მამუკა გიორგაძე: ვერ ვიტყვი, რომ „რუსთავი 2“ დამოუკიდებელია, მაგრამ ხელისუფლების უკანონო ქმედებები აშკარაა

mamuka 11

„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის მამუკა გიორგაძის განცხადებით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ნაბიჯები შემაშფოთებელია. “INFO 9 “ 14:29 / 06.11.2015

როგორც გიორგაძემ „ინფო 9“-ს განუცხადა, ტელეკომპანია წლებია, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს ემსახურება, თუმცა ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული უკანონობა შეშფოთების საფუძველს იძლევა.

„წლების განმავლობაში, „რუსთავი 2“ ჩამოყალიბდა არა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება, არამედ როგორც ჩვეულებრივი, ბოლშევიკებისდროინდელი სააგიტაციო,  პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ემსახურებოდა გარკევული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს და ძირითადად, მისი მთავარი ამოცანა იყო სწორედ იმ იდეების პოპულარიზაცია, რომელსაც ეს პოლიტიკური ჯგუფები გამოხატავდნენ.

ეს ცალსახაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ნაბიჯები ძალიან შემაშფოთებელია.

ეს „რუსთავი 2“-ის მიმართ კეთილგანწყობილად არ განგვაწყობს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ასეთი უკანონობა შეშფოთების საფუძველს იძლევა.

თუ ამ უკანონობებით ხდება ძველი დანაშაულების პასუხისგება, მაშინ არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ხვალ ჯანსაღი მედიის მიმართ იგივე მექანიზმები არ იქნება გამოყენებული.

ბუნებრივია, მე ვერ დავდგები „რუსთავი 2“-ის დასაცავად და ვერ დავხუჭავ თვალს იმაზე, რომ „რუსთავი 2“-ი არ არის თავისუფალი სიტყვა, მაგრამ ამავდროულად, როგორ მოვიქცე, როდესაც ვხედავ აშკარა უკანონო დამოკიდებულებას, რომელიც შეიძლება ხვალ სხვა მედიასაშუალებებზე გავრცელდეს.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, მიიღოს ისეთი ზომები, რომ დაუინტერესებელი, დამოუკიდებელი საზოგადოება დაუდგეს გვერდში თუნდაც სამართლიანობის აღდგენის საკითხში, თუნდაც დამნაშავეთა დასჯის საკითხში.

უკვე ერთი თვეა, ვუყურებთ ამ ტაკიმასხარაობას, თუ დამნაშავეა ადამიანი, დაიჭირე, კი ბატონო, მაგრამ  ასეთი ემოციური ფონის შექმნამ შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

სამართლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს დამაჯერებლად, რომ საზოგადოებაში დაპირისპირების ბაცილა აღარ განვითარდეს“,- განაცხადა გიორგაძემ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინების თანახმად, კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეთა ინტერესების დაცვისათვის, ასევე, დავის მიმდინარეობისას კომპანია რუსთავი 2-ის ფინანსებისა და ქონების შენარჩუნებისა და კომპანია „რუსთავი 2“-ის პროფილით ნორმალურად ფუნქციონირების გაგრძელების უზრუნველსაყოფად, მისი ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის მიზნით მოსამართლის გადაწყვეტილებით დანიშნულ იქნენ დროებითი მმართველები. ამავე განჩინებით, ყველა სხვა პირს დროებით შეუჩერდა აღნიშნული უფლებამოსილებები, სასამართლოს მიერ დროებითი მმართველის დანიშვნიდან მის გაუქმებამდე.

„რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველები რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი არიან.

სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილები ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. „რუსთავი 2“-ის წილების 60% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40% კი მის საკუთრებაში არსებულ შპს „პანორამას“ მიეკუთვნა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress