გამოხმაურება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე (2012—2020წ.წ.)”
სახელმწიფოს სტრატეგია არის მოქმედების ძირითადი მიმართულება, წინასწარ მოფიქრებული და დაგეგმილი. მიღებული სტრატეგია, მით უმეტეს, ოფიციალურად გაცხადებული, რომელმაც უკვე მოახდინა, სახელმწიფო აპარატისა და საზოგადოების ძალისხმევის ორიენტირება სათანადო მიმართულებით, მთავრობისთვის გარკვეულწილად სავალდებულოც ხდება. რაციონალურად დაბალენსებული სასოფლო-სამეურნეო სტრატეგია წარმოადგენს იმ საყრდენს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება არსებული სიძნელეების დაძლევა და სახელმწიფოებრივი ხედვის რეალიზება სოფლის მეურნეობის სფეროში. მთავრობის კომპეტენტურობა და აგროსასურსათო პროცესებში მისი ჩარევის ხარისხი (მარეგულირებელი, მაორიენტირებელი როლი), მიმართულება და დონე გადამწყვეტი ფაქტორია ქვეყნის შიმშილისგან გადარჩენაში დღეს და სამომავლოდ.
თანამედროვე სახელმწიფო საკუთარი სოფლის მეურნეობის განვითარებას მხოლოდ თავისუფალი ბაზრის ამარა არ ტოვებს. იგი აყალიბებს მკაფიო პრიორიტეტებს და შემდეგ საზოგადოებრივი და კერძო სექტორის პარტნიორობის ფონზე ახორციელებს მის აღსრულებას. საქართველომ სხვა ცივილიზებულ ერთა მსგავსად უნდა გამოკვეთოს პრიორიტეტები სოფლის მეურნეობაში. ჩემი აზრით, პრიორიტეტები ამ სფეროში ორი მიმართულებითაა. პირველი: სოფლის, როგორც ყოფის შენარჩუნება და მეორე: სასურსათო უშიშროების უზრუნველმყოფელი სოფლის მეურნეობის სტრუქტურის ჩამოყალიბება.
სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ძირითადი იდეაა გლეხკაცის მოფრთხილება და საზოგადოების გამოსაკვებად მისი შრომის სტიმულირება (მიწასთან მარადიული ურთიერთობა), ქვეყნის სურსათით თვითუზრუნველყოფა, სოფელსა და ქალაქს შორის სოციალურ-კულტურული განსხვავებების შემცირება.
სოფლის მეურნეობისადმი დიდი ყურადღება განვითარებულ ქვეყნებში რამდენიმე მოსაზრებითაა განპირობებული:
• სურსათით თვითუზრუნველყოფა უსაფრთხოებისა და მდგრადობის გარანტიაა. მსოფლიო მოსახლეობაში საშუალო ფენის მკვეთრი ზრდა იწვევს საკვებზე მოთხოვნასა და, შესაბამისად, მასზე ფასების განუხრელი ზრდის ტენდენციას. ამიტომ სასურსათო უშიშროება სახელმწიფოს სტრატეგიულ გათვლაში ერთ-ერთ წამყვან ადგილს დაიკავებს
• მოსახლეობის ტრადიციული საქმიანობა სოფლად ქვეყნის რეკრეაციული და სოციალური ფასეულობების შენარჩუნებას ნიშნავს
• სასოფლო-სამეურნეო წარმოება ეროვნული იდენტურობისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ელემენტია. კულტურულად, სოფელი და ღონიერი გლეხკაცი ჩვენი ერის თვითმყოფადობის (ვინაობისა და რაობის) შენარჩუნების ერთ-ერთი მძლავრი იარაღია
• განვითარებული სოფლის მეურნეობის მნიშვნელობას აძლიერებს სურსათზე ფასების ზრდის პერსპექტივა.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს სოფლის მეურნეობასთან მჭიდროდ დაკავშირებული სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის (სოფლის სტატუსი, რეალური თვითმართველობა, ინსტიტუციონალური და ინფრასტრუქტურული მოწყობა) განვითარების საჭიროება. ამიტომ ერთიან სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკასთან ერთად დასავლეთში მოქმედებს სოფლის განვითარების პოლიტიკა. სოფლის განვითარება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე სოფლის მეურნეობის განვითარება. მისი მიზანია სოფლის მოსახლეობის სოციალური სტატუსის გათანაბრება ქალაქის მოსახლეობასთან, რასაც სოფლად მოსახლეობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ეროვნული მეურნეობის ნებისმიერი დარგის განვითარების სტრატეგიაში, როგორც წესი, იგულისხმება სრულყოფილი სამართლებრივ-საკანონმდებლო ბაზის შექმნა და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენების საფუძველზე იმ ძირითადი ჩარჩო პირობების ჩამოყალიბება, რომელმაც დროის გარკვეულ მონაკვეთში უნდა უზრუნველყოს დარგის მდგრადი განვითარება. ამ მიზნით მასში ასახული უნდა იქნეს როგორც ფუნქციონალური, ასევე დარგობრივი პრიორიტეტები და მათი რეალიზაციის საქმეში სახელმწიფოს ხელშემწყობი ძირითადი ღონისძიებები როგორც მიკრო, ასევე მაკრო დონეზე (მ.შ. ბაზრის სტრუქტურული სრულყოფა და მისი ნეგატიური შედეგების ნიველირება ფაქიზი კორექციის გზით).
თუ ამ მოთხოვნებით მივუდგებით წარმოდგენილ სტრატეგიას (მისი დიდი მნიშვნელობის მიუხედავად საჯარო განხილვისათვის არ გამოუტანიათ), ის ვერ უძლებს კრიტიკას. იგი გადატვირთულია ბევრი ისეთი საკითხით, რომელთა ადგილი სტრატეგიაში არ არის. მათ შორისაა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება, მიზნები და ამოცანები, სსიპ-ეროვნული სააგენტოების ფუნქციები და მოვალეობები (გვ. 16-21) და სხვა.
მელიორაციის დებულებაში (გვ. 44-47) დეტალებშია მოცემული ამ სტრუქტურის მონაცემთა ბაზის გრაფიკული და ტექსტური ნაწილები, ცხრილური ინფორმაცია, ელექტრონული ნაწილი და სხვა, მაგრამ კონკრეტული დრო ან სამელიორაციო სამუშაოთა მასშტაბი არსად აღნიშნული არაა. მითითებულია მხოლოდ „მელიორაციული სისტემის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია.”
სტრატეგიის შინაარსი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ის დაიწერა ზემდგომი ორგანოს წინაშე თავის მოსაწონებლად. მასში ხშირად შეხვდებით საქებარ სიტყვებსა და წინადადებებს ქვეყანაში გატარებული რეფორმების მნიშვნელობაზე, რა გაკეთდა კარგი ძველთან შედარებით, როგორ დამარცხდა კორუფცია (გვ. 7) და ა.შ. ქართველ გლეხკაცს სოფლად ყოფა-ცხოვრებისა და მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგია ესაჭიროება, და არა პიარ პოლიტიკა.
სტრატეგიაში აღნიშნულია (გვ.12), რომ მისი მიზანია „ სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის (?) განვითარება საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით”…. „მთავრობა ამბობს რა შეგნებულად უარს სახელმწიფო სუბსიდირებაზე მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის გრძელვადიან განვითარებას ინვესტიციების მოზიდვის გზით”. ერთადერთი არგუმენტი, რომელიც ასეთი „მიდგომის” მიზანშეწონილობას ადასტურებს, ავტორების (გვ. 10) „ბაზარი თავად გამოკვეთავს კონკურენტულ დარგებს და სექტორებს” (ასე დღეს აღარავინ აზროვნებს. ულტრალიბერალიზმმა კრახი განიცადა. სახელმწიფოს როლი საზოგადოების მართვაში იზრდება). თეორიულად ეს შეიძლება ასეც იყოს ყოველმხრივ მოწესრიგებულ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს რეალურ სინამდვილეში რომელი ბაზარი მოახდენს ასეთ სელექციას? ადგილობრივმა ბაზარმა, სადაც ადგილობრივი აგრომეწარმე სანთლით საძებარია, საეჭვოა ასეთი ფუნქცია შეასრულოს და დასმულ ამოცანას ობიექტურად უპასუხოს. მეორეც, დღევანდელ მსოფლიოში თითქმის ყველგან სახელმწიფო წარმართავს ეროვნული მეურნეობის განვითარებას, განსაკუთრებით კი ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის დარგში, როგორიც სოფლის მეურნეობაა, და შესაბამისი შედეგიც სახეზე აქვთ. თვით ვმო-საც კი დაწესებული აქვს ამ დარგის სუბსიდირების საზღვრები, როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნებისთვის, მაგრამ ჩვენ მას, სხვებისგან განსხვავებით, არ ვიყენებთ, რის გამოც მიღებული უარყოფითი შედეგები დიდი ხანია გასცდა ყოველგვარი გონივრულობის საზღვარს.
ქვეთავში `სოფლის მოდერნიზაცია~, (გვ. 10) ასევე თეორიული მსჯელობაა იმის თაობაზე, რომ ინვესტიციების მოზიდვა მოკლე გზაა ახალი ტექნოლიგიების დანერგვისა და წარმოების მაღალ დონეზე განვითარებისათვის. მაგრამ ინვესტიციების მოზიდვას ხომ სათანადო ბაზა ესაჭიროება! აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა სულ შეადგინა მხოლიდ 45,5 მლნ. აშშ დოლარი. ინვესტიციების სწორედ ასეთი სიმწირის შედეგია ის, რომ სოფლად პრაქტიკულად არ არსებობს მათი ათვისების შესაბამისი პირობები (საჭირო კომუნიკაციები, მათ შორის გზები, შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდობა, უკიდურესად დანაწევრებულია ფართობები, ამიტომ რაიმე პროგრესული ტექნოლოგიის დანერგვა პრაქიკულად შეუძლებელია, შიდა ინვესტიციების ნულოვანი დონეა და ასე შემდეგ), რასაც, თითქმის არავითარი ყურადღება არ ექცევა.
სტრატეგიის ავტორებს თუ დავუჯერებთ, აგროსექტორში კვლევებს მხოლიდ ორი მიზანი ჰქონია (გვ. 22). პირველი ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი პრიორიტეტების განსაზღვრა და მეორე უცხო სახელმწიფოებში არსებული პროგრესული ტექნოლოგიების შესწავლა და საქართველოში შემოტანა. პირველ ამოცანას (რომელიც, უნდა ვივარაუდო, დარგობრივი პრიორიტეტების გგანსაზღვრას გულისხმობს), რა თქმა უნდა, ვეთანხმები, მაგრამ ვინ ან როდის უნდა განსაზღვროს ეს პრიორიტეტები? იქნებ ჯობდა ეს პრიორიტეტები განსაზღვრულიყო და წინამდებარე სტრატეგიაში ასახულიყო (ამით სტრატეგიის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც დაკონკრეტდებოდა).
რაც შეეხება მეორე ამოცანას, მას არა აგრარული კვლევა, არამედ ის სიძნელეები აფერხებს, რაც ახალი ტექნოლოგიების შემოტანასა და დანერგვასთან არის დაკავშირებული. აგროსექტორში კვლევა დღეს არა იმდენად ტექნოლოგიების მექანიკური გადმოტანასა და დანერგვას სჭირდება, რამდენადაც კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებების და სხვა გამოწვევების გათვალისწინებით ისეთი კვლევების ჩატარებას, რომელიც მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციულ ღონისძიებებთან იქნება დაკავშირებული. მათ შორისაა ტექნიკურ-ტექნოლიგიური საკითხები, სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაადგილება და სპეციალიზაცია შეცვლილი გარემოს გათვალისწინებით და ა.შ., რაც წარმოდგენილ სტრატეგიაში საერთოდ არ ჩანს.
საქართველოს კვლევით სისტემას ევროპულისგან (და, საერთოდ, მსოფლიოსგან) ორი გარემოება ანსხვავებს: 1)სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ მონაწილეობს კვლევის დაგეგმვაში, დაფინანსებაში და შედეგების გამოყენებაში. მას არ გააჩნია არც ერთი კვლევითი ორგანიზაცია. ევროპული სტანდარტების თანახმად ეს სრულყოფილი სამინისტრო არაა – სამინისტრო კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული; 2) კვლევითი სისტემა არ შედგება იურიდიული პირებისგან. დასავლური პრაქტიკა ასეთ ვითარებას არ იცნობს, რადგან მათი აზრით: `სოფლის მეურნეობა მეცნიერებაზე დამყარებული ინდუსტრიაა.~
აგრარული მეცნიერება, მისი არსებობა-არარსებობის საკითხი საქართველოში ერთი უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული (აგრეთვე, მის კერძო მფლობელზე). ეს უკანასკნელი გარემოება მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც 2010 წლის ბოლოს კვლევით ორგანიზაციებს მთავრობამ ჩამოართვა იურიდიული პირის სტატუსი და განყოფილების უფლებით შეიყვანა აგრარულ უნივერსიტეტში.
სტრატეგიის მე-14 გვერდზე აღნიშნულია, რომ მიწის ბაზრის ფორმირებას ხელს უშლის ის, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაღალნაყოფიერი მიწა სახელმწიფოს საკუთრებაშია, რასაც ვერ გავიზიარებთ, რადგან საქართველოს სოფლის მეურნეობაში დღეისათვის შექმნილ სიტუაციაში სახელმწიფომ ბაზარზე რამდენი მიწაც არ უნდა გამოიტანოს გასასყიდად, მასზე ადგილობრივი მეწარმის მოთხოვნა ნაკლებად იქნება. ამის მიზეზი ჩვენი არარეგულირებადი ოლიგოპოლური ბაზრის სტრუქტურაში უნდა ვეძიოთ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე სოფლად საქონელმწარმოებელს მაშინ გაუჩნდება მოთხოვნა, როცა ამ მიწაზე წარმოებულ პროდუქციაზე გაჩნდება შესაბამისი მოთხოვნა, რაც დღეისათვის ქვეყანაში დამკვიდრებული მახინჯი საბაზრო სტრუქტურის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია.
ჩვენი დანგრევის პირას მისული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხაზი რომ კოოპერაციაზე გადის, ამის თაობაზე დღეს თითქმის აღარ კამათობენ, რადგან ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მხოლოდ ფერმერთა კონსოლიდაციას შეუძლია შედარებით მოკლე პერიოდში ძალიან ბევრი პრობლემის გადაჭრა. მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ შრომითი რესურსების სამეწარმეო გააქტიურება ყველაზე კარგად სოფლად კოოპერაციული მოძრაობის განვითარებითაა შესაძლებელი. ეს პროცესი ყველგან სახელმწიფოს აქტიური მაორიენტირებელი, მაორგანიზებელი როლითა და ხელშეწყობით წარიმართა. წარმოდგენილ სტრატეგიაში ამ მიმართულებით (გვ. 26) ნათქვამია, რომ სოფლად კოოპერაციულ მოძრაობასთან დაკავშირებით საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რათა არ მოხდეს რესურსების არარაციონალური გამოყენება (?) და შემდეგ … კოოპერაციის განვითარების მიზნით „მთავრობა პოპულარიზაციას გაუწევს კოოპერაციის იდეას, მოამზადებს ინიციატივებს კოოპერაციული გაერთიანებების შექმნისა და განვითარების მიზნით და ითანამშრომლებს დონორებთან კოოპერატივების ხელშემწყობი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში”, ანუ ითანამშრომლებს, პოპულარიზაციას გაუწევს, მოამზადებს ინიციატივებს და ა.შ. ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე.
სტრატეგიაში მიწის პოლიტიკა ცალკეა გამოყოფილი (გვ. 40) და მასში მიწის პოლიტიკის მხოლოდ ორ ამოცანაზეა აქცენტი გაკეთებული (მიწის ბანკის შექმნა და საკადასტრო რუქების მომზადება). აქ, რატომღაც, არაფერია ნათქვამი მიწის პოლიტიკის ისეთ კომპონენტზე, როგორიცაა კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებასთან მიმართებაში, მიწაზე მონიტორინგი (რაც სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა), რომელმაც უნდა გასცეს პასუხი კითხვებს: რა უარყოფითი შედეგები გამოიწვია 2005 წლის ცვლილებებმა მიწის კანონმდებლობაში, რა არასასურველი ცვლილებებია მიწის ნაყოფიერებაში და როგორ უნდა აღიკვეთოს ის, როგორია წყლისმიერი თუ ქარისმიერი ეროზიის დინამიკა, როგორია ჰუმუსის ბალანსი ნიადაგში და სხვა. ამ საკითხებს მიწის ბანკის შექმნა და საკადასტრო რუქების შედგენა, რა თქმა უნდა, ვერ მოაგვარებს.
ასევე გაუგებარია, რატომ უნდა დაევალოს მიწის მესაკუთრეთა ასოციაციას (არასამთავრობო ორგანიზაციას) საკადასტრო რუქების შედგენა (რაც აგროსექტორში ერთ-ერთი სერიოზული კვლევის საგანი უნდა იყოს) და მიწის ბანკის შექმნა (გვ. 41).
სტრატეგიის 49-ე გვერდზე „ახსნილია” ქართველი ფერმერის დაბალი კონკურენტუნარიანობის მიზეზები, რომელთა შორის ერთ-ერთ ძირითადად აღიარებულია მსოფლიო ბაზრების შესახებ მათი იმფორმირებულობის დაბალი დონე. აქ არაფერია ნათქვამი ისეთ რეალურად არსებულ პრობლემებზე, როგორიცაა კრედიტის ხელმიუწვდომლობა, ცუდი მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება, სრული უყურადღებობა სახელმწიფოს მხრიდან და სხვა.
იმისათვის, რომ თავისუფალმა ბაზარმა შექმნას ის, რასაც ზედმიწევნით კარგად ასრულებს პროდუქციის სიუხვე აუცილებელია სახელმწიფოს მხრივ აქტიური სასოფლო პოლიტიკის განხორციელება აგრობიზნესის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. იგი პირველყოვლისა გამოიხატება სპეციალიზირებული აგროსაკრედიტო სისტემის შექმნით, რაც კრედიტს ხელმისაწვდომს გახდის და უზრუნველყოფს მოსავლის დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბებას. ინფრასტრუქტურის აუცილებელი ნაწილი უნდა გახდეს აგროტექნიკის, ქიმიური საშუალებების, საწვავის და ა.შ. უზრუნველყოფის ორგანიზება, უნდა წახალისდეს ერთგვაროვანი პროდუქციის სფეროში კოოპერირების გამოყენება, მარკეტინგული დახმარება და, ასევე, ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად უნდა იქცეს აგრარულ რაიონებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმების ფართო ქსელის გამოყენება, რომელიც შეძლებს ფერმერების პრაქტიკული ცოდნითა და ჩვევებით აღჭურვას და გამუდმებით მათი გადამზადების გარემოს შექმნას.
სტრატეგიის 33-ე გვერდზე იმ სტრატეგიული პროდუქტების ჩამონათვალია მოცემული, რაც თურმე აუცილებელია ადამიანის არსებობისათვის. მათ შორისაა ხორბალი (?), ხილი და სხვა, მაგრამ ამ „სიაში”, რატომღაც არაა თევზი და თევზპროდუქტები, კვერცხი და პურპროდუქტები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანისათვის.
ვფიქრობ, სტრატეგიაში არა პრიორიტეტულ პროდუქტებზე უნდა კეთდებოდეს აქცენტები, არამედ იმ პრიორიტეტულ დარგებზე, რომლებიც შიდა თუ გარე ბაზარზე მოთხოვნად პროდუქტებს აწარმოებს და გარკვეული კონკურენტული უპირატესობით ხასიათდება. არგუმენტირებულად დასაბუთებული ასეთი დარგები კი სტრატეგიაში არ ჩანს.
საინტერესოა სტრატეგიის ავტორების დამოკიდებულება ექსპორტის პოლიტიკის მიმართ (გვ. 52). კერძოდ, მათი აზრით, საექსპორტო პოტენციალის შეფასებისათვის უნდა განისაზღვროს პროდუქტების სია, მათზე მოთხოვნის ტენდენციები, ფასების დონე, იმპორტის პროცედურების სიადვილე, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება (?) და ტრანსპორტირების ხარჯები. რაც შეეხება კონკურენტულ უპირატესობას, როგორც აუცილებელს თანამედროვე მსოფლიო ბაზარზე, ეს მათი აზრით ალბათ არაა საჭირო.
სტრატეგიაში არ ჩანს მისი რეალიზაციის მექანიზმი ანუ როგორ დარეგულირდება ფასწარმოქმნის საკითხი აგროპროდუქციასა და მისი აღწარმოებსთვის საჭირო მომსახურებასა და მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებზე, არაფერია ნათქვამი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის ინტეგრაციის, ზოოვეტმომსახურების, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგების, კრედიტის ხელმისაწვდომობის, წარმოებული პროდუქციის რეალიზაციისა და სხვა იმ საკითხების შესახებ, რომელთა დარეგულირების გარეშე დარგის დაძვრა „მკვდარი წერტილიდან” პრაქტიკულად შეუძლებელია.
დასკვნის მაგიერ. წარმოდგენილი სტრატეგია მოკლებულია ყოველგვარ კონკრეტიკას, მასში არაა მისი რეალიზაციისათვის საჭირო დანახარჯები, დასახული ღონისძიებების განხორციელების ვადები, ეტაპები და მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები.
ყოველივე ზემოაღნისნული მაფიქრებინებს, რომ სტრატეგიის სათაურში გამოტანილი ვადები (2012-2020 წლები) და თვით სტრატეგია სხვა არაფერია თუ არა ხანგრძლივვადიანი ფუჭი დაპირება სოფლის მეურნეობის განვითარების თაობაზე. სხვაგვარად არც იყო მოსალოდნელი, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ის დამუშავებული იქნა აგრარიკოს მეცნიერთა და პრაქტიკოს სპეციალისტებთან ყოველგვარი კონსულტაციებისა და განხილვის გარეშე.
სამინისტრო აღიარებს, რომ მომავალში უნდა შეიმუშაოს ეროვნული მარკეტინგული პროგრამა. ამ მიზნით უნდა განსაზღვროს პერსპექტიული და პრიორიტეტული დარგები. გარდა ამისა, სამინისტრო აღნიშნავს, რომ „მომავალში შეიმუშავებს 3-4 წლიან პროგრამას, რომელშიც დეტალურად გაწერილი იქნება ყველაფერი”. მაგრამ, როდის იქნება ეს „მომავალი”? ამ კითხვაზე პასუხი ისევე როგორც სხვა ბევრ კითხვაზე, ე.წ. სტრატეგიაში არ მოიძებნა.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მას ისეთივე ბედი ელის, როგორც აგრარული პოლიტიკის კონცეფციას, რომელიც ასევე ხანგრძლივ პერიოდზე იყო გათვლილი (იგი თავისი ფორმით და შინაარსით დიდად უკეთესი იყო წინამდებარე სტრატეგიასთან შედარებით), მაგრამ პრაქტიკულად, მისი არც ერთი პუნქტი არ შესრულებულა. დარგისადმი ასეთი ზერელე და უპასუხიმგებლო დამოკიდებულების შედეგები კი ძალზე სერიოზულად აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების როგორც მიკრო, ასევე მაკრო ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა იმ პროდუქტების იმპორტიორი გახდა, რომლის ექსპორტსაც არც თუ ისე დიდი ხნის წინათ თვითონ ეწეოდა, ყოველ წლიურად უარესდება ექსპორტ-იმპორტის საბალანსო მაჩვენებელი. წარმოდგენილი `სტრატეგია~ გადამუშავებას ექვემდებარება.
აქვე უნდა ითქვას სოფლად შექმნილი რეალური მდგომარეობის ერთ-ერთ ყველაზე უტყუარ ინდიკატორის შესახებაც. კერძოდ, დღეს აგრარულ წარმოებაში დასაქმებულია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 54%, რომლის წილი მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 8,3% შეადგენს (2003-2010 წლებში საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე აგრარული პროდუქციის წარმოების ინდექსი 29 %-ით შემცირდა). ამით, ჩემი აზრით, ზოგადად ყველაფერია ნათქვამი როგორც მთლიანად ქვეყნის, ასევე აგროსექტორის ეკონომიკური განვითარების შესახებ.
დასასრულ, საქართველოს სოფლის აღორძინება უნდა მოხდეს ჩვენივე ძალებით (მკვიდრი მიწათმოქმედი) და გადამთიელებზე იმედის დამყარება, მათი მოპატიჟება „გადასარჩენად” შეურაცხმყოფელი და ამასთანავე ფუჭი მცდელობა იქნება. დინამიკური სოფლის მეურნეობა ბურებისა და სხვათა ჩამოსახლებით კი არა, მოქნილი სამოქმედო გეგმით (სტრატიეგიით) იქნება შესაძლებელი. სწორი სტრატიეგიის გატარების შემთხვევაში, გლეხკაცს ქართული მიწის მთავარ მეურვეს (ადგილის კაცი – ილია ჭავჭავაძე) _ შეუძლია ქვეყნის გამოკვება საკუთარი წარმოების პროდუქციით.
პაატა კოღუაშვილი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი