,,ხელისუფლება თავიანთი არასწორი მოქმედებებითა თუ უმოქმედობით რუსეთის ინტერესებს ატარებს“

SONY DSC

,,ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანა დაპირისპირებამდე მიჰყავს. თავის მხრივ, ნაცმოძრაობის ლიდერები ირწმუნებიან, რომ დესტაბილიზაცია და ოპოზიციის განადგურება მმართველი კოალიციის ინტერესებშია.

სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე ,,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ არეულობისა და ქაოსისკენ ნაბიჯები მიზანმიმართულად იდგმება.

მამუკა გიორგაძე:

-         საქართველოს საზოგადოებას აყენებენ არჩევანის წინაშე: ან უნდა აღმოვჩნდეთ ქაოსის მორევში, იმიტომ, რომ ეს მოჰყვება სამართლიანობის აღდგენას, ან სამართლიანობა ვერ იზეიმებს. ყველაფერი იქედან მოდის, რომ ხელისუფლება არ დგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადადგას, არ იღებს საჭირო გადაწყვეტილებებს, ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული. ეს ეხება ყველაფერს, მათ შორის, სამართლიანობის დამყვიდრებას. შედეგად წარმოიშობა ქაოსი, რომელიც ძალიან აწყობს რუსეთს.

-         ნაცმოძრაობაც გეგმავს არეულობას.

-         რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობაც არ აკლებს ხელს, რომ არეულობა იყოს. ავარია ვერ მოხდება, თუ ამაში ორი მხარე არ მიიღებს მონაწილეობას. ხელისუფლებაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ის არის ქვეყანაში პასუხისმგებელი. ,,ქართული ოცნება“ აგებს პასუხს ყველაფერზე, მათ შორის იმაზე, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებს.

მამუკა გიორგაძე ფიქრობს, რომ ბოლოდროინდელი მივარდნები ნაცმოძრაობის ოფისებზე ორგანიზაციულ ხასიათს ატარებს. ასევე ხელოვნურადაა შექმნილი სკანდალი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო.

-         დასასჯელი არიან პირები, რომლებსაც მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. ისინი ახლა მორალს გვიკითხავენ. კეთილი ინებოს ,,ოცნებამ“, უკანონობას ნუ დაუშვებს. როცა აუცილებელია, შესაბამისი ზომები მიიღოს და ნუ დაგვიწყებს აპელირებას იმაზე, თუ რა გეგმები აქვთ ნაციონალებს. უნდა იმუშაონ სახელმწიფო ინსტიტუტებმა, თორემ იქმნება საშიში ტენდენცია, ხელი ეწყობა ორი ჯგუფის ერთმანეთთან დაპირისპირებას, – ამბობს პოლიტიკოსი.

-         არადა, აქამდე საზოგადოება კოაბიტაციას აპროტესტებდა.

-         – ეს იდეოლოგია ხელისუფლებიდან მოდიოდა. ხალხს არწმუნედბნენ, რომ ნაცმოძრაობის გადარჩენა დემოკრატიის გადარჩენაა. ასევე გავრცელდა დავით უსუფაშვილის თეზა იმის შესახებ, რომ სამართლიანობის აღდგენა დაპირისპირებას გამოიწვევს. ახლა უნდათ, ტვინგაცხელებული ადამიანები ერთმანეთს დაატაკონ. ატეხილია ერთი ამბავი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის თემაზე. ამორალურია, რომ სიტყვის თავისუფლების მედროშედ გვევლინება რუსთავი 2.

-         შექმნილი სიტუაციით რუსეთი ისარგებლებს?

-         ყველაფერი მიმდინარეობს ისე, როგორც რუსულ სცენარშია. რუსეთი დაინტერესებულია იმით, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვქონდეს. საუბედუროდ, ჩვენ თვალწინ ინგრევა სახელწიფო ინსტიტუტები.

-         მაგალითად?

-         მაგალითად, სასამართლო სამართალს ვერ ამყარებს. ის დაკავებულია კლანებს შორის დავებით. პროკურატურა ვერ მუშაობს, შსს-ს ფუნქციები გაურკვეველია, რას წარმოადგენს უშიშროება, ევრ გავიგეთ. ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაცია.

-         საბოლოო ჯამში მთავრობა ხომ მუშაობს?

-         როგორ მუშაობს, როცა გამოვა ერთი მინისტრი და გააკეთებს განცხადებას რომელიმე გადაწყვეტილებაზე განმარტების გარეშე, შემდეგ მოვისმენთ მეორე მინისტრის განცხადებას, რომელიც მისი კოლეგის გამოსვლის საპირისპიროა.

ჩვენ ვერ ვხედავთ იმ ფასეულობებს, რომლებისთვისაც ვიბრძოდით. არც სამართლიანობაა, არც ადამიანის უფლებების დაცვა, არც ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი და კარგი საარჩევნო გარემო. ამასობაში ხდება დასავლური ღირებულებების, დაავლეთის დისკრედიტაცია მოსახლეობის თვალში.

-         რუსეთსაც სწორედ სწორედ ეს უნდა. ,,ქართული ოცნება“ თავისი უმოქმედობითაც აკეთებს იმას, რაც რუსეთის ინტერესებშია. მეოთხე წელიწადია, ეს კოალიცია ხელისუფლებაშია და ვერაფრით მოახერხა ურთიერთობების მოგვარება ევროპის სახალხო პარტიასთან, – აცხადებს მამუკა გიორგაძე.

-         პირიქით, ამ პარტიასთან დაძაბული აქვთ ურთიერთობა.

-         ჩვენ, სახალხო პარტიას, არ გვეძლევა ევროპელ კოლეგებთან ურთიერთობის საშუალებას და არც თვითონ აგვარებენ სიტუაციას. ,,ქართული ოცნება“ შეურაცხმყოფელ განცხადებებსაც აკეთებს. ,,ოცნების“ წევრები, მაგალითად, აცხადებენ, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერები ფულზე არიან გაყიდული. საუბარია მერკელსა და სხვა ცნობილ ლიდერებზე. ჯერ ერთი ამის თქმა არ შეიძლება. მეორეც, თუ მიგაჩნია რომ ფული მნიშვნელოვანია, მაშინ დახარჯე ლობისტებში, ვიზიტებში, გამართე შეხვედრები.

არ დაწყებულა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, პირიქით ნგრევაა. სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლით, კლანური მმართველობით აკეთებენ იმას, რაც რუსეთს უნდა. ვინც ამას ხელს უწყობს, ყველას რუსეთზე არ ამოსდის მზე და მთვარე. ისინი თავიანთი არასწორი მოქმედებებითა თუ უმოქმედობით რუსეთის ინტერესების გამტარებლები გამოდიან.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress