პარლამენტში ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლთა ბუნაგია – 2011.03.23

SONY DSC
  • სხვადასხვა სოციალური გამოკითხვებით ბევრჯერ დამტკიცდა, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ავტორიტეტით ეკლესია სარგებლობს. ეს კი ჩვენი ხელისუფლების სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს. დღეს ყველა ამბობს, რომ ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის. ამტკიცებენ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების სათავეში ნაციონალების მოსვლის შემდეგ დაიწყო.
    ეროვნული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე ამბობს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. მას ის პერიოდიც ახსოვს, როცა პარლამენტი სავსე იყო ეკლესიიდან განდევნილი და ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხით. ვისგან ფინანსდებოდნენ ეს ძალები, რა თანამდებობები ეკავათ მათ პარლამენტში, რას ამბობდა მათზე ეკლესია, – ამის შესახებ მამუკა გიორგაძე “გუმბათს” ესაუბრება.
    მამუკა გიორგაძე:
    – შევარდნაძე ეკლესიასთან ღიად დაპირისპირებას ვერ ბედავდა. სამაგიეროდ, ყველანაირად უწყობდა ხელს იმ ძალებს, რომლებიც ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მათი დაფრთიანებაში შევარდნაძემ დიდი წვლილი შეიტანა. დიდი თანხები დაიხარჯა ამ ძალების გაძლიერებისთვისაც. საუბარია მილიონებზე. კარგად მახსოვს, რა ხდებოდა მაშინ პარლამენტში. ბევრჯერ მოვითხოვეთ, რომ გამოეყოთ ოთახი, სადაც სამლოცველოს მოვაწყობდით და იმავე ოთახში სასაუბროდ მოვიწვევდით სასულიერო პირებს, რომლებიც რელიგიურ თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებს განგვიმარტავდნენ. ერთი ოთახი არაფრით არ მოგვცეს. იმ დროისთვის პარლამენტი ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლთა ბუნაგად იყო ქცეული. ადამიანები, რომლებიც ეკლესიას ებრძოდნენ, პარლამენტში ოფიციალურად იყვნენ დასაქმებულნი.
    – რა თანამდებობებზე იყვნენ?
    – სხვადასხვა აპარატსა და კომიტეტებში მუშაობდნენ. ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლნი ზურაბ ჟვანიას აპარატშიც მრავლად იყვნენ. მათ ყველანაირი პირობა ჰქონდათ შექმნილი. ეს ადამიანები თავის დროზე ეკლესიასთან დაკავშირებულები იყვნენ. შემდეგ ჩამოსცილდნენ ეკლესიას და აგრძელებდნენ თავიანთ ე.წ. თეოლოგიურ საქმიანობას. საბჭოთა კავშირის დროს, პოლიტიკური მიმომხილველები ექსპერტებად ჩამოყალიბდნენ, ასევე ათეიზმის ლექტორები იქცნენ თეოლოგებად. ასეთი თეოლოგებით სავსე იყო მაშინ პარლამენტი, რომლებიც აქტიურად თანამშრომლებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ერთად იბრძოდნენ ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ხალხი შეყუჟული იყო პარლამენტის ფუძის ქვეშ. იღებდნენ ხელფასებს, ემსახურებოდათ მანქანები, ადმინისტრაციული და საკანცელარიო ხარჯები გარანტირებული ჰქონდათ. ისინი ფაქტობრივად სახელმწიფო ხარჯზე ახორციელებდნენ ეკლესიის საწინააღმდეგო საქმიანობას. დღეს, ეს ხალხი უკვე აშკარად და ღიად უპირისპირდება ეკლესიას. თავიანთი მიზნების მისაღწევად პარლამენტში დამალვა აღარ სჭირდებათ.

    – ეკლესიამ არ იცოდა, რომ პარლამენტი ასეთი ადამიანებით იყო სავსე?

    – როგორ არ იცოდა. ეკლესიაში ძალიან კარგად იცოდნენ, რაც ხდებოდა მაშინ პარლამენტში.

    – ამის გამო ეკლესიას პროტესტი არ გამოუთქვამს?

    – ეკლესიის ბუნებაა, რომ ნებისმიერ დაცემულს, თუნდაც ის ეკლესიის მიმართულებით ტალახის მსროლელი იყოს, შეუნდოს. ცდილობს, ასეთი ადამიანები თავისკენ სიყვარულით შემოაბრუნონ. ჩვენ სასულიერო პირებთან ბევრჯერ გვქონდა საუბარი, რომ პარლამენტი ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლებით იყო სავსე. ამაზე გვეუბნებოდნენ, პარლამენტის წევრებმა გადმოდგეს ეკლესიისკენ ნაბიჯი, დადიან წირვაზე, იქნებ გამოსწორდნენო. ზოგიერთი დეპუტატი აქტიურად დადიოდა ეკლესიაში, ღამეებსაც კი ათევდნენ. სასულიერო პირებს იმედი ჰქონდათ, რომ ისინი შეიცვლებოდნენ. ეკლესიის მიმტევებლური ბუნება მათ ბოროტად გამოიყენეს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ყველაფერზე რეაგირება ეკლესიის საქმე არ არის, ეს უფრო მრევლის საქმეა.

    – მრევლის რატომ?

    – ჩვენ ეკლესია გაიგივებული გვაქვს მხოლოდ სასულიერო პირებთან. გვავიწყდება, რომ ეკლესია ნიშნავს სასულიერო პირები პლიუს მრევლი. რატომღაც მრევლი გამოირიცხა საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან. მასში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟებიან სასულიერო პირებს. სასულიერო პირებს ამაში მონაწილეობა არ სურთ. ეკლესიამ შეიძლება მოგვცეს მიმართულება, მაგრამ ის ვერ იქნება მხარე. ამ ყველაფერზე რეაგირება უნდა მოახდინოს მრევლმა. მრევლი დუმს. ამ დუმილმა ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. დღეს, მართლმადიდებელებს თავიანთი მრწამის გამოხატვა მხოლოდ ეკლესიაში შეუძლიათ. გვეუბნებიან, ეკლესიის გალავანს შიგნით, რაც გინდათ, ის აკეთეთ, ეკლესიის გალავანს გარეთ კი, დაემორჩილეთ სამოქალაქო ცხოვრების წესსო. არადა, საქართველოს მოსახლეობა დღეს არის სამოციქულო ეკლესიის წევრი. პრაქტიკულად, უმცირესობა გვიდგენს უმრავლესობას ცხოვრების წესს. გვაიძულებს, რომ ამ წესის მიხედვით ვიცხოვროთ. გვაიძულებს, სამოქალაქო ცხოვრებაში უარი ვთქვათ ჩვენს პრინციპებზე. ეს სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურა.

    – რაში გამოიხატება სამოქალაქო ცხოვრებაში ჩვენი პრინციპების გამოხატვის აკრძალვა?

    – მარტივ მაგალითს მოვიყვან. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ვინმე არის ამ ქვეყანაში მამათმავალი, იმას თავის გზაზე გაუმარჯოს. ეს მისი პირადი საქმეა. ჩვენ ვინ გვეკითხება მის პირად ცხოვრებას. უბრალოდ, ვამბობთ, რომ არაა სასურველი საჯარო ანუ პედაგოგიურ სივრცეში ამ მიმდინარეობის სტიმულირება. ეს არის მართლმამდიდებელთა პოზიცია. რას ამბობს დღევანდელი სამოქალაქო საზოგადოება? გვეუბნება, გინდა თუ არა აღიარე, რომ ის ისეთივე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც უნდა იცხოვროს ჩვეულებრივმა ადამიანმაო. ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისთვის, რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის ცოდვა. ამის თქმის უფლებას არ გვაძლევენ. ჩვენს პოზიციას გამოვხატავთ, გვეუბნებიან, რომ მამათმავლების დისკრიმინაციას ვეწევით. ჩვენ, მართლმადიდებლებს, რომლებიც ამ ქვეყნის უმრავლესობას წარმოვადგენთ, გვიკრძალავენ ჩვენი პრინციპების გამოხატვას. ეს არის ძალადობა. ამ ტიპის ადამიანებს არ ძალუძთ ჯანსაღი კონკურენცია და დებატები, ამიტომ იყენებენ იმ ადმინისტრაციულ რესურსს, რომელსაც ფლობენ. მათ გვერდზე ხომ ხელისუფლება დგას.

    – რაში გამოიხატება ხელისუფლების გვერდში დგომა? ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ეკლესიაში ხშირად დადიან.

    – ეკლესიაში ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინაც აქტიურად დადიოდნენ. ზოგიერთი ღამეებსაც კი ტაძარში ათევდა, რაც მათ ხელს არ უშლიდათ იმაში, რომ პარლამენტი ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლთა ბუნაგად ექციათ. დღეს, უკვე, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა საკანონმდებლო დონეზე მიმდინარეობს.

    – მაგალითად?

    – ავიღოთ კანონი ზოგადი განათლების შესახებ, სადაც პირდაპირ აკრძალულია სკოლაში ქრისტიანული ღირებულებების გაცნობა. ასევე აკრძალულია კონტაქტი სასულიერო პირებთან, მაშინ, როდესაც ე.წ. სამოქალაქო სივრცის დამკვიდრების ეგიდით ნებისმიერ სხვა, ანტიმართლმადიდებლურ ძალას სკოლაში შესვლის უფლება აქვს. მათ მარტო უფლება კი არ აქვს, ეს ლამის ვალდებულებად იქცა. სკოლაში დღეს ასწავლიან საგანს ტოლერანტობა და სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლები. პრაქტიკულად, ეს არის ეკლესიის წინაღმდეგ მიმართული ქმედება. ისევე, როგორც სახალხო დამცველის საქმიანობა.

    – რომელი სახალხო დამცველის?

    – სოზარ სუბარის. როცა ის სახალხო დამცველი იყო, ომბუდსმენის აპარატში არსებობდა ტოლერანტობის ცენტრი. ეს ცენტრი გამოსცემდა ჟურნალს “სოლიდარობა”. ეს იყო პროტესტანტული იდეოლოგიის ქადაგება საქართველოში. სახალხო დამცველის აპარატი ახორციელებდა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას. არადა, მოგეხსენებათ, რომ სოზარ სუბარი მამა კვირიკე გახლდათ თავის დროზე. მისი წყალობით, სახალხო დამცველის სტრუქტურაში ამოიშანთა ყველაფერი, რაც ქართული და მართლმადიდებლური იყო. პარლამენტის სათანადო სამსახურები დღეს ასეთი ხალხით არის დაკომპლექტებული. მხედველობაში აპარატი და ანალიტიკური სამსახურები მაქვს. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების დონეზე რომ მიდის, ამაზე მთელი რიგი კანონები მეტყველებს ნათლად. პარლამენტი უკვე აშკარად იღებს ანტიქართულსა და ანტიმართლმადიდებლურ კანონებს, ამიტომ ძალიან მიკვირს, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ასე ამაყად დადიან ეკლესიაში. ამ მხრივ, ნინო ბურჯანაძისაც ძალიან მიკვირს. მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს იქნა მიღებული ანტიმართლმადიდებლური კანონები. ადამიანები, რომლებიც ეკლესიის წინააღმდეგ კანონებს იღებენ, უცოდველი სახეებით დადიან ტაძარში. ეკლესია მათ კარს ვერ დაუხურავს. სასულიერო პირებს იმედი აქვთ, რომ ისინი ჭეშმარიტებისკენ მობრუნდებიან. მათ ნამოქმედარზე რეაგირება მრევლს უნდა ჰქონდეს.

    – რა სახის რეაგირება უნდა მოახდინოს მრევლმა?

    – მრევლმა პროტესტი უნდა გამოხატოს. მრევლი უნდა რეაგირებდეს ყველა იმ კანონზე, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ არის მიღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება კიდევ უფრო გაააქტიურებს ბრძოლას ეკლესიის წინააღმდეგ. ამის ნათელი დადასტურებაა ბათუმში მეჩეთის მშენებლობა.

    შორენა მარსაგიშვილი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress