ეროვნულ მოძრაობაში ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას გამორჩეული ადგილი ეკავა. პარტია ძალიან ძლიერი შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული და მათ ყველა ანგარიშს უწევდა. ედეპეს ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მერე ყველაფერი აირია და დღეს იმ პარტიისგან ფაქტიურად არაფერი აღარ არის დარჩენილი.
რატომ იყო ედეპე დასავლეთისა და რუსეთისთვის მიუღებელი, რა რჩევებს აძლევდა მათ პატრიარქი, როგორ გადაიქცა სიონის ეზო ეროვნული მოძრაობის ბუდედ, რა მოხდა ედეპეში და როგორ შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტია, ამის შესახებ ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე გვესაუბრება.
მამუკა გიორგაძე:
- ჩვენს თაობას ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ სულიერებაზე ეფიქრა. წინა თაობისაგან განსხვავებით, ჩვენ გვქონდა საკუთარი თავის პოვნის შესაძლებლობა. ჩვენ ჩვენს ადგილს ვეძებდით ყველგან – შემოქმედებაში, სპორტში, ხელოვნებაში. ამ თაობის ნაწილი ეძებდა ეროვნული ცნობიერების საფუძვლებს. ამ თაობის გარკვეულმა ნაწილმა აღმოაჩინა, რომ რაღაცა დევს საქართველოს ისტორიაში, ქართულ ლიტერატურაში, აღმოაჩინა, რომ ქართულ სულში ისეთი რამე დევს, რომელიც არათუ ყოველდღიურია, არამედ საკაცობრიო მასშტაბების დონემდეც კი ადის. სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები ამ ძიებამ მიგვიყვანა ეროვნულ მოძრაობამდე და ეკლესიამდე. ეკლესიაში უკვე ვცანით ჩვენი დანიშნულებაც, ჩვენი პიროვნებაც და მომავალი ცხოვრებაც, ასევე განვიცადეთ ის ბედნიერება, რაც თავისუფალ ადამიანს ახასიათებს. შემდეგ დაიწყო ამ ყველაფრისთვის ორგანიზებული სახის მიცემა. სიონის საპატრიარქო ტაძრის საკურთხეველში მივედით იმ დასკვნამდე, რომ ყოველივე ამის რეალიზებისთვის საჭიროა სტრუქტურის შექმნა. მივხვდით, რომ საჭირო იყო ამ ღირებულებების მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდის სიტყვებით გადმოცემა, რაც პროგრამა წესდებაში გამოიხატებოდა.
- როდიდან დაიწყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბება?
- 1978-1979 წლებში. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ბიბლიოთეკებში, ნაცნობების ოჯახებში. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საუკუნის დასაწყისში ილია ჭავჭავაძის მიერ იყო ორგანიზებული. შემდეგ კედიას, გაბაშვილის, ვაჩნაძის, ამირეჯიბის, გვაზავას, ყიფშიძეების თაოსნობით შეიქმნა სერიოზული პარტია. მათ მიერ შექმნილი წესდება ზუსტად ასახავს იმ მოთხოვნებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ერს და რომლითაც ვაპირებდით ჩვენი თვითრეალიზაციის განხორციელებას. ძველ მასალებს რომ გადავხედეთ, მივხვდით, რომ რაღაც აკლდა. ეს იყო რელიგიური საკითხი. ჩვენ რელიგიური ადამიანები ვიყავით. ამიტომაც გადავწყვიტეთ, წესდებაზე რელიგიური საკითხებიც შეგვეტანა.
- ედეპეს პარტიის ლიდერები პატრიარქის სტიქაროსნები იყავით?
- დიახ, ჩვენ პატრიარქის პირველი სტიქაროსნები ვიყავით. ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა. რელიგიური მომენტი, როგორც უკვე გითხარით, ედეპეს ძველ დოკუმენტებში არ ჩანდა. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე თვე ვიმუშავეთ ძველ დოკუმენტებში. ამ ძიებამ ძალიან საინტერესო და ჩვენთვის სასიხარულო შედეგი მოგვცა.
- რა შედეგი?
- რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად დავადგინეთ, რომ ეპისკოპოსი ნაზარი აფინანსებდა სპირიდონ კედიას მიერ გამოცემულ გაზეთ “საქართველოს”. დავადგინეთ, რომ ამბროსი ხელაია და ლეონიდე ოქროპირიძე ეპისკოპოსობაში ლოცავდნენ ამ პარტიას. მივხვდით, რომ ედეპე იმდენად ბუნებრივად იყო დაკავშირებული სულიერებასთან, რომ ამის აღნიშვნა მათ არაფერში სჭირდებოდათ, თანაც მაშინ საზოგადოება რელიგიური იყო და ამ თემის წინ წამოწევა საჭირო არ იყო. მეოცე საუკუნის ბოლოს რელიგიურობის ხაზგასმა გახდა საჭირო.
- პატრიარქმა რა გითხრათ, როცა გაიგო, რომ პარტიას ქმნიდით?
- პატრიარქმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ამის მიუხედავად, პრაქტიკულად, ამ სამუშაოებს წარმართავდა პატრიარქი.
- როგორ წარმართავდა?
- ყოველკვირეული ქადაგებები და საუბრებით, რომელიც ჩვენთან ჰქონდა. მისი სიტყვები გვაძლევდა იმის საფუძველს, რომ ჩვენ უფრო მეტად გავმხდარიყავით ეროვნული ინტერესების დამცველნი, გვაძლევდა იმის საფუძველს, რომ ჩვენს თავზე აგვეღო ის პასუხისმგებლობა, რასაც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა ერქვა. როგორც არწივი გადაეფარება თავის მართვეებს, ისე გვყავდა პატრიარქი გადაფარებული. მის ფრთებქვეშ თავს მშვიდად ვგრძნობდით. ყველა გაჩენილ კითხვაზე პასუხს ვიღებდით მისი უწმინდესობის საუბრისგან. თითქოს გრძნობდაო, რა საკითხი გვაინტერესებდა. სახარებიდან ისეთ ციტატას გვეტყოდა და ისეთ განმარტებას მოგვცემდა, რომ ცოტა ხანში ის აისახებოდა პროგრამის შესაბამის პუნქტად. კარგა ხნის მუშაობის შემდეგ ედეპე სერიოზულ და მძლავრ პარტიად ჩამოყალიბდა. მან ნამდვილად შეასრულა ის ფუნქცია, რომელიც უნდა შეესრულებინა.
- როდიდან დაიწყეთ აქტიურობა?
- 1979-1983 წლებში ძალიან აქტიურად ვმუშაობდით. ამ ოთხი წლის განმავლობაში ვავრცელებდით აკრძალულ ლიტერატურას.
- რა ტიპის ლიტერატურას ავრცელებდით ძირითადად?
- რელიგიურ ლიტერატურას ვავრცელებდით. დღეს სახარებისა და წმინდა მამათა გამონათქვამების ყიდვა ყველგან შეიძლება. მაშინ ეს ლიტერატურა დეფიციტური იყო. სასულიერო პირებსაც კი იშვიათად ჰქონდათ მსგავსი ლიტერატურა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, საპატრიარქოს არქივსა და ბიბლიოთეკაში მოგვეძია ასეთი ლიტერატურა. რელიგიური ლიტერატურის მოძიება მრევლთანაც შეიძლებოდა. ეს იყო მრევლი, რომელსაც გავლილი ჰქონდა გასული საუკუნის 20-იანი და 30-იანი წლების რეპრესიები. მათ ძალიან ბევრი და საინტერესო ლიტერატურა ჰქონდათ დამალული, რომლის გამოჩენასაც ვერ ბედავდნენ. ამ ხალხისგან ვიღებდით მნიშვნელოვან ინფორმაციებს. რელიგიური მასალების ბეჭდვა და გავრცელება დიდ რისკთან და შრომასთან იყო დაკავშირებული. ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა ახალი არ არის. შეიძლება, საზოგადოებამ არ იცოდეს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მაშინ ძალიან სერიოზულად მიმდინარეობდა ბრძოლა.
- ამას აშკარა სახე ჰქონდა?
- აშკარა სახე ჰქონდა. მახსოვს, აღდგომა ღამეს ეკლესიაში შემოაგდეს ცრემლსადენი პაკეტი. ტაძარში აფეთქების ხმა გაისმა, რასაც ჭყლეტა მოჰყვა. იყო ერთი ასეთი ღირსეული ქართველი ადამიანი – ბაბო დადიანი. მას ჭყლეტაში ნეკნიც კი გაუტყდა. ტაძრებში კომკავშირლების შემოვარდნებიც ხშირად ხდებოდა.
- თქვენც მოესწარით კომკავშირლების შემოვარდნას?
- რა თქმა უნდა.
- მერე, ედეპეს ბიჭებმა კომკავშირლებს ეს როგორ შეარჩინეთ?
- ჩვენ არც შეგვირჩენია. არც ღმერთს შეურჩენია მათთვის ეს. ამ ამბებიდან რამდენიმე წელიწადში კომკავშირი საერთოდ გაქრა. დღეს მისი ხსენებაც კი აღარ არის. თუ ვინმე ახსენებს, ახსენებს უარყოფითად. ძალიან ბევრი ადამიანი კომკავშირში კარიერას ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით იკეთებდა.
- რა მეთოდებს იყენებდნენ კომკავშირლები ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლისას?
- უამრავი მეთოდი ჰქონდათ. მაგალითისთვის ვითომდაც მთვრალი კომკავშირლები შემოდიოდნენ ეკლესიაში და პროვოკაციულად იქცეოდნენ – სიგარეტს მოუკიდებდნენ ანთებულ სანთლებს და იწყებოდა ერთი ამბავი, ანდა მასაში ჩადგებოდნენ და წირვის დროს შეურაცხყოფას აყენებდნენ სასულიერო პირებს. ეს ყოველივე ჩვენი მხრიდან აქტიურობას ითხოვდა. ჩვენც ვაქტიურობდით. დღეს ტაძარში პატარა სტიქაროსნების სიმრავლეა. მათ რომ ვუყურებ, ძალიან მიხარია. ძალიან მიხარია ისიც, რომ ტაძრებში ბევრი ხალხი დადის. დღეს სიონის საკურთხეველში იმდენი ადამიანი დგას, რამდენიც მთელ ტაძარში არ იყო ხოლმე წირვა-ლოცვის დროს. ჩვენ აკრძალული ლიტერატურის გავრცელების შემდეგ მანიფესტაციებისა და აქციებიც მოწყობაზეც გადავედით. 1983 წელს დაგვაკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხშირი სტუმრები გახლდით. სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით გვიბარებდნენ ხოლმე. 1985 წლიდან დავიწყეთ და დავიწყეთ.
- უხეშად რომ ვთქვათ, აიშვით?
- არა, აშვება იმ მომენტში არ ყოფილა. აშვებამდე ცოტა გვაკლდა. აშვებას რაც შეეხება, ეს დაიწყო 1987 წლიდან: იმ სამუშაოებმა, რომელიც ჩვენ მანამდე გვქონდა ჩატარებული, განაპირობა ჩვენი პარტიის სიმრავლე. პარტიაში ძალიან ბევრი ადამიანი შემოდიოდა.
- რა კატეგორიის ადამიანები შემოდიოდნენ ედეპეში?
- ესენი იყვნენ ძირითადად მრევლის წევრები. ჯერ ეკლესიაში მოდიოდნენ, შემდეგ ჩვენთან ერთად – ეროვნულ მოძრაობაში. 1988-89 წლებში სიონის ეზოში იყო ეროვნული მოძრაობა. სიონის ეზო ხალხით სავსე, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ურწმუნო იყო თუ მორწმუნე. ყველა აღმსარებლობის ადამიანი იყრიდა იქ თავს. სიონის ეზო იყო ეროვნული მოძრაობის ბუდე და თავისუფლების კუნძული. რაღაც დროის შემდეგ ამ ყველაფერმა სიონის ეზოდან რუსთაველის გამზირზე გადაინაცვალა.
- ედეპე იყო ძალიან ძლიერი პარტია. თქვენ იყავით ძალიან ანგარიშგასაწევი ძალა. მერე ეს პარტია ფაქტიურად დაიშალა. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა?
- სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ამოცანის წინაშე ვიდექით. 1979-1983 წლებში ამოცანა გვქონდა, შექმნილიყო ორგანიზაცია, შექმნილიყო იდეური ბაზა, განხორციელებულიყო აქციები. ეს ამოცანა წარმატებით გადავჭერით. 1987-1992 წლებში პარტიის წინაშე სხვა ამოცანები დადგა, რომლებიც ასევე გადავჭერით, 1992 წლიდან კი სხვა ამოცანის წინაშე დავდექით. ედეპეს ძირძველმა წევრებმა, რომელთა მხრებზეც გადაიარა რთულმა პერიოდებმა, ჩათვალეს, რომ ამოცანა შესრულებულია. მხედველობაში საქართველოს დამოუკიდებლობა მაქვს. ვინც არ აპირებდნენ სუფთა პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრებას, წავიდნენ საკუთარი ინტერესების სფეროების მიხედვით.
- რა გზებით წავიდნენ?
- 30 კაცი გახდა სასულიერო პირი. დღეს ისინი ღირსეული მოძღვრები არიან. რამდენიმე ადამიანი წავიდა თავის სფეროში. ისინი თავიანთი სფეროს გამორჩეული პროფესიონალები არიან. უმეტეს მათგანს საქართველოდან მოუწია წასვლა. სადაც წავიდნენ, ყველგან წარმატებული გახდნენ. მათი წასვლა ჩვენთვის დიდი დანაკლისი იყო. ამ დანაკლისის უცბად შევსება ძალიან რთული აღმოჩნდა. გაიზარდა სამუშაოთა მოცულობა და საჭირო გახდა სხვა ტიპის პროფესიონალები. ჩვენ წინაშე სერიოზული, კარგად მომზადებული ხალხის დეფიციტ პრობლემა დადგა. ახალი წევრები მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყვნენ. ადამიანურმა სისუსტეებმაც იჩინა თავი. 15-წლიანი დაძაბული ცხოვრების შემდეგ ცოტა მოვეშვით. კონტროლის ისეთი მექანიზმები აღარ იყო საჭირო, რაც მანამდე გვქონდა. პარტიის წევრთა რაოდენობა უკვე 10 ათას კაცს აღწევდა. პარტიულ აპარატს გაუჭირდა ამხელა მასის ჰარმონიული ამუშავება. გარკვეულმა მტრულმა ძალებმა დაიწყეს მუშაობა პარტიის შიგნით.
- რა მიზნით?
- პარტიის მუშაობაში ხელის შეშლის მიზნით.
- ვინ იყვნენ ეს მტრული ძალები?
- მაშინდელი ხელისუფლება, მოსკოვი. არც საერთაშორისო ორგანიზაციები გვწყალობდნენ მაინცდამაინც.
- იმათ რაღა უნდოდათ, თქვენ ხომ ყოველთვის პროდასავლურებად ითვლებოდით?
- ვითვლებოდით, რომ პროდასავლური ორიენტაციის ორგანიზაცია ვიყავით, მაგრამ არ გვწყალობდნენ ჩვენი რელიგიური მომენტების გამო. სერიოზულად იმუშავა რუსეთის აგენტურამ და საქართველოს ხელისუფლებამ. ამან განაპირობა, რომ მზად აღარ აღმოვჩნდით იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელიც ჩვენ წინაშე იდგა.
- იმელის პარლამენტში ედეპეს წევრები სულ ჩხუბობდით. რატომ იწყებდით ჩხუბს?
- იმელის პარლამენტი განსაკუთრებული მოვლენა იყო. ამ პარლამენტში ჩხუბი არავის უკვირდა. იქ ძირითადად თვითმყოფადი ადამიანები იყვნენ წარმოდგენილი. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაზე გარკვეული პრინციპებით ცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა, იყო ბალასტიც, რომელიც ყველაფერზე ასწევდა ხელს, მაგრამ თვითმყოფადი ადამიანები გაცილებით მრავლად იყვნენ. დღევანდელ პარლამენტში დედა რომ შეაგინო ვინმეს, კონიუნქტურის გამო ხმას არ ამოიღებს. იმ პარლამენტში ამა თუ იმ ადამიანისთვის მისი შეხედულების საწინააღმდეგო რამე რომ გეთქვა, იწყებოდა ქაოსი. მაშინ საქართველოსთვის ძალიან პრინციპული საკითხები წყდებოდა. შეუძლებელი იყო, ამ საკითხებზე არ გეჩხუბა. როგორ შეიძლებოდა, ჩხუბი არ ამტყდარიყო, როცა საქართველოს დსთ-ში შეყვანის საკითხი წყდებოდა, ანდა, როგორ არ გვეჩხუბა, როცა გვიმტკიცებდნენ, რომ ვითომ სამშვიდობო ჯარების შემოყვანა კარგი იდეა იყო.
- ამ ჩხუბების შემდეგ იოლად ურიგდებოდით ოპონენტებს?
- რა თქმა უნდა. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემდით. ერთხელ კიტოვანთან და იოსელიანთან მოგვიხდა დაპირისპირება. ეს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათ მომხრეებთან ჯერ დარბაზში ვიჩხუბეთ, შემდეგ – დერეფანში. სერიოზული ჩხუბი გაიმართა რუსთაველზეც. ამ დაპირისპირებაში ადამიანების გარკვეული ჯგუფი ჩაერია და დაპირისპირებული მხარეები ერთად აღმოვჩნდით სუფრაზე.
- ქართულად შერიგებულხართ…
- ამ სუფრაზე მოვიდნენ უმეტესობა კიტოვანის მომხრეები. სანამ შემოვიდოდნენ სახლში, ეზოდან იწყებდნენ კიტოვანის გამხნევებას – ყვიროდნენ, ბატია, ეს რა გაკადრეს ამ ნაძირლებმაო. ოთახში რომ შემოვიდოდნენ და შეგვხედავდნენ, თავად ვარდებოდნენ იდიოტურ სიტუაციაში. სხვათა შორის, ესენი ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც მერე კიტოვანი პირველებმა მიატოვეს. დაპირისპირებული ადამიანები ერთმანეთის მიმართ კარგად ვიყავით განწყობილი. ჩვენ ნოდარ ნათაძეს სულ ვეწინააღმდეგებოდით, მაგრამ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ არასდროს დაგვიკარგავს. იგივე შეიძლება ითქვას თამრიკო ჩხეიძეზეც. ეს პატივისცემა დღესაც ძალიან დიდი გვაქვს.
- მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. ადამიანები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანეთ, არსად ჩანხართ. პოლიტიკურ ავანსცენაზე სხვები არიან. ამის გამო გული არ გწყდებათ?
- ამაზე ნამდვილად არ მწყდება გული. გული მწყდება იმაზე, რომ ის ვითარება არაა, რისთვისაც ვიბრძოდით. გული მწყდება იმაზე, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე, ერთხელაც არ ახსენებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლება მოუტანეს. გული მწყდება იმაზე, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა. გული მწყდება, რომ დღეს ხელისუფლება იაკობ გოგებაშვილის სახელით ებრძვის ქართულ განათლებას. გული მწყდება იმაზე, რომ ილია ჭავჭავაძის სახელით ებრძვიან ილიას იდეებს. გული მწყდება იმაზეც, რომ ედეპეს ნარჩენებს ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ აფინანსებს, რომ მათ გია ჭანტურიას კურსი ჩაკლან.
ახალი თაობა 2011-01-15 ავტორი: თეა მარხვაიძე