სააკაშვილი არის რუსული ადმინისტრაცია საქართველოში – 2012

SONY DSC

მამუკა გიორგაძე – ახალი თაობა

თამარ ნინიძე
ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან

_ ექსპერტმა გია ნოდიამ განაცხადა, ახალი ხელისუფლება ძველი ხელისუფლების მიმართ ზედმეტი ანგარიშსწორებით არის გატაცებულიო. თქვენ ამ პოზიციას იზიარებთ?
_ პირიქით, ახალი ხელისუფლება უფრო მეტად თავშეკავებულია, ვიდრე ამას ნაციონალები იმსახურებენ. ამ კუთხით ნაცმოძრაობის მხრიდან ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება და ამ ფორმით სურთ პრევენცია გააკეთონ ხელისუფლების მხრიდან შემდგომ აქტიურობაზე.
_ სააკაშვილის შეხვედრა ნატოს გენმდივან რასმუსენთან და მისი განცხადება ორხელისუფლებიანობაზე და ამავე დროს რასმუსენის შეხვედრა ივანიშვოლთან აქტიური განხილვის თემებია. თქვენ როგორ შეაფასებთ ორივე ამ შეხვედრას?
_ რა თქმა უნდა, სააკაშვილმაც და ივანიშვილმაც აქტიურად უნდა ითანამშრომლონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს ორგანიზაციები არა მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არიან ჩვენი დამხმარენი, არამედ ისინი საქართველოს ეხმარებიან იმაში, რომ საქართველოში ნამდვილად დემოკრატიული და ჯანსაღი ვითარება დამყარდეს. მათი რეკომენდაციების უმეტესობა მიმართულია სწორედ საქართველოს საკეთილდღეოდ, თუ რაიმე შეუსაბამობებს ვხედავთ, ეს შეუსაბამოები რეკომენდაციების შერჩევით განხორციელებას უკავშირდება, იმის მიხედვით რაც აწყობდა წინა ხელისუფლებას. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს შედეხედულებები,  რეკომენდაციები,  ქართულ გარემოს შევუსაბამოთ და შევეცადოთ ავაშენოთ ქართული სახელმწიფო. პრობლემა ისაა, რომ სააკაშვილი სიტყვით, დეკლარირებულად ახორციელებს დასავლური ორინტაციის წარმომადგენლობას, სინამდვილეში ის არანაირ დემოკრატიულ რეფორმებს საქართველოში არ ახორციელებს და პრაქტიკულად არც ერთი რეფორმა არ განხორციელებულა, რომელიც საქართველოს დააახლოვებდა ცივილიზებულ მსოფლიოსთან. პირიქით არა ერთხელ აღმინიშნავს, რომ სააკაშვილი არის რუსული ადმინისტრაცია საქართველოში, რომელიც არ აძლევს ქვეყანას საშუალებას დაუახლოვდეს დასავლურ ცივილიზაციას. სიტყვებით ის ვითომ პროდასავლელია, თავისი არსით კი ის ახორციელებს რუსულ ინტერესებს საქართველოში. ორხელისუფლებიანობის მომენტს რაც შეეხება, მე ინგლსური ენა არ ვიცი და დედანში ის არ მომისმენია, მაგრამ ასეთი შეფასება რომ საქართველოში ორხელისუფლებიანობაა, არ შეიძლება და დავეთანხმები იმ შეფასებას, რომ დაუფიქრებლად ასეთი ტერმინების ხმარება კარგი არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის; მეორე მხრივ, თუ წარმოვიდგენთ იმ რეალობას, რომ ორივე სახელისუფლებო პარტიაა, პარლამენტში, თუ ავიღებთ კლასიკური გაგებით, საქართველოში ოპოზცია არ არის. ერთი სახელისუფლებო პარტია წარმოდგენილია საპარლამენტო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მეორე კი პრეზიდენტისა და თვითმმართველობის დონეზე. უსუფაშვილის განცხადებას რაც შეეხება, ნამდვილად შემიძლია დავეთანხმო მას იმ ნაწილში, რომ სააკაშვილის მხრდან ასეთი განცხადებები არ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის, ამავე დროს ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის უსუფაშვილმაც, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის მხარეებად აღიარებას და ტერმინ `სამხრეთ ოსეთს~ აქტიურად იყენებენ. არც ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი. შევთანხმდეთ პოლიტიკოსები იმაში, რომ მსგავსი ტერმინები არასოდეს იყოს გამოყენებული საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობის დროს. ლიტვამ აკრძალა ასეთი სიტყვათაწყობა `სამხრეთ ოსეთი~ ლიტვაში, ჩვენ კი ვცდილობთ ეს ტერმინი დამკვიდრდეს საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც თავის დროზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის  მიერ დამკვიდრდა. ამიტომ ყველა ჩვენგანი უნდა მოერიდოს მსგავსი ტერმინების ხმარებას.
მხოლოდ პარლამენტში ჩაკეტვა, სადაც ორი სახელისუფლებო პარტიაა წარმოდგენილი, და არ გავიხედოთ გარეთ   პოლიტიკური სპექტრისაკენ, ეს არ იქნება ქვეყნისთვის მიზანშეწონილი და სასარგებლო. ვითვალისწინებ იმ გარემოებას რომ ეს არჩევნები, თუკი შეიძლება ამას არჩევნები ეწოდოს, ჩატარდა არაორდინალურ ვითარებაში, სულ სხვა ამოცანა იდგა ქართველი ხალხის წინაშე, სააკაშვილის რეჟიმის შეზღუდვა, შესაბამისად არაორდინალურად უნდა განხორციელდეს საქართველოს არჩევნებისშემდგომი პოლიტიკური ცხოვრებაც.
_ მხედველობაში ის ხომ არ  გაქვთ, რომ გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა შექმნას საკონსულტაციო რეჟიმი არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, ითანამშრომლოს მასთან, შეიტყოს მისი მოსაზრებები?
_  რა თქმა უნდა, არავისთვის მოუტანია ხეირი შენობაში ჩაკეტვას, არც ამ შემთხვევაში მოიტანს ხეირს. მით უმეტს სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული განწყობის საკუთარ მხარდაჭერად ჩათვლა, თვითონ მათთვის იქნება ზიანის მომტანი. იმიტომ, რომ არ შეიძლება საზოგადოებისგან მოწყვეტილ გარემოში არსებობა, თუნდაც პროცესი, რომელიც განვითარდა სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, ან პროცესები, რომელიც შეეხება ჩვენს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან დამოკიდებულება რუსეთთან ან შიდა რეფორმების საკითხი. ეს ყოველივე უნდა მოხდეს ფართო კონსენსუსის საფუძველზე და ის ხელისუფლება იქნება წარმატებული და ხალხისგან მხარდაჭერილი, რომელიც შეძლებს ჯანსაღი დიალოგის რეჟიმის პირობების შექმნას, ამ დიალოგში წარმატებული აზრის ლობირებას და რეალიზებას პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შექმნას მსგავსი საკონსულტაციო ორგანოები, უნდა შექმნას განწყობა ქვეყანაში, რომ თითოეული ქართველი გახდეს თანამონაწილე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისა და თუნდაც მოუწიოს ხელისუფლებას არაპოპულარული ნაბიჯების გადაგმა და ამაშიც თანამონაწილე უნდა გახადოს მთლიანად ქართული საზოგადოება. წინააღმდეგ შემთხვევაში იმდენი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ხელისუფლვბა, რომ საზოგადოებასთან ხიდჩატეხილობის საკითხი ისევ დადგება.
მეორე მხრივ, ჩვენ დღეს პარლამენტში წარმოდგენილი გვყავს ნაცმოძრაობა, რომელიც პარლამენტში აღმოჩნდა არა საზოგადოების ფართო ფენების მხადაჭერით, არამედ საარჩევნო მაქინაციების გზით. აღმოვჩდით სერიოზული დილემის წინაშე, ერთი მხრივ თუ აღიარებ როლანდ ახალაიას და მის თანაგუნდელებს პოლიტიკურ უმცირესობად, გარანტირებული უნდა იყოს მისი უფლებები და უნდა მოეპყრა მას ისე, როგორც ხალხის მიერ არჩეულ კანდიდატს, არადა, მორალურად ამის აღიარება არის ძალიან რთული იმიტომ, რომ ამ ადამიანების უმეტესობა არის დანაშაულში მხილებული. რომ არ გამოვიდეს ორ ჯგუფს შორის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომ არ მიეცეს ნაცმოძრაობას იმის თქმის საშუალება, რომ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, კიდევ ერთხელ რომ არ მიეცეს ქართული საქმის გაფუჭების შესაძლებლობა საერთაშორისო ინსიტიტუტებში არასწორი ინფორმაციების გავრცელების თვალსაზრისით. ამიტომ არის საჭირო შეიქმნას  სახელმწიფო კომისია ან რომელიმე საკონსულტაციო ორგანო, რომელიც დადებს დასკვნას, შეფასებას ნაცმოძრაობის საქმიანობის შესახებ,  ამას მიიტანს საერთაშორისო დონეზე.  ნაცმოძრაობა ამბობს გვდევნიანო, ახალაიას დაჭერა დევნა კი არ არის, არამედ მთელი საქართველო ამას წლები ელოდა, მარტო ახალაია კი არა, არამედ ადეიშვილი, მერაბიშვილი, სააკაშვილი და სხვები, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, ქართული საზოგადოება ხელისუფლებას სისუსტედ უთვლის, რომ ისინი გარეთ არიან; ამიტომ “ოცნება” აუცილებლად უნდა ეცადოს ამ საქმეში საზოგადოების ფართო ნაწილის ჩართვას, რომ არ გამოვიდეს ისე, რომ ეს არის ერთი პარტიის ანგარიშსწორება მეორე პარტიაზე, ობიექტური დამოუკიდებელი კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის ნაცმოძრაობის ქმედებებს საქართველოში და მივიღებთ იმ ობიექტურ სურათს, რაც თავის დროზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იქნა მიღებული და ვისაც არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშული მაინც უნდა აეკრძალოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. რადგან ხელს აფარებდა დანაშაულს, ხოლო ვინც დანაშაული ჩაიდინა, ისინი თავისუფალი სასამართლოს მიერ უნდა გასამართლდნენ. როცა დღეს მინაშვილების, თუთბერიძეების, წიკლაურების შეგონებას ვისმენთ, ეს აღმაშფოთებელი და შეურაცმყოფელია. ამიტომ დროზეა ეს კომისია შესაქმნელი, თუ ამას დღეს ხელისუფლება არ გააკეთებს მაშინ ერთადერთი აზრი მრჩება, რომ “ოცნებას” აწყობს ასეთი ოპონენტები. მაშინ ეს იქნებიან ისეთივე ოპოზიციონერები პარლამენტში, როგორიც ჰყავდა შერჩეული სააკაშვილს ოპოზიციად  და როცა უნდოდა თავში წამოარტყამდა. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას შექმნას 2003-2012 წლების მოვლენების შემფასებელი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება ნეიტრალური და მიუკერძოებელი ადმიანებით.
_ გიგი უგულავამ განაცხადა, რომ გაფორმდა დიქტატორული რეჟიმიო. ხომ არ აჭარბებს ამ შეფასებებში ქალაქის მერი?
_ ეს არის უდიდესი ცინიზმი, ქართული საზოგადოების დაცინვა, როცა ნაცმოძრაობის ნებისმიერი წარმომადგენელი საუბრობს  დიქტატურაზე. ამის უფლებას ჩვენ ვაძლევთ. თუ არ გვსურს ოპოზიციად უგულავასნაირები ვიხილოთ, მაშინ გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, იმისათვის, რომ ამის მორალური უფლება მათ აღარ ჰქონდეთ და გამოვუტანოთ მორალური ვერდიქტი ამ ადამიანებს, ჩამოერთვათ უფლება გარკვეული პერიოდით მაინც რომ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჭკუა გვასწავლონ ტელეეთერიდან ეს ნამეტანია ამდენი არ დაგვიმსახურებია.
_ კუდის მაღალჩინოსნები დააპატიმრეს, ბრალი უნდათ წაუყენონ უკანონო მოსმენებში, პირადი ცხოვრების დეტალებში კანონდარღვევით ჩარევის, ასევე ქართუ ბანკის პირადი ქონების განზრახ დაზიანებაში. ხომ არ არის ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება ახალი ხელისუფლების მხრიდან?
_ სასურველი იქნება ყურადღება არ გამახვილდეს მხოლოდ “ოცნებასთან” დაკავშირებულ მოვლენებზე, იყო დანაშაული ქართული ოცნების მიმართ, მაგრამ პარალელურ რეჟიმში იყო კანონდარღვევები სხვა ფირმებთან და სხვა ბიზნესმენებთან დაკავშირებითაც ჩადენილი. თუ ამაზე არ იქნება რეაგირება, ეს მისცემს ნაცმოძრაობას საშუალებას ილაპარაკოს დევნაზე. ამიტომ, როცა რომელიმე მაღალჩინოსანი შეეცდება ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღესვე საკუთარი ძმა გამოუშვას ციხიდან ეს უნდა გაითვალისწინოს, მოითმინე ერთი კვირა, ათი დღე და დანარჩენ პატიმრებთან ერთად გამოუშვი შენი ძმა. როცა ქართული ოცნების ქონება ბრუნდება, აქაც მოითმინე და ერთ კვირაში სხვა წართმეულ ქონებასთან ერთად დაიბრუნე შენი ქონებაც. საერთო სახალხო ინტერესებთან ერთად უნდა დაიცვას თავისი ინტერესები ხელისუფლებამ და არა გამოყოფილად.
_ დღეს ეკონიმიკური მდგომარეობა და სოციალური ფონი არის დამძიმებული. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს დაკავებები ყურადღების გადატანის მცდელობაა მმართველი ძალის მიერ?
_ ასეთ დაკავებებს საზოგადოება დიდი ხანია ელის და ალბათ, აუცილებელია, მაგრამ აქ გარკვეული ზომიერებაა დასაცავი ტელეპიარის დროს, მხოლოდ ამაზე არ უნდა იყოს აქცენტი და ოცდაოთხი საათის განმავლობაში არ უნდა იყოს რეპორტაჟები ლამის საბრძოლო მოქმედებების არეალიდან. საზოგადოებაში დიდი მოლოდინია ცვლილებების მიმართ, მაგრამ ასე უცებ ამის განხორციელება იოლი არ არის. ამიტომ საზოგადოებრივმა კომისიებმა ადამიანებს უნდა აუხსნან, რომ ივანიშვილი ჯადოქარი არ არის, რომ ერთი ჯოხის აქნევით შეცვალოს ცხოვრება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია, რატომ არ ხდება ცვლილებები ასე სწრაფად, უკეთესი იქნება თუ ხელისუფლება საზოგადოებას საარჩევნო ეიფორიიდან მალე გამოიყვანს. პრობლემების გადაფარვას არ შეეცდება, ეს პრობლემები თავისთავად არ მოგვარდება და ამან სადღაც შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს. საზოგადოებას ყველაფერი უნდა ვუთხრათ ღიად, არგუმენტირებულად, რაც შეიძლება ფართო მასა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში, მათ შორის პოლიტიკოსები, რომლებსაც საკუთარი პრინციპებისთვის არ უღალატიათ წლების მანძილზე.
_ ასეთი ტემპით თუ გააგრძელეს მალე შეიძლება საპარლამენტო უმცირესობა არ იყოს პარლამენტში და გადაინაცვლოს ციხეში, ოპოზიცია პარლამენტში არ გვეყოლება და ეს ცუდი არ იქნება ზოგადად დემოკრატიისთვის?
_ ერთი რამ უნდა ითქვას, ეს უნდა იყოს დამაჯერებელი და არგუმენტირებული, ეს უნდა იყოს კონსენსუსის შედეგად განხორციელებული ქმედებები, ეს არ უნდა მოხდეს იმგვარად როგორც სააკაშვილის მმართველობის პირველ პერიოდში დაიწყო, როცა ერთი ჯგუფი იჭერდა და სხვები იყვნენ დამკვირვებლები და მაყურებლები, არც ერთი უდანაშაულო არ უნდა მოჰყვეს რეპრესიებში და არც ერთი დამნაშავე არ უნდა დარჩეს გარეთ. საპარლამენტო უმცირესობის კონკრეტული ლიდერები ვინც დამნაშავეა, რაც მალე აღმოჩნდებიან მართლმსაჯულების წინაშე,  მით უკეთესი იქნება. რაც მალე ჩამოცილდება ნაცმოძრაობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას, უკეთესი იქნება საქართველოსთვის.
_ პარლამენტს ოპოზიცია არ ეყოლება.
_ ჩატარდეს ახალი არჩევნები და  უფრო ღირსეული ოპოზიცია აღმოჩნდება პარლამენტში. ისედაც ეს არჩევნები არაოდინალურ სიტუაციაში ჩატარდა, ცოტა უფრო ფართოდ რომ უყურებდეს ქართულ პოლიტიკურ რეალობას „ქართული ოცნება”, ხელახალ არჩევნებს ჩაატარებდა, ნაცმოძრაობა ერთ ხმასაც ვერ აიღებდა იმ არჩევნებში. ეს უნდა იყოს შესაბამისად ახსნილი და მიწოდებული დასავლეთისთვის, არ უნდა იქცეს ერთი ჯგუფის საქმედ, რაც უფრო საჯარო გახდება ეს პროცესი, მით უკეთესია, იმიტომ რომ დასამალი არც არაფერია. ღია პროცესი უნდა აწყობდეს „ქართულ ოცნებას”, დახურული პროცესები ბევრ კითხვას გააჩენს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress