ვინც დადუმდა როდესაც შეეძლო და უნდა ელაპარაკა ის განიხილება მომხმრედ! – 2012

  ქართველთა    სიძლიერე    მიწასთან მარადიულ  ურთიერთობაშია
რომაული სამართლის ეს სენტენცია საგანგებოდ გამოვიტანეთ სათაურში, რათა ამით ხაზი გავუსვათ შექმნილი ვითარების უკიდურეს სიმწვავეს. მეტის დაყოვნება აღარ შეიძლება, კატასტროფა ყოველ წუთს არის მოსალოდნელი. სადღეისოდ დამღუპველი პროცესების აპოლოგეტობას ცოტა თუ ბედავს, უმრავლესობა დუმს და ჰგონია, რომ პილატეს პოზიციაში ყოფნით თავს დაიძვრენს. სწორედ მათ გასაგონად სათქმელია ის, რომ “ვინც დადუმდა როდესაც შეეძლო და უნდა ელაპარაკა ის განიხილება მომხმრედ!”.
ღმერთმა ყველა ერს მიუჩინა მზის ქვეშეთში ადგილი, სასიცოცხლო სივრცე, რომლის დაცვაც ყველა ნორმალური ადამიანისთვის უმთავრეს ამოცანად რჩება. ამჟამად ჩვენს პლანეტაზე მიწის ერთი ნაგლეჯიც კი არ არის თავისუფალი და თუ გადავხედავთ თანამედროვე კონფლიქტების უმრავლესობას, მათი მიზეზი სწორედ ტერიტორიული დავაა. ზოგჯერ ომი მიმდინარეობს სულ რამდენიმე კმ2-ის. გამო (მაგალითად ახლახან ამტყდარი კონფლიქტი ტაილანდსა და კამბოჯას შორის). ვითარებას მნიშვნელოვნად ართულებს ნიადაგის ეროზიის პროცესიც, რაც უკანასკნელ პერიოდში ანთროპოგენური ექსპანსიის და კლიმატური ცვლილებების ფონზე კრიტიკულ ფაზაში შევიდა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სულ უფრო ნაკლები რჩება და თუ ამას დავუმატებთ ენერგეტიკული პრობლემის სოფლის მეურნეობის მეშვეობით მოგვარების მზარდ ტენდენციას, (მხედველობაში გვაქვს კალორიატევადი კულტურების – შაქრის ლერწმის და მარცვლეულის გადასროლა  ბიოსაწვავის წარმოებისათვის) შეიძლება ცალსახად ითქვას სურსათიც და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც კიდევ უფრო გაძვირდება. ეს ორი მოვლენა ურთიერთფორსირების ეფექტით ხასიათდება, რაც ამ მხრივ გეომეტრიული პროგრესიის შესაბამისად ძაბავს ვითარებას. უახლოეს წლებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები კაცობრიობის უმთავრეს რესურსად იქცევა, მითუმეტეს, თუ ის ჰარმონიულად უზრუნველყოფილია სარწყავი წყლით და მზის ენერგიით (სწორედ ამგვარ რესურსს ფლობს საქართველო). ამ დროს უმოწყალოდ მიმდინარეობს ქართული მიწის განიავება, რადგან იმას, რაც ხდება, ვერანაირად უწოდებ პრივატიზაციას. იმიგრაციული ნაკადების უკონტროლობა და საქართველოს მოქალაქეების უკიდურესი გაღარიბება უკვე სრულიად რეალურ საფრთხეს ქმნის იმისას, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა ხელში აღმოჩნდება, თან ეს ქვეყნები, რომლებიც უკვე გამოხატავენ ქართული მიწით დაინტერესებას, გამოირჩევიან უმწვავესი ჭარბმოსახლეობითYდა მცირე მიწიანობით. საქართველოს მოქალაქეთა  პროტესტის შესამსუბუქებლად არის მცდელობა ეს პროცესი ინვესტიციების მოზიდვით გაამართლონ, ამავე დროს ხშირად გაისმის ბრიყვული ფრაზები, მაგალითად, “მიწას ზურგზე ხომ არ მოიკიდებენ”-ის მსგავსი. არ მოიკიდებენ, ამ მიწაზე თვითონ დამკვიდრდებიან, და ძალიან დიდი რაოდენობითაც, თუ დროზე არ მოვედით გონს, რადგან ამ ქვეყნების დემოგრაფიული პოტენციალი (და უკვე ეკონომიკურ-საფინანსო პოტენციალიც) იძლევა ვითარების დროის უმოკლეს პერიოდში შეცვლის შესაძლებლობას. საქართველოს საზოგადოებას, მოქმედება კი უსწრაფესად მართებს, რადგან პროცესები ძალიან მალე მიიღებს კატასტროფულ ხასიათს. შესაძლებელია ამ ისტორიული ეტაპიდან საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის ეროვნულ უმცირესობად გადაქცევის გარდუვალობა ჯერ ბუნდოვნად მოჩანს ზოგიერთისათვის, მაგრამ საკმარისია ჩვენში შეიქმნას დემოგრაფიული ექსპანსიისათვის საჭირო ბაზები, რაც სულ რამდენიმე ასეულ ათასი ადამიანის დამკვიდრებას გულისხმობს, რომ პროცესები არა მხოლოდ შეუქცევად ხასიათს მიიღებს, არამედ ყველასთვის ხილულიც გახდება.
ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ჩვენი შორიახლო გარემოცვის პრობლემები სასიცოცხლო სივრცესთან დაკავშირებით: 2011 წლისათვის მოსახლეობის სიმჭიდროვე ჩინეთში შეადგენს 139 ადამიანს კმ2-ზე, ხოლო ინდოეთში 400 ადამიანს კმ2-ზე, ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ტერიტორიის 2/3 უდაბნო ან მთიანეთია ანუ ნაკლებად გამოსადეგი ადამიანის ცხოვრებისათვის. იგივე შეიძლება ითქვას არაბეთის სახელმწიფოებზეც, სადაც მცირე გამონაკლისის გარდა მოსახლეობის მაღალი ტემპებით ზრდა ძირითადად უდაბნოს ფონზე მიმდინარეობს. ყველა ეს ქვეყანა ფლობს მზარდ საფინანსო რესურსებს და უკვე ეწევა მსოფლიოს მასშტაბით მიწების, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესყიდვას, ცხადია არა იმისათვის, რომ იქ მეურნეობა განავითარონ და მერე ადგილობრივ მოსახლეობას დაუბრუნონ!
სასოფლო სამეურნეო სავარგულების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის გამართლება ინვესტიცების მოზიდვით, რბილად რომ ვთქვათ არაკომპეტენტურობის შედეგია. Mმეტიც, ეროვნული თვითმყოფადობისათვის ძირგამომთხრელი, ვერაგული პროცესია. სასოფლო-სამეურნეო მიწა, განსხვავებით ძირითადი ფონდებით დაკავებული ფართობებისაგან, არ არის ინვესტიცია_ტევადი. საქართველოში, სულ, დაახლოებით 3,025 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულია (სამწუხაროდ ამ ციფრის უფრო დაზუსტებით დადგენაც კი არ არის დღეს შესაძლებელი, რადგან 2003 წლის შემდეგ, ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო, მიწის რაოდენობრივი აღრიცხვა საქართველოში აღარ ჩატარებულა). აქედან დაახლოებით 1,9 მილიონი ჰექტარი ბუნებრივ საძოვრებზე და სათიბებზე მოდის, ანუ იმ სავარგულებზე, რომლებსაც ინვესტიცია კი არა, მართებული  და რაციონალური გამოყენება სჭირდება. დაახლოებით 800 ათასი ჰექტარია სახნავი, ხოლო 300 ათასი ჰექტარი, ყველაზე ფონდ-ტევად სავარგულს, მრავალწლოვან ნარგავობას უჭირავს. ეს არის ჩვენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდი, რომელიც იმდენად მცირეა მოსახლეობის 1 სულზე გაანგარიშებით, რომ თვალისჩინივით გაფრთხილება ესაჭიროება.
დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისათვის (თავისი მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის) მიყიდვის საკითხს. ამავე დროს, მთელი პასუხისმგებლობით უნდა ითქვას, რომ არცერთ თანამედროვე ქვეყანაში, უმცირესი გამონაკლისის გარდა, მიწაზე საკუთრება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას (ჯუს უტენდი ეტ აბუტენდი*), არამედ ის რეგულირდება სხვადასხვა ნორმატიული აქტით. მაგალითად, ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში, სახელმწიფო დონეზე (ირლანდია, ჩეხეთი) იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწის სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გადაცემა. მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი თურქეთში, ავსტრიაში, იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში. აშშ-ში, კანადაში და ავსტრალიაში. მსგავსი შეზღუდვები ძირითადად რეგიონულ დონეზე ხდება. მაგალითად, აშშ-ს ზოგიერთ შტატში, კანადის რამდენიმე პროვინციაში და ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში აკრძალულია მიწის უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ შესყიდვა. ზოგან ეს პროცესი ირიბი მექანიზმებით არის უზრუნველყოფილი, მაგალითად, ევროკავშირში, მართალია, მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების მხრივ წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები გათანაბრებულნი არიან ერთმანეთთან, მაგრამ მათთვის დაწესებული შეღავათები ეკონომიკურად თითქმის შეუძლებელს ხდის მესამე ქვეყნების რეზიდენტების მიერ მის შეძენას. ახალ ზელანდიაში შექმნილია მიწის დაცვის ტრიბუნალი და ეს ორგანო კონკრეტულად განიხილავს 2 ჰექტარზე მეტი მიწის შესყიდვის მსურველთა ყოველ განცხადებას, დადებითი გადაწყვეტილება კი უამრავი პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია ისიც, რომ თვით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორისაც შეიძლება იყოს ამგვარი შეზღუდვები, რისი მაგალითიც არის ირლანდიის კანონმდელობა, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყანაში შვიდ წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო იმისათვის, რათა მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით მიმართოს მიწის კომისიას. საფრანგეთში შეზღუდულია ვენახების (ერის სიამაყის საგანი) და განსაკუთრებით დიდი ფართობის მიწის შეძენა. აშშ-ში 1978 წელს მიიღეს ფედერალური აქტი სოფლის მეურნეობაში საზღვარგარეთული კაპიტალდაბანდებების შესახებ. მართალია მისი მიხედვით დაშვებულია სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა, მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა განიხილება ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ძირითადი რეგულირება აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისათვის მიყიდვის საკითხზე ცალკეული შტატების დონეზე არის დაწესებული. ამგვარი კანონმდებლობა აკრძალვების სხვადასხვა დონეს გულისხმოებს და უკვე შტატების ნახევარზე მეტშია მიღებული, ამასთან, რაც უფრო სასოფლო-სამეურნეო მიართულებისაა შტატის ეკონომიკა, მით უფრო მკაცრია აკრძალვა, თვით უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის სრულ აღკვეთამდე. ამის შედეგია ის, რომ აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 1 %-ზე ნაკლები ეკუთვნის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ძირითადად ევროპელები და კანადელები არიან.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით მოვითხოვთ სასწრაფოდ გამოცხადდეს მიწის რეესტრის მონაცემები და საჯაროდ დაზუსტდეს, თუ რა ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია გასხვისებული უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. სასწრაფოდ უნდა შევიდეს საქართველოს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები და აიკრძალოს უცხო ქვეყნის რეზიდენტ როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაცემა, ასევე იმ იურიდიულ პირებზეც, რომლებიც საქართველოშია დაფუძნებული, მაგრამ მათში ნებისმიერი მასშტაბით მონაწილეობს არარეზიდენტი იურიდიული თუ ფიზიკური პირი.

მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი, ნოდარ ნათაძე, ბადრი რამიშვილი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress