შორენა კოწოწაშვილი - ახალი თაობა 29.06.-5.07. 2008
ინტერვიუ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, რას იტყვით აფხაზეთთან დაკავშირებით ვითარების დაძაბვაზე? ფაქტია, მინიშნებები ძალისმიერ დაპირისპირებაზეც კეთდება.
_ იმისათვის, რომ ამ შეკითხვას ვუპასუხოთ, მასთან პირდაპირ კავშირში მყოფი ერთი მოვლენა უნდა გავაანალიზოთ. ეს მოვლენა ეხება გასულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ეს ორგანიზაციები ცალსახად, გარკვეული შენიშვნებით, რა თქმა უნდა და გარკვეული დიპლომატიური ეტიკეტის სრული დაცვით, მაგრამ მაინც ცალსახად, მხარს უჭერდნენ ამ გაყალბებულ არჩევნებს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ რაც მოხდა 5 იანვარს და 21 მაისს, ამ პროცესებს საერთოდ არჩევნებთან არანაირი შეხება არ ჰქონდა.
მაგრამ მაინც დახუჭეს თვალი და მიულოცეს სააკაშვილს და ნაცმოძრაობას გამარჯვება. სხვათა შორის, შევარდნაძის დროსაც ასე ხდებოდა. შემთხვევით არაფერი ხდება. რატომ დახუჭეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა თვალი? _ სააკაშვილის ლამაზი თვალების ან დახვეწილი მოქცევის გამო? რა თქმა უნდა არა. ასევე, რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ გაიმყაროს ძალაუფლება, თან “პროდასავლური” იმიჯი. ისინი თვალს ხუჭავენ იმიტომ, რომ რაღაცა უნდა გასცეს სააკაშვილმა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების სანაცვლოდ და ბევრი სხვა საკითხის სანაცვლოდ სააკაშვილმა რაღაც უნდა დათმოს. ეს რაღაცა, უპირველეს ყოვლისა, არის ისეთი თემა, როგორიც არის აფხაზეთი. არის კიდევ სხვა თემები. აქ არის ქართული მართლმადიდებლობის საკითხი და ა.შ. მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი, ამ შემთხვევაში არის აფხაზეთის თემა. მთელი ამ წლების განმავლობაში, შევარდნაძისგან მოყოლებული დღემდე, პრაქტიკულად მიზანმიმართულად ხდება საქართველოში აფხაზეთის და სამაჩაბლოს მცოცავი გასხვისების პრაქტიკული რეალიზება. ხოლო ის, რაზეც აჟიოტაჟია ატეხილი, ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია. ვითომ საქართველოს ხელისუფლება ბრძოლობს, ვითომ გამოსავლის გზებს ეძებს, ვითომ აგრესორი რუსეთი საქართველოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ის ინსცენირება, რომლითაც ქართველი ხალხი უნდა დარწმუნდეს ერთ რამეში: ჩვენ ქართველ ერს თავისთავად არაფერი არ შეგვიძლია და ორი დიდი იმპერიის გადანაწილებას უნდა შევცქეროდეთ ბედნიერი თვალებით. სააკაშვილი სწორედ ამას მიგვითითებს. სააკაშვილი გვაჩვევს, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ხბოს თვალებით დასავლეთს და ის მოგვიგვარებს აფხაზეთის პრობლემას. ანუ მთლიანად გამოირიცხა, როგორც სუბიექტი, ქართული პოლიტიკური სპექტრი და რაც ყველაზე უფრო დამღუპველია, გამოირიცხა როგორც სუბიექტი, ქართველი ერი. ამჟამად მიმდინარეობს თბილისს მიღმა რაღაც პროცესები _ სადღაც, ჟენევაში, ვენაში, მოსკოვში, რაღაც-რაღაცები ხდება და არაფერი არ ხდება თბილისში. სწორედ ამის გამო თბილისში ძალიან ბევრი ადამიანი გაკვირვებაშია ჩავარდნილი, მათ პასუხიც კი არ აქვთ მთელ რიგ შეკითხვებზე იმის გამო, რომ მოვლენების ეპიცენტრი გადავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენვე საქართველოს ხელისუფლების სახით დელეგირება გავუკეთეთ რუსეთს და დასავლეთს, რომ მათ უნდა გაარკვიონ ერთმანეთში აფხაზეთის პრობლემა. და ეს ხდება დღეს.
_ ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში დე იურედ გაფორმება ხდება, სააკაშვილის ხელისუფლება კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბრობს.
_ ეს არის სიტყვისმიერი ეკვიბლირისტიკა, როგორც ბევრი ოპოზიციის წარმომადგენელი, ასევე ხელისუფლება მთლიანობაში, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი, ვერბალური მხარით კმაყოფილდება. ჩატარდა ორი არჩევნები. არცერთი არჩევნების დროს მთავარი თემა აფხაზეთი და სამაჩაბლო არ ყოფილა. თვით ამ ორი არჩევნების დროს ისეთი ინსტიტუტი, როგორიც არის “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტი” სანაკოევი საერთოდ არ ხსენებულა. არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ამ თემას ამ არჩევნების დროს. ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ ეს მისი ყველაზე კარგი პროექტი იყო, დუმდა. გასაგებია, საკუთარ თავს თვითონვე გამოუტანა შეფასება: თუ ეს ყვალაზე კარგი პროექტია, რატომ დუმხარ. ამავე დროს, დუმდა თვითონ ოპოზიცია. როდესაც ამბობდნენ, რომ ბოკერია, ნადირაძე, კირკიტაძე და სააკაშვილი ერთი გუნდია, რატომღაც ამ კლიპში არ იყო სანაკოევი _ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს. ამით ხომ, ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა ოპოზიციურმა ნაწილმა აღადგინა “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა”. აღარაფერს ვამბობ იმ ქმედებებზე, რომელიც ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩაიდინა და ჩავიდა და მიულოცა სანაკოევს მთელი ზარ-ზეიმით მოუწყო შეხვედრები პარლამენტში. იგივე ხდება აფხაზეთთან დაკავშირებით. ხდება საქართველოს დაშლის იურიდიული გაფორმება. ეს დაშლა შემდეგ ქაღალდზე იქნება ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში გაფორმებული იურიდიულად. მაგრამ რეალურად დამოუკიდებელი სუბიექტები, თუ ეს იქნება თავიდანვე ცალკე სუბიექტებად გაფორმებული ერთეულები, ამას ამ შემთხვევაში პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. არც არავინ ეცდება ამას. არც რუსეთი არ შეეცდება, მიიერთოს აფხაზეთი ან სამაჩაბლო. მას მუდმივად სჭირდება ეს თემა დაძაბულობისთვის. ელემენტარულად თავისუფლად შესაძლებელია და ის სქემა, რომელიც ამჟამად ხორციელდება და მათ შორის რესპუბლიკური პარტია აქტიურად გამოდის ამ ინიციატივით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად და სააკაშვილის ხელდასმით, კონცეფციის ავტორია, სადაც სუვერენულ აფხაზეთზეა საუბარი. 10 წელია არის დიტერ ბოდენის გეგმა, სადაც სუვერენულ აფხაზეთზეა საუბარი, ვერ ჟღერდებოდა იმიტომ, რომ ქართველი ხალხის და ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილის რისხვის ეშინოდათ. დღეს არათუ ჟღერდება, პირიქით, ამაზე საუბრობს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც.
_ ორი დღის წინ კომერსანტში დაბეჭდილ სტატიაში მითითებული იყო, რომ აფხაზეთის ნაწილს რუსეთი გააკონტროლება, ნაწილი კი საქართველოს შემადგენლობაში დარჩება. ეს არის რესპუბლიკელების გეგმაშიც?
_ მთლად ბოლომდე არ არის ეს რესპუბლიკელების გეგმა. ეს უკვე მოდერნიზებული ვარიანტია. მაგრამ არსი ერთია, რომ დამოუკიდებელი აფხაზეთის ცნობისკენ მიდის საქმე. მაგრამ ეს დამოუკიდებელი აფხაზეთი მერე იურიდიულად როგორ იქნება გაფორმებული, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ რეალურად ის არ იქნება ქართული პოლიტიკის მატარებელი სუბიექტი. რეალურად აქ საუბარი რაზე მიდის: აქ არა მარტო აფხაზეთია პრობლემა. თბილისი რა ქართული ცხოვრების წესით ცხოვრობს? იმ თბილისში, სადაც შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში, მისი უწმინდესობის და საქართველოს ეკლესიის მყარი პოზიციით იქნა ეს პროცესი შეჩერებული, რომ მამათმავლების მანიფესტაცია არის შესაძლებელი, ამ თბილისს არ შეუძლია აფხაზეთის დაბრუნება. არ შეიძლება იმ თბილისს, რომელსაც ქართული ენის ამოგდება უნდა მისაღები გამოცდებიდან, იმიტომ, რომ თურმე ვიღაც არაქართველმა ქართული კარგად არ იცის და არ შეიძლება ქართველებს ამ შემთხვევაში პრივილეგია ჰქონდეთ. თვითონ მოტივია აქ მთავარი. მთავარი აქცენტი იმაზე კი არ უნდა გაკეთდეს, წელს მოხდება ეს თუ შემდგომში, მთავარი ის არის, რომ ამაზე საერთოდ აქცენტი გაკეთდა. რადგან ეს საკითხი დაისვა, ფაქტია, ვინც ეს საკითხები დასვა, ისინი გრძნობენ, რომ ხალხი მზად არის იმისათვის, რომ ამას შეეგუოს. მთავარი ის როდია, რომ ჩვენს ფსიქიკაში ეს ჩასვეს. ალბათ მომავალ წელს ადვილად გაიტანენ. ასევე იყო, თავიდან დაიწყეს წითელი ინტელიგენცია, წითელი მეცნიერები, კომუნისტი მეცნიერები და შემდეგ ამ მოტივით უნივერსიტეტი დაშალეს. ასე იყო მეცნიერებათა აკადემიის წინააღმდეგ. ასე იყო ძველი ქართული ინსტიტუტის წინააღმდეგ. სამხედრო ენაზე თუ გადმოვიტანთ, ჯერ დაზვერვა ხდება, შემდეგ შესაბამისი მომზადება და ა.შ. აი, ეს პროცესი _ საარტილერიო დაზვერვის, იდეოლოგიური მომზადების უკვე განხორციელდა.
_ ანუ თანდათან გვაჩვევენ აფხაზეთის საბოლოოდ დაკარგვას?
_ რა თქმა უნდა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ და გაბედა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ და ვითომ საქართველოზე მჭმუნვარენი გამოდიან და ამბობენ, რომ მოდით, აფხაზეთის სუვერენობა ვცნოთ აქ უმთავრესი პრობლემა რა არის, იცით, ჩვენ რატომღაც მივიჩნიეთ, რომ ცხინვალის რეგიონი, ეს ოსური ტერიტორიაა და იქ ქართველებს არაფერი გვესაქმება და ჩვენ რატომღაც მივიჩნიეთ, რომ აფხაზეთი _ ეს არის არაქართული ეთნოსის ტერიტორია და ჩვენ ქართველები იქ კოლონიზატორები ვართ. უკვე აი, ეს არის აქ ჩადებული. ის, რომ ქართველს იქ თავისი უფლება აქვს და უდუდესი უფლება, არა როგორც მხოლოდ მოქალაქეს, არამედ როგორც მიწის პატრონის უფლება, თუ, დავუშვათ, აფხაზეთზეა საუბარი, ისევე თანაბრად, როგორც ეს აფხაზებს. ჯერ კიდევ საკითხავია, აფხაზები უნდა ვახსენოთ თუ აფსუა. ეს თემაა და ამას ახლა არ შევეხები, მაგრამ მინიმუმ ორი ეთნოსის ნება უნდა იყოს წარმოდგენილი და ჩვენ აქ პირდაპირ დავთმეთ, რომ ეს მხოლოდ აფხაზური ეთნოსის ნება იყოს წარმოდგენილი. ეს ერთი, ხოლო სამაჩაბლოში პირდაპირ უარი ვთქვით ქართველობაზე და ოსური ავტონომია ვაღიარეთ. ჩვენ ამით უკვე იმ ეთნოსს გადავეცით მიწა. აი, ეს არის უბედურება. ხვალ ეს პროიცესები გაგრძელებას გამოიწვევს. რა პრინციპით ვეუბნებით, დავუშვათ, ახალქალაქში სომხებს? ან მარნეულში _ აზერბაიჯანელებს? თუკი ჩვენ სულ რაღაც ორი საუკუნის წინ დაწყებულ ოსების ჩამოსახლების პროცესს ასეთი შესაძლებლობა მივეცით, რომ ოსურ ეთნიკურ წარმონაქმნს დავუქვემდებარეთ ჩვენი ეს მიწა, ხვალ დადგება იგივე საკითხი ჯავახეთთან და ქვემო ქართლთან დაკავშირებით. დღეს სწორედ ეს ხდება საქართველოში.
_ იქნებ დააკონკრეტოთ, რა დოკუმენტზე აქვთ ხელი მოწერილი დავით ბაქრაძეს და კოტე კუბლაშვილს, რომელიც დღეს საფრთხის ქვეშ აყენებს აფხაზეთის საქართველოს განუყოფელ ტერიტორიად ყოფნას?
_ ეს იყო კონცეფცია, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ერთობლივმა ჯგუფმა შეიმუშავა, ბაქრაძემ, კუბლაშვილმა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა. შემდეგ, თუ არ ვცდები, 2003 წელს, სოჭში ჩატარდა ის შეხვედრა, სადაც პირველად, ასე ვთქვათ, ღიად გაჟღერდა ბოდენის გეგმის ვარიანტი, რომ აფხაზეთი უნდა იყოს სუვერენული სახელმწიფოს უფლებების მატარებელი. ჩვენ გვეუბნებიან, ნუ გეშინიათ ამ სიტყვის _ სუვერენობა. ეს იმ მნიშვნელობის აღარ არის, რაც იყო მე-19 საუკუნეში. მთავარი მომენტი აქ სწორედ ის გახლავთ, რომ ქართველი ერია გამორიცხული ამ პროცესებიდან. ელემენტარულად, აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას არანაირ პროცესში არ მიაღებინეს მონაწილეობა. ის, რომ აფხაზეთის უზენაესი საბჭო უნიათოა და არაფრის გამკეთებელი, სხვა თემაა, მაგრამ მეორე საკითხია, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს აფხაზეთის საკითხი წარმოაჩინოს, როგორც აფხაზური ეთნოსის და ენგურს აქეთ მყოფი ქართული ეთნოსის ურთიერთობის გარკვევის სფერო და არა ის, რომ თვითონ აფხაზეთის ტერიტორიის შიგნით უნდა მოხდეს ქართველებსა და აფხაზ ეთნოსს შორის ურთიერთობის გარკვევა. რადგანაც აფხაზეთის უზენაესი საბჭო გამოთიშეს ამ პროცესებიდან, უკვე ავტომატურად აღიარეს, რომ აფხაზეთის ტერიტორია უკვე არაქართული ეთნოსის საპატრონო ტერიტორიაა. მთავარი მუხლი ეს არის იმ კონცეფციაში, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა და რომელსაც ეს ადამიანები აწერენ ხელს.
_ თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რეალურად აფხაზეთთან მიმარტებაში ფარულ პოლიტიკას ატარებს და ეს პოლიტიკა აფხაზეთის საბოლოოდ დაკარგვას ემსახურება?
_ რა თქმა უნდა. ეს ადამინები სწორედ ამისთვის მოიყვანეს ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ დახუჭა მოსკოვმაც და დასავლეთმაც თვალი. არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს ეს მხოლოდ მოსკოვური გეგმაა. ის, რაც ხდება საქართველოსა და მოსკოვს შორის, ეს უბრალოდ იმიტაციაა. ეს არის შიდა მოხმარებისათვის, რომ ჩვენ გული მოგვიოხონ, ნახეთ, როგორ გმირულად იბრძვის, იგივე ბაქრაძე თუ სააკაშვილი რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის ხელისუფლებაც ატარებს შიდა მოხმარებისთვის პროცესებს და რეალურად, სადღაც ვენაში, ჟენევაში თუ ვაშინგტონში შეიძლება შემდგომში გადაწყდეს აფხაზეთის გაყოფა. საქართველოს ხელისუფლება ამას სთავაზობს. შემთხვევითი არ იყო, როცა მედვედევმა და პუტინმა სააკაშვილის გეგმა მოიწონეს. შემთხვევითი არ არის ის, რომ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებზე მიდის საუბარი საქართველოს ხელისუფლების მიერ უკონტროლო ტერიტორიაზე. გახსოვთ, ბათუმში არ გააკეთეს ეკონომიკური ზონა იმიტომ, რომ პრობლემა გვაქვს ასლან აბაშიძესთანო და ოჩამჩირეში აკეთებ ამ ზონას? რა, არა გაქვს პრობლემა?
_ დარწმუნებული ხართ, რომ სააკაშვილმა აფხაზეთის ტერიტორიის ნახევარი დათმო?
_ არა მარტო დათმო, არამედ ამიტომაც არის მოყვანილი ხელისუფლებაში. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ის სუსტი მმართველია ამ შემთხვევაში და ზეწოლას ვერ უძლებს. არამედ სწორედ იმიტომ ხდება, რომ ყველანაირად ცდილობს ამ პოლიტიკის გატარებას. ამიტომ ინახავს მას რუსეთიც და დასავლეთიც.
_ ასეთი რეალობის გათვალისწინებით, რატომ დუმს ოპოზიცია?
_ ელემენტარულად, ისიც ამ თამაშის ნაწილია. არანაირი განსხვავება ამ საკითხში რესპუბლიკელებსა და ბევრ სხვა პარტიასა და და ხელისუფლებას შორის არ არსებობს. ყველა ძალიან კარგად ახსოვს სახალხო პარტიისა და ახალი მემარჯვენეების კამათი ამ თემაზე. იგივე ცხინვალის რეგიონს როცა შეეხებოდა, როცა ამ ადამიანებმა ტაშის გრიალით დაუჭირეს მხარი სანაკოევის გამოსვლას პარლამენტში.
_ ანუ მართალი იყო შოთა მალაშხია, როცა აცხადებდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიის გაყოფის მომხრეები რესპუბლიკელებიც არიანო?
_ ესენი ერთად არიან ამ საკითხში. ვიმეორებ, საგაზეთო პუბლიკაციის თემა არ არის დავუშვათ, თვითმმართველობის განხორციელება. შეიძლება თვითმმართვადი ზონები იყოს აფხაზეთში და ა.შ. ეს ძალიან საკამათო და თეორიული ნაწილია რესპუბლიკური პარტიის კონცეფციისა. შეიძლება ზოგიერთ მათგანს დაეთანხმო, ზოგს არა. მაგრამ თავისთავად ის, რომ არსობრივად ეს ადამიანები _ ხელისუფლება და ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ერთნი არიან ამ საკითხში, ეს ფაქტია. ორი არჩევნები ჩატარდა და ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკულად ოპოზიციის მხრიდან, თავისთავს რომ ოპოზიციას უწოდებს, იმაზე მაქვს საუბარი, თორემ რა ოპოზიციაა, ეს უკვე სხვა თემაა, ელემენტარულად საერთოდ არ დასმულა ეს საკითხი. ჩამონათვალში თუ ჩამოითვლებოდა. და არ იყო საუბარი იმაზე, ეს ასე უნდა მოგვარდეს, ასე უნდა გაკეთდეს და ა.შ. იმიტომ, რომ ამ ნაწილში ხელისუფლების და ოპოზიციის გარკვეული ჯგუფები ზოგი მოსკოვიდან იმართება, ზოგი _ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ამიტომ თავიანთ პატრონებს ხომ არ შეეწინააღმდეგებიან.