მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკება თბილისის ერთ-ერთ ელიტურ კაფეში შედგა. ამის გამო ის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ეს შეხვედრაც გახმაურდა.
ამ ამბის გახმაურებამ ნოღაიდელი დიდად არ დააღონა. აი, მემარჯვენეები კი ძალიან აღშფოთდნენ.
ნინო ბურჯანაძის და ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკაში მობრუნების სურვილმა სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე ძალიან აღაშფოთა. ის თავს შეურაცხყოფილადაც კი გრძნობს იმის გამო, რომ ბურჯანაძე და ნოღაიდელი ამ ქვეყანაში ცხოვრებას ბედავენ.
საზოგადოების დიდი ნაწილისგან განსხვევაბით, გიორგაძე ნინო ბურჯანაძის კითხვებს არ აღუფრთოვანებია. მას ვერაფრით ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა დასვას იმ ხალხმა კითხვები, რომლებიც შარშანდელ შვიდ ნოემბერს ხელისუფლებას წარმოადგენდნენ.
გიორგაძე ამბობს, რომ ყველას აქვს კითხვის დასმის უფლება, მაგრამ არა ბურჯანაძეს და რადგან ბურჯანაძე კითხვებს სვამს, მამუკა გიორგაძე მის მიმართაც სვამს კითხვებს.
სახალხო პარტიის ლიდერს ძალიან აინტერესებს, რა პასუხისმგებლობა ეკისრება სასაზღვრო პოლიციის უფროსს იმ დროს, როცა მტერმა საქართველოს საზღვრები დაარღვია.
მას ისიც აინტერესებს, რატომ არის ესოდენ გაოპოზიციონერებული ბურჯანაძის მეუღლე ამ ხელისუფლების წევრი.
მას კითხვა ნოღაიდელთანაც ბევრი აქვს, თუმცა? მხოლოდ ნულოვან ვარიანტს ახსენებს. ამ ნულოვანი ვარიანტის მიღებით საქართველომ უარი თქვა რუსეთთან საბჭოთა კავშირის ქონების გაყოფაზე.
პრეტენზიები გიორგაძეს იმ ოპოზიციონერებთანაც აქვს, რომლებიც ნოღაიდელთან და ბურჯანაძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. გიორგაძე მათ ვითომ ოპოზიციას ეძახის.
რატომ არ მიიჩნევს გიორგაძე ამ ადამიანებს ოპოზიციად, როგორ იყოფენ ფულს რუსი და ქართველი ჩინოვნიკები, როდის გასცემს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სააკაშვილის საწინააღმდეგო გამოსვლებზე ნებართვას, რას ნიშნავს ნოღაიდელის და ბურჯანაძის პოლიტიკაში დაბრუნება, ამ და სხვა თემებზე მამუკა გიორგაძე `ახალ თაობას~ ესაუბრება.
_ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი პოლიტიკაში ბრუნდება… რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
_ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ყვლეფდნენ, ყიდდნენ და ანგრევდნენ საქართველოს, ხმის ამოღებასაც ვერ უნდა ბედავდნენ, ესენი კი თავს იმის უფლებას აძლევენ, რომ ხელისუფლების ხელახალ გადანაწილებაში მიიღონ მონაწილეობა. ამის საბაბი, როგორც ჩანს, მათ ჩვენმა საზოგადოებამ მისცა. ეტყობა, ამ ადამიანების ფსიქიკაში იმდენად უნიათოა ქართველი ერი, იმდენად ატროფირებული აქვს ღირსების გრძნობა, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმას აპირებენ. ეს ხალხი პოლიტიკაში ურცხვად ბრუნდება, თანაც ისე, რომ ბოდიშის მოხდასაც არ აპირებს. ბოდიში მათ ბევრ რამეზე აქვთ მოსახდელი. ყველა ჩვენგანს ძალიან კარგად ახსოვს, ვინ რა მოიმოქმედა. ყველას კარგად გვახსოვს ნოღაიდელის ნამოქმედარიც. ამ გაკეთებული საქმეებიდან გამომდინარე, ნოღაიდელს არც კი უნდა გაებედა პოლიტიკაში დაბრუნება.
_ რა საქმეები გაქვთ მხედველობაში?
_ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნულოვანი ვარიანტი რად ღირს. ნულოვანი ვარიანტის მიღებით საქართველომ უარი უთხრა რუსეთს საბჭოთა კავშირის ქონების გადანაწილებაზე . ამით საქართველომ თავისი კუთვნილი უზარმაზარი ქონება დაკარგა. ეს გადაწყვეტილება იმ ხელისუფლებამ მიიღო, რომლის ფინანსთა მინისტრიც ზურაბ ნოღაიდელი იყო. საინტერესოა, რა დაინტერესება ჰქონდა ნოღაიდელს, როცა ამ გადაწყვეტილებას უჭერდა მხარს. ასევე საინტერესოა, რა დაინტერესება ჰქონდა, როცა სხვა ეროვნულ სიმდიდრეებს ყიდდა. ამ ყველაფრის შემდეგ ბედავს და კიდევ პოლიტიკაში ბრუნდება. ამით ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს.
_ თქვენი აზრით, ნოღაიდელის პოლიტიკაში დაბრუნება ქართველი ერის შეურაცხყოფაა?
_ რა თქმა უნდა! მხოლოდ პოლიტიკაში დაბრუნება არ არის ერის შეურაცხყოფა. საერთოდ საქართველოში ცხოვრებას რომ ბედავს, ესეც დიდი შეურაცხყოფაა ჩვენი ერისთვის. მე ძალიან მიკვირს, როგორ ბედავს და როგორ
ცხოვრობს ის ამ ქვეყანაში და რადგან ხმის ამოღება გაბედა, ჩათვალა, რომ ქართველ ერს ატროფირებული გვაქვს ღირსებისა და თავმოყვარეობის გრძნობა. მის გარდა, ასეთ რაღაცებს სხვებიც ბედავენ. ამ პოლიტიკოსების ქმედება ერთ ქუთაისურ ანეკდოტს მაგონებს: ხუთჯერ გავთხოვდი და მაინც ქალიშვილი ვარო. ეს ადამიანები ხუთჯერ და ათჯერ იყვნენ სხვადასხვა თანამდებობაზე, ყვლეფდნენ და ჯიჯგნიდნენ საქართველოს. დღეს გამოდიან და ქალწულობაზე გველაპარაკებიან. ცხადია, მხედველობაში პოლიტიკური ქალწულობა მაქვს.
_ ამ კვირაში გაირკვა, რომ ნოღაიდელთან ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი თურმე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამაზე რას იტყვით?
_ ეს გასაკვირი არ არის. ამ ვითომდა ოპოზიციის დიდი ნაწილი ხომ ბედკრული კომკავშირის, კომპარტიის, მოქკავშირის და ნაცმოძრაობის წარმომადგენელია. რაღაც ეტაპზე და რაღაც ვითარებაში ეს ხალხი ერთად იყო. ესენი ხომ ერთად ებრძოდნენ ყოველგვარ ქართულს, მართლმადიდებლურს. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველგვარი ღირსეული ქმედების გატარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. ამიტომ აღარ მიკვირს ამათგან არაფერი. ამ ადამიანებისთვის პოლიტიკური ღირებულებები, პრინციპები, თავმოყვარეობა არაფერს ნიშნავს. მათ იციან ერთი რამ, რომელიც ბოლშევიკურმა სკოლამ ასწავლა. მთავარია, გქონდეს საზოგადოებაში ადგილი და ყოველთვის გამოჩნდებიან მაქებრები და ისეთი ადამიანები, რომლებიც მოისურვებენ შენთან ურთიერთობას. თუ ეს ადგილი დაკარგე, მაშინ შენით ვიწრო წრის გარდა არავინ დაინტერესდება. ამას კი ამათ ურჩევნიათ, ისევ თავლაფდასხმულებმა იარონ.. ეს მათ კომკავშირულმა და მოქკავშირულმა სკოლამ ასწავლა. ეს ვითომ ოპოზიციონერები 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ძალიან მაინტერესებს, რატომ არაფერს ამბობენ ესენი 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე. მაშინ, რა არ გაყალბდა საპარლამენტო არჩევნები? თუ მაშინ დასაშვები იყო არჩევნების გაყალბება? 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ეს ხალხი სავსებით დააკმაყოფილა. ახლა რაღაცები რომ ვერ გაიყვეს, ამიტომ დავობენ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე. რა განსხვავებაა ნოღაიდელს, ბურჯანაძესა და ვითომ ოპოზიციონერებს შორის? მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის. პოზიცია და ხალხი რომელიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს, იდეოლოგიურ-პოლიტიკური კუთხით არასდროს გაიყოფიან. ხელისუფლების სტრუქტურაში აქვთ ადგილი თუ არა, იდეოლოგიური განმასხვავებელი მათ შორის არ არსებობს.
_ თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, რომ ამ ადამიანებს ჰგონიათ, ქართველ ხალხს ღირსების გრძნობა ატროფირებული აქვს. თქვენი აზრით, მართლა დაკარგა ქართველმა ხალხმა ღირსების გრძნობა?
_ ფაქტი სახეზეა. ეს ადამიანები პოლიტიკაში დაბრუნებას რომ ბედავენ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ქართველ ერს ღირსების გრძნობასთან პრობლემები აქვს. ამის სიმბოლური გამოხატულებაა ნინო ბურჯანაძე. ის იყო კომუნისტების დროს, შემდგომ პერიოდში, 15 წლის წინაც, 10 წლის წინაც, ხუთი წლის წინაც და დღესაც აქ არის. რადგან ამ ყველაფრის შემდეგ ბურჯანაძე ისევ ბედავს პოლიტიკაში დაბრუნებას, ეტყობა, მართლა დაკარგული გვაქვს ქართველებს ღირსების გრძნობა. სხვა შემთხვევაში ამას ქართველი ხალხი ასე მშვიდად არ შეხვდებოდა. ძირითადი მასა ბურჯანაძის დღევანდელი განცხადებებით აღფრთოვანებულია. ისინი აღფრთოვანებით საუბრობენ, ნახეთ, რა შეკითხვები დაუსვა ბურჯანაძემ ხელისუფლებასო.
_ ამ შეკითხვებმა მართლაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თქვენ როგორ აფასებთ ბურჯანაძის მიერ დასმულ შეკითხვებს?
_ შვიდი ნოემბრის მომწყობი ხელისუფლების წარმომადგენლის დასმული შეკითხვა შეიძლება ადამიანმა სერიოზულად მიიღოს? ასეთი კითხვები აუცილებლად უნდა დაისვას, მაგრამ არა ნინო ბურჯანაძისაგან. ასეთი ტიპის კითხვები ჩვენ ჯერ კიდევ 12 აგვისტოს დავსვით და გაზეთებით გავავრცელეთ. ეს კითხვები ბურჯანაძეს პირველს არ დაუსვამს. უბრალოდ, დღეს მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი კარგად გააპიაროს. ამაში მას ხელისუფლებაც უწყობს ხელს, თორემ მსგავს სამართლებრივ დოკუმენტებს და შეფასებებს რვა აგვისტოს შემდეგ ყოველდღე ვაქვეყნებდით ამა თუ იმ გაზეთში. ნინო ბურჯანაძე კი ამას ტელევიზიით აპირებს. ჩვენ ტელევიზიებზე ხელი არ მიგვიწვდება. ტელევიზიისთვის კონკურენციის გაწევა ძალიან ძნელია.
_ ამბობთ, რომ ბურჯანაძეს ხელისუფლება უწყობს ხელს. რატომ უნდა ეხმარებოდეს ხელისუფლება ბურჯანაძეს?
_ იმიტომ რომ ხელისუფლებას აწყობს ბურჯანაძის მსგავსი კონკურენტის ყოლა. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებთან ხელისუფლება თავის პატიოსნებას ვერ დაამტკიცებს. ამიტომაც ურჩევნიათ, კონკურენტი ბურჯანაძის სახით ჰყავდეს, თუნდაც იმიტომ, რომ ბურჯანაძეზე ყოველთვის მოიძებნება კომპრომატი. თუ მას კითხვები გაუჩნდა და ასეთ შეფასებას აძლევს ამ ხელისუფლების საქმიანობას, მაშინ მაინტერესებს, მისი ქმარი როგორ არის ამ ხელისუფლების ნაწილი? ნინო ბურჯანაძე დღესაც კი ფარისევლობს. თუ იცი, რომ ეს ხელისუფლება მკვლელია, გაყიდა ყველაფერი, ძალით წააგო ომი, შენი ქმარი როგორ არის სამთავრობო სტრუქტურაში? თუ ის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს სვამს, მაშინ თავისი ქმრის პასუხისმგებლობაზეც ილაპარაკოს და მის ქმედებებზეც დასვას შეკითხვა.
_ რა შეკითხვა უნდა დასვას თავის მეუღლესთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძემ?
_ მისი მეუღლე არის სასაზღვრო პოლიციის უფროსი და ამავე დროს _ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. მე მაინტერესებს, რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება სასაზღვრო პოლიციის უფროსს, როდესაც დაირღვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. საინტერესოა, რა ზომას მიმართა საზღვრის დაცვის პოლიციის უფროსმა სახელმწიფო საზღვრია დასაცავად? მოდი, ავდგეთ და სიტუაციაზეც ვისაუბროთ. ამ კითხვების დასმამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, როგორ ფარისევლობს ნინო ბურჯანაძე. იგივე შეიძლება ვთქვათ ნოღაიდელთან დაკავშირებითაც. მას არანაირი უფლება არა აქვს, ამ ხელისუფლებას კითხვები დაუსვას. იგივე შემიძლია ვთქვა ეროსი კიწმარიშვილზეც, რომელმაც ამას წინათ განაცხადა, რომ თურმე ემიჯნება ხელისუფლებას. საინტერესო ამბები ხდება საქართველოში. ჩვენ ამ ადამიანებს ამის უფლება არ უნდა მივცეთ. ამ ხალხს პოლიტიკაში დაბრუბენის უფლებას ის ადამიანები არ მისცემენ, რომლებიც არცერთ ეტაპზე არ იყვნენ საქართველოს გაყიდვის თანამონაწილეები. ამ ყველაფრის მიმართ იმ ხალხს არ უჩნდება პროტესტის გრძნობა, რომელიც პასიურად მაინც მონაწილეობდა ამ საქმეში. ამით კარგად სარგებლობენ ბურჯანაძე და ნოღაიდელი. თავად მილიონები მოიპარეს და სხვას ეუბნებიან, შენც ჩუ და მეც ჩუო. ჩვენ უნდა ვძლიოთ საკუთარ თავს და ჩვენ მიერ ჩადენილ ცოდვებს, მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ვთხოვოთ უფალს ჩვენი ცოდვების მიტევება. ამის შემდეგ სხვასაც უნდა მოვთხოვოთ, რომ თავისი ცოდვები აღიარონ. ისინი მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოვიდნენ და გამოთქვან ლამაზი, ბრჭყვიალა აზრები. ჩვენ ხელისუფლების და ე.წ. ოპოზიციის მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს მოვუწოდებთ, ყოველ ოთხშაბათს შევიკრიბოთ პარლამენტის შენობის წინ და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია როგორც ხელისუფლების, ასევე ვითომ ოპოზიციის მიმართაც. ჩვენი ეს დამოკიდებულება მტერსაც და მოყვარესაც უნდა დავანახვოთ. ეს ბინძური თამაშები საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.
_ თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ ვითომ ოპოზიცია. ვის გულისხმობთ ამ ვითომ ოპოზიციაში?
_ ძალიან ბევრ ვინმეს, მათ შორის იმათაც, რომლებმაც სამასი ათასი გულანთებული ადამიანის უდიდესი შემართება მინიმუმამდე დაიყვანეს. იმ ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებმაც თავიანთი უძლურობით, ხელისუფლებასთან შეკრულობით, ფინანსური დაინტერესებით თუ სხვა მოტივაციით ყველაფერი გააკეთეს, რომ გულანთებული ადამიანების საბრძოლო განწყობა ნიჰილიზმში გადაეყვანათ. ვითომ ოპოზიციას წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც ახლაც გამოდიან და ამბობენ, რომ ახლა თურმე ქუჩაში გამოსვლის დრო არ არის. მათი აზრით, თურმე უნდა დაველოდოთ, როდის ინებებენ ბურჯანაძე და ნოღაიდელი პროტესტის გამოთქმას, თურმე უნდა დაველოდოთ, როდის მოვა ნებართვა მოსკოვიდან აქციების ჩატარებისა ანდა როდის გასცემს განკარგულებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მწვანე შუქის ანთებას, ანტისააკაშვილისტურმა განწყობამ რომ დაისადგუროს. ეს ადამიანები გამოდიან და თავხედურად გვეუბნებიან, რომ ახლა თურმე კონსტრუქციულობის დროა. ეს ჩემთვის მართლაც გაუგებარია. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება თანამშრომლობა იმ ხელისუფლებასთან, რომელსაც სიკვდილის ბრიგადების შემქმნელს უწოდებენ. როგორ უნდა ითანამშრომლო იმ ხელისუფლებასთან, რომელმაც ჩახოცა ქართველი ბიჭები ცხინვალში და ამდენი უბედურება დაატრიალა ქვეყანაში. ამ ხალხთან როგორ შეიძლება, რაიმე კონსტრუქტივიზმზე ილაპარაკო, ერთადერთი კონსტრუქტივიზმი შეიძლება მხოლოდ _ აიძულო ქართული სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა. მეტი კონსტრუქციულობა აქ გამორიცხულია. შესაბამისად, ეს ოპოზიცია დღესაც ემსახურება ხელისუფლების საქმეს. ცხადია, აქაც არიან გამონაკლისები.
_ თქვენ ამბობთ, რომ ელოდებიან, როდის გასცემს ამერიკა სააკაშვილის საწინააღმდეგო გამოსვლების განკარგულებას. ამერიკაში უკვე ეჭვის თვალით უყურენებ სააკაშვილს…
_ ეჭვის თვალით ყურება ერთია და მეორეა, როდის გადაინაცვლებს ეს ყურება ქმედებაში. სააკაშვილს რომ ეჭვის თვალით უყურებს ამერიკა, ეს ახალი ამბავი არ არის. მას ეჭვის თვალით უყურებენ ამ ხუთი წლის განმავლობაში. მათ მშვენივრად იციან, როგორი გაუწონასწორებელი ადამიანია იგი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ ჩვენზე კარგად იციან მის მიერ განვლილი გზა. ამერიკისთვის ცნობილია, როგორ მსახურობდა სააკაშვილი რუსეთის სპეცსამსახურებში. ეს მე და ქართველმა საზოგადოებამ თუ ვიცით, ამერიკის დაზვერვამ არ იცის? ძალიან კარგად იცის და ამიტომაც ის მუდმივად ეჭვის ქვეშ არის. ერთია ეჭვის საკითხი და მეორე _ მომზადება იმ სპექტაკლისა, რომელიც 2003 წლის შემოდგომაზე დაიდგა. ამერიკა ასევე ძალიან კარგად იცნობდა ყოფილ ცეკას მდივანს და პოლიტბიუროს წევრ ედუარდ შევარდნაძეს, მაგრამ გარკვეული მათი ინტერესების განხორციელების გამო ბეჭებზე ხელს უტყაპუნებდნენ, ეუბნებოდნენ, შენნაირი დემოკრატი არ გვინახავსო. ამერიკა, ბუნებრივია, შეეცდება, მათთვის მისაღები ფორმებით და ვადებში მოხდეს სააკაშვილის ჩანაცვლება. რაც მთავარია, მათ სულაც არ აღელვებთ საქართველოს ბედი. მათთვის მთავარია, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყნის სათავეში ისეთი ძალა არ მოვიდეს, რომელიც გარედან მართვადი არ იქნება. ამიტომაც ამერიკა შეეცდება, ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც 2003 წელს მოხდა. ეს კი ასე უცბად ვერ მოხდება. ამას მომზადება სჭირდება. დღევანდელ სიტუაციაში სრულებით არ არის ნავარაუდევი სააკაშვილის ჩანაცვლება, რადგანაც სააკაშვილის პრეზიდენტობა დიდი პოლიტიკისთვის დამღუპველი სულაც არ არის. სამაგიეროდ მისი ხელისუფლების სათავეში ყოფნის თითოეული წამი საქართველოსთვის არის დამღუპველი. რაც მეტი ხანი იქნება ის ხელისუფლებაში, მით მეტ უბედურებას ნახავს ჩვენი ქვეყანა. ამ უბედურებების გამოსწორება კი ძალიან რთული იქნება, ისევე, როგორც შეუძლებელია იმ ადამიანების გაცოცხლება, რომლებიც სააკაშვილის უგუნურ პოლიტიკას შეეწირნენ ცხონვალში. ასევე რთული იქნება და თითქმის შეუძლებელი იმ სიმდიდრეების უკან დაბრუნება, რომელიც სააკაშვილმა მიჰყიდა რუსებს. ქართველი და რუსი ჩინოვნიკები დღესაც ძალიან კარგად მოიხმარენ ჩვენს სიმდიდრეს. ერთი შეკითხვაც კი არ დასმულა, როგორ ახერხებენ ომის პირობებშიც კი ქართველი და რუსი ჩინოვნიკები ფულის ასე კარგად გაყოფას და შოვნას. ეს საქართველოს დაღუპავს.