საჯარო წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას

gerbebi_Page_6

„რეზონანსი”
მოსაზრება
(10.11.2012)
საქართველოს სათავეში თქვენი ყოფნის ჯერჯერობით ძალიან მოკლე დროის მანძილზე თქვენი მხრიდან, თქვენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მყოფ წევრთა ჩათვლით, გაჟღერდა ცნობები თქვენი განზრახულობებისა და თქვენი მიმდინარე მოქმედებების შესახებ, რომლებიც, ჩვენი აზრით და ქართველი საზოგადოების დიდი უმრავლესობის აზრით, წინააღმდეგობაშია საქართველოს მიწაწყლის დაცვის ინტერესებთან. ეს ცნობები და განზრახვები ეხება:
- რუსეთთან ურთიერთობის “გაუმჯობესებას” უპირობოდ, ანუ მანამდე, სანამ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ნაწილთა ოკუპაციას და მათი “დამოუკიდებლობის” აღიარებას;
- აფხაზეთის დღესდღეობით მმართველი ჯგუფის და ცხინვალის რეგიონის დღესდღეობით მმართველი ჯგუფის აღიარებას “მხარეებად” საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში;
- საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნას მოძრაობისათვის მისი დღევანდელი ოკუპაციის პირობებშივე;
- ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის “შერბილებას”;
- აფხაზეთისა და შიდა ქართლის ერთი ნაწილის, რუსული ტერმინოლოგიით – “სამხრეთ ოსეთის” – პასპორტების ცნობას საქართველოს ხელისუფლების მიერ (რაც პრინციპულად განსხვავდება საქართველოს ამ რეგიონთა მაცხოვრებლებისთვის ნეიტრალური დოკუმენტების მიცემის ამერიკული წინადადებისაგან, მათთვის მსოფლიოში მოგზაურობისშესაძლებლობის მიცემის მიზნით);
- ჩვენთვის უეჭველია (და ამ ჩვენი აზრის საფუძველი თქვენთვის მოხსენებული გვაქვს საჯარო წერილის სახით), რომ ეს და ანალოგიური ქმედებები თქვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ზიანს აყენებს საქართველოს მიწაწყლის დაცვის სამართლიან საქმეს, რამდენადაც იგი ფსიქოლოგიურად და პოლიტიკურად ასუსტებს მსოფლიოს საზოგადოებრიობის მტკიცე ნებას, რომ არ დაუთმოს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიათა “დამოუკიდებლობის” ერთადერთ საყრდენს – ამ რეგიონში. იგი (თქვენი ეს ქმედება) რადიკალურად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციისა და კონკრეტული კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო ურთიერთობების ანბანურ ნორმებს.
ჩვენთვის წარმოუდგენელია, რომ ხსენებულ პოზიციათა გამჟღერებლებს – ზაქარეიშვილს, ვოლსკის და სხვებს – სჯეროდეთ, თითქოს:
- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დღევანდელ “მმართველთა” ნება ოდნავ მაინც განსაზღვრავდეს რუსი ოკუპანტის ნებას (პირიქით: პირველი ცალსახად განსაზღვრულია ამ უკანასკნელით);
- ამ “მმართველთა” ნება გამოხატავდეს მასის ნებას, თუნდ მხოლოდ აფხაზი და ოსი მოსახლეობისას (ამ ნებას შეიძლება გამოხატავდნენ მხოლოდ კონკრეტული კერძო პირები, მათთან დიალოგს კი არანაირი “აღიარების” სტატუსი არ სჭირდება).
ამგვარად, ზაქარეიშვილის, ვოლსკის და მათ მსგავსთა პოზიცია რეალიზმის ელემენტს არ შეიცავს. იგი ცალსახად განსაზღვრულია რუსული ინტერესით და რუსული ინსტრუქციით.
მოგმართავთ პირადად თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო და ბატონო დეპუტატებო, ორი კითხვით:
1. რომელი კონკრეტული პოლიტიკური, იურიდიული, ფსიქოლოგიური ან სტრატეგიული მექანიზმით არის შესაძლებელი, რომ ზემოხსენებულმა ხუთმა დათმობამ ოკუპანტის ნებისათვის ან რომელიმე მათგანმა ზემოქმედება მოახდინოს რუსეთის ნებაზე, რათა ამ უკანასკნელმა ხელი აიღოს საქართველოს ტერიტორიათა ოკუპაციაზე და მათი “დამოუკიდებლობის” ცნობაზე.
ჩვენი აზრით, ასეთი მექანიზმი არ არსებობს და შეუძლებელია, რომ არსებობდეს. თქვენი კეთილსინდისიერი პასუხი ამ კითხვაზე სხვა ვერ იქნება რა, თუ არა ამ ანბანური ჭეშმარიტების აღიარება.
2. მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენი უპირველესი და აბსოლუტურად შეუვალი მოვალეობა, როგორც საქართველოს სახელმწიფოს საჭის მჭერისა, არის საქართველოს მიწაწყლის აღდგენა?
ჩვენი აზრით, საქართველოს ხელისუფალი დღეს ვალდებულია ესმოდეს, რომ კავკასიაში და შავ ზღვაზე რუსულ იმპერიალიზმს თავისი მონოპოლიური ბატონობის შენარჩუნების პერპექტივა არ გააჩნია.
ვალდებულნი ვართ, სამწუხაროდ, რომ შეგახსენოთ საზოგადოებაში არსებული ეჭვი, თითქოს თქვენი პოლიტიკური გუნდი, ისევე, როგორც სააკაშვილის გუნდი და მანამდე შევარდნაძისა, საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნისას მთლიანად რუსეთის ნებით იმართებით და თითქოს თქვენი გამჭოლი მიზანია არა საქართველოს გამოყვანა რუსეთის იმპერიული ორბიტიდან, რაც აუცილებელი პირობაა საქართველოს ტერიტორიის რეალური ხსნისათვის ოკუპანტის ხელიდან, არამედ რუსეთის აგრესიული ოპერაციის ახალი საკვანძო ეტაპის, – საქართველოს ტერიტორიათა იურიდიული წაგლეჯის – განხორციელება.
იმედი გვაქვს, რომ პატივს დაგვდებთ და ჩვენს ამ ორ კითხვას უპასუხებთ სავსებით ნათელი ფორმულირებით. ჩვენი უდიდესი სურვილია, რა თქმა უნდა, რომ გვიპასუხოთ სავსებით ნათელი გამიჯვნით ზაქარეიშვილისა და ვოლსკის ანტისახელწიფოებრივი პოზიციისაგან და ზაქარეიშვილის შესაბამისი პრაქტიკული “მოღვაწეობის” აღკვეთით.
ჩვენს წუხილს აღნიშნული მიმართულებით ამძაფრებს და აღრმავებს ის, რომ თქვენი “ოპოზიცია”, ანუ საპარლამენტო უმცირესობა სააკაშვილის გუნდის სახით,პრაქტიკულად,დუმს ზაქარეიშვილის ახალ-ახალი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისა და სათანადო პრაქტიკული ნაბიჯების თაობაზე. ეს გარემოება გვავალებს შეგახსენოთ ისიც, რომ დაუფარავად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას – საქართველოს “კონფედერირების” პრიმაკოვისეული გეგმის გაჟღერებას გაზეთ “24 საათში”, როგორც თავისი გეგმისა, ოთხი ავტორი ჰყავს, – ოთხი პიროვნება, რომელნიც არ დაერიდნენ თავისი ქართული გვარების გაქირავებას ანტიქართული დოკუმენტის ხელმოწერისათვის. ამათში ორნი – დ. ბაქრაძე და კ. კუბლაშვილი – სააკაშვილის გუნდში არიან და თავის დროზე სამშობლოს ამ ღალატისათვის დაჯილდოებულნი იქნენ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობებით, ხოლო ორნი – პ. ზაქარეიშვილი და ი. ხაინდრავა – თქვენი გუნდის წევრები არიან.
შეგახსენებთ აგრეთვე, რომ თქვენი გუნდის თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მიერ (რაც არჩევნების შედეგებში, სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილობრივ აისახა), არ გაძლევთ მანდატს, რათა ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადადგათ საქართველოსთვის დღესდღეობით ყველაზე მწვავე საკითხში – მისი მიწაწყლის დაბრუნების საკითხში. ხალხმა თქვენ ხმა მოგცათ უკიდურესი სულიერი აღელვების მომენტში, მხოლოდ სააკაშვილის გუნდის სიძულვილით მისი დივერსიული პოლიტიკის გამო და პატიმართა წამების ეკრანზე გამოტანის შთაბეჭდილების ქვეშ, ისევე, როგორც სააკაშვილს 2003 წელს ხმა მისცა მხოლოდ შევარდნაძის ანტიქართული და ანტიხალხური რეჟიმისადმი სიძულვილის გამო.
ველით თქვენს პასუხს.
მამუკა გიორგაძე
პაატა კოღუაშვილი
ნოდარ ნათაძე
ბადრი რამიშვილი
თამარ ჩხეიძე

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress