I. რუსეთის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ და ამ კურსის შემდგომი გაღრმავების ჯიუტმა მცდელობამ იგი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. განვითარებული მსოფლიოს პოზიცია ცალსახაა: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ნაწილთა ოკუპაცია და უნდა გააუქმოს მათი ყალბი `დამოუკიდებლობის~ ცნობის აქტები. ამ მძიმე ჩიხიდან გამოსასვლელად რუსულ იმპერიას ორი გზა რჩება: მან ან უნდა ხელი აიღოს თავის თავხედურ დამბყრობლურ პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ ან თვით საქართველო დაიყოლიოს კაპიტულაციაზე დამპყრობის წინაშე. ასეთ პირობებში საქართველოს პრეზიდენტისა და მისი პოლიტიკური გუნდელების მიერ გაცხადებული მზაობა, რომ რუსეთთან `მოლაპარაკება აწარმოონ წინასწარი პირობების გარეშე~, ანუ წინასწარვე, ყოველგვარ მოლაპარაკებებამდე არ განაცხადონ, რომ პირდაპირსა და უპირველეს ორ მოთხოვნაზე _ რუსეთმა დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს მთელი ტერიტორიიდან და გაუქმდეს საქართველოს ნაწილთა `დამოუკიდებლობის~ ცნობის აქცია _ საქართველოს მხრიდან უარი ნათქვამი არ იქნება არასოდეს და არავითარ პირობებში, არის პოლიტიკური კაპიტულაცია და იურიდიული კაპიტულაციისკენ გადადგმულია გადამწყვეტი ნაბიჯი.
ხელისუფალთა ეს განცხადება ისეთივე ღალატია საქართველოსი რუსეთის სასარგებლოდ, როგორც ნოღაიდელის, ბურჯანაძისა და მათი მომხრეების ანალოგიური განცხადებები და მათი სეპარატისტული მოლაპარაკებები მტერთან.
ხსენებული კაპიტულაცია ხელისუფლების მიერ ქართველ ხალხს ღია სახით ვერ მიეწოდება, ამიტომ მოსალოდნელია, იგი გაფორმდეს შეთანხმების სახით `კონფედერაციის~ შესახებ, ანუ `სახელშეკრულებო~ სახელმწიფოს შექმნის შესახებ დამოუკიდებელი საქართველოს, `დამოუკიდებელი~ აფხაზეთის და `დამოუკიდებელი~ `სამხრეთ ოსეთის~ შემადგენლობით, რომელიც დაიშლება მაშინვე, როგორც კი ერთერთი წევრი განაცხადებს, რომ კონფედერაციაში ყოფნა აღარ უნდა (ეს გახლავთ სწორედ სიტყვის `კონფედერაციის~ შინაარსი). ვშიშობთ, რომ განზრახულია, ქართველ ერს ეს სასიკვდილო გეგმა მიაწოდონ, როგორც საქართველოს ტერიტორიული გადარჩენის ერთადერთი გზა, თუმცა სინამდვილეში, ჯერ ერთი, ეს გეგმა, პირიქით, საქართველოს მომავალი დაშლის სამართლებრივი საფუძველია, მეორეც, განვითარებულ მსოფლიოს ზემოხსენებული დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ობამა_მედვედევის შეხვედრამ. თავისდავადვე არის საკმარისი გარანტია იმისა, რომ საქართველოს თავისი ტერიტორიები დაუბრუნდება. ამგვარი მომაკვდინებელი გეგმის შემოთავაზება ქართველის საზოგადოებისათვის მხოლოდ იმის ნიშანი იქნება, რომ შემომთავაზებელს ჩვენი ერის პოლიტიკური და იურიდიული განუვითარებლობის იმედი აქვს.
II. საქართველოს ხელისუფლების მიმდინარე პოლიტიკა საქართველოსათვის საუშიშროებოდ სტრატეგიული ობიექტების მიყიდვისა რუსეთისათვის, რომელიც დღეს ჩვენი ყველაზე საშიში და აქტიურად შემომტევი მტერია, ჩვენ მიგვაჩნია საქართველოს ღალატად (და ეს არაერთხელ გაგვიცხადებია პრესაში). საქართველოს ხელისუფალთა დღევანდელი გაცხადებული მზაობა, რომ რუსეთს მიეყიდოს რკინიგზა და გაზსადენი, ამ მოღალატური პოლიტიკის მორიგი ელემენტია.
III. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მ. სააკაშვილის მეთაურობით არა აქვს უფლება იმგვარი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებისა, რომლებითაც შეიკვეცება საქართველის ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლების ხარისხი საქართველის რომელსამე წერტილში, აგრეთვე საქართველისათვის სათავდაცვოდ, ეკონომიკურად და სულიერად სატრატეგიული ობიექტების გაყიდვისა უცხო ქვეყანაზე, რომელიც აგრესიას ეწევა საქართველოს წინააღმდეგ, და მის ფირმებზე, რადგან
1. ხელისუფლების აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება საქართველის კონსტიტუციის სულისკეთებას და მის კონკრეტულ მუხლებს
2. ეს ხელისუფლება, პარაქტიკულად, მხილებულია საქართველის მიმართ ორგულობაში რუსეთის სასარგებლოდ
3. ამ ხელისუფლების უფლებამოსილებები ლეგიტიმური თვალსაზრისით შეზღუდულია იმით, რომ იგი ხელისუფლებაში იმყოფება არჩევნების გაყალბების შედეგად.
მოვუწოდებთ საზოგადოებას სიფრთხილისკენ!
მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, პარლამენტართა ჩათვლით, იქონიონ პასუხისმგებლობის გრძნობა და გაითვალისწინონ გარდაუვალი მომავალი ანგარიშგების პერსპექტივა.
მ. გიორგაძე, ნ. ნათაძე, თ. ჩხეიძე