შორენა კოწოწაშვილი - ახალი თაობა 15.05.2007
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, ბოლო დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვითარება საკმაოდ გამწვავდა. რას უკავშირებთ ამას, დროებითი ადმინისტრაციით რუსეთი სერიოზულად გაღიზიანდა?
_ არა, ეს რეალური მიზეზი ნამდვილად არ არის. ეს იმ თამაშის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. თავისთავად, ადმინისტრაციის ინსტიტუტის შემოღება და ასე ვთქვათ, სამხრეთ ოსეთის არჩეული პრეზიდენტის მისვლა არანაირად კავშირში არ არის. აქ მთავარი ის არის, რომ ეს სპექტაკლი განკუთვნილია ქართველი ხალხისთვის. ეს არ არის განკუთვნილი არც ოსებისთვის და არც რუსებისთვის. უბრალოდ, ჩვენ უნდა დაგვანახონ ამ დროებითი ადმინისტრაციის შექმნის აუცილებლობა და რომ სანაკოევი ქმედუნარიანი სუბიექტია; რომ თითქოს მისმა გააქტიურებამ გამოიწვია კოკოითის ასეთი გააქტიურება. სინამდვილეში, არც კოკოითი და არც სანაკოევი არაფერს წარმოადგენენ. მთავარი აქ ის არის, რომ ქართული საზოგადოება გარკვეულწილად დაინტერესდეს და სანაკოევის მხარე დაიკავოს. სინამდვილეში სანაკოევი გახლავთ ისეთივე უკანონოდ არჩეული ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, როგორც კოკოითია. რუსული მხარე ათამაშებს კოკოითის კარტას, ქართული მხარე კი _ სანაკოევის. საბოლოო ჯამში კი, თამაშდება ის, რომ ეთნიკური ავტონომია ფიქსირდება და ამას ხაზს უსვამს ორივე მხარე. სანაკოევის გამოსვლაც ამას ადასტურებდა, რომ ეს არის ეთნიკური ავტონომია. მაშ, რაზე ვდავობთ ჩვენ ერთმანეთთან, თუკი ორივე მხარე ვაღიარებთ იმას, რომ ეს ტერიტორია არის ოსური ტერიტორია და რომ მას სამხრეთ ოსეთი ჰქვია. აქედან ვრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი ქართველებისთვის ჩატარებული სპექტაკლია და არა დავუშვათ, რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება. ბუნებრივია, ამ დიდ თამაშში კოკოითს თავისი დიდი ინტერესი აქვს, სანაკოევს _ თავისი პერსონალური ინტერესი, საკუთარი კეთილდღეობა აღელვებს. მე, პირადად, ეჭვი მეპარება, რომელიმეს თავისი ქვეყნის ბედი აღელვებდეს ამ ვითარებაში, ისევე, როგორც სააკაშვილს ქართველები არ აინტერესებს, პუტინს კი _ რუსები. აი ამ ვითარებაში მიმდინარეობს გავლენის სფეროებისთვის, კეთილდღეობისთვის, ფულისთვის ბრძოლა. სწორედ ამ თამაშის შემადგენელი ნაწილია, თურმე როგორ გავაღიზიანეთ რუსები, რომ კოკოითმა ბეტონის ფილები დააწყო. თურმე რა მართალი ყოფილა სააკაშვილი, რომელმაც სანაკოევი დანიშნა დროებითი ადმინისტრაციის უფროსად, ნახე, რა რეაქცია მოჰყვა _ რუსეთი გამწარდა.
_ საქართველოს პარლამენტში სანაკოევის მისვლას და მის გამოსვლას როგორ შეაფასებდით?
_ იმ შენობაში და იმ დარბაზში ქართველობას მრავალი სირცხვილი უგემია, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მორიგი სირცხვილი. ეჭვი მეპარება, რომ ეს სანაკოევის მიერ დაწერილი სიტყვა იყო. ყოველ შემთხვევაში ქართული ვერსია, რომელიც მე მოვისმინე, სანაკოევის დაწერილს არ ჰგავდა. სანაკოევის ინტელექტის ადამიანი ამ სიტყვას ვერ დაწერდა. ეს მას დაუწერეს და მანაც გაახმოვანა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების პოზიცია. ამ დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოთქმულ ამ პოზიციაში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, რომ ეს არის ქართული მიწა; რომ ეს უნდა იყოს ქართულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, ერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი ქართველთა უფლებებზე. იქ იყო საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ოსებზე. საუბარი იყო იმაზე, რომ ეს არის ოსების ტერიტორია და ქართველებიც, არა უშავს, იცხოვრებენ; ეს არის ეთნიკური ავტონომია და არა უბრალო, ვთქვათ, კულტურული ავტონომია, არამედ ყურადღება არის გამახვილებული, რომ ეს მიწა არის ოსების ავტონომია. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამით საქართველოს ხელისუფლებამ ღიად გვითხრა, რომ მზად არის საქართველოს ტერიტორიის დაშლა-დაქუცმაცებისთვის. ხვალ ხელს მოაწერს იგივე აფხაზეთთან. ალბად უფრო მეტი უფლებები ექნებათ აფხაზებს. Yყველაზე აღმაშფოთებელი რა არის იცით, ტაში დაუკრეს რას _ გაურკვეველ, მაგრამ ფართო ავტონომიას, რომელიც ჯერ არავინ იცის, რა არის. ასეთი ავტონომიების მინიჭება ალბათ გაგრძელდება. ზეგ ალბად ეს იქნება ჯავახეთში, მაზეგ _ ქვემო ქართლში და ა.შ. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოს დღევანდელი პარლამენტი ტაშს უკრავდა საქართველოს დაშლა-დაქუცმაცების გეგმას. სწორედ ეს არის დიდი უბედურება.
_ თქვენი აზრით, სანაკოევი პარლამენტში არ უნდა მიეწვიათ?
_ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ: სანაკოევს ერთი სიტყვა არ უხსენებია იმის თაობაზე, რომ ის არის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. სანაკოევს ამაზე არ ულაპარაკია. ის საუბრობდა, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი და როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტი. მას არაფერი უთქვამს ადმინისტრაციის ფუნქციებზე, ადმინისტრაციის მოვალეობებზე. მან ილაპარაკა, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის ხელმძღვანელმა, რომელსაც მეორე დამოუკიდებელ სუბიექტთან უნდა ერთიან სივრცეში ცხოვრება.
_ ბატონო მამუკა, ზემოთ თქვენ ეჭვი გამოთქვით, რომ სანაკოევის სიტყვა შეიძლება ქართველების მიერ იყოს დაწერილი. შეგიძლიათ თქვათ, ვისი დაწერილი სიტყვით შეიძლებოდა სანაკოევი საქართველოს პარლამენტში გამოსულიყო და რომ შეგნებულად მოხდა სანაკოევის დამოუკიდებელ სუბიექტად წარმოჩინება.
_ სპეციალურად რომ აკეთებენ, ფაქტია. ქვეყანას რომ ღუპავენ და ანგრევენ, ამაში ორი აზრი არ არსებობს. საქართველოს ხელისუფლებისგან დაფინანსებული, როგორც იტყვით, ჩვენს სუფრაზე წამოპლაკული სანაკოევი, აქეთ რომ დაგიწყებს თავისი უფლებების წარმოჩენას და ერთ სიტყვას არ ახსენებს, როგორც დანიშნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი, არამედ როგორც თანაბარი სუბიექტი ისე გელაპარაკება, ეს რომ აწყობს საქართველოს ხელისუფლებას, ამას ჩვენ კარგად ვხვდებით. მე ვიცი, რომ სააკაშვილი სწორედ იმიტომაც არის ამ ხელისუფლებაში მოყვანილი, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს. გეკითხებით რა სფეროში გაუკეთებიათ სიკეთე, რომ ამ სფეროში გააკეთონ. ამიტომ ვამბობ, მათი მოქმედებები ღიად, ცალსახად თვალნათლივ ადასტურებს, ჩვენ ხელისუფლებაში ამიტომ მოვედით, რომ საქართველო უნდა განთავისუფლდეს ეთნიკური ქართველებისგან. ანუ საქართველოში არაქართული ეთნოსის ადამიანები უნდა ჩამოსახლდნენ. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა ხდება ჩინელებთან მიმართებაში და სხვა აღმსარებლობის ადამიანებთან მიმართებაში. პოლიტიკა ასეთია ამ მიწაზე უნდა გაიხაროს არამართლმადიდებელმა, არაქართულმა ერმა. ამის იურიდიული პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო სწორედ პარლამენტის ის სხდომა, რომელზეც სანაკოევი გამოვიდა.
_ გამორიცხავთ, ვითარება ისე წარიმართოს, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები დაიწყოს?
_ მე ამას არ გამოვრიცხავ, რომ საომარი მოქმედებები დაიწყოს. ეს იმაზეა დამოკიდებული, ეს სპექტაკლი სადამდე შეტოპავს. რადგან ეს ყველაფერი ძალიან რთულია, უფრო დრამატული რომ გახადონ ეს სპექტაკლი, მე არ გამოვრიცხავ, რომ თუნდაც ხვალ ტყვია გავარდეს. თუ ტყვია გავარდება ხვალ, აუცილებლად ყველა უნდა დადგეს სანაკოევის მხარეს. ეს არის ხელისუფლების გეგმა.